ადვოკატთა სოციალური დახმარების ფონდის წესდება
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ფონდის სრული სახელწოდებაა: "ადვოკატთა სოციალური დახმარების ფონდი" (შემდგომში - ფონდი).
2. ფონდი წარმოადგენს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს, რომელიც მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობის და წინამდებარე წესდების შესაბამისად.
3. ფონდი თავისი მიზნებიდან გამომდინარე მოქმედებს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.
4. ფონდი იქმნება განუსაზღვრელი ვადით.
5. ფონდის იურიდიული მისამართლია: თინათინ ვირსალაძის I ჩიხი, #1, დიღომი, თბილისი 0159.
6. ფონდის ელექტრონული ფოსტა: info@gba.ge
7. ფონდის სახელწოდება ინგლისურად: Non-entrepreneurial (Non-commercial) Legal Entity “Lawyers’ Social Assistance Fund”
მუხლი 2. ფონდის მიზნები და ამოცანები
ფონდის მიზნები:
ა)ადვოკატების სოციალური დაცვის ხელშეწყობა;
ბ)ასოციაციის წევრთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება;
ც)ადვოკატებისათვის სოციალური დაცვის თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრება საქართველოში;
დ)ფონდის საწესდებო მიზნების მისაღწევად სრულყოფილი მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური ბაზის შექმნა.
ფონდის ფუნქციები:
ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად ფონდი განახორციელებს შემდეგ საქმიანობას:
ა)ადვოკატთა ასოციაციის წევრებისთვის მატერიალური დახმარების გაწევა;
ბ)ადვოკატთა ასოციაციის წევრთათვის სხვადასხვა სახის ღონისძიებების ორგანიზება;
გ)საქველმოქმედო აქციების ორგანიზება;
დ)საერთაშორისო და რეგიონალურ პროგრამებში მონაწილეობის მიღება;
ე)ადვოკატთა სოციალური დახმარების პროგრამების განვითარება;
ვ)გრანტის მიღება და გაცემა;
ც)ინფორმაციის გაცვლისა და სხვა საქმიანი ურთიერთობების დამყარების მიზნით მსგავსი ტიპის ორგანიზაციებთან კავშირის დამყარება;
თ)ფონდი ახორციელებს ნებისმიერ სხვა საქმიანობას, რომელიც არ არის აკრძალული მოქმედი კანონმდებლობით.
მუხლი 3. ფონდის დამფუძნებელი
1.სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, რეგისტრირებული 2005 წლის 18 მარტს, რეგისტრაციის მოწმობა N 1-3-139, საიდენტიფიკაციო N202255692.
2.ასოციაციის ადგილსამყოფელია: თინათინ ვირსალაძის I ჩიხი, #1, დიღომი, თბილისი 0159
მუხლი 4. ფონდში შესატანი
1.ადვოკატთა ასოციაციის საწევრო შენატანიდან 5% შემოწირულობის სახით გადაირიცხება ფონდში.
2.ფონდში მინიმალური შემოწირულობა, განისაზღვრება 1 ლარის ოდენობით ან 1 ლარის ოდენობის ქონებით.
მუხლი 5. ფონდის მართვა
1.ფონდი იქმნება დამფუძნებლის (სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის) აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით და დამფუძნებლის უფლებას განეკუთვნება:
ა)ფონდის წესდების დამტკიცება და მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა;
ბ)ფონდის გამგეობის წევრების არჩევა და გამოწვევა:
გ)ფონდის თავმჯდომარის არჩევა;
დ)ფონდის საქმიანობაზე კონტროლი კანონისა და წესდების საფუძველზე;
ე)ფონდის რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხის გადაწყვეტა;
ვ)ფონდის აუდიტის დანიშვნა;
მუხლი 6. ფონდის გამგეობა
1.ფონდის მმართველი ორგანოა გამგეობა, რომელიც შედგება ხუთი წევრისგან:
- ირაკლი ყანდაშვილი - გამგეობის თავმჯდომარე
- შოთა მანელიძე - გამგეობის წევრი
- ნუგბარა როსტიაშვილი გამგეობის წევრი
- ზაქრო გვიშიანი გამგეობის წევრი
- ლევან მახარაშვილი გამგეობის წევრი
2. გამგეობა აირჩევა დამფუძნებლის მიერ სამი წლის ვადით. გამგეობის უფლებამოსილება ავტომატურად გაგრძელდება ამ ვადის შემდეგ ახალი გამგეობის არჩევამდე.
3.ფონდის გამგეობა:
ა)ამტკიცებს ფონდის მიმდინარე სტრატეგიას;
ბ)ამტკიცებს ფონდის ბიუჯეტს;
გ)ხელს უწყობს ფონდის საწესდებო მიზნების განხორციელებას;
დ) ამტკიცებს წლიურ და სხვა ანგარიშებს გამგეობის მიერ შესრულებული სამუშაოსა და ფონდის მთელი საქმიანობის შესახებ და წარუდგენს დამფუძნებელს;
ე) იღებს გადაწყვეტილებებს ფონდის ფილიალებისა და რეგიონალური წარმომადგენლობების დაარსებაზე;
ვ) ადგენს ფონდის ქონებასა და სახსრების განკარგვის წესს;
ზ) ფონდის ბიუჯეტს განაგებს გამგეობა, წესდებით გათვალისწინებული საქმიანობისათვის.
მუხლი 7 ფონდის თავმჯდომარე
1. ფონდის თავმჯდომარეს ირჩევს და ათავისუფლებს დამფუძნებელი;
2. ფონდის თავმჯდომარე აირჩევა სამი წლის ვადით;
3. ფონდის თავმჯდომარე:
ა) ახორციელებს ფონდის ოპერატიულ მართვას და წარმართავს ფონდის საქმიანობას საწესდებო მიზნების მისაღწევად;
ბ) წყვეტს ფონდის მიერ ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების დადებასთან დაკავშირებულ საკითხებს;
გ) მოქმედებს ფონდის სახელით და წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობაში;
დ) ზედამხედველობს ფონდის ფინანსურ სახსრებსა და სხვა მატერიალური რესურსების მართვას.
ე) გამგეობის მიერ დადგენილი წესით განკარგავს ფონდის ფულად სახსრებსა და მატერიალურ რესურსებს და პასუხისმგებელია მათ სწორ გამოყენებაზე;
ვ) ხელს აწერს ფონდის საფინანსო დოკუმენტებს;
ზ) ხსნის და ხურავს ბანკში ფონდის საანგარიშო და სხვა ანგარისებს;
ი) იწვევს და ხელმძღვანელობს გამგეობის სხდომას.
მუხლი 8 გამგეობის სხდომა
1. გამგეობის სხდომა ტარდება თვეში ერთხელ;
2. გამგეობის სხდომის მოწვევის უფლება აქვს გამგეობის თავმჯდომარეს, გამგეობის ან სამეთვალყუირეო საბჭოს წევრთა უმრავლესობას. გამგეობა გადაწყვეტილებას იღებს დამსწრე ხმების უმრავლესობით.
3. გამგეობის სხდომის შესახებ ყველა წევრს უნდა ეცნობოს წერილობით, სოციალური ქსელის ან ტელეფონის საშუალებით კრებამდე ერთი კვირით ადრე.
4. თუ არ არსებობს დამფუძნებელთა მიერ დამტკიცებული შინაგანაწესი გამოიყენება ხელმძღვანელობის ზოგადი უფლებები.
5.გამგეობის სხდომაზე საპატიო მიზეზით თუ ვერ ესწრება წევრი, შეუძლია წერილობით მიიღოს მონაწილეობა კენჭისტრაში, რომელიც გაუთანაბრდება კრებაზე დამსწრე წევრის ხმას.
6.გამგეობის სხდომაზე საპატიო მიზეზით თუ ვერ ესწრება წევრი. შეუძლია წერილობით მიიღოს მონაწილეობა კენჭისყრაში, რომელიც გაუთანაბრდება კრებაზე დამსწრე წევრის ხმას.
7. გამგეობის სხდომა თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს განსახორციელებელ საქმიანობას.
8.გამგეობა გადაწყვეტილებას იღებს „გადაწყვეტილების“ სახით.
9.ყოველი სხდომის შემდეგ დგება სხდომის ოქმი, რომელსაც ხელს აწერს სხდომის მონაწილე ყველა წევრი.
მუხლი 9. ფონდის ქონება ( სახსრები)
1.ფონდს შეიძლება საკუთრებაში ჰქონდეს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი შენობა.
2.ფონდის ქონებისა და სახსრების ფორმირების წყაროებია:
ა)დამფუძნებლის მიერ ფონდის საკუთრებაში გადაცემული ქონება და სახსრები;
ბ)იურიდიულ და ფიზიკურ პირთა შემოწირულობები;
გ)გრანტები;
დ)დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობით მიღებული შემოსავლები;
ე)კანონიერი გზით მიღებული შემოსავლები;
მუხლი 10. ფონდის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია
1.ფონდის რეორგანიზაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით დამფუძნებლის გადაწყვეტილებით. გადაწყვეტილება მიიღება გამგეობის წევრთა საერთო რაოდენობის ორი მესამედის უმრავლესობით.
2.ფონდის ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება გამგეობის წევრთა საერთო რაოდენობის მესამედის უმრავლესობით. ამასთანავე აუცილებელია ფონდის დამფუძნებლის თანხმობა.
3.ინფორმაცია ფონდის ლიკვიდაციის შესახებ უნდა გამოქვეყნდეს საჯაროდ.
4.ლიკვიდაციას ახორციელებს გამგეობა, თუ ფონდის მარეგისტრირებელმა ორგანომ არ დანიშნა ლიკვიდატორი.
5.ლიკვიდაციის დროს უნდა დამთავრდეს მიმდინარე საქმეები, დადგინდეს მოთხოვნები, დარჩენილი ქონება გამოიხატოს ფულში, დაკმაყოფილდნენ კრედიტორები. ქონების განაწილება უნდა მოხდეს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში.
6.ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება მოხმარდება მსგავსი მიზნების მქონე არაკომერციული იურიდიული პირის დაფუძნებას.
მუხლი 11. დასკვნითი დებულებები
1.წინამდებარე წესდება ძალაში შედის ყველა დამფუძნებლის/წევრის მიერ ხელმოწერის მომენტიდან.
2.თუ ამ წესდების რომელიმე დებულება ბათილად იქნა ცნობილი, ეს გავლენას არ მოახდენს წესდების სხვა დებულებების ნამდვილობაზე.
3.ამ წესდებასა და საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას შორის არსებული შეუსაბამობის შემთხვევაში მოქმედებს კანონი.




