სახელმწიფოს როლი ქართული ღვინის ხარისის უზრუნველყოფაში: სამართლებრივი ჩარჩოს მიმოხილვა

4 ოქტომბერი 2020

ავტორი: სალომე ქურდაძე
იურიდიული სამმართველოს უფროსი
სსიპ-ღვინის ეროვნული სააგენტო

 

საქართველოში ღვინის დაყენების ტრადიცია რვა ათას წელს ითვლის და მას ქართულ კულტურაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის - იუნესკოს გადაწყვეტილებით, 2013 წლიდან, ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შევიდა.  2017 წელს კი, საფრანგეთის ქალაქ ბორდოში - ღვინის მსოფლიო დედაქალაქში განხორციელებული პროექტის ,,საქართველო ღვინის აკვანი“-ს ფარგლებში, მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებამ  საქართველო ,,ღვინის სამშობლოდ“ აღიარა. 
 

ქართული ღვინის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებული იმიჯისა და ღვინის ექსპორტის რაოდენობრივი ზრდის პარალელურად, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ქართული ღვინის ხარისხის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებას. ვინაიდან მეღვინეობა არაერთხელ იქნა აღიარებული ქვეყნის ეკონომიკის პრიორიტეტულ მიმართულებად, საქართველოს მეღვინეობის დარგის მარეგულირებელი ორგანოს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ - ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი სწორედ ქართული ღვინის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის ხელშეწყობა და შესაბამისობის კონტროლია. 

ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) ასოცირების შესახებ შეთანხმების უმნიშვნელოვანესი ნაწილია, ვინაიდან სწორედ იგი მოიცავს ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის მექანიზმს და საქართველოსთვის ხსნის ევროკავშირის შიდა ბაზარს. ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმლის წარმოებისა და რეალიზაციისათვის აუცილებელია ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრების მოთხოვნათა გათვალისწინება და შესაბამისად, კონკურენტუნარიანი ბაზრის განვითარების ხელშესაწყობად მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ მისი პოპულარიზაცია, არამედ  ღვინის მწარმოებელი კომპანიებისათვის ქართული ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის სხვა ალკოჰოლიანი სასმელის ექსპორტისათვის ხელსაყრელი პირობების არსებობა, ქართული ღვინის  ცნობადობა  და მისი ექსპორტის მაჩვენებლის ზრდა.

მევენახეობა-მეღვინეობის  დარგში საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი სამართლებრივი საფუძველი ,,ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონია, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის, როგორც ქვეყნის ისტორიულად, კულტურულად და ეკონომიკურად პრიორიტეტული დარგის, განვითარებას, ვაზის მრავალსაუკუნოვანი ადგილობრივი, ქართული ჯიშების, მეღვინეობის ქართული, ტრადიციული მეთოდების გავრცელებასა და პოპულარიზაციას, მაღალხარისხოვანი ყურძნის, ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის სხვა ალკოჰოლიანი სასმელების წარმოებასა და რეალიზაციას, საქართველოში ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების კონკურენტუნარიანი ბაზრის განვითარებას და მომხმარებელთა ინტერესების დაცვას, ქართული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის საერთაშორისო რეპუტაციის შენარჩუნებასა და ზრდას. აღნიშნულ კანონში 2017 წელს არსებითი ცვლილებები განხორციელდა და გატარებული რეფორმის მიზანი - ღვინის სექტორში არსებულ გამოწვევებზე მორგება და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება იყო. დარეგულირდა ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელების ექსპორტთან, იმპორტთან, ადგილობრივ ბაზარზე განთავსებასთან და სერტიფიცირებასთან დაკავშირებული საკითხები. საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) „ენოლოგიური პრაქტიკის საერთაშორისო კოდექსი“-ს მოთხოვნათა გათვალისწინებით, ახლიდან ჩამოყალიბდა ღვინოების კლასიფიკაცია და განისაზღვრა ღვინის კატეგორიები. ასევე, გათვალისწინებული იქნა  OIV-ის, ევროკავშირისა და WWTG-ის ეტიკეტირებასთან დაკავშირებული წესი და განისაზღვრა პროდუქციის ეტიკეტირებასთან დაკავშირებული ნორმები.

ქართული ღვინის ხარისხის შენარჩუნება  და გაუმჯობესება არა მხოლოდ  ღვინის მწარმოებელი კომპანიების, არამედ სახელმწიფოს პრიორიტეტია.  ღვინის წარმოებასთან დაკავშირებით მიზანშეწონილია გამოვყოთ  სახელმწიფოს მიერ ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის სამი სახის კონტროლის მექანიზმი, რაც განსაზღვრულია ,,ვაზისა და ღვინის“ შესახებ საქართველოს კანონით. ესენია, სახელმწიფო კონტროლი, სახელმწიფო ზედამხედველობა და ინსპექტირება. როდესაც შესაბამისობის დადგენაზე ვსაუბრობთ,  ,,ვაზისა და ღვინის შესახებ“  საქართველოს კანონის გარდა, გასათვალისწინებელია საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 ნოემბრის დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი ,,ღვინის წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“. ტექნიკური რეგლამენტი ადგენს სავალდებულო მოთხოვნებს ღვინის მახასიათებლებთან,  წარმოების წესებთან, დავარგებასთან, სამომხმარებლო ბაზარზე ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული დასახელების, ღვინის  განთავსებასა და მეღვინეობის პრაქტიკაში ნებადართულ პროცესებთან, მასალებსა და ნივთიერებებთან დაკავშირებით.  

როგორც უკვე აღინიშნა, შესაბამისობის დადგენის ერთ-ერთი მექანიზმი სახელმწიფო კონტროლია. ეს არის  პროცედურა, რომელსაც უფლებამოსილი ორგანო  ახორციელებს დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელის, დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინისა და დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის სპირტიანი სასმელის წარმოების სფეროში მეწარმის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად (საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 13 დეკემბრის N2-1008 ბრძანება). აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში შემოწმების ობიექტებია ყურძნისა და ღვინის წარმოების ადგილი, ვაზის ჯიში, ყურძნის მაქსიმალური მოსავალი ერთი ჰექტრიდან, ღვინის მაქსიმალური გამოსავლიანობა ერთი ტონა ყურძნიდან, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელების ნაშთები და მათი წარმოების ტექნოლოგიური პროცესები, გამოყენებული მასალები და ნივთიერებები. ზემოაღნიშნული კი ცხადყოფს, რომ ღვინის ხარისხის  კონტროლი არა თავად მზა პროდუქტი - ღვინისგან, არამედ ვაზიდან იწყება. აქვე უნდა გავნმარტოთ, თუ რა იგულისხმება ადგილწარმოშობის დასახელებაში - ეს არის გეოგრაფიული ადგილის თანამედროვე ან ისტორიული სახელი გამოყენებული იმ საქონლის მოსანიშნად, რომელიც წარმოშობილია ამ გეოგრაფიული ადგილიდან და რომლის განსაკუთრებული ხარისხი და თვისებები მთლიანად ან ძირითადად განპირობებულია მხოლოდ ამ გეოგრაფიული ადგილის ბუნებრივი გარემოთი და ადამიანის ფაქტორით და რომლის წარმოება, ნედლეულის დამზადება და დამუშავება ხდება ამ გეოგრაფიული ადგილის საზღვრებში. საქართველოში რეგისტრირებულია 24 დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო, მათ შორის ხვანჭკარა, ტვიში, ქინძმარაული, ახაშენი, მუკუზანი, წინანდალი და სხვა. სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, კანონმდებლობით გათვალისიწნებულ ნორმებთან ერთად სწორედ ზემოაღნიშნული დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის წარმოების სპეციფიკაციასთან შესაბამისობა დგინდება.

გარდა სახელმწიფო კონტროლისა, ღვინის კომპანიის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის კიდევ ერთი მექანიზმი სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელებაა, რომლის მიზანია ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელისა და ყურძნისეული წარმოშობის სპირტის, ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის წარმოების, შენახვისა და რეალიზაციის დადგენილი წესების დარღვევის გამოვლენის უზრუნველყოფა და მათზე რეაგირება. 

სახელმწიფო კონტროლის  და სახელმწიფო ზედამხედველობის შედეგების გათვალისწინება  ხორციელდება შესაბამისობის  სერტიფიკატის გაცემისას და დაცული ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების უფლების მქონე პირის სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში - „საქპატენტში“ რეგისტრაციის დროს, რაც შესაძლებელია განვიხილოთ, როგორც არაპირდაპირი სანქცია შეუსაბამობის არსებობისას.   

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ღვინის ხარისხზე საუბრისას ღვინის კატეგორიის ცვლილებაა. ,,ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად,  დასაშვებია დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო გადახარისხდეს დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინოდ, თუ იგი აკმაყოფილებს ახალი კატეგორიისათვის კანონით დადგენილ მოთხოვნებს. ამასთან, დასაშვებია დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოს, დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინოს მოეხსნას შესაბამისი კატეგორია - ,,ჩამოხარისხდეს“. აღნიშნული კატეგორიის ცვლილება დასაშვებია მეწარმის ინიციატივით ან/და სახელმწიფო კონტროლის საფუძველზე უფლებამოსილი მაკონტროლებელი ორგანოს გადაწყვეტილებით.  მაგალითისათვის, ღვინის მწარმოებელ კომპანიას ნაშთში უფიქსირდება დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო ,,ქინძმარაული“, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში განხორციელებული შემოწმებისას აღებული ნიმუშებზე ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ამ კომპანიის ღვინო არ შეესაბამება ფიზიკო-ქიმიური მახასიათებლებისათვის მოქმედი ნორმებით დადგენილ ზღვრებს ან/და არ არის ნაწარმოები დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო ,,ქინძმარაულის“  წარმოების სპეციფიკაციით განსაზღვრულ მოთხოვნათა შესაბამისად, ღვინო ,,ქინძმარაულმა“ შესაძლოა შეიცვალოს კატეგორია და ჩამოხარისხდეს, პირობითად, როგორც საფერავი.

შემდგომი და ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი სერტიფიცირებაა - პროცედურა, რომელიც ხორციელდება იდენტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმელის, სპირტის, ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად, რომელიც დარეგულირებულია ,,ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელისა და ყურძნისეული წარმოშობის სპირტის სერტიფიცირების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 19 თებერვლის №2-82 ბრძანებით.

სავალდებულო სერტიფიცირებას ექვემდებარება

  • საქართველოში წარმოებული და სამომხმარებლო ბაზარზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო და დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელი;
  • ყველა კატეგორიის საექსპორტო ალკოჰოლიანი სასმელი და სპირტი (გარდა საექსპორტო ნიმუშებისა, თუ ნიმუში დაფასოებულია 5 ლიტრზე ნაკლები ტევადობის ტარაში და ერთ ჯერზე გასაგზავნი ნიმუშების საერთო მოცულობა 100 ლიტრს არ აღემატება);
  • იმპორტირებული ალკოჰოლიანი სასმელის თითოეული პარტია, გარდა „საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების სამოქმედოდ დაშვების, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების, შესაბამისი ნიშანდების მქონე პროდუქტის საქართველოში დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე დაშვებისა და ასევე სხვა ქვეყნებში წარმოებული, რეგულირებული სფეროსათვის მიკუთვნებული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე შეზღუდვების გარეშე განთავსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №50 დადგენილებით განსაზღვრული ქვეყნებიდან იმპორტირებული პროდუქციისა, აგრეთვე, იმპორტირებული ალკოჰოლიანი სასმელის ნიმუშისა, თუ ნიმუში დაფასოებულია 5 ლიტრზე ნაკლები ტევადობის ტარაში და ერთ ჯერზე შემოსატანი ნიმუშების საერთო მოცულობა 100 ლიტრს არ აღემატება.
    თვალსაჩინო რომ გახდეს ინსპექტირების ფარგლებში განხორცილებული შემოწმების მიზნობრიობა, მნიშვნელოვანია თავად სერტიფიცირების პროცედურის მოკლე ანალიზი, რომელიც მოიცავს  ღვინის მწარმოებლის რეგისტრაციას განაცხადის საშუალებით (მატერიალური და ელექტრონული ფორმით), განმცხადებლის (ღვინის მწარმოებლის) მიერ თითოეული ლოტიდან ნიმუშების აღებას, ნიმუშის ლაბორატორიულ კვლევას (ღვინო, სპირტიანი სასმელი), წერილობით მოთხოვნას ღვინის / სპირტიანი სასმელის სერტიფიცირების შესახებ, სადეგუსტაციო კომისიის მიერ ორგანოლეპტიკურ შემოწმებას. სერტიფიცირების ფარგლებში სახელმწიფო კონტროლისა და სახელმწიფო ზედამხედველობის შედეგების გათვალისწინებითა და შესაძლო რისკების ანალიზის საფუძველზე, ხორციელდება ინსპექტირება, რაც მოიცავს სერტიფიცირებისათვის წარდგენილი ალკოჰოლიანი სასმელის ან სპირტის ნიმუშის ლოტთან შესაბამისობის დადგენას.

    სწორედ ზემოაღნიშნული პროცედურების დაცვისა და მიღებული შედეგების ანალიზით მიიღება გადაწყვეტილება სერტიფიკატის გაცემაზე ან მის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ ღვინის მწარმოებელი კომპანიის მიერ წარმოდგენილი ნიმუში და ინსპექტირების ფარგლებში აღებული ნიმუში არ შეესაბამება მეღვინეობის დარგის მარეგულირებელი კანონმდებლობით დადგენილ ნორებს, მიიღება გადაწყვეტილება, შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. საყურადღებოა, რომ ინსპექტირების განხორციელების უფლებამოსილება მაკონტროლებელ ორგანოს სერტიფიცირების პროცედურის შემდგომაც შეუძლია, რაც გულისხმობს გაცემული შესაბამისობის სერტიფიკატის ფარგლებში არსებული  ყურძნისეული სასმელის შემოწმებას. განმცხადებლის (ღვინის მწარმოებელი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი) მიერ სერტიფიცირების მიზნით ლოტთან შეუსაბამო ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის ნიმუშის წარდგენა და მევენახეობა-მეღვინეობის დარგში პროდუქციის წარმოებასა და შენახვასთან დაკავშირებული ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვისა და შეტყობინების წესების დარღვევა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და  ამავე კოდექსის 1795  და  1052 მუხლებით ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სახდელს - ჯარიმას.

წარმოების ეტაპის შემდგომ ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე ხორციელდება მონიტორინგი, რაც გულისხმობს ეტიკეტის, სერტიფიკატის შემოწმებას, შერჩევითი მეთოდით ნიმუშის აღებას და სურსათის უვნებლობის კუთხით სახელმწიფო კონტროლის განხორციელებას.

დასკვნის სახით კიდევ ერთხელ  უნდა აღინიშნოს, რომ ქართული ღვინის ხარისხის კონტროლი ღვინის მწარმოებელი კომპანიების მიერ შიდა საწარმოო კონტროლის დროს ხორციელდება. სწორედ მათივე კომერციული ინტერესიდან  გამომდინარე მნიშნელოვანია ხარისხიანი პროდუქტის წარმოება. სახელმწიფოს როლი  კი საკანონმდებლო რეგულაციების შემუშავება და დადგენილ ნორმებთან შესაბამისობის დადგენაა. ამ მიზნის განსახორციელებლად მნიშვნელოვანია, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნათა გათვალისწინება, ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან ქართული კანონმდებლობის ჰარმონიზაცია, რაც ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ექსპორტის ზრდას და უკვე დამკვიდრებული საერთაშორისო რეპუტაციის შენარჩუნებას.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი