რუბრიკა : სამედიცინო სამართლის აქტუალური საკითხები

23 ივლისი 2026

მომზადებულია: საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სამედიცინო სამართლის კომიტეტის მიერ

ავტორი: მარიამ შონია 
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სამედიცინო სამართლის კომიტეტის წევრი, ადვოკატი/ პრაქტიკოსი იურისტი სამედიცინო სამართლის დარგში


მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრის პრობლემატიკა სამედიცინო  პრეცედენტული სამართლის მიხედვით

სამედიცინო სამართალში მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრა დღემდე დიდ გამოწვევას წარმოადგენს საქართველოს სასამართლოებისთვის. მიყენებულ სულიერ და ფიზიკურ ტკივილს ზუსტი ფულადი ექვივალენტი არ გააჩნია, ამიტომ კომპენსაციის ოდენობა დამოკიდებულია მოსამართლის შეფასებაზე რომელიც ითვალისწინებს საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს. საქართველოში სამართლის დარგის წარმომადგენლები არაერთი წელია განიხილავენ საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების აუცილებლობას, რათა მეტ-ნაკლებად ამომწურავად იქნას მოწესრიგებული სამედიცინო დავებში მორალური ზიანის ანაზღაურების მარეგულირებელი დანაწესები. აღნიშნულის წინაპირობა გახლავთ საგრძნობლად მზარდი სამართლებრივი დავები პაციენტსა და სამედიცინო დაწესებულებებს შორის. თუმცა, რას მოიაზრებს თავის თავში სამედიცინო დელიქტი და რატომ არის იგი მნიშვნელოვანი ნაწილი ადამიანის ძირითადი უფლებების დასაცავად? - „სამედიცინო დელიქტი არის სამედიცინო ზრუნვა ან მკურნალობა, რომელიც არ შეესაბამება აღიარებულ სტანდარტს და ზიანს აყენებს პაციენტს“. ვინაიდან სამედიცინო დელიქტის შემთხვევაში, დაზიანებული სიკეთეა პაციენტის სხეული ან ჯანმრთელობა, დაზარალებულს წარმოეშობა მორალური ზიანის მოთხოვნის უფლება სსკ-ის 413-ე მუხლით გათვალისწინებული დამატებითი წინაპირობების არსებობისას, როგორიცაა, დაზარალებულის ხანგრძლივი დისკომფორტი, ფსიქიკური ტანჯვის არსებობა და სხვა. სამედიცინო დავებში ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება წარმოიშობა რამდენიმე შემთხვევაში: საექიმო შეცდომისას, სამედიცინო დაწესებულების შეუსაბამო მენეჯმენტით, არაჯეროვანი სამედიცინო მომსახურებისას, სამედიცინო მომსახურების ხელშეკრულების დარღვევისას და სადაზღვეო ურთიერთობებიდან გამომდინარე, თუმცა აღნიშნული არ წარმოადგენს სრულ ჩამონათვალს და იგი შესაძლებელია დაკონკრეტდეს ყოველი ინდივიდუალური შემთხვევის დროს.

განსხვავებულია ასევე ზიანის მოთხოვნისთვის დამაკმაყოფილებელი სტანდარტები ერთის მხრივ საექიმო შეცდომის დროს და მეორეს მხრივ, სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე. თუმცა, ორივე შემთხვევაში როგორც სამართლებრივი (მოთხოვნის ნორმის განმსაზღვრელი იმპერატიული წინაპირობები), ისე ფაქტობრივი (ფაქტების სისწორის მტკიცება) მტკიცების ტვირთი გადადის მომჩივანზე ანუ პაციენტზე ან მისი ოჯახის წევრზე, რაც თავის მხრივ ერთგვარად „დაუძლეველ“, „არასამართლიან“ მდგომარეობაში აყენებს დაზარალებულ პირს. სწორედ მტკიცების ტვირთის დაძლევის შედეგად წარმოიშობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილების მაღალი ალბათობა. შესაბამისად დიდი მნიშვნელობა ექცევა იმ პროცესს, რომელსაც დაზარალებული მხარე გადის, რათა დაამტკიცოს ზიანის არსებობა, მისი ოდენობა და სამართალდამრღვევი პიროვნების/პიროვნებების ბრალის „ხარისხი“.

საქართველოს კანონმდებლობა განსაზღვრავს როგორც ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების სამართლებრივ ჩარჩოს, ასევე მორალური, ემოციური, ფსიქიკური და სხვა სახის არაპირდაპირი ზიანის მიყენების შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობას. თუმცა, აღნიშნული ნორმების „სულისკვეთება“, სამწუხაროდ, პრაქტიკაში არ ხორციელდება იმგვარად, როგორც ამას სამართლის არსი მოითხოვს.

საქართველოს სასამართლო პრაქტიკა როგორც მატერიალური ისე მორალური ზიანის ანაზღაურების გამოთვლის ე.წ „სახელმძღვანელო“ გადაწყვეტილებების და ერთიანი პრაქტიკის არარსებობას განიცდის. მაშინ, როდესაც განვითარებულ სახელმწიფოებში უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას მართლსაწინაარმდეგო ქმედების დადასტურებისას მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების ერთიანი სტანდარტების დადგენა. საქართველოს სასამართლოებისთვის ჯერ კიდევ სრულიად არ არის დადგენილი თუ რა ოდენობის ფარგლებში უნდა ანაზღაურდეს დაზარალებული პირისთვის მორალური ზიანი.

ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ „საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული მორალური ზიანის ანაზღაურება სამართლიანი და გონივრული ოდენობით უნდა განისაზღვროს. შეუძლებელია, თითოეული ადამიანის ჯანმრთელობის ან სიცოცხლის ფასის განსაზღვრა, ამდენად, მორალური ზიანის ანაზღაურების მიზანი, გარკვეულწილად, განცდილი ტკივილისა და დისკომფორტის შემსუბუქებაა. კომპენსაციის ოდენობას განსაზღვრავს სასამართლო დაზარალებულის მიერ განცდილი სულიერი, ფიზიკური ტანჯვისა და ზიანის მიმყენებლის ბრალის გათვალისწინებით, თუ ზიანის ანაზღაურების მოცემული სახე ბრალეულ მოქმედებაზეა დამოკიდებული“(იხ. №ას- 866-816-2015, 12 თებერვალი , 2016წ.; №ას-95-90-2013, 14.06.13წ.; Nას-594- 562-2015, 6.11.2015, Nას-797-940-2015, 10.09.2015წ.). აღნიშნული დანაწესი წარმოადგენს ე.წ. „უნივერსალურ ფორმულას“ მოსამართლეებისათვის, რათა თავიანთი შეხედულებისამებრ განსაზღვრონ ინდივიდუალური ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე ზიანის ოდენობა. მიუხედავად ამისა, ეს არ იძლევა შესაძლებლობას, რომ მოსამართლეების პრაქტიკა ზიანის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით არათუ საგრძნობლად განსხვავებული იყოს, არამედ დაუსაბუთებელიც კი, ხშირ შემთხვევაში.

მაგალითისთვის, სამედიცინო დაწესებულებასა და პაციენტს შორის დავის დროს პირველმა ინსტანციამ მოპასუხეს დააკისრა მორალური ზიანი - 20 000 ლარის ოდენობით. სააპელაციო სასამართლომ საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ და სამეციდინო დაწესებულებას დააკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 10 000 ლარის ოდენობით, მაშინ როდესაც თვითონვე სასამართლო ადასტურებს იმ ფაქტს, რომ სამედიცინო დაწესებულების მიერ გაწეულმა მომსახურებამ გამოიწვია პაციენტის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ერთ-ერთი ბიოლოგიური ფუნქციის სრულებით დაკარგვა. ამავდროულად, სასამართლოს ყურადღება გამახვილებული აქვს მხოლოდ და მხოლოდ ბრალის დადგენის დამადასტურებელ ელემენტებზე, მაშინ როდესაც მის შედეგზე - ზემოთხსენებული თანხის  მიახლოებული გამოანგარიშების, გონივრულობისა თუ რესტიტუციის შესაძლებლობის გზებზე საერთოდ არ გაუმახვილებია ყურადღება.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა საკასაციო სასამართლოში, რომელმაც დააკმაყოფილა საკასაციო საჩივარი და ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. (იხ. #ას-962 -2024 თბილისი, 13.06.2025 წ.).

სხეულის დაზიანება ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენება ადამიანის სიცოცხლის იმგვარი ხელყოფაა, რომელიც დაზარალებულს არასრულფასოვნად და ზოგ შემთხვევაში, შრომისუუნაროდ აქცევს, სხეულის და/ან ჯანმრთელობის ხელყოფით გამოწვეული მორალური ზიანი უშუალოდ სამართალდარღვევიდან შეიძლება არც გამომდინარეობდეს, არამედ მისი თანმდევი შედეგი იყოს (მაგ. უშედეგო მკურნალობა, ხანგრძლივი უმწეო მდგომარეობა, მკურნალობის არაეფეტურობის გამო ცხოვრების ხალისის და განწყობის დაქვეითება, ნერვული დაძაბულობა, რაც პირს არასრულფასოვნების კომპლექსსა თუ სხვა ნეგატიურ განცდებს უყალიბებს და სხვა).

სხვა საქმეში, რომელიც ეხებოდა ჩასატარებელ მკურნალობაზე პაციენტის ინფორმირებულობის საკითხს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაადგინა - „კანონით მინიჭებული ავტონომიის ფარგლებში პაციენტი უფლებამოსილია, გადაწყვიტოს საკუთარი სხეულის ბედი, რაც ეთიკური საკითხია და ექიმის ზედაპირული მიდგომა შეუთავსებელია თვითგამორკვევის პრინციპებთან.“ (იხ. საქმე #213-14; 12.03.2018) რის შედეგადაც სამედიცინო დაწესებულებას დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 5000 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარში ანაზღაურების ვალდებულება.

ამ ორი საქმიდან გამომდინარე პირველში დადგინდა საექიმო შეცდომა და ზიანი მიადგა ადამიანის რეპროდუქციულ სისტემას რა დროსაც მორალური ზიანის „საპირწონე“ თანხად განისაზღვრა 20000 ლარი, ხოლო მეორე შემთხვევაში სახეზე არ გვქონდა ჯანმრთელობის მართლსაწინააღმდეგო დაზიანება, არამედ ინფორმირებული თანხმობის წესის დაუცვლეობა, რამაც გამოიწვია მორალური ზიანის ანაზღაურება 5000 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარში (დაახლ. 13400 ლარი). ორივე შემთხვევაში სასამართლომ იხელმძღვანელა შინაგანი რწმენით და მოცემული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად განსაზღვრა მორალური ზიანის თანხა, რომლის გონივრულობასთან დაკავშირებითაც, იბადება სერიოზული და ძალზედ საჭირბოროტო კითხვები.

სასამართლოების მიერ მატერიალური და მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრის განსხვავებული პრაქტიკა აქ არ ჩერდება და განაგრძობს მრავალფეროვნების „განვრცობას“. ერთ-ერთ საქმეზე მოსარჩელეს, იმის გამო, რომ მას წინასწარ არ განუმარტეს სამედიცინო ჩარევის შესაძლო გართულებები, შეეცვალა ვიზუალი, რამაც თავის მხრივ, თავისი პროფესიიდან გამომდინარე, გამოიწვია როგორც სამსახურის დაკარგვა, ასევე ძლიერი ფსიქოლოგიური სტრესი. თბილისის საქალაქო სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა მხოლოდ მორალური ზიანის ნაწილში 20000 ლარის ოდენობით. სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლომ კი ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსარჩელის საკასაციო საჩივარი და მორალური ზიანის სამართლიან ოდენობად მიიჩნია 40000 ლარი.  სასამართლო არაერთგზის აღნიშნავს თავის გადაწყვეტილებებში უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას, კერძოდ -„მორალური ზიანის ანაზღაურება სამართლიანი და გონივრული ოდენობით უნდა განისაზღვროს.“ თუმცა ცხადია, რომ სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოს განსხვავებულად ესმის „სამართლიანი და გონივრული ოდენობა“, შედეგად მხარეს უწევს „შემოიაროს“ სამივე ინსტანციის სასამართლო რათა თავის მოთხოვნასთან მიახლოებული გადაწყვეტილება მაინც „გამოითხოვოს“. აღნიშნული კი თავის მხრივ, იწვევს არამარტო

სამართლებრივი პროგნოზირებადობისა და პრეცედენტული პრაქტიკის არასტაბილურობას,

არამედ დაზარალებულ მხარეს  თავისი უფლების დაცვა აწვება მძიმე ტვირთად, რაც გამოიხატება სასამართლო განხილვის განუსაზღვრელ ვადებში და იურიდიული მომსახურების ხარჯებში.

კანონმდებელი არ ადგენს ცალკეულ შემთხვევაში მორალური ზიანის ანაზღაურების ოდენობას, არამედ ეს საკითხი სასამართლოს შეფასებითი მსჯელობის საგანია და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თავად შემთხვევის ინდივიდუალობის და თავისებურების გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს. მოსარჩელე უფლებამოსილია, სარჩელში მიუთითოს თანხა, რომელსაც ის მიყენებული სულიერი და ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისთვის ითხოვს, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობა, საბოლოოდ, სასამართლოს შეხედულებით განისაზღვრება. მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია არ წარმოადგენს, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და მისი სრული კომპენსაცია შეუძლებელია.

ზემოთ შეფასებული მაგალითების და სასამართლო სამედიცინო პრაქტიკის ფონზე ჩვენ შეგვიძლია გამოვყოთ მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრის პრობლემატიკის რამდენიმე კრიტერიუმი  1. ობიექტური კრიტერიუმის არარსებობა - კანონმდებლობა არ ადგენს წინაპირობებს ან ე.წ „ფორმულას“, რაც იწვევს პრაქტიკის არაერთგვაროვნებას; 2. სუბიექტური შეფასება - კომპენსაციის ოდენობას ინდივიდუალურად ადგენს სასამართლო; 3. ექვივალენტურობის პრობლემა - თანხა ვერასდროს აღადგენს დაკარგულ ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან ნდობას. სასამართლოს ამოცანაა განსაზღვროს ისეთი კომპენსაციის ოდენობა რომელიც შეამსუბუქებს „ტანჯვას“; 4. მიზეზობრივი კავშირის დადგენა - ხშირად რთულია იმის დამტკიცება, გამოწვეულია თუ არა პაციენტის ტანჯვა უშუალოდ ექიმის ქმედებით; 5. მტკიცების ტვირთი - პაციენტმა ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს სათანადო და უტყუარი მტკიცებულებები, მათ შორის, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, როგორც მიყენებული ზიანის, ისე განცდილი მორალური ტრავმის დასადასტურებლად. მორალური ზიანის განსაზღვრის პრობლემების გამოსწორება შესაძლებელია უზენაესი სასამართლოს მიერ მკაფიო კრიტერიუმებისა და ანალოგიური საქმეების ბაზის შემუშავებით. ასევე ეფექტურია ფსიქო-სოციალური ექსპერტიზის როლის გაძლიერება, სავალდებულო პროფესიული დაზღვევის დანერგვა და სასამართლომდელი მედიაციის განვითარება. შედეგად სასამართლო პრაქტიკა გახდება პროგნოზირებადი, იდენტური სამედიცინო შეცდომების დროს პაციენტები მსგავსი ოდენობის კომპენსაციას მიიღებენ, რაც გამორიცხავს სუბიექტურობას და შეამცირებს სხვაობას სხვადასხვა მოსამართლის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებს შორის. მოსამართლეს აღარ მოუწევს პაციენტის განცდების სიმძიმის მხოლოდ ,,თვალის ზომით“ ან ინტუიციით შეფასება. ფსიქოლოგიური დასკვნა სასამართლოს მისცემს ობიექტურ, მეცნიერულ მტკიცებულებას იმის შესახებ, თუ რა მასშტაბის დეპრესია, შფოთვა ან ცხოვრების ხარისხის გაუარესება გამოიწვია სამედიცინო შეცდომამ. დაზღვევის შემთხვევაში დაზარალებული პაციენტი გარანტირებულად მიიღებს კუთვნილ ფულად კომპენსაციას, ხოლო მეორეს მხრივ, ექიმები დაცულები იქნებიან სამომავლო პროფესიული რეისკებისგან, რაც მათ საშუალებას მისცემს, ფინანსური შიშის გარეშე გააგრძელონ პროფესიული საქმიანობა. და ბოლოს მედიაციის საშუალებით მხარეები აღწევენ კონსენსუსს ბევრად სწრაფად და ნაკლები ხარჯებით. პაციენტი თავს არიდებს ხანგრძლივ სასამართლო სტრესს, ხოლო კლინიკა ინარჩუნებს რეპუტაციას, რადგან მედიაციის პროცესი კონფიდენციალურია.

ყოველივე ზემოთაღნიშნული ხელს უწყობს ექიმსა და პაციენტს შორის ნდობის ნაწილობრივ აღდგენას. ეს მექანიზმები უზრუნველყოფენ კომპენსაციის ოდენობის პროგნოზირებადობას, დაზარალებულთა რეალურ ანაზღაურებას და მართლმსაჯულების პროცესის ეფექტურობას.

პაციენტის ინფორმირებული თანხმობა

ავტორი: მარიამ ღუღუნიშვილი
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სამედიცინო სამართლის კომიტეტის წევრი, ადვოკატი/ პრაქტიკოსი იურისტი სამედიცინო სამართლის დარგში                                                                         

აბსტრაქტი

წინამდებარე ნაშრომი ეხება ინფორმირებული თანხმობის შემადგენელ ძირითად ასპექტებს, გავლენებსა და ელემენტებს, რომლებიც მას პროცესად და არა მხოლოდ ადმინისტრაციულ ფორმატად წარმოაჩენს. ინფორმირებული თანხმობა ფართო გაგებით უნდა განისაზღვროს, როგორც ყველა ის ქმედება, რომელიც ხელს უწყობს კომუნიკაციისა და დიალოგის პროცესს, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ადამიანს მიიღოს გადაწყვეტილებები მის სხეულზე, ინტიმურობაზე ან სხვა სასიცოცხლო სივრცეებზე მოქმედი ქმედების, პრაქტიკის ან პროდუქტის შესახებ.  წინამდებარე სტატია ფოკუსირებულია ინფორმირებული თანხმობის კრიტიკულ ასპექტებსა და ინფორმირებული თანხმობის გაცხადების საერთო გამოწვევებზე. განხილულია მისი ეთიკურ-სამართლებრივი და პრაქტიკული ასპექტები. აქცენტი კეთდება პაციენტთან კომუნიკაციის გაუმჯობესებასა და ინფორმირებული და ნებაყოფლობითი თანხმობის უზრუნველყოფაზე. ეს სტატია განიხილავს ინფორმირებული თანხმობის მიღების გზაზე არსებულ გამოწვევებს და არსებული ბარიერების დაძლევის გზებს, რითაც უზრუნველყოფილია პაციენტის ავტონომიისა და უფლებების პატივისცემა ყველა კლინიკურ ურთიერთობაში.

შესავალი

პაციენტის ინტერესების დაცვის ერთ-ერთ გამოხატულებას სამედიცინო სამართალში  ინფორმირებული თანხმობის არსებობა წარმოადგენს. იგი უზრუნველყოფს ეთიკური გადაწყვეტილებების მიღებას მკურნალობისა და პაციენტზე ორიენტირებული მზრუნველობის შესახებ. პაციენტებს აქვთ უფლება, მიიღონ ინფორმირებული და ნებაყოფლობითი გადაწყვეტილებები მკურნალობის შესახებ. ინფორმირებული თანხმობა დოკუმენტზე ხელმოწერაზე მეტია; ეს არის ექიმსა და პაციენტს შორის კომუნიკაციის პროცესი. ეს პროცესი უზრუნველყოფს, რომ პაციენტი სრულად იყოს ინფორმირებული პროცედურის ან ჩარევის ბუნების, პოტენციური რისკებისა და სარგებლის, ასევე არსებული ალტერნატიული მკურნალობის შესახებ. პაციენტს შეუძლია უარი თქვას ან გააუქმოს თანხმობა მკურნალობის ნებისმიერ დროს. ინფორმირებული თანხმობა პატივს სცემს პაციენტის ავტონომიას, ხელს უწყობს ნდობას პაციენტ-მიმწოდებლის ურთიერთობაში და იცავს არაეთიკური პრაქტიკისგან.

ინფორმირებული თანხმობის შემოღებით, კანონმდებელმა ორი  სამართლით დაცული სიკეთoდან, კერძოდ პირადი ცხოვრების  უფლება - პაციენტის ავტონომია და სახელმწიფოს ინტერესი - დაიცვას ადამიანის სიცოცხლე, უპირატესობა მიანიჭა პაციენის ნების ავტონომიის პრინციპს, კერძოდ, ექიმი პაციენტს აწვდის სრულ ინფორმაციას დაავადებისა და მკურნალობის შესაძლო მეთოდების და რისკების შესახებ, ხოლო პაციენტს რჩება არჩევანის თავისუფლება მიიღოს შეთავაზებული სამედიცინო მომსახურება თუ არა. აღნიშნული მიდგომით ექიმი და პაციენტი იღებენ ერთობლივ გადაწყვეტილებას. პაციენტის სამედიცინო ინფორმირებული თანხმობის უფლება გამომდინარეობს ავტონომიის პრინციპიდან და გულისხმობს შემდეგს: პაციენტები ფლობენ საკუთარ სხეულს (მათ „საკუთრებას“); არავის აქვს უფლება, ჩამოართვას მათ სხეულის ფუნქციები;    პაციენტებს აქვთ უფლება დამოუკიდებლად გადაწყვიტონ, რა რისკები და ხარჯების გაწევა მოუწევთ მათ სხეულთან დაკავშირებით; სამედიცინო თერაპიას შესაძლოა ჰქონდეს ამ ფუნქციების დაზიანების რეალური შესაძლებლობა და არსებობს ნებისმიერი რეკომენდებული მოქმედების ჩარევის ალტერნატივები; პაციენტებს არ შეუძლიათ წინასწარ განსაზღვრონ, თუ რა რისკები ან ალტერნატივები შეიძლება არსებობდეს პროფესიონალისგან ამ ინფორმაციის მიღების გარეშე;   პროფესიონალის პასუხისმგებლობაა, გაამჟღავნოს რისკები და ალტერნატივები.

უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელ რეალობაში სამედიცინო მომსახურება და სამედიცინო კვლევა სულ უფრო რთული ხდება. ამიტომ, ინფორმირებული თანხმობის როლი კიდევ უფრო რთულდება, რადგან გაჩნდა ახალი სამედიცინო გამოწვევები. ტექნოლოგიურმა მიღწევებმა, პაციენტთა მრავალფეროვანმა პოპულაციებმა და ერთობლივი გადაწყვეტილების მიღებაზე მზარდმა აქცენტმა ინფორმირებული თანხმობის თემა განსახილველად უფრო ღია გახადა, ვიდრე ოდესმე. 

ფუნქცია

ინფორმირებული თანხმობის ფუნქცია ჯანდაცვის სფეროში არის იმის უზრუნველყოფა, რომ პაციენტები სრულად იყვნენ ინფორმირებულნი იმ სამედიცინო პროცედურების ან მკურნალობის შესახებ, რომლებიც საჭირო იქნება სამედიცინო მომსახურების გაწევის პროცესში.  ეს მათ საშუალებას აძლევს, მიიღონ ავტონომიური გადაწყვეტილებები მათ მკურნალობასთან დაკავშირებით. ინფორმირებული თანხმობის პროცესი ემსახურება ეთიკურ და სამართლებრივ მიზნებს პაციენტის უფლებების დაცვით, გამჭვირვალობის ხელშეწყობით და ჯანდაცვის პროფესიონალებსა და პაციენტებს შორის ნდობის ხელშეწყობით. ინფორმირებული თანხმობა უზრუნველყოფს, რომ პაციენტებმა გაიგონ სამედიცინო ჩარევების რისკები, სარგებელი, ალტერნატივები და პოტენციური შედეგები, რაც მათ საშუალებას აძლევს, შეაფასონ თავიანთი ვარიანტები და აქტიურად მიიღონ მონაწილეობა მკურნალობის დაგეგმვის პროცესში. ეს პროცესი კრიტიკულად მნიშვნელოვანია პაციენტის ავტონომიის პატივისცემისთვის და პირებისთვის, რათა მათ შეძლონ გადაწყვეტილებების მიღება მათი ღირებულებების, შეხედულებებისა და პრეფერენციების შესაბამისად. გარდა ამისა, ინფორმირებული თანხმობა იცავს ექიმებს, ვინაიდან ინფორმირებული თანხმობა არის იმის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ პაციენტები სათანადოდ არიან ინფორმირებულნი მკურნალობისა და შესაძლო გართულებების შესახებ. აღნიშნული ამცირებს ექიმის სამართლებრივ პასუხისმგებლობას არასასურველი შედეგების შემთხვევაში. საბოლოო ჯამში, ინფორმირებული თანხმობა არის ინსტრუმენტი პაციენტზე ორიენტირებული მკურნალობის გასაუმჯობესებლად და ექიმ-პაციენტის ურთიერთობის გასაძლიერებლად ღია, გულწრფელი კომუნიკაციის გზით.

ინფორმირებული თანხმობის ნამდვილობა

ინვაზიური პროცედურებისა და ოპერაციების ჩატარებამდე ინფორმირებული თანხმობის მიღება სტანდარტულ პრაქტიკად იქცა  ყველა სამედიცინო დაწესებულებაში. ყველა თანხმდება, რომ პაციენტები უნდა იყვნენ როგორც ინფორმირებულები, ასევე ეთანხმებოდნენ მათთვის მიწოდებულ სამედიცინო მომსახურებას. მიუხედავად იმისა, რომ პაციენტები რეგულარულად აწერენ ხელს თანხმობის ფორმებს, სადაც დეტალურად არის აღწერილი მრავალი რისკი და გართულება, სამედიცინო პრაქტიკაში ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული ხარვეზები, შესაბამისად მნიშვნელოვანია დეტალურად იქნეს განხილული მისი ნამდვილობის წინაპირობები.

წინასწარ გამოხატული ნება

სამედიცინო დაწესებულებებში დროის სიმცირე ხშირად იწვევს თანხმობის მიღების დაჩქარებულ პროცესებს, სადაც ჯანდაცვის სპეციალისტებმა შეიძლება არ დაუთმონ საკმარისი დრო გადაწყვეტილების მიღების პროცესის ყველა ასპექტის საფუძვლიანად განხილვას და პაციენტის ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინებას. პაციენტები შეიძლება დარჩნენ არაინფორმირებულად ან გაურკვევლად, მაგრამ მაინც ვალდებულნი იყვნენ გააგრძელონ სამედიცინო მომსახურების მიღება. იდეალურ შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღების პროცესი პაციენტებს უნდა აძლევდეს რეფლექსიისა და რეაგირების პერიოდს.

ინფორმირებული თანხმობა წინ უნდა უსწრებდეს ნებისმიერ სამედიცინო ჩარევას. ინფორმაცია უნდა იყოს მიწოდებული საკმარისად დროულად, რათა პაციენტს საშუალება მიეცეს გააკეთოს „კარგად გააზრებული“ არჩევანი მკურნალობაზე თანხმობის მიცემასთან დაკავშირებით. ასეთი (არა მხოლოდ გააზრებული, არამედ კარგად გააზრებული) არჩევანის წინაპირობაა, რომ პაციენტმა მიიღოს საჭირო ინფორმაცია საკმარისად დროულად, რათა დაამუშაოს იგი ზეწოლის გარეშე, სანამ მიიღებს გადაწყვეტილებას - საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი რჩევის მიღების ან სანდო პირთან კონსულტაციის შემდეგ. საკმარისი დრო უნდა იყოს გამოყოფილი შემოთავაზებული სამედიცინო ჩარევის დადებითი და უარყოფითი შედეგების განსახილველად, რათა პაციენტმა შეძლოს თავისუფალი არჩევანის გაკეთება და უზრუნველყოს მისი თვითგამორკვევის უფლება.

გერმანული სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, ჩვეულებრივი ამბულატორიული მკურნალობისა და მარტივი დიაგნოსტიკური ჩარევების შემთხვევაში, პაციენტის ინფორმირება შესაძლებელია ჩარევის დღესვე, თუმცა იმ პირობით, რომ ინფორმაცია არ მიეწოდება უშუალოდ პროცედურის დაწყების წინ. ინფორმაციის მიწოდების დრო პაციენტს უნდა აძლევდეს რეალურ შესაძლებლობას, თავისუფლად შეაფასოს მიღებული ცნობები და მიიღოს გადაწყვეტილება ჩარევაზე თანხმობის ან უარის თქმის შესახებ. ამდენად, ინფორმირება ჩარევამდე მხოლოდ 30 წუთით ადრე, როგორც წესი, არასაკმარისად და დაგვიანებულად მიიჩნევა.

რაც შეეხება სტაციონარში მოთავსებულ პაციენტებს, გერმანული სასამართლო პრაქტიკა, როგორც წესი, მოითხოვს, რომ მათ ინფორმაცია სამედიცინო ჩარევის დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი დღით ადრე მიეწოდოთ. ამ მოთხოვნის მიზანია პაციენტისთვის საკმარისი დროის უზრუნველყოფა, რათა მან გააანალიზოს მოსალოდნელი სარგებელი და რისკები, საჭიროების შემთხვევაში მოიძიოს დამატებითი ინფორმაცია და ჩამოაყალიბოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება.

ამასთან, ინფორმაციის მიწოდების დროის შეფასება დამოკიდებულია კონკრეტული ჩარევის ხასიათსა და სირთულეზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და მაღალი რისკის მქონე ოპერაციების შემთხვევაში, მხოლოდ ოპერაციის წინა დღეს ინფორმაციის მიწოდება შესაძლოა არასაკმარისად ჩაითვალოს, რადგან პაციენტი აღმოჩნდება დროის ზეწოლის ქვეშ და ვერ შეძლებს მიღებული ინფორმაციის მშვიდ გარემოში გააზრებას. აღნიშნული განსაკუთრებით აქტუალურია მაშინ, როდესაც საუბარია ისეთ რისკებზე, რომლებმაც შესაძლოა არსებითი გავლენა მოახდინოს პაციენტის მომავალ ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 02.03.2023 წლის №2ბ/4695-22 გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ პაციენტს უნდა ჰქონდეს დრო, გაიაზროს მოსალოდნელი შედეგები, რისკები და ამის გათვალისწინებით მიიღოს გადაწყვეტილება ოპერაციამდე მოაწეროს ხელი თუ არა თანხმობის ფორმას.

პაციენტისთვის გასაგები ფორმა

პაციენტს ინფორმაცია უნდა მიეწოდოს მისთვის გასაგები ფორმით. ამ მხრივ მნიშვნელოვანია პაციენტსა და ექიმს შორის ჯანსაღი ვერბალური კომუნიკაცია. შესაბამისად, ინფორმაცია უნდა მიეწოდოს „ზეპირად“. ეს კეთდება იმისათვის, რომ პაციენტს მიეცეს შესაძლებლობა, პირადად ისაუბროს მკურნალ ექიმთან შემოთავაზებული ჩარევის შესახებ და უზრუნველყოს, რომ ინფორმირებული თანხმობა არ ჩაითვალოს უბრალო ფორმალობად.  აუცილებელია საინფორმაციო შეხვედრა გამართოს უშუალოდ მკურნალმა ექიმმა, ვინაიდან მას აქვს შესაბამისი კომპეტენცია რომ სწორი ინფორმაცია მიაწოდოს პაციენტს და უპასუხოს მის მიერ დასმულ შეკითხვებს. კლინიკის სხვა წარმომადგენელს შეხვედრის გამართვის უფლება არ აქვს.

რაც შეეხება წერილობით ფორმას, იგი სავალდებულოა კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, რომელთაც ადგენს „პაციენტის უფლებების შესახებ კანონი“. ამასთან, თანხმობის ფორმაში გამოყენებული ტერმინები გასაგები და მარტივად აღქმადი უნდა იყოს პაციენტისთვის. იმ შემთხვევაში თუ რთული სამედიცინო ტერმინები იქნება გამოყენებული ეს გაზრდის იმის ალბათობას, რომ პაციენტისთვის გაურკვეველი დარჩება ინფორმირებული თანხმობის შინაარსი. ამ შემთხვევაში უმჯობესია ექიმმა იხელმძღვანელოს პაციენტის გონივრული სტანდარტით, კერძოდ: რა უნდა იცოდეს საშუალო ცოდნის მქონე პაციენტმა, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ინფორმირებული მონაწილე იყოს.

ამასთან, რთული სამედიცინო ჟარგონი და ჯანმრთელობის შესახებ ცოდნის სხვადასხვა დონე ხშირად იწვევს იმ ფაქტს, რომ პაციენტები თანხმდებიან პროცედურებზე ან მკურნალობაზე რისკების, სარგებლის ან ალტერნატივების სრულად გააზრების გარეშე. მაშინაც კი, როდესაც ინფორმაცია მოწოდებულია, ის შეიძლება არ იყოს გადმოცემული ისე, რომ შეესაბამებოდეს პაციენტის კოგნიტურ საჭიროებებს. ამ შეუსაბამობამ შეიძლება განაპირობოს შემთხვევები, როდესაც ინფორმირებული თანხმობა არ მიიჩნევა ნამდვილად არასაკმარისი ინფორმირების გამო, რაც თავის მხრივ, ეწინააღმდეგება პაციენტის ავტონომიის პრინციპს. პაციენტებთან ან მათ წარმომადგენლებთან კომუნიკაციისას აუცილებელია ყოველდღიური სასაუბრო ენის გამოყენება სამედიცინო ჟარგონის ნაცვლად.

ნებაყოფლობითობა

,,ადამიანის უფლბებისა და ბიომედიცინის შესახებ“ კონვენციის მე-5 მუხლის მიხედვით, ,,ნებისმიერი ჩარევა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში უნდა ჩატარდეს პირის მიერ ნებაყოფლობით გაცხადებული და გააზრებული თანხმობის მიღების შემდეგ. პირს წინასწარ უნდა მიეცეს შესაბამისი ინფორმაცია ჩარევის მიზნისა და ხასიათის, ასევე, შედეგებისა და საფრთხის შესახებ.“ პაციენტის მიერ სამედიცინო მომსახურების გაწევაზე თანხმობა ნამდვილად ითვლება იმ შემთხვევაში, თუ ის გამოხატულია თავისუფალი ნების საფუძველზე, მესამე პირებისა თუ სამედიცინო დაწესებულებისგან ყოველგვარი ზეგავლენის გარეშე. ექიმის მიერ ინფორმაციის მიწოდებისას გათვალისწინებული უნდა იქნას პაციენტის ინდივიდუალური თვისებები. ექიმის ქმედება უკანონოა თუ: ინფორმაციის მიწოდება მოხდა უხეშად და დაუფიქრებლად, რამაც მოახდინა პაციენტის წახალისება უარი ეთქვა ოპერაციაზე ან/და მიწოდებულია ისეთი ინფორმაცია რომელიც თავისთავად ტრავმას აყენებს პაციენტის ჯანმრთელობას.

ეთიკური სტანდარდები ირღვევა მაშინ, როდესაც ინფორმაცია არასრულად არის გამჟღავნებული, განზრახ თუ უნებლიედ, მაგალითად, გარკვეული რისკების დაკნინება ან მკურნალობის ყველა არსებული ვარიანტის არ მიწოდება პაციენტისთვის, მათ შორის მკურნალობის არარსებობა. ეს შემთხვევები ზოგჯერ შეიძლება გამოწვეული იყოს ექიმის/მიმწოდებლის მიკერძოებით, სადაც ექიმმა/მიმწოდებელმა შეიძლება ივარაუდოს, თუ რა არის საუკეთესო პაციენტისთვის გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მათი სრულად ჩართვის გარეშე, რაც თავისთავად წინააღმდეგობაში მოდის პაციენტის უფლებასთან, უზრუნველყოს თვითგამორკვევის უფლება და მიიღოს გააზრებული და მისი ნების შესაბამისი გადაწყვეტილება.

ნებაყოფლობითობა თავის მხრივ, მოიცავს პაციენტის უფლებას  უარი თქვას სამედიცინო მომსახურებაზე. ამასთან, პაციენტს აქვს უფლება ნებისმიერ დროს „გაითხოვოს“ მის მიერ ადრე გამოხატული თანხმობა. მართალია საქართველოს კანონმდებლობა ერთნაირად იცავს როგორც პაციენტის პირადი ცხოვრების უფლებას ისე მის სიცოცხლეს, თუმცა მოცემულ შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება პაციენტის პირად ავტონომიას, სადაც ის თავად წყვეტს უარი განაცხადოს სამედიცინო მომსახურების მიღებაზე, მაშინაც კი თუ აღნიშნული გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის მის სიცოცხლესა თუ ჯანმრთელობას. აქვე უნდა აღინიშნოს რომ,  პაციენტის უფლებების შესახებ საქართველოს კანონის მუხლი 23.1. უშუალოდ განსაზღვრავს ექიმის ვალდებულებას, რომ პაციენტი ამომწურავად იყოს ინფორმირებული სამედიცინო მომსახურებაზე უარის თქმის ან მისი შეწყვეტის მოსალოდნელი შედეგების შესახებაც.

საქმეზე  Malette v Shulman კანადის უზენაესმა სასამართლომ განმარტა: ,,მკურნალობაზე უარის თქმის უფლება საკუთარ სხეულზე პაციენტის უფლების უზენაესობის გამოვლინებაა. მკურნალობაზე უარის თქმის უფლება არ უკავშირდება მკურნალობაზე უარის თქმის შედეგების გაცნობიერების/გაგების ფაქტორს. სიცოცხლის გარკვეული ასპექტები ზოგჯერ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თავად სიცოცხლე. საზოგადოებაში ჯერ კიდევ შემორჩენილია ამგვარი საპატიო და ღირსეული მოტივები, იქნება ეს ომში თავგანწირვა, სამართალდამცავების მოვალეობა, მეუღლის, შვილის სიცოცხლის დაცვა, ღირსებისა და პატივის შელახვის თავიდან აცილების მიზნით სიცოცხლის გაწირვა, თავისუფლების დაკარგვაზე სიკვდილის უპირატესად მიჩნევა, აგრეთვე რელიგიური რწმენისათვის მოწამეობა. რელიგიური მოტივით მკურნალობაზე უარის თქმაც ამ კატეგორიის ღირებულებაა და თუ მკურნალობაზე უარი ცხადდება რელიგიურ მოტივებზე დაყრდნობით, მაშინ შეუძლებელია მისი შეფასება „გონივრულობის“ პერსპექტივიდან, რაც, დღევანდელი მოცემულობით, წარმოადგენს გარდამავალ სტანდარტს.“

ინფორმირებული თანხმობის გამონაკლისები

არსებობს გარკვეული სიტუაციები, როგორიცაა გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება და თერაპიული პრივილეგია, რომლებიც ამ ზოგადი წესის გამონაკლისს წარმოადგენს, სადაც პაციენტისთვის ინფორმაციის გამჟღავნების დრო შეიძლება შესაბამისად შემოკლდეს ნაწილობრივ ან სრულად.

გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევა გულისხმობს გარემოებებს, როდესაც პაციენტი იმყოფება სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში, რაც საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას და როდესაც ინფორმაციის გამჟღავნებისთვის საჭირო დრომ შეიძლება პოტენციურად ზიანი მიაყენოს პაციენტს. ამგვარი სამედიცინო შემთხვევების დროს, შეიძლება გამართლდეს პაციენტის თანხმობის მიღება სამედიცინო ჩარევამდე, იმის მითითებით, რომ მკურნალობის ნებისმიერი დაგვიანება შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს პაციენტის სიცოცხლეს. თანხმობის ეს გამონაკლისი ვრცელდება ისეთ სამედიცინო შემთხვევებზე, როდესაც პაციენტებს, რომლებსაც სჭირდებათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჩარევა,  არ შეუძლიათ თანხმობის მიცემა სიცოცხლისთვის საშიში სამედიცინო მდგომარეობის გამო და როდესაც არ ჰყავთ ნდობითაღჭურვილი უფლებამოსილი პირი. თუ პაციენტის ნდობითაღჭურვილი უფლებამოსილი პირი ხელმისაწვდომია, უნდა მოითხოვონ უფლებამოსილი პირის თანხმობა.

თერაპიული პრივილეგია გულისხმობს გარემოებას ან პრაქტიკას, რომლის დროსაც ექიმებს არ შეუძლიათ პაციენტს გაუმჟღავნონ სამედიცინო ინფორმაციის ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია დაავადების დიაგნოზთან ან მკურნალობასთან, როდესაც ექიმები თვლიან, რომ ასეთი ინფორმაციის გამჟღავნება პოტენციურ ზიანს მიაყენებს პაციენტის ფიზიკურ, ფსიქიკურ ან სოციალურ კეთილდღეობას და არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ სრული ინფორმაციის მიღება პაციენტის ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს მიაყენებს. პაციენტს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სრული ინფორმაცია მიეწოდება მხოლოდ მაშინ, თუ იგი ამას დაჟინებით მოითხოვს.

სასამართლოსთვის მიმართვის უფლება

ინფორმირებული თანხმობის ვალდებულების დარღვევა ქმნის პაციენტის მიერ სასამართლო დაცვის მექანიზმების გამოყენების საფუძველს. პაციენტს შეუძლია მოითხოვოს როგორც დარღვეული პირადი არაქონებრივი უფლების აღდგენა, ისე მიყენებული ზიანის ანაზღაურება.  პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია დადგინდეს, იყო თუ არა პაციენტისთვის მიწოდებული ინფორმაცია საკმარისი, გასაგები და გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი, ვინაიდან ინფორმირებული თანხმობა წარმოადგენს არა მხოლოდ ფორმალურ დოკუმენტს, არამედ პაციენტის ავტონომიური არჩევანის უზრუნველყოფის პროცესს.

დასკვნა

საბოლოოდ უნდა ითქვას, რომ  ინფორმირებული თანხმობა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში უმნიშვნელოვანესი პროცესია, რომელიც მოითხოვს ექიმის სწორ მიდგომას, რათა უზრუნველყოფილი იყოს მკურნალობის ეთიკურად, ეფექტურად და პაციენტის ავტონომიის პატივისცემით ჩატარება. ექიმებს მეტწილად აკისრიათ პასუხისმგებლობა, რომ ინფორმირებული თანხმობა მიღებული იყოს იურიდიულად და ეთიკურად გამართლებული გზით. მათ უნდა შეეძლოთ რთული სამედიცინო ინფორმაციის, მათ შორის რისკების, სარგებლის და მკურნალობის ან პროცედურების ალტერნატივების, ნათლად ახსნა. ინფორმირებული თანხმობის პროცესი უნდა აკმაყოფილებდეს სამართლებრივ და ეთიკურ ვალდებულებებს, აძლიერებდეს პაციენტებისთვის სამედიცინო მომსახურების  ხარისხს და აუმჯობესებს კლინიკურ შედეგებს. აღნიშნულის ეფექტიანად განხორციელების შემთხვევაში, ინფორმირებული თანხმობა ზრდის პაციენტის თავდაჯერებულობას, ხელს უწყობს მკურნალობის თანმიმდევრულად ჩატარებას და აუმჯობესებს სამედიცინო მომსახურების შედეგებს. სრულად ინფორმირებულ პაციენტებს ნაკლებად აქვთ არასასურველი შედეგების წაწყდომის ალბათობა გაუგებრობების ან არასაკმარისი ინფორმაციის გამო. ეს პროცესი ასევე ამცირებს შეცდომების რისკს, რაც ზრდის პაციენტის უსაფრთხოებას. გარდა ამისა, კარგად შესრულებული და ეთიკურად გამართლებული ინფორმირებული თანხმობის პროცესი  ხელს უწყობს ნდობის, პატივისცემისა და საერთო პასუხისმგებლობის კულტურის ამაღლებას ჯანმრთელობის დაცვის სპეციალისტებსა და პაციენტებს შორის.

 

სამედიცინო შეცდომა და მისი მტკიცების თავისებურებები ქართულ სასამართლო პრაქტიკაში

ავტორი: თამარ მებონია 
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სამედიცინო სამართლის კომიტეტის თავმჯდომარე; 
ადვოკატი / პრაქტიკოსი იურისტი სამედიცინო სამართლის დარგში

შესავალი

ჯანმრთელობის დაცვის სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტები მკაფიოდ განამტკიცებენ ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ღირსებისა და კეთილდღეობის დაცვის პრინციპებს. საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის შესაბამისად, მოქალაქის უფლება ხელმისაწვდომ და ხარისხიან ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებაზე უზრუნველყოფილია კანონით. აღნიშნული კონსტიტუციური გარანტიის განვითარებას ემსახურება ჯანმრთელობის დაცვის სფეროს მარეგულირებელი სპეციალური კანონმდებლობა, რომლის მიზანია მოქალაქის უფლებების დაცვა, აგრეთვე მისი პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფა. „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მოქალაქის უფლებებსა და კეთილდღეობას მედიცინისა და სამედიცინო მეცნიერების ინტერესებთან შედარებით უპირატესი მნიშვნელობა ენიჭება, რაც პაციენტის ინტერესების პრიორიტეტულობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. 

პაციენტის ინტერესების პრიორიტეტულობის პრინციპი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სამედიცინო პასუხისმგებლობის საქმეებში, სადაც სასამართლოს წინაშე დგას არა მხოლოდ სამედიცინო მომსახურების მართლზომიერების შეფასების, არამედ სამედიცინო შეცდომის, მიზეზობრივი კავშირის, პასუხისმგებლობის საფუძვლებისა და მტკიცების ტვირთის სამართლიანი განაწილების საკითხი.

სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავები თანამედროვე მართლმსაჯულების ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. პაციენტის უფლებების დაცვის სტანდარტების განვითარებასთან ერთად განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საკითხი, რა კრიტერიუმებით უნდა შეფასდეს სამედიცინო მომსახურების მართლზომიერება და რა მტკიცების სტანდარტები უნდა იქნეს გამოყენებული შესაბამის დავებში. აღნიშნული პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოსთვის, სადაც სასამართლო პრაქტიკა ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია.

იმ ვითარებაში, როდესაც ცხოვრებისეული პრაქტიკით პაციენტთა დიდი ნაწილი პრეტენზიას გამოთქვამს სამედიცინო მომსახურების უარყოფით მხარეებზე, სასამართლო პრაქტიკა სამედიცინო მომსახურებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრების დავებთან დაკავშირებით მოცულობითი მაინც არ არის.   პარადოქსია, მაგრამ მაგალითად 2016-2019 წლებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განხილულია მხოლოდ 8 სამოქალაქო დავა. (ნ.კვანტალიანი, სამედიცინო მომსახურებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების კანონით დადგენილი წინაპირობების ასახვა ქართულ სასამართლო პრაქტიკაში; ჟურ. ჩემი ადვოკატი; 2020 წლის 3 მარტი;)

სამედიცინო შეცდომის სამართლებრივი შეფასება დაკავშირებულია რიგ სირთულეებთან, რაც განპირობებულია როგორც სამედიცინო საქმიანობის სპეციფიკით, ასევე მტკიცების პროცესში არსებული ობიექტური ბარიერებით. კერძოდ, პაციენტი, როგორც წესი, არ ფლობს საკმარის სპეციალურ ცოდნას იმის დასამტკიცებლად, რომ სამედიცინო ჩარევა განხორციელდა არასათანადოდ, სტანდარტის დარღვევით, მაშინ როდესაც მტკიცებულებების ძირითადი ნაწილი სწორედ სამედიცინო დაწესებულების კონტროლის ქვეშ იმყოფება. ამგვარი ინფორმაციული ასიმეტრია (ინფორმაციული უთანასწორობა) მნიშვნელოვნად ართულებს მტკიცების პროცესს და აჩენს კითხვას მტკიცების ტვირთის სამართლიანი განაწილების შესახებ.

სამედიცინო შეცდომის ცნება და მისი სამართლებრივი ჩარჩო

საქართველოს მოქმედ კანონმდებლობაში არ არსებობს „სამედიცინო შეცდომის“ ერთიანი საკანონმდებლო დეფინიცია, რომელიც უნიფიცირებულად განსაზღვრავდა მის იურიდიულ შინაარსს. სხვადასხვა ნორმატიულ აქტში გამოყენებულია განსხვავებული ტერმინები, როგორიცაა მაგალითად, „მცდარი სამედიცინო ქმედება“, „პროფესიული შეცდომა“, „სამედიცინო შეცდომა“ და „სამედიცინო გადაცდომა“, რაც პრაქტიკაში ტერმინოლოგიურ არაერთგვაროვნებას და სამართლებრივი განმარტების სირთულეს იწვევს.  „სამედიცინო შეცდომა“ და „სამედიცინო გადაცდომა“ განმარტებულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით („სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიწოდების წესების დამტკიცების შესახებ„ 14.05.2012 N177;) და გულისხმობს, პირველ შემთხვევაში, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის მიერ უნებლიე შეცდომით გამოწვეულ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას ან სიკვდილს, რომლის პრევენციაც შესაძლებელი იყო, ხოლო მეორე შემთხვევაში, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის ქმედებით, უმოქმედობით ან გულგრილობით გამოწვეულ პროფესიულ შეცდომას, რომელმაც გამოიწვია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ან სიკვდილი და რომლის პრევენციაც შესაძლებელი იყო. სამედიცინო შეცდომა, ასევე, მოიხსენიება, როგორც „მცდარი სამედიცინო ქმედება“ და განიმარტება, როგორც ექიმის მიერ უნებლიედ პაციენტის მდგომარეობისთვის შეუსაბამო სადიაგნოზო და/ან სამკურნალო ღონისძიებების ჩატარება, რაც მიყენებული ზიანის უშუალო მიზეზი გახდა (საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ მუხ. 3).პროფესიული შეცდომა“ - კი, „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 97-ე მუხლის თანახმად, განსაზღვრულია როგორც დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მიერ პროფესიული საქმიანობის ფარგლებში დაშვებული შეცდომა, რომელმაც გამოიწვია პაციენტისათვის ქონებრივი ან/და არაქონებრივი ზიანი.

„სამედიცინო შეცდომის“ სამართლებრივი ცნების უნიფიცირების აუცილებლობიდან გამომდინარე, 2026 წლის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ამ ტერმინების შინაარსობრივი ანალიზის საფუძველზე შესაძლებელია ჩამოყალიბდეს ერთიანი დეფინიცია, რომლის მიხედვითაც  - „სამედიცინო შეცდომა არის სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის მიერ უნებლიედ საზოგადოდ აღიარებული სამედიცინო და ეთიკური სტანდარტების დარღვევა, რაც პაციენტისათვის მიყენებული ზიანის უშუალო მიზეზი გახდა.“  (სუსგ №ას-1254-2025 12 მარტი, 2026 წ.) ამგვარად, პასუხისმგებლობის დასადგენად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ შედეგს, არამედ ქცევის შეფასებას - დაირღვა თუ არა პროფესიული სტანდარტი.  შესაბამისად, პრაქტიკაში არსებითი მნიშვნელობა ენიჭება კლინიკურ პროტოკოლებსა და გაიდლაინებს, რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად ყოველთვის სავალდებულო არ არის, ხშირად გამოიყენება როგორც პროფესიული სტანდარტის განსაზღვრის წყარო. თუმცა, მათი ინტერპრეტაციის არაერთგვაროვნება და კონკრეტულ  შემთხვევაზე ადაპტაციის სირთულე ქმნის დამატებით გამოწვევებს სამართლებრივი  შეფასების  პროცესში.

საქართველოს სამართლებრივ სფეროში სამედიცინო პასუხისმგებლობის საკითხები ერთი რომელიმე სპეციალური ნორმატიული აქტით არ არის მოწესრიგებული, შესაბამისად, აღნიშნულის გადაწყვეტა ხდება როგორც სახელშეკრულებო, ისე დელიქტური პასუხისმგებლობის მარეგულირებელი ნორმების საფუძველზე.

„ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა ექიმის ან სამედიცინო დაწესებულების მიმართ პაციენტს შეიძლება წარმოეშვას, როგორც ხელშეკრულებიდან, ასევე დელიქტური ნორმებიდან. ექიმის მიერ ჩატარებული მცდარი მკურნალობა, როგორც წესი, ხელშეკრულების დარღვევაც არის და დელიქტიც. მოთხოვნის ორივე საფუძველი თანაბარია და შესაბამისად, მოთხოვნის დაფუძნება ორივე საფუძველზე ერთდროულად არის შესაძლებელი“ (ნ.კვანტალიანი, სამედიცინო მომსახურებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების კანონით დადგენილი წინაპირობების ასახვა ქართულ სასამართლო პრაქტიკაში; ჟურ. ,,ჩემი ადვოკატი;” 2020 წლის 3 მარტის გამოცემა); ამ კონტექსტში, კი პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის აუცილებელია ოთხი ძირითადი ელემენტის დადგენა: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ქმედება, მიზეზობრივი კავშირი და ბრალი.

მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო პასუხისმგებლობის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები საქართველოს კანონმდებლობით შედარებით მკაფიოდაა განსაზღვრული, პრაქტიკაში გაცილებით უფრო რთულ პრობლემას წარმოადგენს მათი მტკიცება. სწორედ მტკიცების პროცესში იკვეთება სამედიცინო დავების ძირითადი სპეციფიკა, რომელიც განპირობებულია მხარეთა შორის არსებული ინფორმაციული ასიმეტრიითა და მტკიცებულებებზე არათანაბარი ხელმისაწვდომობით. აღნიშნული გარემოებები კი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მტკიცების ტვირთის სწორ და სამართლიან განაწილებას. 

მტკიცების ტვირთის განაწილება და prima facie-ის კონცეფცია სამედიცინო დავებში

სამედიცინო დავებში მტკიცების პროცესი ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური ელემენტია, რაც განპირობებულია როგორც ფაქტობრივი გარემოებების სირთულით, ასევე, მხარეთა შორის არსებული ცოდნისა და ინფორმაციის ასიმეტრიით. ზოგადი წესის თანახმად, მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს, რაც გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი პრინციპიდან, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებები, რომელზეც ამყარებს საკუთარ მოთხოვნას ან შესაგებელს. შესაბამისად, სამოქალაქო პროცესში მოქმედებს საყოველთაოდ აღიარებული წესი -  ამტკიცებს ის, ვინც ამტკიცებს და არა ის, ვინც უარყოფს.

თუმცა, აღნიშნული მიდგომა სამედიცინო დავებში ხშირად არ უზრუნველყოფს პროცესუალური თანასწორობის რეალიზაციას. პაციენტი, როგორც წესი, მოკლებულია შესაძლებლობას დამოუკიდებლად მოიპოვოს და შეაფასოს ის მტკიცებულებები, რომლებიც დაკავშირებულია სამედიცინო ჩარევის ხარისხთან. ამდენად, პრაქტიკაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მტკიცების ტვირთის დიფერენცირებულ ან მოქნილ გადანაწილებას, რაც გულისხმობს გარკვეულ შემთხვევებში მტკიცების ვალდებულების ნაწილობრივ გადატანას მოპასუხეზე.

სწორედ ამ სპეციფიკიდან გამომდინარე, თანამედროვე სამართლებრივ დოქტრინასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში ჩამოყალიბდა „prima facie“ მტკიცების კონცეფცია, რომლის არსიც მდგომარეობს იმაში, რომ მოსარჩელეს არ მოეთხოვება დავის ყველა გარემოების სრული და ამომწურავი დამტკიცება საქმის საწყის ეტაპზე.  იმ კატეგორიის დავებში, სადაც მტკიცებულებებზე წვდომა და შესაბამისი ინფორმაციის ფლობა მხარეთა შორის არსებითად არათანაბრად არის განაწილებული, მტკიცების ტვირთის ტრადიციული მოდელის ფორმალური გამოყენება შესაძლოა წინააღმდეგობაში მოვიდეს მხარეთა პროცესუალური თანასწორობისა და სამართლიანი სასამართლოს პრინციპებთან.

სწორედ ამ კონტექსტში, სამედიცინო დავების განხილვისას განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს prima facie მტკიცების კონცეფცია, რომლის საფუძველზეც მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი პირველადი და საკმარისი მტკიცებულებები ქმნის მოთხოვნის დასაბუთებულობის ვარაუდს და შესაბამისი სამართლებრივი წინაპირობების არსებობისას, გავლენას ახდენს მტკიცების ტვირთის შემდგომ განაწილებაზე.

Prima facie (ლათ. prīmā faciē) - ლათინური იურიდიული ტერმინია, რომელიც ნიშნავს „აშკარა მტკიცებულებას“ (განმარტებითი იურიდიული ლექსიკონი“ IRZ, GIZ. 2012. გვ.15.)  („ერთი შეხედვით“ ან „პირველი შთაბეჭდილების მიხედვით“) და სამართლებრივი თვალსაზრისით, იგი აღნიშნავს ისეთ პირველადი ხასიათის მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც მოთხოვნის საფუძვლიანობის გონივრულ ვარაუდს ქმნის და, თუ არ იქნება უარყოფილი საწინააღმდეგო მტკიცებულებებით, საკმარისია შესაბამისი სამართლებრივი შედეგის დასაყენებლად.

სწორედ prima facie-ის კონცეფციასთან მიახლოებული მიდგომა პოულობს გამოხატულებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1007-ე მუხლში  (სამედიცინო დაწესებულების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება), რომელიც ადგენს, რომ  სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობისას  პირის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საერთო საფუძვლებით და ზიანის მიმყენებელი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ დაამტკიცებს, რომ ზიანის დადგომაში მას ბრალი არ მიუძღვის.  ამდენად, ნორმის შინაარსი ცხადყოფს, რომ კანონმდებელი, პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების მიზნით, ბრალის არარსებობის მტკიცების ტვირთს სამედიცინო დაწესებულებას აკისრებს, რითაც სამართლებრივი რეგულირება prima facie-ის კონცეფციის ფუნდამენტურ იდეას არსებითად უახლოვდება.

აღნიშნულ მიდგომას ავითარებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაც. ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში სასამართლომ განმარტა, შემდეგი: შესაბამისად, პრეზუმირდება, რომ პაციენტის ჯანმრთელობას ზიანი სამედიცინო დაწესებულების ბრალით მიადგა და საწინააღმდეგოს დადასტურება, სამედიცინო დაწესებულების მტკიცების ტვირთია. შესაბამისად, მოპასუხის ბრალი ივარაუდება, მანამ, სანამ მოპასუხე, საწინააღმდეგოს არ დაამტკიცებს. ექიმს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ პაციენტის მიმართ ჩატარდა მართლზომიერი და უშეცდომო მკურნალობა. (სუსგ №ას-45-2024 19 ივნისი, 2024 წ.)

ამრიგად, prima facie-ის შესაბამისად, სამედიცინო დავებში თუ პაციენტმა, როგორც მოსარჩელე მხარემ წარადგინა მოთხოვნის დასაბუთებისთვის საკმარისი პირველადი მტკიცებულებები (მაგ: სამედიცინო დოკუმენტაცია; ქსპერტის დასკვნა; ფოტოები; მიზეზობრივი კავშირის პირველადი მტკიცებულებები და ა.შ.), სამედიცინო დაწესებულება/ექიმი, როგორც მოპასუხე მხარე ვალდებულია წარმოადგინოს საწინააღმდეგო მტკიცებულებები; წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოს შეუძლია აღნიშნული ფაქტები დადგენილად მიიჩნიოს. ამიტომაც, prima facie მტკიცება მტკიცებულებათა ისეთი მინიმალური და საკმარისი ერთობლიობაა, რომელიც, თუ არ იქნება უარყოფილი საწინააღმდეგო მტკიცებულებებით, იძლევა შესაბამისი ფაქტის ან სამართლებრივი მოთხოვნის არსებობის დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას და იწვევს მტკიცების ტვირთის მოწინააღმდეგე მხარეზე გადასვლას.

ასევე, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ prima facie-ის ფუნქციურობა გამოიხატება იმაში, რომ ის იწვევს საქმის წარმოების დაწყებას   ან მტკიცების ტვირთის გადატანას მეორე მხარეზე, თუმცა მნიშვნელოვანია, ისიც  რომ prima facie მტკიცება არ გულისხმობს დავის საბოლოოდ გადაწყვეტას მოსარჩელის სასარგებლოდ. იგი მხოლოდ ქმნის მოთხოვნის დასაბუთებულობის საწყის ვარაუდს და მოპასუხეს აკისრებს აღნიშნული ვარაუდის გაქარწყლების მიზნით საწინააღმდეგო მტკიცებულებების წარმოდგენის ვალდებულებას.

როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, სამედიცინო ხასიათის შეცდომის შედეგად მიყენებული ზიანის კვლევისას, დაზარალებულის მტკიცების ტვირთია ზიანის დადგომა. მან აგრეთვე, უნდა ამტკიცოს დამდგარი ზიანის და მიზეზობრივი კავშირის არსებობა. მოპასუხე (ზიანის პრეზუმირებული მიმყენებელი) ამტკიცებს მართლწინააღმდეგობის და ბრალის არარსებობას. თუ პაციენტის განმარტებები არ დადასტურდება, მაშინ სამკურნალო შეცდომა პაციენტის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, არ დამტკიცდება. ასევე, პაციენტმა უნდა წარმოადგინოს და დაამტკიცოს, რომ დამდგარი ზიანი ეფუძნება სამედიცინო დაწესებულების ვალდებულების დარღვევას (სუსგ №ას-111-111-2018, 11.05.2018წ.). პაციენტის მიერ მხოლოდ ფაქტებზე მითითების ტვირთი არ წარმოადგენს სასურველი მატერიალურსამართლებრივი შედეგის მიღწევის წინაპირობას, აუცილებელია მითითებული ფაქტების მტკიცების ტვირთის რეალიზებაც (იხ. სუსგ. №ას-1169-2022 17 ნოემბერი, 2022 წ.).

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა prima facie-ის ცნებას პირდაპირ არ იცნობს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მიანიშნებს მტკიცების ტვირთის უფრო მოქნილი განაწილების ტენდენციაზე, განსაკუთრებით კი სამედიცინო კატეგორიის დავებში, სადაც ერთ-ერთ მხარეს აქვს არსებითი უპირატესობა მტკიცებულებებზე წვდომის თვალსაზრისით. სამედიცინო დავებში პაციენტის მიერ ისეთი პირველადი მტკიცებულებების წარმოდგენა, როგორიცაა სამედიცინო დოკუმენტაცია, ექსპერტის დასკვნა ან პროფესიული სტანდარტიდან შესაძლო გადახრის დამადასტურებელი გარემოებები, ქმნის მოთხოვნის დასაბუთებულობის ვარაუდს და შესაბამის შემთხვევებში მოპასუხეს აკისრებს აღნიშნული ვარაუდის გაქარწყლების ვალდებულებას. ამასთან, საყურადღებოა, რომ prima facie არ ცვლის მტკიცების საბოლოო სტანდარტს და არც მოსარჩელეს ათავისუფლებს მტკიცების ტვირთისაგან; იგი წარმოადგენს მხოლოდ პირველადი მტკიცების საკმარისობის კრიტერიუმს, რომელიც ხელს უწყობს მტკიცების ტვირთის სამართლიან და ეფექტიან განაწილებას.

მტკიცების სტანდარტად, საქართველოში სამოქალაქო საქმეებზე სასამართლოს შინაგანი რწმენის საფუძველზე მტკიცებულებათა შეფასება რჩება (სსსკ-ის 105-ე მუხლი), ხოლო prima facie ეხება მტკიცების ტვირთის დინამიკურ გადანაწილებას და არა საბოლოო მტკიცების ხარისხს. ამიტომაც, უზენაესი სასამართლო ადგენს, რომ „სასამართლოს ვალდებულებაა, სწორად მიმართოს მტკიცებითი საქმიანობა,  და როგორც საპროცესო საქმიანობის წარმმართველმა სუბიექტმა, მტკიცების ტვირთი იმგვარად გაანაწილოს, რომ საფრთხე არ შეექმნას მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივი უფლების რეალიზაციას. (სუსგ №ას-1254-2025 12 მარტი, 2026 წ.)

შესაბამისად, სამედიცინო დავებში prima facie-ის კონცეფცია წარმოადგენს მტკიცების პროცესის ეფექტიანობისა და მხარეთა რეალური პროცესუალური თანასწორობის უზრუნველყოფის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს. მისი გამოყენება არ ათავისუფლებს პაციენტს მტკიცების ვალდებულებისგან, თუმცა ამსუბუქებს მის მტკიცების ტვირთს იმ ფარგლებში, სადაც ობიექტურად შეუძლებელია სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოების დამოუკიდებლად დადგენა. შესაბამისად, აღნიშნული კონცეფცია  უზრუნველყოფს სამართლიან ბალანსს პაციენტის ეფექტიანი სასამართლო დაცვის უფლებასა და სამედიცინო დაწესებულების დაცვის პროცესუალურ გარანტიებს შორის.

დასკვნა

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს უახლესი პრაქტიკა მტკიცების ტვირთის უფრო მოქნილი განაწილებისკენ არის მიმართული, მოქმედი კანონმდებლობა და სასამართლო პრაქტიკა ჯერ კიდევ არ შეიცავს prima facie მტკიცების კონცეფციის მკაფიო და თანმიმდევრულ სამართლებრივ მოდელს. ქართული სასამართლო პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ სამედიცინო შეცდომასთან დაკავშირებული დავების განხილვისას კვლავ იკვეთება რიგი სისტემური გამოწვევები, რომელთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია მტკიცების ტვირთის ფორმალური განაწილება, სასამართლო პრაქტიკის არაერთგვაროვნება, განსაკუთრებით სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში (სხვადასხვა სასამართლოს  გადაწყვეტილებიდან იკვეთება, რომ  ერთნაირად არ არის გადანაწილებული მტკიცების ტვირთი, ზოგჯერ სასამართლო მთლიან ტვირთს პაციენტს აკისრებს). სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაზე გადაჭარბებული დამოკიდებულება და მიზეზობრივი კავშირის შეფასების არაერთგვაროვანი მიდგომები. აღნიშნული გარემოებები, ცალკეულ შემთხვევებში, აფერხებს პაციენტის ეფექტიან სასამართლო დაცვას და ართულებს ერთგვაროვანი და პროგნოზირებადი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას.

აღნიშნული გამოწვევების დაძლევა შესაძლებელია მხოლოდ მტკიცების ტვირთის უფრო მოქნილი და რეალური დინამიკური განაწილების გზით, იმ შემთხვევებში, როდესაც საქმისათვის არსებითი მტკიცებულებები უპირატესად სამედიცინო დაწესებულების კონტროლს ექვემდებარება. ამასთან, აუცილებელია სასამართლოს აქტიური როლი მტკიცებულებათა შეფასების პროცესში, მათ შორის, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების კრიტიკული ანალიზი და მათი საქმის სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში შეფასება. ასეთი მიდგომა ხელს შეუწყობს როგორც prima facie მტკიცების კონცეფციის პრაქტიკულ რეალიზაციას, ისე მტკიცების ტვირთის სამართლიან განაწილებას, რაც საბოლოოდ უზრუნველყოფს პაციენტის ეფექტიან სასამართლო დაცვასა და სამედიცინო საქმიანობის სუბიექტთა სამართლიან პასუხისმგებლობას შორის გონივრულ ბალანსს.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი