
ავტორი: ნუგბარა როსტიაშვილი
ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი
შესავალი
ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ მნიშვნელოვნად შეცვალა ადამიანთა ყოველდღიურობა. ელექტრონული კომუნიკაციების საშუალებით მსოფლიო იქცა სივრცედ, სადაც სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში მყოფ ხელშეკრულების მხარეთა შორის არ არსებობს კომუნიკაციის დეფიციტი. ტექნოლოგიების მასშტაბურმა განვითარებამ გავლენა მოახდინა ფინანსური მომსახურების სფეროზეც. თუკი ადრე სესხის მისაღებად აუცილებელი იყო ფინანსურ დაწესებულებაში ფიზიკურად გამოცხადება, დღეის მდგომარეობით კომპიუტერის, ტელეფონისა და სხვა ელექტრონული მოწყობილობების საშუალებით არის შესაძლებელი, დროის უმცირეს მონაკვეთში, ფაქტურად რამდენიმე წუთში, სესხის აღება ონლაინ დისტანციურად. შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნულმა პროცესმა გაამარტივა ფინანსურ რესურსებზე წვდომა, თუმცა ამავდროულად წარმოშვა მომხმარებელთა უფლებების დაცვის, ჭარბვალიანობის პრევენციისა და პასუხისმგებლიანი დაკრედიტების აუცილებლობა.
ბოლო პერიოდში, სამართლებრივ სივრცეში სულ უფრო მზარდია ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით ხელშეკრულებების დადება. ამ ტიპის ხელშეკრულებაში კონტრაჰირება შესაძლებელია როგორც წინასწარ შედგენილი ხელშეკრულების ფორმულარზე თანხმობის ფანჯრის მონიშვნით, ისე ელექტრონული მიმოწერის ფარგლებში ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმებითა და თანხმობის გამომხატველი ნების გამოვლენის მეორე მხარისათვის შეტყობინებით. ასეთი აქცეპტის დროს განმსაზღვრელია, რომ აქცეპტი, როგორც მიღებასავალდებულო ნების გამოვლენა, მოექცეს მეორე მხარის ძალაუფლების სფეროში, და ამავდროულად, მეორე მხარისათვის აქცეპტანტის ნება იყოს აღქმადი, ანუ აქცეპტის ფორმა მეორე მხარეს უნდა აძლევდეს აქცეპტანტის პასუხის იდენტიფიცირების საშუალებას.
საქართველოში ონლაინ სესხების გაცემის პროცესი რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტებით, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ , მომხმარებელთა უფლებების დაცვის პრინციპებითა და ფინანსური სექტორის მარეგულირებელი ნორმებით. რეგულირების ძირითადი მიზანია მსესხებლის გადახდისუნარიანობის შეფასება, სამართლიანი და გამჭვირვალე დაკრედიტების უზრუნველყოფა და ფინანსური სისტემის სტაბილურობის დაცვა.
ელექტრონული საშუალებით დადებული ხელშეკრულების ცნება
ელექტრონული საშუალებით დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს ისეთ შეთანხმებას, რომელიც იდება მხარეთა ფიზიკური შეხვედრის გარეშე, სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით, როგორიცაა ინტერნეტი, ელექტრონული ფოსტა, მობილური აპლიკაცია, ვებგვერდი, სატელეფონო კომუნიკაცია და სხვა დისტანციური არხები.
„ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ელექტრონული დოკუმენტი არის ელექტრონული ფორმით შენახული მონაცემთა ერთობლიობა. კანონის 4.3 მუხლის შესაბამისად, ელექტრონული დოკუმენტის ამონაბეჭდს (ასლს) აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც ორიგინალს, თუ ის დამოწმებულია კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილი პირის მიერ.
ამგვარი ხელშეკრულების არსებითი თავისებურება ისაა, რომ მხარეები ურთიერთობას ამყარებენ ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით და არა უშუალო პირადი კონტაქტის გზით. მიუხედავად ფორმის განსხვავებისა, ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნება უცვლელი რჩება — იგი ძალაში შედის მაშინ, როდესაც მხარეები მიაღწევენ შეთანხმებას ხელშეკრულების არსებით პირობებზე. სამოქალაქო სამართალში ხელშეკრულების დადების საფუძველი ტრადიციულად არის ოფერტი (შეთავაზება) და აქცეპტი (შეთავაზების მიღება). ოფერტი წარმოადგენს ერთი მხარის ნებას, დადოს ხელშეკრულება განსაზღვრული პირობებით, ხოლო აქცეპტი არის მეორე მხარის თანხმობა ამ პირობებზე. მხოლოდ ორივე ნების თანხვედრის შემთხვევაში წარმოიშობა ხელშეკრულება და მასთან დაკავშირებული უფლებები და ვალდებულებები. ხელშეკრულება დადებულად ითვლება თუ მხარეები მიაღწევენ შეთანხმებას და იკისრებენ გარკვეულ უფლებებსა და ვალდებულებებს. მსგავსი კონსესუსი მიიღწევა ერთი მხარის მიერ მეორესათვის შეთავაზებით და თანხმობის მიღებით. ოფერტი და აქცეპტი ტრადიციულად, ხელშეკრულების დადების ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს. ევროკავშირის ქვეყნების კანონმდებლობა და ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები - ხელშეკრულებას დადებულად მიიჩნევენ ოფერტისა და აქცეპტის საშუალებით.
სესხის ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, სესხის ხელშეკრულება წარმოადგენს ისეთ სამართლებრივ ურთიერთობას, რომლის საფუძველზეც გამსესხებელი მსესხებელს საკუთრებაში გადასცემს ფულად თანხას ან სხვა გვაროვნული ნიშნით განსაზღვრულ ნივთს, ხოლო მსესხებელი ვალდებულია შეთანხმებულ ვადაში დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ქონება ან თანხა. სესხის ხელშეკრულება, როგორც წესი, შეიძლება დაიდოს ზეპირი ფორმით, თუმცა მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია მისი წერილობით გაფორმებაც. ამასთან, კანონმდებლობა ზეპირი ფორმით დადებული სესხის ხელშეკრულების არსებობის დადასტურებისათვის განსაკუთრებულ წესს ადგენს და განსაზღვრავს, რომ ასეთი ხელშეკრულების ნამდვილობა მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით ვერ დადგინდება. შესაბამისად, სესხის არსებობისა და მისი პირობების დასადასტურებლად აუცილებელია სხვა სახის მტკიცებულებების წარმოდგენაც. მარტოოდენ სესხის შესახებ შეთანხმება ხელშეკრულების საგნის გადაცემის გარეშე, არ ნიშნავს სესხის ხელშეკრულების დადებას, რადგან სესხის ხელშეკრულების ნამდვილობისა და სამართლებრივი ძალის აუცილებელი პირობაა გამსესხებლის მიერ მსესხებლისათვის ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთის მსესხებლის საკუთრებაში რეალურად გადაცემა, სადავოობის შემთხვევაში, გამსესხებელმა უნდა ამტკიცოს არა მხოლოდ სესხზე შეთანხმების არსებობა, არამედ სესხის საგნის რეალურად გადაცემის შესახებაც ფაქტობრივი გარემოებაც. ამ დროს, მოწმეთა ჩვენებებთან ერთად, საჭიროა, ასევე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სხვა მტკიცებულებებიც, მაგალითად, სავალო ხელწერილის, პირადი მიმოწერის ან რაიმე წერილობითი დოკუმენტის წარდგენა, რომლითაც დადასტურდება სესხის არსებობა.
საკითხი იმის შესახებ, თუ დავის მონაწილე რომელმა მხარემ უნდა ადასტუროს თანხის გადაცემის ანუ, ხელშეკრულების დადების შესახებ გარემოება, არ რეგულირდება მატერიალური სამართლის ნორმით. სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის მომწესრიგებელი არც ერთი ნორმა მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს არ გვთავაზობს, რის გამოც, გამოყენებულ უნდა იქნას სსსკ-ის ზოგადი ნორმა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის გადანაწილებისთვის (სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი), რომლის თანახმად თანხის გადაცემის მტკიცების ტვირთი გამსესხებელს ეკისრება. ანუ გამსესხებლის ვალდებულება შემოიფარგლება სესხის თანხის გადაცემისა და გადაცემული თანხის ოდენობის მტკიცებით, ხოლო მსესხებლის მტკიცების ტვირთი კი შემოიფარგლება სესხის თანხის დაფარვით.
ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ წერილობითი მტკიცებულება, რომლითაც უნდა დადასტურდეს სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტი, უნდა შეიცავდეს, ინფორმაციას სესხის არსებითი პირობების შესახებ. დოკუმენტი ასეთად რომ შეფასდეს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე და 624-ე მუხლების მიხედვით, მასში, აუცილებლად, უნდა ჩანდეს მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობები, რამაც სესხის კონკრეტული ხელშეკრულების დადება განაპირობა. ცხადია, თუ წერილობით დადებული ხელშეკრულება არ შეიცავს მითითებას სესხის საგანზე ან მსესხებლისათვის მის გადაცემაზე, იგი დადებულად ვერ ჩაითვლება.
სესხის სახით თანხის გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს გამსესხებლისათვის, რადგან მან მხოლოდ ამგვარი დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს სესხის ხელშეკრულების რეალურად დადების ფაქტი და მისი ოდენობა. მოპასუხისთვის კი აუცილებელია ვალის გადახდის თაობაზე საბუთის ფლობა, რადგან მას, თავის მხრივ, მხოლოდ ასეთი დოკუმენტით შეუძლია იმის დადასტურება, რომ ვალი გადაიხადა.
ონლაინ სესხი როგორც დისტანციური ხელშეკრულება
„ონლაინ სესხი“ წარმოადგენს საბანკო პროდუქტს, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, სახლიდან გაუსვლელად, მარტივად, ზედმეტი დროისა და რესურსის დახარჯვის გარეშე აიღოს სესხი ბანკთან შეთანხმებული პირობების შესაბამისად.
ონლაინ სესხის გაცემამდე კრედიტორი ვალდებულია შეაფასოს მსესხებლის გადახდისუნარიანობა. დაკრედიტების პრინციპის თანახმად, ფინანსურმა ორგანიზაციამ უნდა შეისწავლოს მსესხებლის შემოსავლები, ფინანსური ვალდებულებები და საკრედიტო ისტორია. აღნიშნული მოთხოვნის მიზანია ისეთი სესხების გაცემის თავიდან აცილება, რომელთა მომსახურებაც მომხმარებლის ფინანსურ შესაძლებლობებს აღემატება.
სესხის დისტანციური გაცემისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მომხმარებლის იდენტიფიკაციას. პრაქტიკაში გამოიყენება ელექტრონული იდენტიფიკაციის სხვადასხვა მექანიზმი, ტექნოლოგიური საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფს მსესხებლის პიროვნების სანდო დადასტურებას.
„ონლაინ სესხის“ აღებისთვის საჭიროა მომხმარებელმა კონკრეტული ბანკის აპლიკაციის/ინტერნეტ პლატფორმის საშუალებით შეავსოს მისი პირადი მონაცემები, როგორებიცაა: სახელი, გვარი, პირადი ნომერი (რომელიც უნიკალურია თითოეული ადამიანისთვის და ივარაუდება, რომ მასზე წვდომა არ აქვს მესამე პირს), საკონტაქტო ტელ. ნომერი, საცხოვრებელი მისამართი და სხვა ინფორმაცია.
ხელშეკრულებაზე ხელმოწერასთან იგივდება ველის „გავეცანი და ვეთანხმები პირობებს“ მონიშვნა, რომელიც განთავსებულია საკრედიტო ხელშეკრულების პირობების ქვემოთ, და რომლის მონიშვნის გარეშე ხელშეკრულება დადებულად არ ჩაითვლება (სესხი არ გაიცემა). ხშირ შემთხვევაში ,,გავეცანი და ვეთანხმები პირობებს’’ მონიშვნისას მომხმარებელი რეალურად არ ეცნობა ხელშეკრულების პირობებს, რაც ცხადია, კერძო სამართლის პრინციპებიდან გამომდინარე, მის რისკს წარმოადგენს.
„ვეთანხმები პირობებს“ ღილაკზე ხელის დაჭერა ატარებს გარკვეულ რისკებს, როგორიცაა ის, რომ, შესაძლოა, მხარემ, რომელიც ხელშეკრულების გაფორმების დასადასტურებლად ეყრდნობა მსგავს მტკიცებულებას, მართლაც შესაძლოა, დაადასტუროს, რომ აღნიშნული ღილაკი მონიშნულია, თუმცა აღნიშნულის დამტკიცება სულაც არ ნიშნავს, რომ მომხმარებელმა, ამ შემთხვევაში, სავარაუდო მსესხებელმა, დააჭირა მონიშნა დასახელებული ღილაკი. კავშირი ღილაკის მომნიშვნელსა და პიროვნების ვინაობას შორის რთული სამტკიცებელია, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-2 მუხლის ა ქვეპუნქტის თანახმად, ელექტრონულ დოკუმენტად მიიჩნევა ელექტრონული ფორმით შენახული ტექსტობრივი, ხმოვანი, ვიზუალური ან აუდიოვიზუალური ინფორმაციის ან/და მონაცემთა ერთობლიობა. ხოლო ამავე კანონის 4.2. მუხლის თანახმად, ელექტრონული დოკუმენტის გამოყენება შესაძლებელია ყველა შემთხვევაში, როდესაც მოითხოვება წერილობითი ფორმის მატერიალური დოკუმენტი, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის №32/04 ბრძანება საფინანსო ორგანიზაციას ავალდებულებს დისტანციურად დადებული ხელშეკრულების პირობების ძალაში შესვლამდე გონივრული ვადით ადრე მატერიალურად ან მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომი სხვა სანდო საშუალებით მიაწოდოს მას სახელშეკრულებო პირობები ამ მუხლის მე-4 პუნქტში მოცემული სავალდებულო ინფორმაციის მითითებით. ბრძანების მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, „დისტანციურად დადებული ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე ფინანსურმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს მის მიერ ამ წესის შესაბამისად მიწოდებული ინფორმაციის მომხმარებლის მიერ მიღების დასტურის, ასევე, შეთავაზებულ პირობებზე მომხმარებლის მხრიდან თანხმობის მიღება“. ბრძანების მე-2 მუხლის „ხ“ ქვეპუნქტის მიხედვით, „დისტანციური საკომუნიკაციო საშუალება არის ფინანსური ორგანიზაციის მიერ მომხმარებლისათვის საფინანსო პროდუქტის შეთავაზებისა და მიწოდებისათვის გამოყენებული კომუნიკაციის საშუალება, რომელიც არ საჭიროებს ფინანსური ორგანიზაციის წარმომადგენლისა და მომხმარებლის ერთდროულ ფიზიკურ თანდასწრებას“. ხოლო ბრძანების მე-2 მუხლის „ჭ“ ქვეპუნქტის მიხედვით, „დისტანციურად დადებული ხელშეკრულება არის ხელშეკრულება საფინანსო პროდუქტთან დაკავშირებით, რომლის მომხმარებლისთვის შეთავაზება და დადება სრულად განხორციელდა ფინანსური ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული ერთი ან რამდენიმე დისტანციური საკომუნიკაციო საშუალებით“. ბრძანების მე-4 მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, „შეთავაზებულ პირობებზე ფინანსური ორგანიზაციის მიერ მომხმარებლის მხრიდან თანხმობის მიღების შემდეგ ძალაში შედის დისტანციურად დადებული ხელშეკრულება“.
სესხის ონლაინ გაცემის ზემოაღნიშნული პროცედურა უკვე წლებია, აპრობირებული მეთოდია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით, არაერთ განვითარებულ ქვეყანაში. აღნიშნული პროდუქტი მიმზიდველია მომხმარებლისთვის სწორედ მისი სიმარტივის გამო. იმ შემთხვევაში, თუ ონლაინ გაცემულ სესხზე დადებულ ხელშეკრულებას „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ელექტრონულ დოკუმენტად მივიჩნევთ, და მომხმარებელს დავავალდებულებთ, შექმნას ელექტრონული ხელმოწერა, მივიდეს შესაბამის დაწესებულებაში ან შეიძინოს შესაბამისი ტექნიკა, რათა ელექტრონულად მოაწეროს ხელი დოკუმენტს, ამ შემთხვევაში „ონლაინ სესხის“ პროდუქტის არსებობას აზრი ეკარგება, ვინაიდან მომხმარებლისთვის იმავე სირთულის/მნიშვნელობის იქნება ბანკში მისვლა დოკუმენტზე მატერიალურად ხელმოსაწერად და დოკუმენტზე ელექტრონული ხელმოწერა.
მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ სესხის ხელშეკრულება ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით იდება, იგი ავტომატურად არ უნდა გაიგივდეს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ელექტრონულ დოკუმენტთან. ონლაინ სესხის სამართლებრივი ბუნების შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება არა დოკუმენტის მატერიალურ ან ელექტრონულ ფორმას, არამედ ხელშეკრულების დადების მექანიზმს. მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს დისტანციურად დადებულ ხელშეკრულებასთან, რომლის რეგულირების სპეციალურ საფუძველს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის №32/04 ბრძანება წარმოადგენს.
დისტანციური ხელშეკრულების თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ მისი შეთავაზება, პირობების გაცნობა, თანხმობის მიღება და ხელშეკრულების ძალაში შესვლა სრულად ხორციელდება დისტანციური საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით, მხარეთა ერთდროული ფიზიკური თანდასწრების გარეშე. შესაბამისად, ასეთი ურთიერთობის ფარგლებში არსებითი მნიშვნელობა ენიჭება არა ელექტრონული ხელმოწერის არსებობას, არამედ მომხმარებლის იდენტიფიკაციისა და თანხმობის სანდოდ დადასტურების შესაძლებლობას.
ამასთან, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ საქმეზე №ას-1160-2023 (16 ნოემბერი, 2023 წელი) განმარტა, რომ ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით შექმნილი და ვიზუალიზირებადი ტექსტი თავისი სამართლებრივი დანიშნულებით შეიძლება მიჩნეულ იქნეს წერილობითი ფორმის დოკუმენტის ეკვივალენტად. სასამართლოს შეფასებით, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით განხორციელებული ოფერტისა და აქცეპტის გაცვლა-გამოცვლა ქმნის წერილობითი ხელშეკრულებისთვის დამახასიათებელ სამართლებრივ შედეგს, ვინაიდან მხარეთა შეთანხმება ფიქსირდება და შესაძლებელია მისი შემდგომი იდენტიფიცირება, შენახვა და აღდგენა.
აღნიშნული მიდგომა ეფუძნება ზეპირი და წერილობითი ხელშეკრულებების სამართლებრივი ბუნების ერთმანეთისგან გამიჯვნას. ზეპირი ხელშეკრულებისთვის დამახასიათებელია მხარეთა მიერ ნების უშუალოდ, ვერბალური კომუნიკაციის გზით გამოხატვა, რაც, როგორც წესი, თანმყოფ პირებს შორის ან სატელეფონო კომუნიკაციის დროს ხორციელდება. ასეთ შემთხვევაში შეთანხმების შინაარსი, როგორც წესი, ცალკე დოკუმენტურად არ ფიქსირდება.
წერილობითი ხელშეკრულების არსებითი ნიშანი კი სწორედ მხარეთა ნების მატერიალიზაცია და მისი შემდგომი აღდგენის შესაძლებლობაა. როდესაც მხარეები ელექტრონული ფოსტის, ინტერნეტპლატფორმის ან სხვა ელექტრონული სისტემის მეშვეობით ცვლიან ოფერტსა და აქცეპტს, მათი ნება ფიქსირდება ელექტრონულ გარემოში და იქმნება მტკიცებულება, რომლის შემოწმება და შეფასება შესაძლებელია. სწორედ ამ გარემოების გამო, ელექტრონული კომუნიკაციის გზით მიღწეული შეთანხმება თავისი სამართლებრივი ბუნებით უფრო მეტად წერილობითი ფორმის ხელშეკრულებას უახლოვდება, ვიდრე ზეპირს.
შესაბამისად, დისტანციურად დადებული ონლაინ სესხის ხელშეკრულების ნამდვილობის შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება არა იმას, არსებობს თუ არა კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა, არამედ იმას, შეძლებს თუ არა ფინანსური ორგანიზაცია დაადასტუროს მომხმარებლის იდენტიფიკაცია, ხელშეკრულების პირობების მიწოდება და მომხმარებლის მიერ თანხმობის რეალურად გამოხატვის ფაქტი.
აღნიშნულ მიდგომას კიდევ უფრო ნათლად ავლენს ბრძანების მე-4 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს ფინანსური ორგანიზაციის ვალდებულებებს დისტანციური ხელშეკრულების დადების პროცესში. კერძოდ, ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე უზრუნველყოს როგორც მომხმარებლისთვის ხელშეკრულების პირობებისა და სხვა სავალდებულო ინფორმაციის მიწოდება, ასევე იმის დადასტურება, რომ მომხმარებელმა მიიღო აღნიშნული ინფორმაცია და გამოხატა თანხმობა შეთავაზებულ პირობებზე.
დისტანციურად დადებული ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე ფინანსურმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს მის მიერ ამ წესის შესაბამისად მიწოდებული ინფორმაციის მომხმარებლის მიერ მიღების დასტურის, ასევე, შეთავაზებულ პირობებზე მომხმარებლის მხრიდან თანხმობის მიღება. მტკიცების ტვირთი, რომ შეთავაზებულ პირობებზე მომხმარებლის მხრიდან თანხმობა იყო გამოთქმული, ეკისრება ფინანსურ ორგანიზაციას. დისტანციური საკომუნიკაციო საშუალებით პირობების შეთავაზებისას ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია დისტანციურად დადებული ხელშეკრულების პირობების ძალაში შესვლამდე გონივრული ვადით ადრე მატერიალურად ან მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომი სხვა სანდო საშუალებით მიაწოდოს მას სახელშეკრულებო პირობები ამ მუხლის მე-4 პუნქტში მოცემული სავალდებულო ინფორმაციის მითითებით, ხოლო სპეციფიკური საფინანსო პროდუქტების შემთხვევაში – ამ წესის შესაბამისად გათვალისწინებული სახით (მე-4 მუხლის მე-2 ნაწილი). შეთავაზებულ პირობებზე ფინანსური ორგანიზაციის მიერ მომხმარებლის მხრიდან თანხმობის მიღების შემდეგ ძალაში შედის დისტანციურად დადებული ხელშეკრულება (მე-4 მუხლის მე-7 ნაწილი).
ამასთან, განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ის გარემოება, რომ ნორმა პირდაპირ ადგენს მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს. კერძოდ, მომხმარებლის მიერ თანხმობის გამოხატვის დამტკიცების ვალდებულება ეკისრება ფინანსურ ორგანიზაციას. შესაბამისად, დავის არსებობის შემთხვევაში, სწორედ კრედიტორმა უნდა დაადასტუროს, რომ მომხმარებელს ხელმისაწვდომი ჰქონდა სახელშეკრულებო პირობები, გაეცნო მათ და საკუთარი ნებით დაეთანხმა შეთავაზებულ პირობებს.
აღნიშნული საკანონმდებლო მოწესრიგება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ შემთხვევებში, როდესაც მომხმარებელი სადავოდ ხდის ხელშეკრულების დადების ფაქტს და მიუთითებს, რომ შესაბამისი ქმედება მის მიერ არ განხორციელებულა. ასეთ ვითარებაში მხოლოდ ხელშეკრულების ელექტრონულ სისტემაში არსებობა ან ტექნიკური ოპერაციის დაფიქსირება არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს მომხმარებლის ნების არსებობის დასადასტურებლად. ფინანსურმა ორგანიზაციამ უნდა წარმოადგინოს ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებს არა მხოლოდ ტექნიკური მოქმედების განხორციელებას, არამედ იმასაც, რომ აღნიშნული მოქმედება სწორედ იმ პირმა განახორციელა, რომლის მიმართაც ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები და ვალდებულებები წარმოიშვა.
ბრძანების მე-4 მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, დისტანციურად დადებული ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ მას შემდეგ, რაც ფინანსური ორგანიზაცია მიიღებს მომხმარებლის თანხმობას შეთავაზებულ პირობებზე. აქედან გამომდინარე, მომხმარებლის ნება და მისი სათანადო დადასტურება წარმოადგენს დისტანციური ხელშეკრულების არსებობისა და სამართლებრივი ძალის წარმოშობის ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას.
ონლაინ ფიშინგი და მისი გავლენა დისტანციურად დადებული სესხის ხელშეკრულების ნამდვილობაზე
თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად მნიშვნელოვნად გაიზარდა ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით დადებული ხელშეკრულებების რაოდენობა. განსაკუთრებით ფართოდ გავრცელდა ონლაინ სესხები, რომელთა მიღება შესაძლებელია ბანკში ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ფიზიკური მისვლის გარეშე. მიუხედავად აღნიშნული სისტემის სიმარტივისა და ხელმისაწვდომობისა, პრაქტიკაში სულ უფრო ხშირად გვხვდება შემთხვევები, როდესაც მესამე პირები უკანონოდ იყენებენ მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს და მის სახელზე აფორმებენ ფინანსურ ვალდებულებებს. აღნიშნული ქმედებები უმეტეს შემთხვევაში დაკავშირებულია ე.წ. ფიშინგთან (Phishing).
ფიშინგი წარმოადგენს კიბერთაღლითობის ფორმას, რომლის მიზანია პირის მოტყუების გზით მისი პერსონალური მონაცემების, საბანკო რეკვიზიტების, პაროლების, ავტორიზაციის კოდების ან სხვა კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვება. თაღლითები ხშირად იყენებენ ყალბ ვებგვერდებს, მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, ელექტრონულ ფოსტას ან სოციალური ქსელების მეშვეობით გავრცელებულ ბმულებს, რომლებიც ვიზუალურად ჰგავს ბანკის ან სხვა სანდო ორგანიზაციის ოფიციალურ რესურსს. მომხმარებლის მიერ მოტყუებით გადაცემული მონაცემები შემდგომ გამოიყენება სხვადასხვა ფინანსური ოპერაციის, მათ შორის ონლაინ სესხის გასაფორმებლად.
სამოქალაქო სამართლის ფუნდამენტური პრინციპის თანახმად, ნებისმიერი ხელშეკრულების არსებობის აუცილებელი წინაპირობაა მხარეთა ნამდვილი და თავისუფალი ნება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ხელშეკრულება იდება მხარეთა შეთანხმების შედეგად, რაც გულისხმობს ურთიერთთანმხვედრი ნების გამოვლენას. შესაბამისად, როდესაც პირს არ გამოუხატავს ნება სესხის აღების შესახებ და მისი პერსონალური მონაცემები მესამე პირმა უკანონოდ გამოიყენა, ჩნდება კითხვა, არსებობდა თუ არა საერთოდ ხელშეკრულების დადებისათვის აუცილებელი სამართლებრივი საფუძველი.
ონლაინ სესხების სპეციფიკიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მომხმარებლის იდენტიფიკაციას. ფინანსური ორგანიზაციები ვალდებულნი არიან გამოიყენონ ისეთი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს მომხმარებლის პიროვნების სანდო დადასტურებას. თუმცა პრაქტიკაში მხოლოდ პირადი ნომრის, ტელეფონის ნომრის ან ელექტრონული ფოსტის გამოყენება ყოველთვის ვერ გამორიცხავს მესამე პირის მიერ მონაცემების უკანონო გამოყენების შესაძლებლობას. შესაბამისად, ის გარემოება, რომ განაცხადში სწორად იყო მითითებული მომხმარებლის მონაცემები, თავისთავად არ ადასტურებს, რომ შესაბამისი მოქმედება უშუალოდ ამ პირმა განახორციელა.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის №32/04 ბრძანების თანახმად, დისტანციურად დადებული ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე ფინანსურმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს მომხმარებლის მიერ ინფორმაციის მიღების დადასტურება და შეთავაზებულ პირობებზე მისი თანხმობის მიღება. ამავე რეგულაციის მიხედვით, მტკიცების ტვირთი იმის დასადასტურებლად, რომ მომხმარებელმა ნამდვილად გამოხატა თანხმობა, ეკისრება ფინანსურ ორგანიზაციას. შესაბამისად, დავის შემთხვევაში კრედიტორი ვალდებულია წარმოადგინოს ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს არა მხოლოდ ტექნიკური ოპერაციის განხორციელების ფაქტს, არამედ იმასაც, რომ შესაბამისი მოქმედება განახორციელა სწორედ იმ პირმა, ვის სახელზეც გაფორმდა სესხი.
ფიშინგთან დაკავშირებულ დავებში განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა ტექნიკურ და ელექტრონულ მტკიცებულებას, მათ შორის IP მისამართს, მოწყობილობის იდენტიფიკაციის მონაცემებს, ავტორიზაციის ისტორიას, ერთჯერადი კოდების გამოყენების ფაქტს, ვიდეოიდენტიფიკაციის მასალებს, სატელეფონო ჩანაწერებსა და სხვა ელექტრონულ კვალს. აღნიშნული მტკიცებულებები სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას შეაფასოს, ნამდვილად მონაწილეობდა თუ არა მომხმარებელი ხელშეკრულების დადების პროცესში.
ამასთან, მხოლოდ სისტემაში დაფიქსირებული მონიშვნა – „გავეცანი და ვეთანხმები პირობებს“ – ავტომატურად არ ადასტურებს პირის ნამდვილ ნებას. როგორც სამართლებრივ ლიტერატურაში, ასევე საერთაშორისო პრაქტიკაში აღიარებულია, რომ აუცილებელია კავშირის დადგენა ელექტრონული მოქმედების განმახორციელებელსა და კონკრეტულ ფიზიკურ პირს შორის. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს რისკი, რომ ელექტრონული პლატფორმის გამოყენებით განხორციელებული ქმედება მიეწეროს ისეთ პირს, რომელსაც რეალურად არ გამოუხატავს შესაბამისი ნება.
ფიშინგის შედეგად დადებული ონლაინ სესხის შესახებ დავის განხილვისას სასამართლომ უნდა შეაფასოს არა მხოლოდ ხელშეკრულების ფორმალური არსებობა, არამედ ისიც, არსებობდა თუ არა რეალური და ნამდვილი ნების გამოვლენა მომხმარებლის მხრიდან. თუ დადგინდება, რომ პირის მონაცემები მესამე პირმა უკანონოდ გამოიყენა და მომხმარებელს არ მიუღია მონაწილეობა ხელშეკრულების დადების პროცესში, შეიძლება გამოირიცხოს ხელშეკრულების დადებისთვის აუცილებელი ნების არსებობა, რაც გავლენას ახდენს თავად სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის საკითხზე.
ფიშინგი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ საფრთხეს დისტანციური ფინანსური მომსახურების სფეროში, რადგან იგი უშუალოდ უკავშირდება მომხმარებლის იდენტიფიკაციისა და ნების ნამდვილობის პრობლემას. ონლაინ სესხის გაცემისას ფინანსურ ორგანიზაციას ეკისრება ვალდებულება უზრუნველყოს მომხმარებლის სანდო იდენტიფიკაცია და საჭიროების შემთხვევაში დაამტკიცოს, რომ ხელშეკრულებაზე თანხმობა ნამდვილად გამოხატა შესაბამისმა პირმა. თუ დადგინდება, რომ სესხი გაფორმდა ფიშინგის ან პერსონალური მონაცემების უკანონო გამოყენების შედეგად, შეიძლება ეჭვქვეშ დადგეს ხელშეკრულების დადების ფაქტი და მისგან წარმოშობილი სამართლებრივი შედეგები. შესაბამისად, ფიშინგთან დაკავშირებულ დავებში გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს არა მხოლოდ ტექნიკური ოპერაციის არსებობა, არამედ მომხმარებლის ნამდვილი ნების და მონაწილეობის დადასტურებაც.
დასკვნა
ონლაინ სესხები თანამედროვე ფინანსური სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია და მომხმარებლებს ფინანსურ რესურსებზე სწრაფი წვდომის შესაძლებლობას აძლევს. მიუხედავად პროცესის სიმარტივისა, ონლაინ დაკრედიტების საფუძველს წარმოადგენს პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპი, რომელიც იცავს როგორც მომხმარებლის, ისე ფინანსური სექტორის ინტერესებს.
ონლაინ სესხთან დაკავშირებული ნებისმიერი სამართლებრივი ურთიერთობა უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების, ხელშეკრულების პირობებისა და კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვით. სწორედ აღნიშნული მექანიზმები უზრუნველყოფს ფინანსური ბაზრის სტაბილურობასა და მომხმარებელთა უფლებების ეფექტიან დაცვას.
ელექტრონული საშუალებით დადებული ხელშეკრულების მთავარი განმასხვავებელი ნიშანი სხვა ფორმით დადებული ხელშეკრულებებისაგან არის ის, რომ მხარეთა შეთანხმება მიიღწევა დისტანციურად, ფიზიკური შეხვედრის გარეშე, ელექტრონული ან სხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ხელშეკრულების დადების ფორმა განსხვავდება ტრადიციული ზეპირი ან წერილობითი ხელშეკრულებისაგან, მისი სამართლებრივი ძალა ეფუძნება იმავე ფუნდამენტურ პრინციპს მხარეთა ურთიერთთანმხვედრ ნებას, რომელიც გამოიხატება ოფერტისა და აქცეპტის მეშვეობით.
ონლაინ სესხების შემთხვევაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მომხმარებლის იდენტიფიკაციას, ინფორმირებულ თანხმობასა და მტკიცების საკითხებს. მოქმედი კანონმდებლობა და სასამართლო პრაქტიკა აღიარებს დისტანციურად დადებული ხელშეკრულებების სრულ იურიდიულ ძალას, თუმცა თანხმობისა და პიროვნების იდენტიფიცირების ფაქტის მტკიცების ვალდებულებას ძირითადად ფინანსურ ორგანიზაციას აკისრებს. შესაბამისად, თანამედროვე ციფრულ გარემოში ელექტრონული და დისტანციური ხელშეკრულებები წარმოადგენს სამართლებრივად სრულფასოვან და აღიარებულ ინსტრუმენტს, რომელიც ტრადიციული ხელშეკრულებების ალტერნატიულ, უფრო მოქნილ და ტექნოლოგიურად ადაპტირებულ ფორმას ქმნის.




