ინფორმირების სტანდარტი სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოებაში

23 ივლისი 2026

 

ავტორები:  
უჩა ზაქაშვილი ადვოკატი; ქართულ ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი
სალომე კახაბრიშვილი, ადვოკატი

 

შესავალი

სამშენებლო სამართლის  რეფორმის შედეგად  2018 წლის 20 ივნისს მიღებულ იქნა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“, რომელმაც ერთიან სისტემაში მოაქცია სივრცითი დაგეგმარების, მიწათსარგებლობის, სამშენებლო ნებართვების, არქიტექტურული საქმიანობისა და მშენებლობის სახელმწიფო კონტროლის საკითხები. კოდექსის მიღება წარმოადგენდა არა მხოლოდ საკანონმდებლო რეფორმას, არამედ ევროპული სამართლებრივი გამოცდილების ქართულ რეალობაში ადაპტირების მცდელობას, რაც ევროპული სამართლებრივი სტანდარტების ეროვნულ სამართლებრივ სისტემაში იმპლემენტაციის ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს.

კოდექსის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებად ჩამოყალიბდა სამშენებლო საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის სისტემა, რომლის მიზანია მშენებლობის კანონიერების, უსაფრთხოების, გარემოს დაცვისა და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვა, სწორედ აღნიშნული სისტემა წარმოადგენს სამშენებლო სამართლის პრაქტიკაში ეფექტიანი ფუნქციონირების ერთ-ერთ ძირეულ საფუძველს.

მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო სამართლის რეფორმამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სამშენებლო სფეროს სამართლებრივი ჩარჩოს სრულყოფას,  კოდექსის ცალკეული ნორმები კვლავ წარმოშობს სამართლებრივი დისკუსიის აუცილებლობას.

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 128-ე მუხლი, რომელიც სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოების ფარგლებში მიღებული აქტების გაცნობის სპეციალურ წესს ადგენს.

ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სამშენებლო სამართალდამრღვევი ან მისი წარმომადგენელი არ იმყოფება სამშენებლო ობიექტზე ან უარს აცხადებს შესაბამისი აქტის გაცნობაზე, ადმინისტრაციული აქტის სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება მის ოფიციალურ გაცნობად მიიჩნევა, რაც გულისხმობს იმას, რომ სამართლებრივი შედეგები შეიძლება დადგეს იმ შემთხვევაშიც, როდესაც პირი რეალურად არ ფლობს ინფორმაციას მის მიმართ მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების შესახებ. აღნიშნული წესი ვრცელდება ისეთ დოკუმენტებზე, როგორებიცაა მითითება, შემოწმების აქტი, დადგენილება, მშენებლობის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება და სხვ.

წინამდებარე სტატიაში განვიხილავთ, აღნიშნული შეტყობინების წესის შესაბამისობას სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების, პირის ინფორმირებულობისა და ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის კონსტიტუციურ პრინციპებთან.

წინამდებარე საკითხის აქტუალობა განპირობებულია იმით, რომ სამშენებლო საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიური ადმინისტრაციული ჩარევის სფეროა, სადაც ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებებს ხშირად მნიშვნელოვანი ქონებრივი და სამართლებრივი შედეგები მოჰყვება. შესაბამისად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს პირის სათანადო ინფორმირება და ადმინისტრაციულ პროცესში მონაწილეობის რეალური შესაძლებლობის უზრუნველყოფა.

საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველას აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებული საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება. აღნიშნული უფლება მოიცავს პირის შესაძლებლობას, იცოდეს მის მიმართ მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების შესახებ, გაეცნოს ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას, წარადგინოს საკუთარი არგუმენტები და ეფექტიანად დაიცვას საკუთარი უფლებები. შესაბამისად, ჩნდება კითხვა, რამდენად შეესაბამება ამ მოთხოვნებს ისეთი სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც აქტის სამშენებლო ობიექტზე განთავსებას პირის ინფორმირების საკმარის საშუალებად მიიჩნევს.

საკითხის შეფასებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას. სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზგასმულია, რომ პროცედურული გარანტიები უნდა იყოს პრაქტიკული და ეფექტიანი და არა მხოლოდ ფორმალური. საქმეში Miholapa v. Latvia სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფო ორგანოებს ეკისრებათ სათანადო გულმოდგინების ვალდებულება პირის ინფორმირების უზრუნველსაყოფად. ანალოგიურად, საქმეში Dilipak and Karakaya v. Turkey სასამართლომ განმარტა, რომ მხოლოდ ფორმალური შეტყობინება ვერ ჩაითვლება საკმარის გარანტიად, როდესაც არსებობს რეალური საფრთხე, რომ ადრესატი ინფორმაციის მიღმა დარჩება.

აღნიშნული პრობლემის პრაქტიკულ მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის ის გარემოება, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წარმოებაშია კონსტიტუციური სარჩელი №1782, რომლის ფარგლებში სადავოდ არის გამხდარი სწორედ კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობა. 2026 წლის 2-3 აპრილს საქმეზე ჩატარდა არსებითი განხილვა და სადავო ნორმის კონსტიტუციურობის საკითხზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის გამოცხადებული. შესაბამისად, განსახილველი საკითხი დღეს არა მხოლოდ აკადემიური დისკუსიის, არამედ საქართველოს კონსტიტუციური მართლმსაჯულების, ადმინისტრაციული სამართლისა და სამშენებლო სამართლის განვითარებისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს.

წინამდებარე სტატიის მიზანია „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 128-ე მუხლის პირველი ნაწილის კრიტიკული ანალიზი, მისი შეფასება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლით დაცული სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების უფლების, თანაზომიერებისა და ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის პრინციპების ჭრილში.

 

თავი I. როგორ იქცა „თვალსაჩინო ადგილი“ სამართლის სუბიექტად

    1. გაკვრით ჩაბარება“ – გამონაკლისიდან სისტემურ მექანიზმამდე

სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებაში ადმინისტრაციული აქტის ჩაბარების წესი მხოლოდ პროცედურული საკითხი არ ყოფილა. იგი უზრუნველყოფდა ბალანსს სახელმწიფოს ლეგიტიმურ ინტერესსა და პირის საპროცესო უფლებებს შორის: ერთი მხრივ, სახელმწიფოს შესაძლებლობას, ეფექტიანად განეხორციელებინა სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობა, ხოლო მეორე მხრივ, პირის უფლებას, დროულად და სათანადო ფორმით ყოფილიყო ინფორმირებული მის მიმართ მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების შესახებ.

თუ ადმინისტრაციული აქტის ჩაბარების წესი სწორედ ამ ინტერესთა დაბალანსების ინსტრუმენტს წარმოადგენს, მისი ევოლუციის კვლევა საშუალებას იძლევა დავინახოთ, როგორ იცვლებოდა თავად ბალანსის გაგება სხვადასხვა პერიოდში. ამ თვალსაზრისით, „გაკვრით ჩაბარების“ ინსტიტუტის განვითარება არ არის მხოლოდ ნორმატიული ცვლილებების ისტორია. იგი ასახავს, როგორ იცვლებოდა დროთა განმავლობაში ხედვა იმის შესახებ, თუ სად გადიოდა ზღვარი ადმინისტრაციული ორგანოს ეფექტიანობასა და პირის უფლებების დაცვას შორის.

გაკვრით ჩაბარების ინსტიტუტის საკანონმდებლო საფუძვლები საქართველოს სამშენებლო კანონმდებლობაში ჯერ კიდევ 1997 წლის 14 ნოემბერს მიღებული „არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“  საქართველოს კანონში გვხვდება. აღნიშნული კანონის 4¹ მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტების თანახმად, თუ მხარისთვის მიწერილობის, შემოწმების აქტის, უწყების ან დადგენილების პირდაპირი ჩაბარება ვერ ხერხდებოდა, მათი გაცნობად ჩაითვლებოდა შესაბამისი დოკუმენტის ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება. ამავე ნორმებით განსაზღვრული იყო ის ადგილებიც, სადაც დოკუმენტის განთავსება დასაშვებად მიიჩნეოდა, მათ შორის საინფორმაციო დაფა, სამშენებლო ტერიტორიაზე განთავსებული დროებითი ნაგებობა, უსაფრთხოების ღობე, ხოლო მათი არარსებობის შემთხვევაში – თავად ობიექტის ფასადი.

ნორმის შინაარსიდან ნათლად იკვეთება, რომ კანონმდებელი ობიექტზე განთავსებას უკავშირებდა არა ადმინისტრაციული აქტის ჩაბარების ჩვეულებრივ ფორმას, არამედ მხოლოდ იმ შემთხვევას, როდესაც მისი პირდაპირი ჩაბარება ვერ ხერხდებოდა. შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულირების ამ ეტაპზე პრიორიტეტს წარმოადგენდა ადმინისტრაციული აქტის ადრესატისთვის მისი უშუალო გაცნობა, ხოლო გაკვრით ჩაბარება განიხილებოდა როგორც დამხმარე და გამონაკლისი მექანიზმი, რომელიც ჩაბარების შეუძლებლობის შემთხვევაში გამოიყენებოდა.

სამშენებლო სამართალდარღვევათა მარეგულირებელი ნორმები შემდგომში გაერთიანდა საქართველოს კანონში „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“. აღნიშნული კანონი 2010 წლის 19 აპრილს შევიდა ძალაში, ხოლო მისი III თავი სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოებისა და პასუხისმგებლობის წესებს არეგულირებდა. თუმცა რეგულირების ახალი მოდელი არ შექმნილა. პირიქით, კანონმა პრაქტიკულად უცვლელად გადაიტანა მანამდე არსებული დანაწესი. შეიცვალა მხოლოდ ცალკეული ტერმინოლოგიური ელემენტები — მაგალითად, „მიწერილობა“ ჩანაცვლდა „მითითებით“, მაგრამ თავად საქმისწარმოების პროცედურა იგივე დარჩა: ჯერ გაიცემოდა მითითება, შემდეგ დგებოდა შემოწმების აქტი და საბოლოოდ მიიღებოდა დადგენილება პასუხისმგებლობის დაკისრების, მშენებლობის შეჩერების ან დემონტაჟის შესახებ.

უცვლელად შენარჩუნდა ადმინისტრაციული აქტების ჩაბარების მოდელიც. კანონის 13-ე მუხლის მე-15 და მე-16 პუნქტების თანახმად, თუ მითითების, შემოწმების აქტის, უწყების ან დადგენილების პირადად ჩაბარება ვერ ხერხდებოდა, შესაძლებელი იყო მათი განთავსება მშენებლობის ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე — საინფორმაციო დაფაზე, დროებით შენობაზე, უსაფრთხოების ღობეზე, ხოლო მათი არარსებობის შემთხვევაში — უშუალოდ ობიექტის ფასადზე.

2011 წელს კანონში განხორციელებულმა ცვლილებებმა მნიშვნელოვნად გააფართოვა სამშენებლო სამართალდარღვევათა მატერიალური შემადგენლობები. კერძოდ, კანონს დაემატა 23¹ და 23² მუხლები. 23¹ მუხლმა დააწესა პასუხისმგებლობა თვითმმართველი ერთეულის მიერ განსაზღვრულ ზონებში სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის ნებართვით განსაზღვრულ ვადაში დაუსრულებლობისათვის, ხოლო 23² მუხლმა – პასუხისმგებლობა მიტოვებულ და არაფუნქციონირებად შენობა-ნაგებობებთან დაკავშირებით მშენებლობის ნებართვის კანონით დადგენილ ვადაში აუღებლობისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ეს ცვლილებები უშუალოდ ჩაბარების წესს არ შეხებია, მათ მნიშვნელოვნად გაზარდეს სამშენებლო სამართალდარღვევათა წარმოების პრაქტიკული მნიშვნელობა. ადმინისტრაციული ორგანოების გადაწყვეტილებები სულ უფრო ინტენსიურად ეხებოდა საკუთრების უფლებას, ეკონომიკურ საქმიანობასა და ქონებრივ ინტერესებს. შედეგად, განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა კითხვამ — რამდენად უზრუნველყოფდა მოქმედი მოდელი პირის რეალურ და ეფექტიან ინფორმირებას მის მიმართ მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების შესახებ.

2012 წლის 25 მაისიდან ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს კანონი „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“, ხოლო სამშენებლო სამართალდარღვევებთან დაკავშირებული ნორმები ინტეგრირდა „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“. თუმცა საკანონმდებლო ტრანსფორმაციას არ მოჰყოლია ადმინისტრაციული აქტების ჩაბარების მოდელის ცვლილება. კოდექსის 25-ე მუხლის მე-15 და მე-16 პუნქტებმა პრაქტიკულად უცვლელად გადაიტანა მანამდე მოქმედი რეგულაცია. შესაბამისად, არც ამ ეტაპზე შეცვლილა ინსტიტუტის სამართლებრივი ბუნება — ობიექტზე განთავსება კვლავ პირადად ჩაბარების შეუძლებლობას უკავშირდებოდა და არა ადმინისტრაციული აქტის ჩაბარების უპირობო გზად მიიჩნეოდა.

თუმცა, დროთა განმავლობაში, კანონმდებლობაში არსებული ეს სიცხადე პრაქტიკაში თანდათან შესუსტდა. სამშენებლო საქმიანობის მასშტაბების ზრდასთან ერთად გაიზარდა ზედამხედველობის ორგანოების მიერ წარმოებული საქმეების რაოდენობაც, რის გამოც პირისთვის ადმინისტრაციული აქტების უშუალო ჩაბარება უფრო შრომატევად და რესურსდამხარჯველ პროცესად იქცა. მიუხედავად ამისა, მოქმედი კანონმდებლობა კვლავ მოითხოვდა პირადად ჩაბარების შეუძლებლობის არსებობას. პრაქტიკაში კი ადმინისტრაციული აქტები ხშირად უშუალოდ ობიექტზე თავსდებოდა ისე, რომ არ იკვეთებოდა ადრესატის ინფორმირების სხვა საშუალებების ამოწურვა. შედეგად, გაკვრით ჩაბარება თანდათან გამონაკლისი ღონისძიებიდან ჩვეულებრივ პროცედურულ ინსტრუმენტად გარდაიქმნა.

სწორედ ამან წარმოშვა სასამართლო დავები, იმის თაობაზე — საკმარისია თუ არა ადმინისტრაციული აქტის ობიექტზე ფიზიკურად განთავსება იმისათვის, რომ პირი სათანადოდ ინფორმირებულად ჩაითვალოს.

ამ კითხვაზე პასუხი საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2018 წლის 14 ივნისის განჩინებით გასცა (საქმე №ბს-278-278(2კ-18)). სასამართლომ განმარტა, რომ: „დადგენილების განთავსება ობიექტის ფასადზე არის უკიდურესი ღონისძიება და აღნიშნული გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო მოკლებულია შესაძლებლობას სხვა ფორმის გამოყენებით მოახდინოს მისი დაინტერესებული პირისათვის ჩაბარება.“

აღნიშნული განმარტებით უზენაესმა სასამართლომ ფაქტობრივად დაადასტურა ის მიდგომა, რომელიც წლების განმავლობაში კანონმდებლობის ტექსტიდან გამომდინარეობდა. სასამართლომ ცალსახად მიუთითა, რომ გაკვრით ჩაბარება არ წარმოადგენს ადმინისტრაციული აქტის გაცნობის დამოუკიდებელ და უპირობო ფორმას; მისი გამოყენება დასაშვებია მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამოიწურება პირის ინფორმირების სხვა გონივრული შესაძლებლობები.

სწორედ ამ სამართლებრივი და სასამართლო პრაქტიკის ფონზე ამოქმედდა 2019 წლის 3 დეკემბერს საქართველოს სამშენებლო სამართალდარღვევათა კოდექსი. აღსანიშნავია, რომ კოდექსის თავდაპირველმა რედაქციამ სრულად შეინარჩუნა მანამდე არსებული მიდგომა და პრაქტიკულად უცვლელად გადაიტანა „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსიდან“ მოქმედი რეგულაციები. შესაბამისად, 2019 წლის დეკემბრის მდგომარეობით, არც კანონმდებლის და არც სასამართლოსთვის სადავო არ იყო, რომ გაკვრით ჩაბარება წარმოადგენდა მხოლოდ გამონაკლის ღონისძიებას.

თუმცა ეს მიდგომა ხანგრძლივი არ აღმოჩნდა. კოდექსის ძალაში შესვლიდან სულ რამდენიმე დღეში  თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, მიღებულ იქნა 128-ე მუხლის ახალი რედაქცია, რომელმაც პირის ინფორმირებისა და ადმინისტრაციული აქტის გაცნობილად მიჩნევის მანამდე არსებული სტანდარტი არსებითად შეცვალა. თუ მანამდე ობიექტზე განთავსება პირადად ჩაბარების შეუძლებლობის წინაპირობას ეფუძნებოდა, ახალი რედაქციით პირის ინფორმირმირების სტანდარტი საქმისწარმოების დოკუმენტის „თვალსაჩინო ადგილზე“ განთავსებით შემოიფარგლა.

    1. გაკვრით ჩაბარების მოდელის ტრანსფორმაცია, თუ დეფორმაცია?

გაკვრით ჩაბარების ინსტიტუტის ტრანსფორმაციის შეფასება შეუძლებელია მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებების აღწერით. საკითხი ბევრად უფრო კომპლექსურია და უკავშირდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის წარმოებაში პირის ინფორმირებულობისა და დაცვის სტანდარტების მნიშვნელობას. შესაბამისად, რეგულაციის შეფასება მოითხოვს არა მხოლოდ ნორმის სიტყვა-სიტყვით განმარტებას, არამედ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბუნებისა და კონსტიტუციური სტანდარტების ანალიზს.

საყოველთაოდ აღიარებულია, რომ სამშენებლო სამართალდარღვევა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ერთ-ერთ სპეციალურ სახეს წარმოადგენს. მიუხედავად მისი მატერიალური და პროცედურული თავისებურებებისა, მასზე ვრცელდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისა და საქმისწარმოების ფუნდამენტური პრინციპები, მათ შორის პირის სათანადო ინფორმირების, მოსმენისა და ეფექტიანი დაცვის მოთხოვნები. ამიტომ ადმინისტრაციული აქტის ჩაბარების წესი არ შეიძლება მხოლოდ ტექნიკურ პროცედურად იქნეს მიჩნეული. სწორედ ჩაბარების მეშვეობით ეძლევა პირს შესაძლებლობა, ჩაერთოს მის მიმართ მიმდინარე წარმოებაში, წარადგინოს საკუთარი პოზიცია და ისარგებლოს სამართლებრივი დაცვის საშუალებებით.

ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის №1/3/1263 გადაწყვეტილებას. სასამართლომ განმარტა, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების გაცნობის შესაძლებლობა პირდაპირ განსაზღვრავს გასაჩივრების უფლების ეფექტიანობას, ვინაიდან მხოლოდ გადაწყვეტილების შინაარსის გაცნობის შემდეგ შეუძლია პირს შეაფასოს საკუთარი სამართლებრივი მდგომარეობა და გადაწყვიტოს, სურს თუ არა მისი გასაჩივრება. ამავე გადაწყვეტილებაში სასამართლომ მიუთითა, რომ უფლების რეალიზების ფორმალური შესაძლებლობა საკმარისი არ არის, თუ პრაქტიკაში მისი ეფექტიანი განხორციელება შეუძლებელია. აღნიშნული მსჯელობა ერთ მნიშვნელოვან პრინციპს აყალიბებს: საპროცესო გარანტიების არსებობა ფასდება მათი რეალური და არა მხოლოდ ფორმალური ხელმისაწვდომობის მიხედვით.

მართალია, საკონსტიტუციო სასამართლო უშუალოდ სამშენებლო სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმებს არ აფასებდა, თუმცა მის მიერ ჩამოყალიბებული სტანდარტი ზოგად ხასიათს ატარებს. თუ სამართლებრივი შედეგები უკავშირდება ისეთ გარემოებას, რომელიც არ უზრუნველყოფს პირის მიერ გადაწყვეტილების შინაარსის რეალურად გაცნობის შესაძლებლობას, ეჭვქვეშ დგება დაცვის უფლების ეფექტიანი განხორციელება.

სწორედ ამ კონტექსტში უნდა შეფასდეს მოქმედი რეგულაცია, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული აქტის ობიექტზე განთავსებას მნიშვნელოვანი სამართლებრივი შედეგები უკავშირდება, მათ შორის გასაჩივრების ვადის დაწყება. ასეთი მიდგომა ეფუძნება ვარაუდს, რომ დოკუმენტის განსაზღვრულ ადგილზე განთავსება საკმარისია პირის ინფორმირებულად მიჩნევისთვის.

თუმცა პრაქტიკაში ეს ვარაუდი ყოველთვის არ შეესაბამება რეალობას. შესაძლებელია, პირი საერთოდ არ იმყოფებოდეს ობიექტზე, არ სარგებლობდეს ქონებით, იმყოფებოდეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ ან სხვა ობიექტური მიზეზის გამო ვერ გაეცნოს განთავსებულ დოკუმენტს. მიუხედავად ამისა, სამართლებრივი შედეგები მაინც დგება, რადგან კანონით გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს არა ინფორმაციის მიღების, არამედ მისი სამშენებლო ობიექტის „თვალსაჩინო ადგილზე“ განთავსების ფაქტი.

სწორედ აქ ვლინდება მოქმედი მოდელის მთავარი პრობლემა. თუ თავდაპირველად გაკვრით ჩაბარება გამოიყენებოდა როგორც დამხმარე მექანიზმი იმ შემთხვევებისთვის, როდესაც პირის ინფორმირების სხვა საშუალებები ამოწურული იყო, დღეს იგი თავად იქცა პირის ინფორმირებულად მიჩნევის დამოუკიდებელ საფუძვლად. შედეგად, პირს შეიძლება აეთვალოს გასაჩივრების ვადა, დაეკისროს სანქცია ან დაუდგეს სხვა მნიშვნელოვანი სამართლებრივი შედეგი ისე, რომ მისთვის უცნობი იყოს როგორც გადაწყვეტილების შინაარსი, ისე მისგან გამომდინარე სამართლებრივი რისკები.

ამ ვითარებაში ჩნდება კითხვა — წარმოადგენს თუ არა ასეთი მოდელი ინსტიტუტის ბუნებრივ განვითარებას. თუ ტრანსფორმაცია გულისხმობს ინსტიტუტის სრულყოფასა და მის დაახლოებას სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების თანამედროვე სტანდარტებთან, მოქმედი რეგულაციის შეფასება ამ კუთხით რთულია. პირიქით, მან დაკარგა თავისი თავდაპირველი, სუბსიდიური ფუნქცია და დამოუკიდებელ სამართლებრივ მექანიზმად ჩამოყალიბდა.

შესაბამისად, არსებობს საფუძველი დასკვნისათვის, რომ 2019 წლის შემდეგ ჩამოყალიბებული მოდელი უფრო მეტად ავლენს ინსტიტუტის დეფორმაციის, ვიდრე მისი ტრანსფორმაციის ნიშნებს. მისი არსი მდგომარეობს არა პირის რეალურ ინფორმირებაში, არამედ ინფორმირებულობის სამართლებრივ პრეზუმფციაში. სწორედ ამიტომ მოქმედი რეგულაცია აჩენს კითხვას, რამდენად შეესაბამება იგი სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოებისა და ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის ფუნდამენტურ მოთხოვნებს.

თავი II. სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოება და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძვლები

სამშენებლო სამართალდარღვევათა სფეროში პასუხისმგებლობის დაკისრება დაკავშირებულია როგორც სამართალდარღვევის ფაქტის დადგენასთან, ისე იმ პირის იდენტიფიცირებასთან, რომელსაც კანონით შესაბამისი ვალდებულებების შესრულება ეკისრება. ეს საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს უნებართვო მშენებლობის, საპროექტო დოკუმენტაციის დარღვევის, სამშენებლო უსაფრთხოების მოთხოვნების შეუსრულებლობისა და სხვა მსგავსი შემთხვევების დროს, როდესაც აუცილებელია განისაზღვროს არა მხოლოდ დარღვევის არსებობა, არამედ პასუხისმგებელი სუბიექტიც.

სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი პასუხისმგებლობის სუბიექტთა ფართო წრეს ადგენს, თუმცა პრაქტიკაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხი, უმეტეს შემთხვევაში, მშენებლობის ნებართვის მფლობელს მიემართება. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ სწორედ ეს პირები განიხილებიან სამშენებლო პროცესის კანონიერად წარმართვაზე პასუხისმგებელ სუბიექტებად, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული დარღვევა შესაძლოა უშუალოდ კონტრაქტორის, ქვეკონტრაქტორის, ტექნიკური ზედამხედველის ან სხვა მესამე პირის მოქმედებით იყოს გამოწვეული.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სამშენებლო სამართალში პასუხისმგებლობის ადრესატი, როგორც წესი, წინასწარ განსაზღვრული სუბიექტია, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ის ადმინისტრაციული პროცედურა, რომლის მეშვეობითაც წყდება პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი. სწორედ საქმისწარმოების პროცესში უნდა მიეცეს პირს შესაძლებლობა მიიღოს ინფორმაცია მის მიმართ გამოვლენილი დარღვევის შესახებ, აღმოფხვრას იგი კანონით დადგენილ ვადაში, მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში და დაიცვას საკუთარი პოზიცია. შესაბამისად, სამშენებლო სამართალდარღვევის სფეროში პასუხისმგებლობის დაკისრების კანონიერება დამოკიდებულია არა მხოლოდ დარღვევის არსებობაზე, არამედ იმ პროცედურული გარანტიების ეფექტიან რეალიზაციაზე, რომლებიც უზრუნველყოფს პირის ინფორმირებულობასა და მონაწილეობას ადმინისტრაციულ წარმოებაში.

2.1. სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოება

სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოება წარმოადგენს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით დადგენილ სპეციალურ ადმინისტრაციულ პროცედურას, რომლის მიზანია სამშენებლო საქმიანობის სფეროში გამოვლენილი დარღვევების იდენტიფიცირება, მათი აღმოფხვრის უზრუნველყოფა და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების განხორციელება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კლასიკური მოდელისგან განსხვავებით, სამშენებლო სამართალდარღვევის წარმოება არ ეფუძნება მხოლოდ დარღვევის გამოვლენასა და სანქციის დაუყოვნებლივ დაკისრებას. კანონმდებელმა შექმნა მრავალსაფეხურიანი პროცედურა, რომლის ფარგლებშიც პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტას წინ უძღვის სამართალდამრღვევის ინფორმირება, დარღვევის გამოსწორების შესაძლებლობის მიცემა, მითითების შესრულების გადამოწმება და საქმის განხილვა.

სამშენებლო სამართალდარღვევის ცნება განსაზღვრულია სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 122-ე მუხლით, რომლის თანახმადაც სამშენებლო სამართალდარღვევა არის კოდექსის XV თავით გათვალისწინებული ქმედება, რომლის განხილვაც სპეციალური ადმინისტრაციული პროცედურების საფუძველზე ხორციელდება. ამავე მუხლით განსაზღვრულია იმ პირთა წრე, რომელთაც შეიძლება დაეკისროთ პასუხისმგებლობა სამშენებლო სამართალდარღვევისთვის.

სამშენებლო სამართალდარღვევების მიმართ სახელმწიფოს განსაკუთრებული ყურადღება შემთხვევითი არ არის. სამშენებლო საქმიანობის სფეროში დარღვევები, როგორც წესი, მხოლოდ ინდივიდუალური ინტერესების ფარგლებს არ ეხება და პირდაპირ უკავშირდება საზოგადოებრივი უსაფრთხოების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, გარემოს დაცვისა და ქალაქთმშენებლობითი წესრიგის უზრუნველყოფას. უნებართვო ან პროექტის დარღვევით განხორციელებულმა მშენებლობამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას როგორც კონკრეტული ობიექტის მომხმარებლებს, ისე მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს, დაარღვიოს ურბანული განვითარების პრინციპები, დააზიანოს საინჟინრო ინფრასტრუქტურა ან ხელი შეუშალოს სივრცის რაციონალურ გამოყენებას. სწორედ ამიტომ, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოება ემსახურება არა მხოლოდ სამართალდამრღვევის მიმართ სანქციის გამოყენებას, არამედ უფრო ფართო საჯარო ინტერესის დაცვას - უსაფრთხო, მოწესრიგებული და კანონთან შესაბამისი სამშენებლო გარემოს უზრუნველყოფას.

სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოება, როგორც წესი, იწყება შესაძლო სამართალდარღვევის გამოვლენით და ადრესატის მიმართ მითითების გაცემით. მითითების გაცემის მომენტში დარღვევა ან დამრღვევი ჯერ კიდევ არ მიიჩნევა საბოლოოდ დადგენილად. თეორიულად, მითითებით განსაზღვრულ ვადაში შესაძლოა მაკონტროლებელ ორგანოს წარედგინოს ისეთი დოკუმენტაცია, რომელიც გამორიცხავს როგორც დარღვევის არსებობას, ისე თავად ადრესატის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო თავდაპირველად არ იღებს პასუხისმგებლობის დაკისრების გადაწყვეტილებას, არამედ პირს აცნობებს შესაძლო დარღვევის არსებობის შესახებ და აძლევს შესაძლებლობას, განსაზღვრულ ვადაში აღმოფხვრას იგი ან წარადგინოს მშენებლობის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტები. მითითება წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაში გამოვლენილი შეუსაბამობის შესახებ ოფიციალურ შენიშვნას და შეიცავს კონკრეტულ მოთხოვნებს, რომელთა შესრულებისთვისაც განისაზღვრება გონივრული ვადა.

კოდექსის 124-ე მუხლის მიხედვით, მითითება შეიძლება გაიცეს სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოდგენის, დარღვევის გამოსწორების, სამშენებლო მასალის, ნაკეთობის ან კონსტრუქციის გამოყენების აკრძალვის, აგრეთვე მშენებლობის ორგანიზების წესების დარღვევის აღმოფხვრის მიზნით. შესაბამისად, მითითება უნდა იყოს მკაფიო, კონკრეტული და დასაბუთებული, რათა სამართალდამრღვევს ზუსტად ესმოდეს როგორც გამოვლენილი დარღვევა, ისე მის აღმოსაფხვრელად აუცილებელი მოქმედებები.

მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს მისი შესრულება და შეადგინოს შემოწმების აქტი. აღნიშნული დოკუმენტის მთავარი დანიშნულებაა დადგინდეს, შესრულდა თუ არა მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნები და აღმოიფხვრა თუ არა სამართალდარღვევა.

შემოწმების აქტს მნიშვნელოვანი საპროცესო დატვირთვაც გააჩნია. კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულმა ორგანომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს შემოწმების აქტის შედგენიდან ორი თვის ვადაში, ხოლო კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აღნიშნული ვადა შეიძლება დამატებით ორი თვით გაგრძელდეს. ამდენად, შემოწმების აქტი არა მხოლოდ დარღვევის ფაქტობრივი მდგომარეობის შეფასების ინსტრუმენტს წარმოადგენს, არამედ შემდგომი ადმინისტრაციული წარმოების ვადების ათვლის წერტილსაც.

კოდექსი ასევე ითვალისწინებს გამონაკლის შემთხვევებს, როდესაც ადმინისტრაციული წარმოება პირდაპირ შემოწმების აქტის შედგენით იწყება. ასეთი შემთხვევები განსაზღვრულია 123-ე მუხლის მეორე ნაწილით და უკავშირდება ისეთ სამართალდარღვევებს, რომელთა გამოსწორების მიზნით ვადის მიცემა არსობრივად მიზანშეუწონელია.

იმ შემთხვევაში, თუ შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მითითებით განსაზღვრული მოთხოვნები არ შესრულებულა ან სამართალდარღვევა კვლავ გრძელდება, ადმინისტრაციული ორგანო გადადის პასუხისმგებლობის დაკისრების ეტაპზე. ამ მიზნით სამართალდამრღვევს უწყებით უნდა ეცნობოს საქმის განხილვის თარიღი, დრო, ადგილი და განმხილველი თანამდებობის პირის ვინაობა. აღნიშნული ინფორმაცია აუცილებელია იმისათვის, რომ პირმა შეძლოს მის მიმართ მიმდინარე წარმოებაში სრულფასოვანი მონაწილეობა და საკუთარი უფლებების ეფექტიანად განხორციელება.

უწყების საფუძველზე ინიშნება ზეპირი განხილვა, რომელიც სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეტაპს წარმოადგენს. სწორედ ამ ეტაპზე ეძლევა სამართალდამრღვევს შესაძლებლობა წარადგინოს მტკიცებულებები, განმარტოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, გამოთქვას საკუთარი მოსაზრებები და უპასუხოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წამოჭრილ საკითხებს. შესაბამისად, საბოლოო გადაწყვეტილება უნდა დაეფუძნოს არა მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოპოვებულ მასალებს, არამედ თავად დაინტერესებული პირის პოზიციასაც.

ზეპირი განხილვის დასრულების შემდეგ ადმინისტრაციული ორგანო იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას და გამოსცემს შესაბამის დადგენილებას. კოდექსის 125-ე მუხლის საფუძველზე ეს შეიძლება იყოს დაჯარიმების, დაჯარიმებისა და დემონტაჟის ან საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ დადგენილება. ამასთანავე, კოდექსის 127-ე მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს უფლებამოსილებას გამოსცეს მშენებლობის შეჩერების ან უკანონოდ განხორციელებული მშენებლობის დემონტაჟის შესახებ დადგენილებაც.

სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოებაში თითოეულ დოკუმენტს დამოუკიდებელი საპროცესო და პრაქტიკული მნიშვნელობა გააჩნია. მითითება პირს აძლევს შესაძლებლობას აღმოფხვრას დარღვევა და თავიდან აიცილოს სანქცია; შემოწმების აქტი განსაზღვრავს, არსებობს თუ არა პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი; უწყება უზრუნველყოფს პირის მონაწილეობას საქმის განხილვაში; ხოლო დადგენილება წარმოშობს მისთვის ქონებრივ და სამართლებრივ შედეგებს. შესაბამისად, ამ დოკუმენტების ადრესატამდე მიღწევა მხოლოდ ტექნიკური პროცედურა არ არის. სწორედ მათი მეშვეობით ერთვება პირი ეტაპობრივად ადმინისტრაციულ წარმოებაში და ეძლევა შესაძლებლობა გავლენა მოახდინოს მის მიმართ მისაღებ გადაწყვეტილებაზე. თუ პირს არ მიუწვდება ხელი რომელიმე ამ დოკუმენტზე, იგი კარგავს შესაძლებლობას დროულად აღმოფხვრას დარღვევა, მონაწილეობა მიიღოს განხილვაში ან გაასაჩივროს მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება. ამდენად, აქტების სათანადო ჩაბარება წარმოადგენს არა ფორმალურ მოთხოვნას, არამედ მთელი პროცედურული სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირების აუცილებელ წინაპირობას.

საგულისხმოა, რომ პასუხისმგებლობის დაკისრება ყოველთვის არ წარმოადგენს ადმინისტრაციული წარმოების საბოლოო შედეგს. კოდექსის 125-ე მუხლის მეხუთე ნაწილი პირდაპირ განსაზღვრავს შემთხვევებს, როდესაც საქმე უნდა შეწყდეს, მათ შორის მაშინ, როდესაც დარღვევა აღმოფხვრილია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ამასთან, კოდექსის 126-ე მუხლის მიხედვით, ჯარიმის გადახდა არ ათავისუფლებს სამართალდამრღვევს დარღვევის აღმოფხვრის ვალდებულებისგან, რაც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს სამშენებლო სამართლის თავისებურებას - სანქცია და დარღვევის გამოსწორება ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სამართლებრივი შედეგებია.

ამდენად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოება წარმოადგენს ურთიერთდაკავშირებული პროცედურული მოქმედებების თანმიმდევრულ სისტემას, რომელიც იწყება სამართალდარღვევის გამოვლენით და სრულდება შესაბამისი ადმინისტრაციული გადაწყვეტილების მიღებით. ამ სისტემის თითოეული ეტაპი დამოუკიდებელ ფუნქციას ასრულებს და ქმნის სამართლებრივ საფუძველს მომდევნო ეტაპისთვის. სწორედ ამიტომ, რომელიმე საპროცესო მოქმედების დარღვევა გავლენას ახდენს არა მხოლოდ კონკრეტული ადმინისტრაციული აქტის კანონიერებაზე, არამედ მთლიანად წარმოების სამართლიანობასა და ლეგიტიმურობაზე.

თეორიულად, აღნიშნული მოდელი უზრუნველყოფს როგორც საჯარო ინტერესის დაცვას, ისე სამართალდამრღვევის პროცესუალურ უფლებათა რეალიზებას. თუმცა პრაქტიკაში პრობლემები სწორედ იმ ეტაპზე იჩენს თავს, რომელიც მთელი მექანიზმის ფუნქციონირების საფუძველს წარმოადგენს — ადმინისტრაციული აქტების ჩაბარებისა და პირის ინფორმირების სფეროში.

პრაქტიკაში სწორედ აქ ვლინდება მოქმედი სისტემის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა. კანონმდებლობა ადმინისტრაციულ ორგანოს შესაძლებლობას აძლევს, განსაზღვრულ შემთხვევებში ადმინისტრაციული აქტები ჩაბარებულად მიიჩნიოს მაშინაც, როდესაც არ არსებობს მათი ადრესატამდე რეალურად მიღწევის გარანტია. შედეგად, შესაძლებელია პირის მიმართ სრულად განხორციელდეს ადმინისტრაციული წარმოება, გამოიცეს მშენებლობის შეჩერების, დემონტაჟის ან დაჯარიმების შესახებ დადგენილება და შესაბამისი სამართლებრივი შედეგებიც დადგეს ისე, რომ პირს ფაქტობრივად არ ჰქონდეს ინფორმაცია მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმისწარმოების შესახებ.

აღნიშნული პრობლემა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ პირობებში, როდესაც სამშენებლო სამართალდარღვევები ხშირად დაკავშირებულია მაღალი საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინტერესებთან. ერთი მხრივ, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება დროულად აღკვეთოს ისეთი დარღვევები, რომლებიც საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, გარემოს, კულტურულ მემკვიდრეობას ან ურბანულ წესრიგს. მეორე მხრივ კი, სწორედ ამ მაღალი საჯარო ინტერესის არსებობა ვერ გაამართლებს ისეთი პროცედურული მოდელის გამოყენებას, რომელიც პირს რეალური ინფორმირების გარეშე აკისრებს მძიმე სამართლებრივ შედეგებს. უფრო მეტიც, მოქმედი კანონმდებლობა გარკვეულ შემთხვევებში ადმინისტრაციულ აქტს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის წარმოშობის წინაპირობადაც აქცევს. შესაბამისად, პირის სათანადო ინფორმირების საკითხი სცდება ადმინისტრაციული სანქციის ფარგლებს და უკავშირდება სამართლებრივი პასუხისმგებლობის მთლიან სისტემას. სწორედ ამიტომ, ადმინისტრაციული აქტების ჩაბარების წესი და ინფორმირების სტანდარტი გადაიქცა სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოების ერთ-ერთ ცენტრალურ პრობლემად, რომლის კონსტიტუციური შეფასებაც განსაკუთრებით აქტუალური გახდა თანამედროვე სამართლებრივ რეალობაში.

2.2. მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების შეუსრულებლობის კრიმინალიზაცია

სამშენებლო სამართალდარღვევათა სფეროში სახელმწიფოს რეაგირება ტრადიციულად ადმინისტრაციული სამართლის ფარგლებში ხორციელდებოდა. მოქმედი მოდელი ეფუძნება ეტაპობრივ ადმინისტრაციულ საქმისწარმოებას, რომლის მიზანია სამართალდარღვევის გამოვლენა, მისი აღმოფხვრის უზრუნველყოფა და მხოლოდ ამის შემდეგ პასუხისმგებლობის დაკისრება. თუმცა პრაქტიკამ აჩვენა, რომ განსაკუთრებით მასშტაბური უნებართვო მშენებლობების შემთხვევაში ადმინისტრაციული სანქციები ყოველთვის ვერ უზრუნველყოფდა სამართალდარღვევის შეწყვეტას და საჯარო ინტერესის ეფექტიან დაცვას. სწორედ ამ გარემოებამ განაპირობა სისხლისსამართლებრივი მექანიზმის ჩართვა სამშენებლო სამართალდარღვევებზე რეაგირების სისტემაში.

ამ მიზნით, 2021 წლის 12 ივლისს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა 360¹ მუხლი, რომელმაც პირველად დააწესა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების შეუსრულებლობისათვის. აღნიშნული ცვლილებით კანონმდებელმა სამშენებლო სამართლის სფეროში შექმნა ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ურთიერთდაკავშირებული მოდელი, რომლის ფარგლებში სისხლისსამართლებრივი რეაგირება ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელებასა და მის უკიდურეს ფორმას წარმოადგენს.

360¹ მუხლის თანახმად, დანაშაულს წარმოადგენს მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების შეუსრულებლობა იმ პირის მიერ, რომელსაც უკვე დაკისრებული ჰქონდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა იგივე ქმედებისთვის. ამგვარად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ უკავშირდება სამშენებლო სამართალდარღვევის პირველად ჩადენას. იგი დგება მხოლოდ მაშინ, როდესაც ადმინისტრაციული რეაგირების მიუხედავად პირი განაგრძობს უკანონო საქმიანობას და უგულებელყოფს სახელმწიფოს მოთხოვნას მშენებლობის შეჩერების შესახებ.

აღნიშნული რეგულაცია ასახავს სისხლის სამართლის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს — ultima ratio-ს, რომლის მიხედვითაც სისხლისსამართლებრივი იძულება უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც სამართლებრივი დაცვის სხვა საშუალებები არაეფექტიანი აღმოჩნდება. სწორედ ამიტომ, 360¹ მუხლი ეფუძნება ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თანმიმდევრულობას: ჯერ გამოიყენება ადმინისტრაციული მექანიზმები, ხოლო მათი უშედეგობის შემთხვევაში — სისხლისსამართლებრივი რეაგირება.

ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის წარმოშობა მთლიანად დამოკიდებულია ადმინისტრაციული წარმოების კანონიერებაზე. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია არსებობდეს კანონიერ ძალაში შესული მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილება, რომელიც გამოცემულია სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 127-ე მუხლის საფუძველზე. შესაბამისად, ადმინისტრაციული აქტი წარმოადგენს იმ სამართლებრივ საფუძველს, რომლის გარეშე 360¹ მუხლის გამოყენება საერთოდ შეუძლებელია.

ამასთანავე, მუხლის შენიშვნის მეორე პუნქტი ადგენს მნიშვნელოვან საპროცესო გარანტიას — გამოძიება შეიძლება დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამოიწურება დადგენილების გასაჩივრების შესაძლებლობა და დადასტურდება მისი შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან. აღნიშნული დათქმა ემსახურება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის დაცვას და გამორიცხავს იმ შესაძლებლობას, რომ პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცეს ისეთი ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე, რომლის კანონიერებაც ჯერ კიდევ სადავოა.

თუმცა სწორედ აქ იკვეთება ის სისტემური პრობლემა, რომელიც განხილულ იქნა წინა ქვეთავში. თუ მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილება პირისთვის რეალურად არ არის ცნობილი, მაგრამ კანონით ჩაბარებულად მიიჩნევა, წარმოიშობა კითხვა, რამდენად შეესაბამება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება სამართლებრივი განსაზღვრულობის, სამართლიანი პროცესისა და ბრალეულობის პრინციპებს. სხვა სიტყვებით რომ ითქვას, რამდენად სამართლიანია პირის დასჯა ადმინისტრაციული აქტის შეუსრულებლობისთვის მაშინ, როდესაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მას საერთოდ არ ჰქონია ინფორმაცია აღნიშნული აქტის არსებობის შესახებ.

საკითხი განსაკუთრებულ სიმწვავეს იძენს იმის გათვალისწინებით, რომ 360¹ მუხლის სანქცია მოიცავს თავისუფლების აღკვეთას. შესაბამისად, ადმინისტრაციული აქტის სათანადო ჩაბარების საკითხი აღარ წარმოადგენს მხოლოდ ადმინისტრაციული სამართლის პრობლემას. იგი უშუალოდ უკავშირდება პირის თავისუფლების შეზღუდვის შესაძლებლობას და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის კონსტიტუციურ საფუძვლებს.

ამდენად, სისხლის სამართლის კოდექსის 360¹ მუხლი მხოლოდ სამშენებლო სამართალდარღვევაზე რეაგირების დამატებითი მექანიზმი არ არის. იგი წარმოადგენს ნორმას, რომელმაც ადმინისტრაციული საქმისწარმოების კანონიერებას ახალი მნიშვნელობა შესძინა. თუ ადრე ადმინისტრაციული აქტის ჩაბარების ხარვეზი მხოლოდ ადმინისტრაციული სანქციის კანონიერების პრობლემას ქმნიდა, დღეს იგი შესაძლოა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძვლადაც იქცეს. სწორედ ამიტომ, მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების შეუსრულებლობის კრიმინალიზაცია და ადმინისტრაციული აქტების ჩაბარების წესი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ვერ შეფასდება. პირიქით, ისინი ქმნიან ერთიან სამართლებრივ სისტემას, რომლის სამართლიანობა საბოლოოდ დამოკიდებულია იმაზე, რამდენად რეალურად და ეფექტიანად არის უზრუნველყოფილი პირის ინფორმირება მის მიმართ მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების შესახებ.

თავი III. ინფორმირების სტანდარტი შეფასება კონსტიტუციური უფლებების ჭრილში

3.1. №1782 კონსტიტუციური სარჩელი და დავის სამართლებრივი საფუძვლები

სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების კონსტიტუციური უფლება, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლით არის გარანტირებული, არ შემოიფარგლება მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების პროცედურით. აღნიშნული უფლება მოიცავს იმ პროცესუალურ გარანტიათა ერთობლიობას, რომლებიც პირს აძლევს შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღოს მის მიმართ მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებაში, გაეცნოს საქმის მასალებს, წარადგინოს საკუთარი პოზიცია და დაიცვას თავისი უფლებები. ამ უფლებების რეალიზების აუცილებელი წინაპირობაა პირის ინფორმირებულობა. იმ შემთხვევაში, თუ პირს არ აქვს ინფორმაცია მის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შესახებ, სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების უფლება პრაქტიკულ მნიშვნელობას კარგავს, ვინაიდან იგი მოკლებულია შესაძლებლობას, გავლენა მოახდინოს მის უფლებებსა და ინტერესებზე მოქმედი გადაწყვეტილების მიღების პროცესზე.

აღნიშნული საკითხი განსაკუთრებული აქტუალობით გამოიკვეთა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ №1782 კონსტიტუციურ სარჩელში, სადაც მოსარჩელე შპს „ინტერსტანდარტ საბურთალო“ სადავოდ ხდიდა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 128-ე მუხლის იმ ნორმატიულ შინაარსს, რომლის მიხედვითაც სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოების ფარგლებში გამოცემული დოკუმენტების სამშენებლო ობიექტზე თვალსაჩინო ადგილზე განთავსება პირის ოფიციალურ ინფორმირებად მიიჩნევა. სადავო რეგულაცია მოქმედებს მაშინაც, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოსთვის ცნობილია როგორც სამართალდამრღვევის ვინაობა, ისე მისი საკონტაქტო მონაცემები და არსებობს კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენების შესაძლებლობა.

სასამართლოს წინაშე დგას საკითხი, შეესაბამება თუ არა საქართველოს კონსტიტუციას ისეთი საკანონმდებლო მოდელი, რომელიც პირის ინფორმირებულობას უკავშირებს არა ინფორმაციის რეალურად მიღებას, არამედ მის მიღებულად მიჩნევას. ამდენად, კონსტიტუციური დავა ეხება სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების უფლების შინაარსის ერთ-ერთ ფუნდამენტურ ელემენტს — ინფორმირების სტანდარტს.

სადავო ნორმის პრაქტიკული მოქმედება განსაკუთრებით თვალსაჩინოა სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოების სპეციფიკის გათვალისწინებით. მოქმედი რეგულირების პირობებში სამართლებრივი შედეგი დგება ადმინისტრაციული აქტის სამშენებლო ობიექტზე განთავსების მომენტიდან, მიუხედავად იმისა, რეალურად მიიღო თუ არა ადრესატმა ინფორმაცია. შესაბამისად, მაშინაც კი, როდესაც პირი ობიექტურად არ იმყოფებოდა სამშენებლო ობიექტზე ან სხვა საპატიო მიზეზით ვერ გაეცნო განთავსებულ დოკუმენტს, მოქმედი ნორმა არ იძლევა აღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღების შესაძლებლობას. საკანონმდებლო მოდელი ეფუძნება წინასწარ დადგენილ ვარაუდს, რომ დოკუმენტის განთავსება ავტომატურად ნიშნავს პირის ინფორმირებულობას.

აღსანიშნავია, რომ საერთო სასამართლოების პრაქტიკამ აღნიშნული მიდგომა კიდევ უფრო განამტკიცა. სასამართლოები მოქმედი რედაქციის პირობებში ფაქტობრივად იზიარებენ პოზიციას, რომლის მიხედვითაც სამშენებლო ობიექტზე ადმინისტრაციული აქტის განთავსება საკმარისია ინფორმირების სამართლებრივი შედეგის დასადგომად. შედეგად, ფაქტობრივი ინფორმირებულობის საკითხი პრაქტიკულად აღარ წარმოადგენს სამართლებრივი შეფასების საგანს. პირი ინფორმირებულად ითვლება არა იმიტომ, რომ მან ინფორმაცია მიიღო, არამედ იმიტომ, რომ კანონმა ასეთი სამართლებრივი შედეგი დააკავშირა აქტის განთავსების ფაქტთან.

ამგვარი მიდგომის პრაქტიკული შედეგები განსაკუთრებით მძიმეა. გაკვრით ჩაბარებული დადგენილებების გასაჩივრების ვადა ითვლება განთავსების მომენტიდან და მისი გასვლის შემდეგ შეტანილი ადმინისტრაციული საჩივრები, როგორც წესი, განუხილველად რჩება. შედეგად, პირს ერთმევა შესაძლებლობა, არსებითად იდავოს მის მიმართ მიღებული აქტების კანონიერებაზე. ამას შეიძლება მოჰყვეს ჯარიმების აღსრულება, აქტივების დაყადაღება, უკანონოდ მიჩნეული მშენებლობის დემონტაჟი და სხვა მნიშვნელოვანი სამართლებრივი შედეგები.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ასეთ ვითარებაში ზიანი მხოლოდ ქონებრივი არ არის. პრობლემის არსი იმაში მდგომარეობს, რომ პირი კარგავს შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღოს იმ ადმინისტრაციულ წარმოებაში, რომლის შედეგებიც პირდაპირ ზემოქმედებს მის უფლებრივ მდგომარეობაზე. შესაბამისად, ინფორმირებულობის სამართლებრივი პრეზუმფცია პრაქტიკაში შეიძლება იქცეს არა პროცესში ჩართვის საშუალებად, არამედ პირის პროცესიდან გამორიცხვის მექანიზმად.

სწორედ აღნიშნულმა გარემოებებმა განაპირობა საკონსტიტუციო დავის წარმოშობა. საქმის არსებითი განხილვისას საკონსტიტუციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მოქმედი რეგულირების პირობებში საერთო სასამართლოები მოკლებულნი იყვნენ შესაძლებლობას, შეეფასებინათ რეალურად დაუკავშირდა თუ არა ადმინისტრაციული ორგანო ადრესატს და ჰქონდა თუ არა მას ინფორმაცია მის მიმართ მიმდინარე წარმოების შესახებ. ამდენად, დავის ცენტრში მოექცა არა კონკრეტული ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედება, არამედ თავად საკანონმდებლო მოდელი, რომელიც ინფორმირებულობის საკმარის საფუძვლად მხოლოდ აქტის სამშენებლო ობიექტზე განთავსებას მიიჩნევს.

ამგვარად, №1782 კონსტიტუციური სარჩელი სცდება ინდივიდუალური საქმის ფარგლებს და აჩენს უფრო ფართო კონსტიტუციურ კითხვას: რამდენად შეესაბამება სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების უფლების არსს ისეთი სამართლებრივი მოდელი, რომელიც პირის ინფორმირებულობას რეალური კომუნიკაციის ნაცვლად სამართლებრივ პრეზუმფციას აფუძნებს.

3.2. გაკვრით ჩაბარების ინსტიტუტის შეფასება სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოებისა და თანაზომიერების პრინციპის ჭრილში

კონსტიტუციური უფლების შეზღუდვის შეფასება თანაზომიერების ტესტის საფუძველზე ხორციელდება. სასამართლო ამოწმებს, არსებობს თუ არა უფლებაში ჩარევა, ემსახურება თუ არა შეზღუდვა ლეგიტიმურ მიზანს, არის თუ არა გამოყენებული საშუალება გამოსადეგი, აუცილებელი და უზრუნველყოფს თუ არა სამართლიან ბალანსს საჯარო და კერძო ინტერესებს შორის. სწორედ აღნიშნული ტესტის საფუძველზე უნდა შეფასდეს „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 128-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის მიხედვითაც სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოების დოკუმენტის სამშენებლო ობიექტზე განთავსება პირის ინფორმირებულობის საკმარის საფუძვლად მიიჩნევა.

უპირველეს ყოვლისა, უნდა დადგინდეს, იწვევს თუ არა სადავო ნორმა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლით დაცულ სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების უფლებაში ჩარევას. ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის შესაძლებლობა უშუალოდ არის დაკავშირებული პირის ინფორმირებულობასთან. პირი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს საკუთარი ინტერესების დაცვას, მტკიცებულებების წარდგენას, განმარტებების მიცემას, ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციის გაბათილებასა და გასაჩივრების მექანიზმების გამოყენებას, თუ მისთვის ცნობილია, რომ მის მიმართ მიმდინარეობს შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოება. როდესაც სამართლებრივი შედეგი დგება პირის ფაქტობრივი ინფორმირების გარეშე და იგი სამართლებრივად ინფორმირებულად მიიჩნევა მხოლოდ აქტის ობიექტზე განთავსების საფუძველზე, ჩნდება კითხვა, ხომ არ იზღუდება მისი შესაძლებლობა სრულფასოვნად მონაწილეობა მიიღოს ადმინისტრაციულ წარმოებაში. სწორედ ამ გარემოების შეფასება წარმოადგენს ერთ-ერთ საწყის საკითხს, რომელზეც საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწევს პოზიციის ჩამოყალიბება.

შემდგომ ეტაპზე უნდა შეფასდეს, ემსახურება თუ არა აღნიშნული შეზღუდვა ლეგიტიმურ მიზანს. სახელმწიფოს მიერ დასახელებული მიზნები - სამშენებლო კონტროლის ეფექტიანობა, უკანონო მშენებლობებზე დროული რეაგირება, საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა და ადმინისტრაციული წარმოების ოპერატიულობის უზრუნველყოფა - თავისთავად შეიძლება შეფასდეს კონსტიტუციურად ლეგიტიმურ ინტერესებად. სამშენებლო საქმიანობის სფერო უშუალოდ უკავშირდება ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას, უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს უზრუნველყოფას და სივრცითი განვითარების კანონიერებას. შესაბამისად, სახელმწიფოს აქვს არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულებაც, განახორციელოს ეფექტიანი კონტროლი სამშენებლო საქმიანობაზე.

თუმცა მიზნის ლეგიტიმურობა ავტომატურად არ ამართლებს უფლების შეზღუდვას. ამისათვის აუცილებელია შეფასდეს, რამდენად შეესაბამება შერჩეული საშუალება თანაზომიერების დანარჩენ კრიტერიუმებს.

უპირველესად უნდა შეფასდეს გამოსადეგობის კრიტერიუმი. აღნიშნული ტესტი მოითხოვს, არსებობდეს ლოგიკური და რაციონალური კავშირი გამოყენებულ საშუალებასა და დასახულ მიზანს შორის. ფორმალური თვალსაზრისით, ადმინისტრაციული აქტის სამშენებლო ობიექტზე განთავსება მართლაც შეიძლება ხელს უწყობდეს ადმინისტრაციული წარმოების დაჩქარებას და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილებების ოპერატიულ მიღებას. ასეთ შემთხვევაში ორგანო თავისუფლდება დამატებითი პროცედურების განხორციელებისგან და სამართლებრივი შედეგის დადგომას უკავშირებს დოკუმენტის განთავსების ფაქტს. შესაბამისად, შეუძლებელია იმის უარყოფა, რომ სადავო ნორმასა და მის მიერ დეკლარირებულ მიზნებს შორის გარკვეული რაციონალური კავშირი არსებობს.

მიუხედავად ამისა, სადავო ნორმის ყველაზე მნიშვნელოვანი კონსტიტუციური პრობლემა აუცილებლობის კრიტერიუმის შეფასებისას იკვეთება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, უფლებაში ჩარევა მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს კონსტიტუციურად გამართლებულად, როდესაც იმავე მიზნის მიღწევა შეუძლებელია უფლების ნაკლებად მზღუდველი საშუალებით. სწორედ ამ ეტაპზე ჩნდება კითხვა, რამდენად აუცილებელია პირის ინფორმირებულად მიჩნევა მხოლოდ ადმინისტრაციული აქტის სამშენებლო ობიექტზე განთავსების საფუძველზე მაშინ, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოსთვის ცნობილია მისი ვინაობა, საცხოვრებელი ან იურიდიული მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი ან სხვა საკონტაქტო მონაცემები.

თანამედროვე ადმინისტრაციულ ურთიერთობებში სახელმწიფოს ხელთ აქვს ინფორმაციის მიწოდების მრავალი დამატებითი საშუალება, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის ინფორმაციის ადრესატამდე რეალურად მიღწევის შესაძლებლობას. საფოსტო გზავნილი, ელექტრონული კომუნიკაცია, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მისამართზე შეტყობინების გაგზავნა ან სხვა ალტერნატიული მექანიზმები საშუალებას იძლევა პირისთვის ინფორმაციის მიწოდების უფრო მაღალი სტანდარტი იყოს უზრუნველყოფილი. ამ ფონზე რთულია იმის დასაბუთება, რომ პირის ინფორმირებულად მიჩნევა მხოლოდ აქტის ობიექტზე განთავსების საფუძველზე წარმოადგენს ერთადერთ ან აუცილებელ საშუალებას. პირიქით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ სადავო ნორმა უპირატესობას ანიჭებს ადმინისტრაციული ორგანოს კომფორტს და არა პირის რეალური ინფორმირების უზრუნველყოფას.

განსაკუთრებით პრობლემურია ის გარემოება, რომ მოქმედი მოდელი ფაქტობრივ ინფორმირებულობას სამართლებრივი ფიქციით ანაცვლებს. სამართლებრივი შედეგი დგება არა იმიტომ, რომ პირმა ინფორმაცია რეალურად მიიღო, არამედ იმიტომ, რომ კანონი ასეთ შედეგს უკავშირებს დოკუმენტის განთავსების ფაქტს. შედეგად, ინფორმირებულობა, რომელიც სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების ერთ-ერთ ფუნდამენტურ გარანტიას წარმოადგენს, რეალური შინაარსისგან იცლება და იურიდიულ ფიქციად გარდაიქმნება.

სადავო ნორმის შეფასებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ასევე პროპორციულობის კრიტერიუმს, რაც გულისხმობს საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეპირისპირებას. ამ ეტაპზე უნდა დადგინდეს, აღემატება თუ არა უფლების შეზღუდვით მიღებული სარგებელი იმ ზიანს, რომელიც ინდივიდს ადგება. ერთი მხრივ, სახელმწიფო იღებს შესაძლებლობას უფრო სწრაფად წარმართოს ადმინისტრაციული წარმოება და სამართლებრივი შედეგები დააკავშიროს მხოლოდ აქტის განთავსების ფაქტთან. მეორე მხრივ კი, პირი შესაძლოა სრულად გამოეთიშოს მის მიმართ მიმდინარე ადმინისტრაციულ პროცესს. იგი კარგავს შესაძლებლობას, წარადგინოს საკუთარი პოზიცია, გააქარწყლოს მის წინააღმდეგ არსებული გარემოებები, წარადგინოს მტკიცებულებები, აღმოფხვრას დარღვევა, ისარგებლოს გასაჩივრების უფლებით ან მოითხოვოს აქტის მოქმედების შეჩერება.

ამასთანავე, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოების შედეგები ხშირად უკავშირდება მაღალი ოდენობის ჯარიმებს, უკანონო მშენებლობის დემონტაჟს, საკუთრებით სარგებლობის მნიშვნელოვან შეზღუდვას და ზოგიერთ შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის წარმოშობის წინაპირობების შექმნასაც. შესაბამისად, ინფორმირებულობის სამართლებრივი ფიქციის საფუძველზე დამდგარი შედეგები მნიშვნელოვან და ზოგჯერ შეუქცევად გავლენას ახდენს პირის უფლებრივ მდგომარეობაზე. განსაკუთრებით მძიმეა დემონტაჟის შემთხვევები, როდესაც ფაქტობრივი შედეგი შეიძლება დადგეს მანამ, სანამ პირი საერთოდ შეიტყობს მის მიმართ მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების შესახებ.

 

მოქმედი რეგულაცია წინააღმდეგობაში მოდის თავად სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოების პრევენციულ ბუნებასთანაც. კოდექსით გათვალისწინებული მითითების ინსტიტუტი მიმართულია არა მხოლოდ სამართალდარღვევის გამოვლენისკენ, არამედ მისი გამოსწორებისა და სანქციის თავიდან აცილებისკენ. აღნიშნული მექანიზმის არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ პირს მიეცეს შესაძლებლობა აღმოფხვრას დარღვევა და თავიდან აიცილოს შემდგომი სამართლებრივი შედეგები. როდესაც პირი სამართლებრივად ინფორმირებულად ითვლება, თუმცა რეალურად არ ფლობს ინფორმაციას, ეს პრევენციული ფუნქცია პრაქტიკულად ქრება და საქმისწარმოება ძირითადად სადამსჯელო ხასიათს იძენს.

ამდენად, თანაზომიერების ტესტის ეტაპობრივი ანალიზი აჩვენებს, რომ სადავო ნორმასთან მიმართებით მნიშვნელოვანი კონსტიტუციური კითხვები იკვეთება, განსაკუთრებით აუცილებლობისა და პროპორციულობის კრიტერიუმების ჭრილში. მართალია, სახელმწიფოს მიერ დასახელებული მიზნები — სამშენებლო კონტროლის ეფექტიანობა, უკანონო მშენებლობებზე დროული რეაგირება და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა — ლეგიტიმურ ხასიათს ატარებს, თუმცა სადავო მოწესრიგება წარმოშობს კითხვას, რამდენად აუცილებელია ამ მიზნების მიღწევა ისეთი მექანიზმის გამოყენებით, რომელიც პირის ფაქტობრივ ინფორმირებულობას სამართლებრივი პრეზუმფციით ანაცვლებს.

განსაკუთრებით საყურადღებოა ის გარემოება, რომ მოქმედი მოდელის პირობებში პირისთვის შეიძლება დადგეს მნიშვნელოვანი ქონებრივი და სამართლებრივი შედეგები იმ შემთხვევაშიც, როდესაც მას რეალური შესაძლებლობა არ ჰქონია გაეცნო მის მიმართ მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებას. აღნიშნული გარემოება აჩენს საფუძველს მსჯელობისთვის, რომ სადავო ნორმის შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლით დაცულ სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების უფლებასთან საჭიროებს მკაცრ კონსტიტუციურ შეფასებას.

სწორედ ამიტომ, №1782 კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწევს განსაზღვროს, რამდენად შეესაბამება ინფორმირებულობის არსებული სამართლებრივი მოდელი სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების კონსტიტუციურ სტანდარტს და უზრუნველყოფს თუ არა იგი ადეკვატურ ბალანსს ადმინისტრაციული ეფექტიანობის საჯარო ინტერესსა და პირის პროცედურულ უფლებებს შორის.

დასკვნა

წინამდებარე სტატიის მომზადების ფარგლებში განხორციელებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოებაში ადმინისტრაციული აქტის „გაკვრით ჩაბარების“ ინსტიტუტი დროთა განმავლობაში არსებითად გარდაიქმნა და მისი ფუნქციური შინაარსი მნიშვნელოვნად დაშორდა თავდაპირველ მიზანს.

ნაშრომში გაანალიზებული ისტორიული განვითარება, სასამართლო პრაქტიკა და კონსტიტუციური სტანდარტები ადასტურებს, რომ აღნიშნული ინსტიტუტი თავდაპირველად ემსახურებოდა უკიდურეს, სუბსიდიურ მექანიზმს, რომელიც გამოიყენებოდა მხოლოდ მაშინ, როდესაც პირისთვის აქტის პირდაპირი ჩაბარება ობიექტურად შეუძლებელი იყო. შესაბამისად, მისი არსი ეფუძნებოდა არა ფორმალურ, არამედ პირის რეალური ინფორმირების უზრუნველყოფის პრინციპს.

თანამედროვე რეგულირების პირობებში კი გაკვრით ჩაბარება გადაიქცა დამოუკიდებელ და საკმარის საფუძვლად პირის ინფორმირებულად მიჩნევისათვის, რაც ფაქტობრივი ინფორმირების სტანდარტს სამართლებრივი ფიქციით ანაცვლებს. ეს ცვლილება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციული აქტები პირდაპირ გავლენას ახდენს პირის ქონებრივ უფლებებზე, გასაჩივრების ვადებზე და ზოგ შემთხვევაში - შემდგომი პასუხისმგებლობის, მათ შორის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, წინაპირობებზე.

საკონსტიტუციო სამართლის პერსპექტივიდან, აღნიშნული მოდელი უნდა შეფასდეს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლით გარანტირებული სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების უფლების, ეფექტიანი სამართლებრივი დაცვისა და თანაზომიერების პრინციპების ჭრილში. ამ სტანდარტების მიხედვით, პროცედურული გარანტიები არ შეიძლება შემოიფარგლოს მხოლოდ ფორმალური შეტყობინებით; გადამწყვეტია, აქვს თუ არა პირს რეალური შესაძლებლობა გაეცნოს მის მიმართ მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებას და ეფექტიანად დაიცვას საკუთარი უფლებები.

ამ თვალსაზრისით, სადავო ნორმის შეფასებისას მნიშვნელოვანი ხდება ბალანსი საჯარო ინტერესს - სწრაფ და ეფექტიან სამშენებლო კონტროლს — და ინდივიდის უფლებებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს არგუმენტები ეფუძნება უსაფრთხოებისა და ადმინისტრაციული ეფექტიანობის ლეგიტიმურ მიზნებს, კონსტიტუციური სტანდარტი მოითხოვს, რომ ეს მიზნები განხორციელდეს პირის უფლებების არაპროპორციული შეზღუდვის გარეშე.

სწორედ ამიტომ, №1782 კონსტიტუციური სარჩელის მნიშვნელობა სცდება კონკრეტული ნორმის შეფასების ფარგლებს და უკავშირდება უფრო ფუნდამენტურ საკითხს - ინფორმირების რა სტანდარტი შეიძლება ჩაითვალოს საკმარისად სამართლებრივ სახელმწიფოში? საკითხი იმაში მდგომარეობს, საკმარისია თუ არა სახელმწიფოს მიერ დოკუმენტის ფორმალურად განთავსების დადასტურება, თუ კონსტიტუციური წესრიგი მოითხოვს უფრო მაღალ სტანდარტს და სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას, გონივრულ ფარგლებში უზრუნველყოს ინფორმაციის რეალურად მიწოდების შესაძლებლობა.

ამ კითხვაზე საბოლოო პასუხი ჯერ კიდევ არ არსებობს, ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. თუმცა უკვე არსებული მსჯელობა და სასამართლო განხილვის დინამიკა ცხადყოფს, რომ დავის შედეგი გავლენას მოახდენს არა მხოლოდ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოებაზე, არამედ ზოგადად ადმინისტრაციული სამართლის განვითარებაზეც.

თუ სასამართლო დაადასტურებს სადავო ნორმის კონსტიტუციურობას, ეს ნიშნავს, რომ გარკვეულ შემთხვევებში პირის ინფორმირებულობის სამართლებრივი პრეზუმფცია შეიძლება საკმარისად ჩაითვალოს სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ხოლო თუ სასამართლო გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას, ეს იქნება მნიშვნელოვანი განმარტება იმისა, რომ კონსტიტუციური სტანდარტი იცავს არა ფორმალურად, არამედ რეალურად ინფორმირებულ პირს.

საბოლოოდ, განსახილველი დავა მხოლოდ ერთი მუხლის კონსტიტუციურობაზე არ არის. მისი რეალური მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განსაზღვროს, რა ადგილი უჭირავს სუბიექტს ადმინისტრაციულ პროცესში. არის თუ არა იგი პროცესის სრულფასოვანი მონაწილე, რომელსაც სახელმწიფომ რეალურად უნდა მიაწვდინოს ინფორმაცია, თუ საკმარისია ფასადზე გაკრული დოკუმენტები, რათა ჩაითვალოს, რომ მოქალაქე ინფორმირებულია. სწორედ ამ კითხვაზე პასუხი განსაზღვრავს, დარჩება თუ არა ზემოაღნიშული პროცედურა სამართლებრივ ფიქციად, თუ ქართული კონსტიტუციური მართლმსაჯულება წარმოების ცენტრში დააბრუნებს იმ სუბიექტს, ვისი უფლებების დაცვისკენაც სამართალი საბოლოოდ არის მიმართული - ადამიანს.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი