ავტორი: მარი ბერუაშვილი
სამართლის მაგისტრი; ადვოკატი სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით
მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირის სამართლებრივი მდგომარეობა
პირისათვის მარტოხელა მშობლის სტატუსი არსებობის მთავარ ღირებულებას, იმ სოციალური გარანტიების გარდა, რომელთაც სახელმწიფო სთავაზობს ან უნდა სთავაზობდეს, გართულებების გარეშე არასრულწლოვან შვილთან დაკავშირებით დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება (მეორე მშობლის თანხმობის გარეშე) და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების თავისუფლად განხორციელების შესაძლებლობა წარმოადგენს. შესაბამისად, ბუნებრივია მარტოხელა მშობლის სურვილი, რომ მათი რეალური მდგომარეობა სამართლებრივი სტატუსით იქნეს დეფინიცირებული და ამის ირგვლივ არსებული საკითხები სრულყოფილად მოაწესრიგოს კანონმდებლობამ, თუმცა სამწუხაროა, რომ ჩვენი ქვეყანა ამ სტატუსის მქონე პირებს ვერ სთავაზობს ვერც სრულყოფილ საკანონმდებლო ბაზას და ვერც რაიმე ღირებულ სოციალურ გარანტიებს, რომელთაც შეუძლია მათი და მათი არასრულწლოვანი შვილების წინაშე მდგარი სირთულეების მეტ-ნაკლებად შემსუბუქება.
საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, მარტოხელა მშობლების სამართლებრივ მდგომარეობასა და სტატუსს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 119-ე1 მუხლი განსაზღვრავს, რომელიც გვიდგენს მარტოხელა მშობლის ლეგალურ ცნებას. აღნიშნული მუხლის თანახმად, მარტოხელა მშობელს წარმოადგენს მარტოხელა დედის ან მარტოხელა მამის სტატუსის მქონე პირი, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ამავე ნორმით განსაზღვრულ წინაპირობას – უნდა ჰყავდეს ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი, რომლის დაბადების აქტის ჩანაწერში არ უნდა იყოს შეყვანილი ჩანაწერი ბავშვის მამის/დედის შესახებ. გარდა ამისა, მარტოხელა მშობლის სტატუსი შეუძლია მიიღოს პირმა, რომელსაც 18 წლამდე ასაკის ბავშვი ჰყავს აყვანილი და ბავშვის შვილად აყვანის მომენტში არ იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში. უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წლის 28 დეკემბერს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით (N1/6/1320) 2022 წლის 1 ივლისიდან ძალადაკარგულად გამოცხადდა ზემოთხსენებული ნორმის მე-2 და მე-3 ნაწილები (მიუხედავად გადაწყვეტილების მიღების თარიღისა სადავო ნორმების ძალადაკარგულად გამოცხადება გადავადდა ივლისამდე, რათა საფრთხე არ შექმნოდა იმ პირთა ინტერესებს, რომელთაც სადავო რეგულირების საფუძველზე, შესაძლებლობა აქვთ მიიღონ მარტოხელა მშობლის სტატუსი), რომლის მიხდვითაც პირის მიერ მარტოხელა მშობლის სტატუსის მიღების შესაძლებლობა შეუძლებელი იყო, იმ შემთხვევაში, თუკი ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში შეტანილი იყო ჩანაწერი მისი მეორე მშობლის შეახებ. რაც, ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ მარტოხელა მშობლის სატუსის მქონე პირების არსებითად თანასწორ პირებად მიიჩნია მხოლოდ ისეთი მარტოხელა მშობლები, რომლებიც ფაქტობრივად ასევე მარტო ზრდიან არასრულწლოან შვილს და ამავდროულად, მეორე მშობელი გარდაცვლილია, გამოცხადებულია გარდაცვლილად, აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან ჩამორთმეული აქვს მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა, ხოლო ორივე მშობლის არსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მიერ არსებითად თანასწორ პირებად არ იქნა მიჩნეული ერთი მხრივ, მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირები და მეორე მხრივ, ფაქტობრივად მარტოხელა მშობლები, რომლებიც ერთპიროვნულად იღებენ ბავშვის აღზრდაში მონაწილეობას, თუმცა ბავშვის მეორე მშობელი სახეზეა (სასამართლოს განმარტებით სახელმწიფოს მხრიდან მშობლისა და არასრულწლოვანი შვილის ურთიერთობაში ისეთი ფორმით ჩარევამ, როგოც არის ბავშვის ერთ-ერთი მშობლის მარტოხელა მშობლის აღიარება, შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს). ამრიგად, კანონმდებლობა პრაქტიკულად ისევ სტატუსის მიღმა ტოვებს ისეთ მოწყვლად ჯგუფებს, სადაც მოიაზრებიან მარტოხელა მშობლები, რომლებსაც არარეგისტრირებული ქორწინებიდან ჰყავთ შვილები, მაგრამ მათი შვილების დაბადების მოწმობებში ფორმალურად დაფიქსირებულია მეორე მშობლის მონაცემები (აღნიშნული მონაცემების ფორმალური არსებობა განპირობებულია მრავალი გარემოებებით, როგორიც იყო თავდაცვა საზოგადოების მხრიდან უარყოფითი დამოკიდებულებისაგან და სხვ. ), თუმცა ბავშის აღზრდის და განვითარების სრული პასუხისმგებლობა მხოლოდ ერთი მშობლის (როგორც წესი დედის) საზრუნავს წარმოადგენს (აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მსგავს შემთხვევებში ალიმენტის დაკისრების შესაძლებლობა მეორე მშობლისათვის არც თუ ისე ეფექტურ სამართლებრივ ბერკეტს წარმოადგენს, ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება დამოკიდებულია ამ მშობლის ქონებრივ/ქონების ლიკვიდურ მდგომარეობაზე).
მიუხედავად იმისა, რომ კანონი უშვებს შესაძლებლობას, როგორც დედამ, ასევე მამამ მიიღოს მარტოხელა მშობლის სტატუსი შესაბამისი საფუძვლ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში, კანონით დადგენილი კრიტერიუმები პრაქტიკულად გამორიცხავს მამის მხრიდან ამ სტატუსის მიღების შესაძლებლობას, რის საფუძველზეც შეიძლება ითქვას, რომ მარტოხელა მამების საჭიროებანი არც არის ინტეგრირებული მოქმედ კანონმდებლობაში, უფრო ზუსტად კი:
„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ბავშვის დაბადების დადასტურების ერთ-ერთ და ხშირად გამოყენებულ საფუძვლად სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა მიიჩნევა (იხ. 21-ე მუხლი „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონისა), ბავშვის დაბადების რეგისტრაციისათვის კი მნიშვნელობა არ აქვს, ბავშვი რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მშობლებისგან დაიბადა თუ არარეგისტრირებულ ურთიერთობაში მყოფთაგან – დაბადების რეგისტრაცია ნებისმიერ შემთხვევაში სავალდებულოა. იმ შემთხვევაში კი, თუ ბავშვი დაუქორწინებელ დედას შეეძინება და არც მშობელთა ერთობლივი განცხადება ან სასამართლოს გადაწყვეტილება არსებობს მამობის დადგენის შესახებ, დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ბავშვის მამის მონაცემები არ მიეთითება, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ დედის სურვილის შემთხვევაში იგი უკვე აკმაყოფილებს მთავარ კრიტერიუმს, რომლის საფუძველზეც შეუძლია მარტოხელა მშობლის სტატუსის მიღება. ე.ი., კანონში არაფერია ნათქვამი, რა შემთხვევაში მიუთითებენ ბავშვის დაბადების ჩანაწერში მხოლოდ მამის მონაცემებს, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ, მიუხედავად საკანონმდებლო, და ზოგადად თეორიული, დაშვებისა, ჩვენს ქვეყანაში თითქმის არარეალურია აღნიშნული სტატუსის მამის მიერ მიღება, თუმცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 28.12.2021 წლის #N1/6/1320 გადაწყვეტილების საფუძველზე შესაძლოა ეს მოცემულობა მნიშვნელოვნად შეიცვალოს მიმდინარე წლის 1 ივლისიდან, მას შემდეგ რაც კანონმდებელი შემგვთავაზებს ახლად ფორმულირებულ სამართლებრივ ნორმას სტატუსის მიღების წინაპირობებთან დაკავშირებით.
გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა, მარტოხელა მშობელთან დაკავშირებული საკითხები მეტ-ნაკლებად მოწესრიგებულია საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 16 ივნისის ერთობლივი ბრძანებითაც – N79/01-18/ნ, რომლის შესაბამისად, სტატუსის დადგენის შესახებ განცხადების წარდგენის უფლება აქვთ: 1) სტატუსის მაძიებელ პირს 16 წლის ასაკიდან, თუ ქორწინების საფუძველზე შეძენილი აქვს ქმედუნარიანობა; 2) სტატუსის მაძიებელი 18 წლამდე პირის ერთ-ერთ კანონიერ წარმომადგენელს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ 16-იდან 18 წლამდე ასაკის პირს ქორწინების საფუძველზე აქვს შეძენილი ქმედუნარიანობა; 3) მხარდაჭერის მიმღებს მხარდამჭერის თანხმობით, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის დადგენილი და 4) მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, თუ პირი იმყოფება მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ; სტატუსის მაძიებელი პირის მიერ წარსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი განსაზღვრულია ზემოხსენებული ბრძანებით. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი დაბადებულია საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ და სტატუსის მაძიებელს არ შეუძლია წარმოადგინოს დაბადების მოწმობა, აღნიშნული დოკუმენტის ნაცვლად შესაძლებელია სააგენტოსთვის წარდგენილ იქნეს შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის ვინაობას, მისი დაბადების ფაქტს, მშობლების ვინაობას და დაბადების აქტის რეგისტრაციის მონაცემებს.
პირისათვის მარტოხელა მშობლის სტატუსის მინიჭების საკითხს იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული სამსახური, რომელიც უფლებამოსილია სტატუსის მაძიებელი გასაუბრებაზე მიიწვიოს. წარმოების პროცესში აგრეთვე შესაძლებელია მიწვეულ იქნენ მოწმეები და სხვა დაინტერესებული პირებიც. გასაუბრებას ატარებს/ატარებენ სტატუსის დადგენის თაობაზე განცხადების განმხილველი ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი პირი/პირები, გასაუბრების შესახებ კი დგება შესაბამისი ოქმი. გადაწყვეტილება სტატუსის დადგენის შესახებ განცხადების წარდგენიდან 30-ე დღეს მიიღება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სტატუსის დადგენის შესახებ საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დასადგენად აუცილებელია დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის მოპოვება, გადაწყვეტილების გამოტანის ვადა ჩერდება ხსენებული დოკუმენტის/ინფორმაციის მოპოვებამდე, არა უმეტეს 6 თვისა.
სტატუსის გაუქმების საფუძვლები სამოქალაქო კოდექსის მოქმედი რედაქციით მარტოხელა მშობლის სტატუსის გაუქმების საფუძვლები ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში მეორე მშობლის შესახებ ჩანაწერის შეტანა, შვილის (შვილად აყვანილი პირის) მიერ 18 წლის ასაკის მიღწევა, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რაიმე სხვა გარემოება, რომელიც გამორიცხავს მარტოხელა მშობლის სტატუსის ქონას (11911.4 მუხლი). უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებული მუხლის მოდიფიცირება 2017 წელს (2017 წლის 22 დეკემბრის საკანონმდებლო ცვლილებებამდე სტატუსის გაუქმების ერთ-ერთი საფუძველი მარტოხელა მშობლის რეგისტრირებულ ქორწინებაში შესვლა გახლდათ), სახალხო დამცველის მიერ საქართველოს პარლამენტისათვის წინადადებით მიმართვის შემდგომ განხორციელდა, რაც მიზნად ისახავდა მარტოხელა მშობლის სტატუსის შეწყვეტის სამართლებრივი საფუძვლის შესწორებას. მართალია, სახალხო დამცველის ამ წინადადებას პარლამენტმა მხარი დაუჭირა და შესაბამისი ცვლილებაც განხორციელდა, მაგრამ საგულისხმოა, რომ კვლავ დარჩა/რჩება სხვადასხვა სიძნელე მარტოხელა მშობლის სტატუსის სამართლებრივი რეგულირების თვალსაზრისით, მაგალითად: საკანონმდებლო ცვლილების შესაბამისად, სტატუსის გაუქმების საფუძვლის სახით გაუქმდა ჩანაწერი რეგისტრირებული ქორწინების შესახებ, თუმცა ცვლილება არ შესულა საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2015 წლის 16 ივნისის ერთობლივ ბრძანებაში N79/01-18/ნ, რომლის 10.1 მუხლის შესაბამისად, მარტოხელა მშობლის სტატუსის გაუქმების ერთ-ერთ საფუძვლად კვლავ მშობლის რეგისტრირებულ ქორწინებაში არსებობა/შესვლა მიიჩნევა. მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იერარქიულად ზემდგომი საკანონმდებლო აქტია ხსენებულ კანონქვემდებარე აქტთან მიმართებით, მაგრამ ამ მოცემულობის მიხედვით ვერ ვიტყვით, რომ ჩვენ წინაშეა ნორმათა გარკვეული კოლიზია, ვინაიდან სსკ-ის 11911.4 მუხლში გვაქვს შემდეგი ჩანაწერი: „სტატუსის გაუქმების საფუძველია (...) აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გარემოება“, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ ხსენებულ მუხლში სტატუსის გაუქმების საფუძვლები არ არის ამომწურავად მოცემული და სავარაუდოა სხვა გარემოებათა არსებობა: მოცემულ შემთხვევაში კანონქვემდებარე აქტით/ბრძანებით გათვალისწინებული რომელიმე დამატებითი საფუძველი, რაც, ბუნებრივია, წარმოშობს სადავო საკითხებსა და გაურკვევლობას სტატუსის გაუქმების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების/მიმდინარეობის პროცესში.
სოციალური გარანტიები მართალია, მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენის საკითხი მეტ-ნაკლებად რეგულირდება დღეს მოქმედი კანონმდებლობით, მაგრამ რამდენად არის იგი სარგებლის მომტანი და ღირს თუ არა პირის მიერ ამ სტატუსის მოსაპოვებლად ადმინისტრაციული წარმოების დაწყება, დოკუმენტაციის შეგროვება და სხვა შესაბამის ქმედებათა განხორციელება, ცალკე განხილვის საგანია, რადგან ჩვენს ქვეყანაში რეალურად არ არსებობს ისეთი სოციალური გარანტიები ან/და დახმარება, რომლებიც მარტოხელა მშობლის სტატუსის მოპოვებას მნიშვნელოვანსა და მომგებიანს გახდის, კერძოდ კი, ჯერჯერობით მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირები არ არიან ცალკე ჯგუფად/კატეგორიად გამოყოფილი და ამ სტატუსის საფუძველზე მათზე არ ვრცელდება რაიმე სახის სოციალური დახმარება ან/და შეღავათი, გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსისა, რომლითაც განსაზღვრულია გარკვეული საგადასახადო შეღავათი – კოდექსის 82.2 („ა.გ“ პუნქტი) მუხლის თანახმად, საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება კალენდარული წლის განმავლობაში მარტოხელა დედის მიერ მიღებული 3 000 ლარამდე შემოსავალი, თუმცა ამ საკანონმდებლო ჩანაწერში შესამჩნევია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზემოხსენებულ მუხლთან არსებული წინააღმდეგობა: სსკ-ის მიხედვით, მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე შეიძლება იყოს როგორც დედა, ასევე მამაც; თუმცა, საგადასახადო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმის ხარვეზიდან გამომდინარე, მარტოხელა მამის წლიურ შემოსავალზე აღნიშნული შეღავათი არ/ვერ ვრცელდება, რაც, ბუნებრივია, დისკრიმინაციული ჩანაწერია. ხარვეზიანია „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის შესახებ საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 20.05.2010 წლის N141/ნ ბრძანებაც, რომლის მე-7 მუხლში მოცემული ოჯახის დეკლარაციის ბლოკში („სპეციალური სტატუსი და კატეგორია“) აღნიშნულია ოჯახის წევრთა სპეციალური სტატუსი. ბლოკში გათვალისწინებულია სტატუსი „მარტოხელა დედა“ – პირი, რომელსაც არ ჰყოლია მეუღლე ან ქვრივია და ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილ(ებ)ი. ცხადია, პირის სპეციალური სტატუსი და კატეგორია გავლენას ახდენს ოჯახის სარეიტინგო ქულათა ოდენობაზე, ხოლო მოცემული დისკრიმინაციული ხასიათის დებულება ზიანს აყენებს მარტოხელა მამის სტატუსის მქონე პირს, ამასთან ერთად იგი ვერ ეთანხმება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1191.1-ე მუხლის დეფინიციას, რაც საკანონმდებლო ხარვეზია და, რაღა თქმა უნდა, საჭიროებს გამოსწორებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ, მიუხედავად საკანონმდებლო დონეზე სტატუსისა და მისი მიღებისათვის შესაბამისი საკითხების განსაზღვრისა (რომელშიც, როგორც უკვე აღინიშნა, არსებობს არაერთი საკანონმდებლო ხარვეზი), ჩვენს ქვეყანაში პრაქტიკულად არ არის მოწესრიგებული მარტოხელა მშობლების ირგვლივ არსებული უმნიშვნელოვანესი საკითხები და, ამასთან ერთად, არ არსებობს სახელმწიფო სოციალური გარანტიები/დახმარებები, რომლებიც გადამწყვეტია მარტოხელა მშობლებისა და მათი არასრულწლოვანი შვილების სამართლებრივი, სოციალური თუ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მათ წინაშე არსებული სირთულეების გასამკლავებლად.