მედიაცია: საადვოკატო საქმიანობის განხორციელების ახალი არეალი

4 ოქტომბერი 2020

ავტორი: ირაკლი ყანდაშვილი
სამართლის დოქტორი, პროფესორი

 

                                                                      შესავალი

ყველა დროის საზოგადოებაში[2] ადამიანურ ურთიერთობებს  ახასიათებს დავა[3] და კონფლიქტი[4]. დავა საზოგადოების ყველა ფენას ეხება, განურჩევლად სოციალური კუთვნილებისა, დავა ყოველდღიური რეალობაა სამეწარმეო სუბიექტებს თუ მათი საქმიანობიდან გამომდინარე სახელმწიფოსა და მოქალაქეებს შორის[5].

თანამედროვე საზოგადოება განსაკუთრებით მიდრეკილია დავებისადმი, რაც ავტომატურად იწვევს სასამართლოს გადატვირთულობას სარჩელებით, განაპირობებს გახანგრძლივებულ და დროში გაჭიანურებულ მართლმსაჯულების სისტემას და მოდავე მხარეების ფინანსურ დანახარჯებს[6]. დავის მახასიათებელი დაძაბულობის, ნერვიულობის, ფიზიკური და ემოციური დესტაბილიზაციის, დავასთან დაკავშირებული დროის და ფინანსების დანახარჯის გათვალისწინებით საზოგადოება და სამეწარმეო სუბიექტები მუდამ ფიქრობდნენ და დღესაც ფიქრობენ თუ როგორ და რა მექანიზმებით მოახერხონ მათი მიმდინარე კონფლიქტური სიტუაციის განეიტრალება, დაძაბულობის კერების ეფექტური ჩახშობა და იმის მოხერხება, რომ ურთიერთობები კონფლიქტის მეორე მხარესთან გაგრძელდეს ჰარმონიულად.

ამ მიზნით, საზოგადოება დავის გადაწყვეტის ეფექტური გზების ძიებაში იყო მუდამ, რომელიც ყველაზე მეტად დააკმაყოფილებდა მათ საჭიროებებს და მოერგებოდა მხარეთა რეალურ ინტერესებს, მსგავსი ძიება და დაგეგმარება ავტომატურად სამართლებრივ გზებამდე მიდის და ამ მიმართულებით, მათ შორის, მთავარი არის სახელმწიფოს სამართლებრივი პოლიტიკა ემთხვეოდეს საზოგადოების ინტერესს და საჭიროებას და თანმდევად პასუხობდეს იმ ინტერესს, რაც სახელმწიფოს მთავარ შემადგენელს - მოქალაქეებს აქვთ და ესაჭიროებათ.

საერთაშორისო პერსპექტივიდან მარტივი, ეფექტური, დროული და ხელმისაწვდომი დავის გადაწყვეტის მექანიზმებისა და ფორმების არსებობა არის დღევანდელი საჭიროება[7].

შესაბამისად, კონფლიქტში ჩართული მხარეები მუდამ ცდილობდნენ მოეძიებინათ ის გზები და საშუალებები, რაც მათ კონფლიქტს, ნაცვლად გახანგრძლივებული პროცესისა და დამატებითი ფინანსური რესურსის ხარჯვისა, უფრო ეფექტურად გადაწყვეტდა და, მათ შორის, შეამცირებდა რისკებს[8], დავის მხარეებს შეუნარჩუნებდა ერთმანეთთან შემდგომი ურთიერთობის გაგრძელების შესაძლებლობას[9], რაც, როგორც წესი, შეუძლებელია გახანგრძლივებულ და არაპროგნოზირებადი სასამართლო საქმისწარმოების დროს[10], თუმცა ობიექტურობა მოითხოვს, ამ ეტაპზე ვაღიაროთ, რომ კონფლიქტში მყოფ მხარეებს შორის დავის გადაწყვეტის უფრო გავრცელებული ფორმა სასამართლო საქმისწარმოებაა, ვიდრე მისი რომელიმე ალტერნატიული საშუალებით მხარეებს შორის დავის გადაწყვეტის მცდელობა[11].

აღსანიშნავია, რომ ამ ყველაფრის ფონზე სახელმწიფოებრივი ინტერესიც თანხვედრი იყო და არის იმ საჭიროებისა, რაზეც ზემოთ არის საუბარი, რადგან ერთი მხრივ, მსგავსი შესაძლებლობების განვითარებით, სასამართლო ხელისუფლებას ეძლევა ერთგვარი განმუხტვის საშუალება, მასთან აკუმულირებული და მიმდინარე საქმისწარმოებების თვალსაზრისით, ხოლო მეორე მხრივ, სრულდება დიდი სოციალური ფუნქცია, როდესაც მხარეები სასამართლოს ნაცვლად, სხვა კანონიერი გზებით დავის ამოწურვის მცდელობისას უფრო მეტად ინარჩუნებენ ერთმანეთთან ურთიერთობის რესურს, რადგან ამ ალტერნატიული მექანიზმების გამოყენებით მხარეებს შორის მოგებული და წაგებული მხარის სინდრომი მათ არ ეუფლებათ, რაც უადვილებთ საზოგადოების წარმომადგენლებს და ბიზნესს, ორმაგად, კონფლიქტში მყოფ მეორე მხარესთან გააგრძელონ თანაცხოვრება თუ საქმიანი ურთიერთობა. სხვა სიტყვებით რომ ითქვას, როგორც სახელმწიფოს ინტერესშია მაკრო დონეზე, ასევე თითოეული დავის მხარის ინტერესშია მიკრო დონეზე[12] გამოინახოს დროის და ფინანსების კუთხით დავის ეფექტური გადაწყვეტის ისეთი მექანიზმი, რომელიც მისცემს მხარეებს, მათ შორის, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს,  რესურსების რეალურად დაზოგვის საშუალებას და იქნება სოციალური მშვიდობის წინაპირობა.

აქვე აღსანიშნავია, რომ მოქალაქეებს შორის თუ პირებს შორის არსებული სამართლებრივი დავის კანონიერი აღმოფხვრის სისტემის შექმნა სახელმწიფოს ვალდებულებაა. შესაბამისად, დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების შექმნა, (რაც ერთგვარი კრებსითი[13] სახელწოდებაა სხვადასხვა ალტერნატიული მექანიზმისა), ორგანიზება და ინსტიტუციონალიზაცია სახელმწიფოს მიერ[14] ორკესტრირებული პროცესი უნდა იყოს ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში, შესაბამისად, მარტივია ლოგიკა, რადგან სახელმწიფო წარმოადგენს დავის ალტერნატიული საშუალებების სერვისების რეალურ მიმწოდებელს მომხმარებლებისთვის, სასამართლო, თავის მხრივ, როგორც სახელმწიფო ხელისუფალი ვალდებულია იმ სამართლებრივი პოლიტიკის გატარებაზე, რაც არის დაკავშირებული დავის ალტერნატიული საშუალებების გამართულ საქმიანობას შეუწყოს ყოველმხრივ ხელი[15], თუმცა ეს არ უნდა გახდეს სასამართლოსთვის მიმართვის და სასამართლოს ხელმისაწვდომობის გარანტირებული და აღიარებული უფლების ხელის შემშლელი[16].

ზემოაღნიშნული საჭიროებების და რეალობის გათვალისწინებით, სავსებით ლოგიკური და შედეგობრივად პროგნოზირებადი იყო და არის დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების, რომლებიც რეალურად წარმოადგენენ სოციალური[17] დაძაბულობის და საზოგადოებაში არსებული კონფლიქტების შედეგიანი აღმოფხვრის ეფექტურ მექანიზმებს, ფართო გავრცელება და გამოყენება საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან, ისევე როგორც სახელმწიფოების, მათ შორის საერთაშორისო დონეზე მათი პოლიტიკური თუ სამართლებრივი გაერთიანებების მყარად გამოვლენილი ნება, ხელი შეეწყოს მედიაციის მაგალითზე დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების დანერგვას ყოველდღიურობაში[18]. რაც თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლების მანძილზე მართლაც მკვიდრდება თითქმის ყველა სახელმწიფოში, როგორც დავის გადაწყვეტის ყველაზე ეფექტური ალტერნატიული საშუალება, მედიაციისთვის მახასიათებელი ფორმების[19] ჩათვლით. ამ კუთხით ისიც გასათვალისწინებელია, რომ რიგ ქვეყნებს  ისტორიულად მოსდევთ მედიაციის მეთოდიკით ან მსგავსი ფორმებით დავების გადაწყვეტის გამოცდილება, რაც, როგორც წესი, დადებით როლს თამაშობს ამ ინსტიტუტის დღევანდელ სამართლებრივ სისტემაში ინტეგრირების თვალსაზრისით[20]. მედიაცია განიმარტება, როგორც პროცესი[21], რომელიც ხელს უწყობს კონფლიქტის მონაწილე მხარეებს თავად აღმოფხვრან სადავო საკითხები.

დღეისათვის მედიაცია წარმოადგენს ყველაზე სწრაფად განვითარებად დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ საშუალებას მსოფლიოში[22], რომელსაც ახასიათებს მესამე[23] დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ნეიტრალური პირის ჩართულობით[24], კონფიდენციალური და სტრუქტურირებული პროცესის ფარგლებში[25], კონფლიქტის მხარეებისათვის დავის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობის დელეგირება, რაც მედიაციის ევროპული[26] და არამხოლოდ აღქმის მთავარი მახასიათებელი თვისებაა. მედიაცია კონფლიქტის რეგულირების ეფექტურ ალტერნატიულ ინსტრუმენტს წარმოადგენს[27].

მედიაციის დამკვიდრების მთავარი მიზანია მხარეებს მიეცეთ შესაძლებლობა მათი ინტერესებისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებით დაასრულონ დავა და აღმოფხვრან კონფლიქტი საკუთარი ხელით[28], რა დროსაც უბრალოდ კი არ ასრულებენ მეორე მხარესთან დავას, არამედ ქმნიან წინაპირობას მხარესთან საქმიანი თუ პირადი ურთიერთობის სამომავლოდ ცივილურ ფორმებში გაგრძელების, რაშიც მედიაცია რეალურად ეხმარება მხარეებს[29], რადგან მედიაციის დროს ის კი არ უნდა გაირჩეს თუ ვინ რა გააკეთა წარსულში, არამედ მხარეებმა  საუკეთესო გამოსავალი უნდა მოიძიონ არსებული ჩიხური სიტუაციიდან, რათა გაგრძელდეს სამომავლო ურთიერთბა მათი ინტერესების შესაბამისად[30]; მედიაცია ეხმარება მხარეებს თვითგამორკვევაში, მოდავე მხარეების ერთმანეთისადმი მოთხოვნების რეალური მიზეზების და მიდგომის ამოცნობაში[31]. ხშირად შეხვდებით იურიდიულ ლიტერატურაში, რომ მედიაცია „მომავალზე ორიენტირებული პროცესის[32]“ სახელით მოიხსენიება[33]; მედიაცია იძლევა საშუალებას მხარეებმა ხანგრძლივვადიანი[34] შედეგი მიიღონ პროცესის წარმატებით წარმართვის და დასრულების შემთხვევაში, მით უფრო, რომ მედიაციის გამოყენება კონფლიქტში მყოფ მხარეებს დავის ნებისმიერ ეტაპზე შეუძლიათ, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ რაც უფრო ადრეულ[35] სტადიაზე მოხდება მედიაციის ინიცირება, მით უფრო მაღალია დავის შეთანხმებით დასრულების პერსპექტივა[36].

მედიაციის მეშვეობით მხარეები ცდილობენ საკუთარი სიმართლე შეათანხმონ ერთმანეთთან[37], რათა სამართლის ნორმებმა არ გადაწყვიტოს ის, რაც მათ მიაჩნიათ რომ არის სწორი, რადგან კარგად მოეხსენება ყველას, რომ რიგ შემთხვევაში სამართლიანობა და კანონიერება არ არის თანხვედრი თეზები, შესაბამისად, მედიაციის გამოყენებით მხარეები სწორედ საკუთარი სიმართლის დაფიქსირებას ცდილობენ შეთანხმების გზით, ხოლო რამდენად არის ეს სამართლიანი[38] ორივე მხარისთვის, ამაზე საბოლოო გადაწყვეტილება მხარეების მიერ არის მისაღები, ზოგადად სამართლიანობა მედიაციის ცნების მახასიათებელი სტანდარტია[39].

მედიაციის სწორედ აღქმისთვის მნიშვნელოვანია მხარეებს კარგად ესმოდეთ, რომ მედიაციით ისინი მუდამ სარგებელს იღებენ. კერძოდ, შესაძლოა მედიაცია კონკრეტული შეთანხმებით ვერ დაასრულონ, თუმცა მათ იმაზე კარგად ეცოდინებათ კონფლიქტის მიზეზების და დავის შესახებ ვიდრე ეს მედიაციის დაწყებამდე იყო, რაც შესაძლოა შემდგომში  დავის დასრულების წინაპირობა გახდეს. შესაბამისად მედიაციის პროცესში მონაწილეობას მხარეებისთვის ყოველთვის მოაქვს დადებითი შედეგი თუ მხარეს ესმის მედიაციის შინაარსი და იცის თუ როგორ გამოიყენოს ის ინფორმაცია, რაც ამ პროცესმა მისცა მას[40]. ხშირია ლიტერატურაში, როდესაც მედიაციას ახასიათებენ ორივე მხარისთვის მომგებიან პროცესად (win-win Lősung[41]), რადგან მედიაციის სწორი და ეფქტური გამოყენებით ორივე მხარეს შეუძლია საკუთარი ინტერესების სასარგებლო შეთანხმებას მიაღწიოს[42]; მაშინ, როდესაც სასამართლო   თუ საარბიტრაჟო საქმისწარმოების შედეგად დახარჯული ადამიანური თუ ფინანსური დანახარჯით ორივე მხარე დაზარალებულია, ხოლო ერთ-ერთი მხარის მიერ მიღწეული გამარჯვება მოჩვენებითი[43].

                                                              ადვოკატის როლი

დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ საშუალებებზე როდესაც მიდის მსჯელობა, ხშირად მოისმენთ მოსაზრებას, რომ ამ ეტაპზე და განსაკუთრებით მედიაციაში ადვოკატის საჭიროება არ დგას, რადგან მხარეებს თავად შეუძლიათ სამართლისგან დაცლილ და არაშეჯიბრებით პროცესში დაიცვან საკუთარი ინტერესები, რის ხარჯზეც ფინანსებიც დაეზოგებათ; არის ასევე მოსაზრება, რომ ადვოკატები, თავისი ბუნებით, კლიენტის ინტერესებზე იქნებიან ორიენტირებულნი და ხელს ვერ შეუწყობენ შემათანხმებელი პროცესის წარმატებით წარმართვას, თუმცა საკითხის არსის სწორად ანალიზის შემთხვევაში მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ ადვოკატი მხოლოდ დამატებითი ღირებულების შემქმნელია მსგავს პროცესში, რადგან მას შეუძლია მოახდინოს ინფორმაციის გადამუშავება, ფაქტობრივი გარემოებების უკან მდგომი სამართლებრივი რისკების ანალიზი, რაც სწორი პოზიციის ჩამოყალიბებაში დაეხმარება კლიენტს[44], ხოლო მეორე მხრივ, ადვოკატის გარეშე, მხარე მედიაციაში არ არის დაცული და ხშირ შემთხვევაში დამოუკიდებლად ვერ იღებს გადაწყვეტილებას ამა თუ იმ შეთანხმების პირობაზე, რომელიც თავისი ბუნებით სამართლებრივი შედეგის მომტანია მისთვის. წარმომადგენელი მედიაციაში ერთგვარად მშვიდობის „დამმყარებელია[45]“ და მისი როლი შეუცვლელია.

დღეისათვის მრავალი იურისტი არის მედიაციაში ჩართული როგორც მედიატორი[46] ან მხარეების წარმომადგენელი მედიაციაში, ეს უკანასკნელი იურიდიულ პრაქტიკაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს[47]. იურისტების ჩართულობა მედიაციაში ფუნდამენტრური მნიშვნელობის არის[48], რადგან იურისტებს აქვთ უშუალო შესაძლებლობა მარწმუნებლებს გაუჩინონ მედიაციისადმი სწორი აღქმა და მოახდინონ მათი ეფექტური ჩართულობა მედიაციის პროცესში[49]. მეორე მხრივ, იურისტები მხარეებისთვის მედიაციის შესახებ პირველადი წყაროს წარმოადგენენ და განმსაზღვრელ ფაქტორს დავის გადაწყვეტის აღნიშნული ალტერნატიული საშუალებისადმი ნდობის გაჩენის. მართალია, მედიაციის ფუნქციისა და შედეგებისადმი საზოგადოების გარკვეულ ნაწილს მცდარი წარმოდგენა აქვს[50], თუმცა ეს ახალი ინსტიტუტი ყოველდღიურად უფრო პოპულარული ხდება.

იმისათვის, რომ მედაიციამ, როგორც ახალმა ინსტიტუტმა გაამართლოს და პრაქტიკული შედეგები მოიტანოს, იგულისხმება ერთი მხრივ, დავების რეალურად შეთანხმებით დასრულების სტატისტიკა, რაც მეორე მხრივ, ავტომატურად უკავშირდება სასამართლოს გადატვირთულობის განტვირთვის მიზანს, მნიშვნელოვანია მასში ჩართულმა ყველა მხარემ სრულყოფილად და ზუსტად შეასრულოს მასზე ნაკისრი ვალდებულებები, იგულისხმება, რა თქმა უნდა, უპირველესად მედიატორი და  პროცესის მონაწილე მხარეები, თუმცა თამამად შეიძლება ითქვას, რომ გადამწყვეტი როლი ამ პროცესში მხარეთა წარმომადგენლებს ენიჭებათ, რადგან სწორედ ადვოკატი არის ის პირი, რომელიც განსაზღვრავს მედიაციის წარმატებულად მიმდინარეობას, შესაბამისად მხარეთა მხრიდან მედიაციის მიზნებისთვის ადვოკატის შერჩევას დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს, რადგან ერთი მხრივ, ადვოკატს კარგად უნდა ესმოდეს მედიაციის არსი და მეორე მხრივ, ჰქონდეს მედიაციაში წარმომადგენლობის შესაბამისი გამოცდილება პრაქტიკული სახით, რადგან ადვოკატის თუნდაც ერთი შეუსაბამო სიტყვით და მიდგომით მეორე მხარისადმი, მედიაცია შეიძლება წარუმატებლობით[51] დასრულდეს, ამაში მოიაზრება, რა თქმა უნდა, ადვოკატის მხრიდან თავისი კლიენტის მომზადება მედიაციისთვის. მედიაციაში წარმომადგენლის ფუნქციით აღჭურვილმა პირმა, რომელიც ხშირ შემთხვევაში სწორედ ადვოკატია, უნდა მოახერხოს და მხარეს დაანახოს სხვაობა[52] მის რეალურ ინტერესებსა და მის მიერ დაყენებულ სამართლებრივ მოთხოვნებს შორის, რათა მხარემ, თავის წარმომადგენელთან ერთად, საკუთარ რეალურ ინტერესებზე მოახდინოს აქცენტირება და ოფციების შემუშავება შეთანხმების მიღწევის მიზნით.

ჯერ კიდევ მედიაციის თავდაპირველი ინიცირების ეტაპზე მარწმუნებელი სწორედ ადვოკატთან გადის კონსულტაციას იმის შესახებ, თუ რამდენად არის მედიაცია დადებითი მოვლენა მისი დავისთვის და ალბათ მარტივი წარმოსადგენია, რომ ქართულ რეალობაში, როდესაც მედიაცია არ არის დავის გადაწყვეტის ტრადიციული ალტერნატიული მექანიზმი და საზოგადოებრივი ინფორმირებულობის დონე მედიაციის შესახებ საკმაოდ დაბალია, ადვოკატის როლს და დანიშნულებას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება. თუ არა ადვოკატის რეკომენდაცია[53] მედიაციის ინიცირების თაობაზე, მხარე მედიაციის გამოყენებისგან თავს შეიკავებს[54]. მედიაცია არის ყველაზე კარგი საშუალება, რათა ადვოკატმა ერთი მხრივ, გაივარჯიშოს მოლაპარაკებებში და მეორე მხრივ, კლიენტის ინტერესებს მოემსახუროს, რადგან აძლევს მათ საშუალებას თავად გადაწყვიტონ საკუთარი ბედი[55]. თუმცა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ადვოკატის ფუნქცია არის არა ის რომ „კარგი“ ან „ცუდი“ უთხრას მედიაციის შესახებ კლიენტს, არამედ დავის არსის და მოცემულობის საფუძველზე მოახდინოს იმის შეფასება, რამდენად არის კლიენტის ინტერესებისთვის მედიაცია ყველა კონკრეტულ შემთხვევაში დავის გადაწყვეტის სწორი მექანიზმი, ანუ ადვოკატი უნდა დაეხმაროს კლიენტს, რომ ამ უკანასკნელმა მიიღოს მედიაციის გამოყენების შესახებ ინფორმირებული გადაწყვეტილება.

ბევრი ადვოკატი მედიაციაში იღებს მონაწილეობას[56], ან როგორც მხარის წარმომადგენელი ან როგორც უშუალოდ მედიატორი და მათი პროცესში ჩართულობა ხელს უწყობს მედიაციის დამატებით პოპულარიზაციას და ცნობადობის გაზრდას საზოგადოებაში. მედიაციის პროცესში წარმომადგენლის სტატუსით ჩართული ადვოკატები ერთგვარად პროცესში მონაწილეობით იღებენ ვალდებულებას კონსტრუქციული[57] ჩართულობის და მხარეებისათვის მოლაპარაკების წარმოებაში დახმარების, რათა საკუთარი როლის წინა პლანზე წამოწევით ხელი არ შეეშალოს მხარეთა შორის მორიგების მიღწევის პერსპექტივას.

აღსანიშნავია, რომ მედიაციის დანერგვის პარალელურად ყველა იურისდიქციაში ადვოკატის ერთგვარ ვალდებულებად[58] იქცა მხარეს მიაწოდოს სრული და ამომწურავი ინფორმაცია დავის გადაწყვეტის აღნიშნული ალტერნატიული საშუალების შესახებ, რა თქმა უნდა, საბოლოო გადაწყვეტილება აღნიშნული მექანიზმის გამოყენების შესახებ მხარის პრეროგატივაა[59], თუმცა ადვოკატი თავის მხრივ ვალდებულია მინიმუმ ინფორმაცია მიაწოდოს ასეთი საშუალების არსებობის და მისი დადებითი თუ უარყოფითი მხარეების შესახებ, კონკრეტული დავის მიზნებისთვის მისცეს მარწმუნებელს რჩევა. ადვოკატმა მარწმუნებელს ისიც ნათლად უნდა აუხსნას, რომ მედიაციაში მხარემ საკუთარ ინტერესებზე და არა სამართლებრივ საფუძვლებზე უნდა გააკეთოს მთავარი აქცენტი, ისევე როგორც თავად უნდა განსაზღვროს მედიაციის შინაარსი და მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება, რა კუთხითაც ადვოკატი იქნება მისი მრჩეველი და წარმომადგენელი, თუმცა სრული პასუხისმგებლობა შედეგზე მხარეს ეკისრება. მედიაციაში წარმომადგენლობა, მათ შორის ადვოკატის მხრიდან, გულისხმობს საკუთარი მარწმუნებლისთვის პროცესის შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდებას, სწორი რჩევის მიცემას მედიაციის საჭიროების შესახებ კონკრეტული დავის მიზნებისთვის და ასევე, დავის შინაარსიდან გამომდინარე, შესაფერისი ცოდნის, გამოცდილების და უნარების მქონე მედიატორის შერჩევას[60].

ამ კუთხით არც საქართველო წარმოადგენს გამონაკლისს და 2012 წლის 8 დეკემბრის ცვლილებებით, რაც განხორციელდა ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კოდექსში, მსგავსი ეთიკური ვალდებულება გაჩნდა ასევე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კოდექსში[61].

მედიაცია არ წარმოადგენს ყველაფრის მკურნალს[62], მედიაციის მიუხედავად მხარეები მაინც შეიძლება სასამართლოს იურისდიქციამდე მივიდნენ[63],  თუმცა მის შესახებ ყველა იმ პირმა უნდა იცოდეს ვისაც დავასთან აქვს შემხებლობა, განსაკუთრებით ადვოკატებმა კარგად უნდა იცოდნენ მედიაციის ადგილის და როლის შესახებ სამართლებრივ სისტემაში, რადგან მისი გამოუყენებლობით კარგავენ ახალი შესაძლებლობებით სარგებლობის საშუალებას. მედიაცია შეიძლება გახდეს მკურნალი, თუ მოხდება მიმდინარე დავის სწორი ანალიზი, ერთგვარი „კონფლიქტის სკრინინგი[64]“, რაც გახდება მისი გადაწყვეტის, მინიმუმ გადაწყვეტის სწორი გზების დასახვის წინაპირობა.

მედიაციაში ადვოკატებს უწევთ სამართლებრივი მიდგომის ტრანსფორმირება და წლების მანძილზე გამომუშავებული მიდგომების დროებითი ცვლა, კერძოდ, ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი დავისთვის საკითხი, როგორიც არის  სამართლებრივი  საქმისწარმოების  მთავარი არსი,  თუ ვინ ვის რას სთხოვს და რის საფუძველზე,[65] მედიაციაში დროებით ერთგვარად ნიველირდება, რადგან მედიაციაში შეთანხმების მიღწევის მიზნებისთვის მხარეებს უწევთ ერთგვარ კომპრომისებზე წასვლა, თუ მათთვის შეთანხმების მიღწევა და საკითხის საფუძვლიანად ამოწურვა წარმოადგენს მთავარ პრიორიტეტს, რის შესაძლებლობას მედიაცია აძლევს მხარეებს. ამ პროცესში მხარეები არიან ის პირები,[66] რომლებმაც ყველაზე კარგად იციან თუ რა არის შესაძლებელი შეთანხმების მიღწევისთვის და რისთვის არიან მზად, რომ შეთანხმდნენ. მედიაციაში არ ხდება საკითხის სამართლებრივი სისწორის მიხედვით გადაწყვეტა, არამედ ხდება კონფლიქტის, დაპირისპირების, დავის შესახებ მხარეების მხრიდან შეთანხმება[67]. შესაბამისად, ალბათობა მაღალია, რომ ამ ნაწილში გაჟღერებულ მთავარ კითხვას - თუ ვინ ვის რას და რის საფუძველზე სთხოვს, მედიაციაში დასახული მიზნებისთვის ამა თუ იმ მხარისთვის არ იყოს მთავარი პრიორიტეტი, რის სწორად კონსტრუირებაში ადვოკატმა აუნდა შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი მარწმუნებლის სასარგებლოდ და ინტერესების გათვალისწინებით.

იმისთვის, რომ ადვოკატი იყოს წარმატებული წარმომადგენელი მედიციაში მას ესაჭიროება სპეციალური მომზადება, რადგან ის უნარები რაც ადვოკატს აქვს საადვოკატო საქმიანობის განხორციელებისთვის შეძენილი, არ არის საკმარისი მედიაციაში სრულფასოვანი წარმომადგენლობისთვის[68]. ამ პროცესში, რასაც მედიაცია ჰქვია, ადვოკატს უნდა ჰქონდეს ზუსტი წარმოდგენა თუ რასთან აქვს შემხებლობა; მას უნდა ჰქონდეს ერთი მხრივ, სრული ინფორმაცია მედიატორების შესახებ, მათი საქმიანობის შესახებ, ისევე როგორც, იცოდეს თუ როგორ უნდა შეარჩიოს საქმისთვის სწორი და საჭირო მედიატორი[69], რას უნდა მოელოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში აღმოჩნდება წამგებიან მდგომარეობაში, რითიც მისი კლიენტის ინტერესი ზარალდება. გასათვალისწინებელია, რომ იურიდიული სკოლები მედიაციის პრაქტიკულ უნარებში არ ამზადებენ[70] მომავალ იურისტებს და შესაბამისად, ჩნდება ლოგიკური კითხვა  - თუ როგორ შეიძლება იურისტი იყოს წარმატებული მედიაციაში?

ხშირია, როდესაც ადვოკატები ამა თუ იმ საქმის წარმოებას და მის შედეგს თავის თავს უკავშირებენ და საკუთარ საქმედ აღიქვამენ, მაშინ როდესაც ეს საქმე კონკრეტული კლიენტის საქმეა და ის იგებს ან აგებს დავას[71], შესაბამისად, კლიენტებს ყოველთვის ურჩევნიათ ნაკლები დროის და ფინანსების დანახარჯით მოუგვარდეთ კონფლიქტი და თუ ამაში ადვოკატი ეფექტურად დაეხმარება, კლიენტი ამ ყველაფეს ორმაგად ითვალისწინებს. შესაბამისად, მედიაციის სწორი გამოყენება ადვოკატების მხრიდან და მისი სწორი აღქმა ურთიერთსასარგებლო პროცესია დავის მიმდინარეობისას; მთავარია, ადვოკატს სწორად ესმოდეს მედიაციის მიზნები და მხოლოდ ამის შემდგომ გაუადვილდება მედიაციის პროცესის აღქმა[72].

შესაბამისად, ერთი მხრივ ადვოკატებს უნდა სჯეროდეთ მედიაციის ეფექტურობის, რომ მედიაცია რეალურად შედეგის მომტანია, და ადვოკატებს არ უნდა ჰქონდეთ მედიაციის მიმართ საკუთარი თავის კონკურენტის ან საქმიანობის „წარმთმევის“ განცდა. ამ მიმართულებით ადვოკატთა ასოციაციის სწორი პოლიტიკის გარეშე, მედიაცია საქართველოში, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ვერ გაამართლებს ან გაცილებით დიდი დრო დასჭირდება მის რეალურ, წარმატებულ ინსტიტუტად ჩამოყალიბებას, ვიდრე ადვოკატთა ასოციაციის სწორი ჩართულობით ამ დიდ პროცესში, რასაც მედიაციის საქართველოში დამკვიდრება ჰქვია.

საერთაშორისო დონეზე საინტერესო დისკუსია მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, რომ მედიაციაში ჩართული წარმომადგენელი უნდა იყოს თუ არა სავალდებულოდ ადვოკატი,[73] რაზეც იურიდიული საზოგადოების დიდი ნაწილი შეჯერდა, რომ ეს ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში ქვეყნის შიდა კანონმდებლის გადასაწყვეტია, ყველა კონკრეტული ქვეყნის საჭიროებების და რეალობის გათვალისწინებით[74].  თუმცა, წლებია დამკვიდრდა პრაქტიკა საერთაშორისო დონეზე, რომ ადვოკატი-წარმომადგენლის შემთხვევაში დამატებითი ღირებულება აქვს პროცესს, განსაკუთრებით რთული კომერციული დავების მედიაციის დროს, რადგან დარგის სპეციალისტი ადვოკატის[75] მიერ შესრულებული მედიაცია მხარეებს ხშირ შემთხვევაში წარმატების წინაპირობად მიაჩნიათ. თუმცა, ადვოკატი მედიაციაში უპირატესად მხარეების ინტერესებზე ორიენტირებულ დიალოგს აწარმოებს და არა სამართლებრივი ნორმების[76] შინაარსზე და სამართლებრივ შეფასებებზე აკეთებს აქცენტებს, რაც, თავის მხრივ, მათ მარწმუნებლებსაც უადვილებთ საკითხში გარკვევას და პროცესის მიმდინარეობაში აქტიურად ერთვებიან. უფრო მეტიც, არაადვოკატი წარმომადგენლებიც ხშირ შემთხვევაში ადასტურებენ, რომ ადვოკატის  ჩართულობით მედიაცია უფრო წარმატებული პროცესია[77].

იურისტების ჩართულობა მედიაციაში ფუნდამენტრური მნიშვნელობის არის,[78] რადგან იურისტებს აქვთ უშუალო შესაძლებლობა მარწმუნებლებს გაუჩინონ მედიაციისადმი სწორი აღქმა და მოახდინონ მათი ეფექტური ჩართულობა მედიაციის პროცესში. მეორე მხრივ, იურისტები მხარეებისთვის მედიაციის შესახებ პირველად წყაროს და დავის გადაწყვეტის აღნიშნული, ალტერნატიული საშუალებისადმი ნდობის გაჩენის განმსაზღვრელ ფაქტორს წარმოადგენენ.

ამასთანავე, ადვოკატი-წარმომადგენლის შემთხვევაში მედიაციაში, მასზე ვრცელდება ის ეთიკური წესები და სტანდარტები, რაც იმ კონკრეტულ ქვეყანაში ადვოკატთა ეთიკის კოდექსით[79] არის გათვალისწინებული, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ, როგორც წესი, შესაძლებელია წარმომადგენლის ფუნქცია შეასრულოს არაადვოკატმა პირმაც, უპრიანია მედიაციის კუთხით დაწესდეს ის მინიმალური სტანდარტები, რასაც მედიაციაში ჩართული მონაწილე პირები, როგორც წარმომადგენლები დაექვემდებარებიან. ფაქტი ერთია, წარმომადგენელი იქნება ადვოკატი თუ არაადვოკატი პირი, მათ თანაბრად ეკისრებათ ის ვალდებულება, რაც წარმომადგენლის მთავარი ფუნქციაა მედიაციაში:

  • სწორად შეაფასონ საქმე და ურჩიონ მარწმუნებელს თუ რამდენად შესაფერისია აღნიშნული დავა მედიაციისთვის [80];
  • აუხსნან მარწმუნებელს მედიაციის დადებითი და უარყოფითი მხარეები და დანიშნულება;
  • მარწმუნებლის ინტერესებისთვის „მებრძოლის“ ფუნქცია „სწორი მრჩევლის“ ფუნქციით უნდა ჩაანაცვლონ, რათა მარწმუნებელს შეთანხმების მიღწევაში დაეხმარონ[81];
  • სწორ დროს[82] ურჩიონ მარწმუნებელს მედიაციის ინიცირება, რადგან ხშირია შემთხვევა, როდესაც მხარეები არ არიან მზად მედიაციისთვის და მის ინიცირებას ასეთ დროს როგორც წესი არ მოჰყვება წარმატება. შესაბამისად, ის თუ რამდენად შესაფერისი დრო და ეტაპია მედიაციის დაწყებისთვის კარგად უნდა შეაფასოს ადვოკატმა და ურჩიოს თავის კლიენტს;
  • მოახდინონ საკითხის სწორი ანალიზი, კერძოდ, მეორე მხარის მიერ მედიაციის ინიცირებას ხომ არ აქვს ის მიზანი, რომ მედიაციის პროცესში შესწავლილ იქნეს მეორე მხარის სუსტი პოზიციები[83] და მედიაცია რეალურად არ ემსახურება საქმეზე შეთანხმების მიღწევას, ან პირიქით, ასეთის საჭიროების შეთხვევაში თავად მოახდინოს მსგავსი პროცესუალური ნაბიჯის ინიცირება, კლიენტთან შეთანხმებით და თანხმობით (ე.წ. „თევზაობის პრინციპი[84]“);
  • შეარჩიონ სწორი მედიატორი საქმეზე;
  • განსაზღვრონ პირთა წრე თუ ვინ არის საჭირო მედიაციაში ჩართვის მიზნით;
  • გასწიონ სრული კონტროლი მედიაციის ყველა ეტაპზე;
  • იმუშაონ მედიაციის პროცესში გაჟღერებულ შეთანხმების პირობებზე;
  • შეარჩიონ და შეათანხმონ კლიენტისთვის საუკეთესო პირობა მხარესთან;
  • იურიდიულ მრჩევლებს მედიაციაიში კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ის რჩევა, რაც მედიაციის დაწყებამდე აქვთ მხარისთვის მიცემული, შესაძლოა რამდენჯერმე შეცვალონ[85] უშუალოდ მედიაციის დაწყების შემდგომ, რადგან მხარეების მიერ შეთანხმების მიზნებისთვის გაცვლილი პირობები ხშირად მოითხოვს სამართლებრივად პოზიციის ტრანსფორმირებას. შესაბამისად, ერთი მხრივ იურიდიული წარმომადგენლები ამისთვის მზად უნდა იყვნენ, თუმცა, მეორე მხრივ, საკუთარი მარწმუნებელი ასევე გაფრთხილებული უნდა ჰყავდეთ წინასწარ, რომ მედიაციას მსგავსი თავისებურება ახასიათებს, რათა თავად არ დაკარგონ კლიენტის რწმენა მისი კვალიფიკაციისადმი;
  • შეადგინონ შეთანხმების აქტი და სამართლებრივად უზრუნველყონ მისი გამართულობა;
  • დროულად მოახდინონ მედიაციის გაგრძელების უპერსპექტივობის იდენტიფიცირება და შეწყვიტონ მედიაცია.

იმის გათვალისწინებით, რომ დღეს რეალურად მართლმსაჯულებისთვის გამოწვევად რჩება სამოქალაქო დავებზე პირველ ინსტანციაში ნებისმიერი პირის წარმომადგენლად დაშვების შესაძლებლობა, რაც ხარისხიანი მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ერთ-ერთ ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს და თუ გავითვალისწინებთ იმ პოზიციას, რაც ერთი მხრივ ადვოკატთა ასოციაციის ღია პოზიციაა, ისევე როგორც იურიდიული საზოგადოების დიდი ნაწილის, რომ სავალდებულო უნდა გახდეს ადვოკატის ყოლა პირველი ინსტანციის სასამართლოებში, გასაგები ხდება, რომ უახლოეს პერიოდში მედიაციის პროცესის წარმოებაც ადვოკატის გარეშე შეიძლება წარმოუდგენელი გახდეს, რაც დამატებით ზრდის ადვოკატთა როლს და მნიშვნელობას მედიაციის, როგორც დავის ალტერნატიული საშუალების, წარმატებით გამოყენებაში ქართულ რეალობაში.

ამ ყველაფერზე ბევრი შეიძლება ითქვას და დაიწეროს, თუმცა ამ ეტაპზე დავავიწროვებ სათქმელს იმ უალტერნატივო საკთხზე, რასაც მედიაციაში ჩართული ადვოკატისთვის უნდა იყოს მახასიათებელი თვისება,[86] რაც მათ თავად, როგორც მედიაციაში წარმომადგენლებს, შეუწყობთ ხელს მიმდინარე დავის შეთანხმებით დასრულებისკენ წაიყვანონ პროცესი, რადგან ადვოკატებისთვის ერთგვარი გამოწვევაა მედიაცია, იმის გათვალისწინებით, რომ მათი მთავარი ფუნქცია იყო კლიენტის ინტერესებისთვის ბრძოლა და იმის მტკიცება, რომ კლიენტის მოთხოვნები სრულად უნდა კმაყოფილდებოდეს, ხოლო მედიაციაში მათ სხვაგვარად უნდა შეხედონ რეალობას, რაც მათში გარკვეულ ფსიქოლოგიურად[87] სწორ მიდგომას და ანალიზს საჭიროებს, რაც სიახლეა მოქმედი, მით უფრო დიდი გამოცდილების მქონე ადვოკატებისთვის.

მსგავსი უნარები და მედიაციის წარმოების ტექნიკა რთულია ამოწურვადი იყოს, თუმცა რამდენიმე ძირითად საკთხს შეიძლება შევეხოთ, რაც, მათ შორის, აღიარებულია საერთშორისო პრაქტიკაში გამოყენებით[88]:

) იმის გათვალისწინებით, რომ მედიაციაში მედიატორის ფუნქცია არის მიმდინარე პროცესისთვის ფასილიტაციის გაწევა, რა დროსაც ძირითად საქმეს მხარეები და მათი წარმომადგენლები ახორციელებენ, თავისთავად ცხადია, რომ ადვოკატს და მისი კომუნიკაციის უნარს გადამწყვეტი დატვირთვა ენიჭება, რადგან ერთი მხრივ, ადვოკატის მხრიდან უშუალოდ თავის მარწმუნებელთან სწორ და დროულ კომუკინაციას შეუძლია გადაწყვიტოს მედიაციის საბოლოო ბედი. აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ მედიაციაში მედიატორს რაიმე სახის სამართლებრივი რჩევის ან შეფასების მიცემის შესაძლებლობა მხარეებისათვის შეზღუდული აქვს, ამიტომ, რა თქმა უნდა, მხარე სრულად დამოკიდებულია თავისი წარმომადგენლის რჩევასა და ანალიზის უნარზე, რაც, მათ შორის, დროულ კომუნიკაციას მოითხოვს ადვოკატების მხრიდან კლიეტნთან, მათ შორის მედიატორთან და რა თქმა უნდა მეორე მხარესა და მის ადვოკატთან ურთიერთობის პროცესში.

ბ) მედიაციაში მონაწილე ადვოკატი კარგად უნდა ფლობდეს მოლაპარაკებების ტექნიკას, კარგად იცოდეს თუ როგორ შეუძლია მედიატორის სწორედ გამოყენება კლიენტის ინტერესების მიზნებისათვის და კარგად უნდა ფლობდეს ინფორმაციის მიღების და გადამუშავების უნარს, რადგან სწორედ ინფორმაციის სწორი ანალიზი აძლევს მხარეს მედიაციაში საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას[89].

გ) ძალიან მნიშვნელოვანია ადვოკატი ფლობდეს კითხვის დასმის ტექნიკას[90], რათა სწორად გააანალიზოს პროცესის მიმდინარეობისას ინფორმაცია, რომელიც ჯერ უნდა მიიღოს მედიატორისგან და მეორე მხარისგან. აქ ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ მედიაციის პროცესში მედიატორს აქვს, როგორც წესი, სრული ინფორმაცია ორივე მხარისგან, თუმცა მისი გამჟღავნების უფლებამოსილება ჯერ მისთვის მხარეებს არ მიუციათ, ამიტომ ორმაგად მნიშვნელოვანია ადვოკატის უნარი, დაუსვას მედიატორს სწორი კითხვა და ის ინფორმაცია მიიღოს, რისი ანალიზი მის მარწმუნებელს გარკვეულ დასკვნებს გააკეთებინებს პროცესის შემდგომი დაგეგმარების კუთხით.

დ) მნიშვნელოვანია ასევე ადვოკატის უნარი, იყოს „აქტიური მსმენელი[91]“, რადგან მედიაციის პროცესში გროვდება დიდი ინფორმაცია და ამ ინფორმაციას, რომელიც მომდინარეობს მეორე მხარისგან და პროცესის მედიატორისგან, სჭირდება სრულად მიღება. როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ხშირია შემთხვევები, როდესაც წარმომადგენელი იღლება ინფორმაციის მიღებისგან ან მიაჩნია, რომ ისმენს არარელევანტურ ინფორმაციას, რაც შეიძლება იყოს კიდეც სახეზე, თუმცა მას უნდა გააჩნდეს უნარი მოისმინოს სრულად, ხოლო შემდგომ ამისა განახორციელოს მნიშვნელოვან და მეორე ხარისხოვან ინფორმაციას შორის დიფერენცირება.

ე) ზემოაღნიშნული თვისებიდან ურთიერთგამომდინარეა ადვოკატისთვის სავალდებულოდ საჭირო თვისება, რაც მედიაციის პროცესში წარმომადგენელს სჭირდება - ეს არის ანალიტიკური აზროვნების უნარი, რაც რიგ შემთხვევაში განმსაზღვრელი ფაქტორი ხდება პროცესის სწორად განვითარებისთვის.  მოსმენილი და დაგროვილი ინფორმაცია ითხოვს მხარისგან სწორ ანალიზს, რასაც მხარე ცხელ გულზე ვერ მოახდენს და ეს ფუნქცია და ვალდებულება ადვოკატმა უნდა  იტვირთოს. როგორც წესი, როდესაც ანალიზზე მიდის საუბარი, აუცილებელია აღინიშნოს, რომ ადვოკატი არის ის ფიგურა, რომელიც მედიაციის პროცესში მეორე მხარისგან უხვად შეთავაზებული შეთანხმების პირობებს აანალიზებს, და ახდენს მათგან მისი მარწმუნებლისთვის საუკეთესოს არჩევას.

ვ) მნიშვნელოვანია ადვოკატს ჰქონდეს კრეატიული აზროვნების უნარი, რადგან, რიგ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ მედიაციაში არ ხდება საკითხის სამართლებრივი გადაწყვეტა და რიგ შემთხვევაში ხდება მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი მოთხოვნებისგან ალტერნატიულ პირობებზე შეთანხმება, მნიშვნელოვანია ადვოკატს შეეძლოს აღნიშნული ოფციების შემუშავება, მხარის სამართლებრივი მიზნის გათვალისწინებით, რაც მართლაც მოითხოვს საკითხისადმი კრეატიულად და შემოქმედებითად მიდგომას, და არა შაბლონური სამართლებრივი დოგმატიკით საკითხის გადაწყვეტის მცდელობას.

ზ) ამასთანავე, მნიშვნელოვანია ადვოკატს გააჩნდეს უნარი მოახდინოს ვიზუალიზება იმ ინფორმაციის, რაც მედიაციის პროცესში იცვლება, რადგან ხშირია შემთხვევები, როდესაც ვიზუალური საშუალებების გამოყენებისას, მათ შორის მარწმუნებელი ახდენს აღქმას თუ რა პირობები იცვლება შეთანხმების პროცესში და რომელი პირობა როგორი შინაარსის შემცველია, შესაბამისად, ამ ყველაფეერში ვიზუალიზაციის უნარების ქონას, რიგ შემთხვევაში გადამწყვეტი როლი ეკისრება.

თ) მედიაციაში ადვოკატი ყველა სხვა ფუნქციასთან ერთად აწარმოებს მოლაპარაკებას მეორე მხარესთან და მის წარმომადგენელთან, რაშიც რა თქმა უნდა იყენებს მედიატორს, თუმცა მოლაპარაკების დამგეგმავი, სტრატეგიის განმსაზღვრელი და უშუალოდ განმხორციელებელი თავად ადვოკატი გახლავთ. მედიატორის როლს და გამოყენების ყველაზე ეფექტურ შემთხვევებს და საჭიროებებს ასევე ადვოკატი გეგმავს და შესაბამისად ათანხმებს კლიენტთან. მედიაციაში ადვოკატს ერთდროულად მრავალ საკითხთან უწევს შემხებლობა, გამკლავება, დაგეგმარება და შესაბამისად, ამ ყველაფრის ნაწილში ადვოაკტის მომზადება აუცილებელია იურიდიული პროფესიის მიერ, შეიძლება ითქვას, რომ წარმომადგენლის ფუნქცია კიდევ უფრო რთულია მედიაციაში, მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით, ვიდრე ის ფუნქცია, რასაც ადვოკატი სასამართლოებში ახორციელებს, როდესაც სამართლებრივ ჩარჩოში ათავსებს მხარის მოთხოვნებს და პოზიციებს და შემდგომ ამ პოზიციის დასაბუთებას ახდენს უშუალოდ პროცესზე. მედიაციაში წარმომადგენლად ჩართულ პირს კარგად უნდა ესმოდეს[92] თუ რა სახის დავის მოლაპარაკებაშია ჩართლი, ვისთან აქვს უშუალოდ შეხება, იგულისხმება მეორე მხარე თავისი ინტერესებით და რიგ შემთხვევაში მეორე მხარის წარმომადგენელი მისი უნარებით მოლაპარაკებაში, თავად მის მარწმუნებელს რა ინტერესების შეთანხმება და გაწერა სურს მედიაციის შეთანხმებაში, რა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ესახება ადვოკატს საჭიროდ, რომ მიიღოს დაგეგმილი შედეგი და რა არის ის კონკრეტული ამ დავისთვის მახასიათებელი ფაქტობრივი გარემოებები, რითაც წარმატებით შეუძლია „ვაჭრობა“ მეორე მხარესთან და რამდენად არის ეს ყოველივე მყარი და რა სუსტი წერტილები შეიძლება გამოუჩნდეს მის ამ გეგმას.

მედიაციაში ჩართულმა ადვოკატებმა, იმისთვის, რომ მიაღწიონ წარმატებას დამატებით[93] რამდენიმე საკითხს უნდა მიაქციონ ყურადღება, კერძოდ:

ა) ადვოკატებმა უნდა გააკონტროლონ მედიაციაში ერთმანეთის მიმართ და მოწინააღმდეგე მხარისადმი გამოსაყენებელი ლექსიკა, უფრო მეტიც, რაიმე სახის ბრალდებითი შინაარსის მიმართვა და წინადადებების გამოყენება შეიძლება გახდეს მეორე მხარის მხრიდან უარყოფით მიდგომის გამომწვევი, შესაბამისად, ამ გარემოებას მედიაციაში ჩართულმა ადვოკატებმა დიდი მნიშვნელობა უნდა მიაქციონ, რათა უნებლიედ ნაცვლად შეთანხმებისკენ სვლისა, არ გამოიწვიონ მხარეების ერთამენეთსადმი კიდევ უფრო გაუცხოება და დაძაბულობა;

ბ)ადვოკატებმა  თავი უნდა ჩააყენონ მეორე მხარის ადგილას და ამ კუთხით შეაფასონ საკუთარი შეთავაზებები მეორე მხარისადმი, თუ რამდენად შეიძლება მეორე მხარისთვის მისაღები იყოს ის შეთავაზება, რასაც თავად აჟღერებენ;

გ) ადვოკატებმა უნდა გააკეთონ ის, რაც ყველაზე კარგად ეხერხებათ: მოემზადონ, კერძოდ, კარგად იცოდნენ საკუთარი საქმის ყველა ძლიერი და სუსტი მხარე და საკუთარი კლიენტის ყველა ინტერესი და სურვილი, ისევე როგორც მისი შეთანხმების შესაძლებლობების მაქსიმუმი და მინიმუმი, რაზეც კლიენტი არის შეთანხმების მიღწევის მიზნით წამსვლელი. მედიაციის შესახებ ჩატარებული არაერთი კვლევა აჩვენებს, რომ მედიაციისთვის კარგად მომზადებული მხარეები არის უპირობო წინაპირობა[94] დავის შეთანხმებით დასრულებისა;

დ) მედიაციის პროცესში ადვოკატმა უნდა მოახდინოს სწორი დროის შერჩევა იმისთვის, რათა მისმა მხარემ (თავად ან ადვოკატის მეშვეობით) მეორე მხარეს გაუკეთოს პირველი შეთავაზება კონკრეტული პირობებით დავის შეთანხმებით დასრულების მიზნებისათვის, ისევე როგორც სწორედ იყოს ის გააზრებული თუ რა მოცულობის შეთავაზება უნდა გაკეთდეს, ანუ მაქსიმალური თუ მინიმალური, რათა  საკუთარი მხარისთვის ლავირების შესაძლებლობა დაიტოვოს, შეთავზების ფარგლებში მოისმენს რა მეორე მხარის უკუგებას განხორციელებულ შეთავაზებაზე[95];

ე) თავისი ვერბალური და არავერბალური გამოხატვით, ჟესტიკულაციით და მიმართვით დაუფიქსიროს პატივისცემა პროცესში ჩართულ ყველა მხარეს[96].

მედიაციისთვის მომზადების ეტაპად განიხილება, მათ შორის, დავისთვის სწორი მედიატორის შერჩევა მხარის მიერ. ხშირია იურისდიქციები, სადაც მხარეების შეუთანხმებლობის შემთხვევაში მედიატორს ნიშნავს სასამართლო. შესაბამისად, უპრიანია ორივე მხარე თავად შეჯერდეს მათი დავის სპეციფიკიდან და შინაარსის გათვალისწინებით იმ მედიატორის კანდიდატურაზე, რომელიც მათ დავასთან თავისი გამოცდილებით და ცოდნით ყველაზე ახლოს მდგომია, რადგან შეუთანხმებლობის შემთხვევაში, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით საქმეში დანიშნული მედიატორი შეიძლება არ აღმოჩნდეს შესაფერისი ცოდნის და უნარების მქონე მედიატორი და საბოლოოდ დაზარალდება მხარის ინტერესი[97].

ადვოკატის მიერ სწორი ფორმით მოლაპარაკებების წარმართვა, არის მთავარი ინსტრუმენტი[98] კლიენტის ინტერესების გასატარებლად მედიაციაში შეთანხმების მიღწევის მიზნით. მოლაპარაკება არის პროცესი, რომელშიც ერთმანეთს ერწყმის ერთდროულად იურიდიული მომზადება, გამოცდილება და პიროვნულ უნარებო და მხოლოდ ამ ყველაფრის კარგი ნაზავი იძლევა რეზულტატის მიღების საშუალებას მოლაპარაკებების გზით[99]. დამკვიდრებული აღქმადობა აქვს საზოგადოებაში ადვოკატის პერსონას, რომ ის „უნდა იყოს“ კარგი მომლაპარაკებელი. ამ აღქმადობის ქვეშ, მათ შორის, ექცევიან სახელმწიფოები, როდესაც, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა[100], რიგი სამართლებრივი დავების (ისეთი როგორიც არის საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობების მიზნით მოლაპარაკებები, მაგ: North American Free Trade Agreement, მოლაპარაკებები საავტორო სამართლის სფეროში ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები და სხვა) მოლაპარაკებით დასრულების მიზნით ქირაობს ადვოკატს.

ადვოკატებისთვის მედიაციის პროცესში იგივე სტანდარტი ვრცელდება, რაც სასამართლოში წარმომადგენლობის განხორციელებისას, კერძოდ, დაიცვან საკუთარი მარწმუნებლის საუკეთესო ინტერესი[101], თუმცა განსხვავებაა იმ ფორმაში, რომლის ფარგლებშიც ადვოკატმა უნდა განახორციელოს საკუთარი უფლებამოსილება, რადგან კარგად უნდა ესმოდეს, რომ იმყოფება კლიენტის მიერ არჩეული დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ ფორმატში, რა დროსაც მიმდინარე კონფლიქტის შეთანხმებით დასრულება უნდა მიიღწეს კონსენსუსის[102] გზით და არა შეჯიბრებითი პროცესის ფარგლებში იქნეს მიღწერული გამარჯვება. ეს რიგ შემთხევვაში ადვოკატებისთვის დიდი გამოწვევაა. ბოლო პერიოდია, ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ვითარდება ადვოკატებისთვის სწავლების პროგრამა რომელსაც ჰქვია mediation advocacy[103], რის ფარგლებშიც ადვოკატებს ყველა ის უნარი გადაეცემათ, რაც მათ მედიაციის სწორედ და წარმატებით წარმართვაში უნდა დაეხმაროთ.

წარმომადგენლის მთავარი ფუნქცია მედაიციაში არის სწორედ შეაფასოს ის, თუ რამდენად  შესაფერისია მისი კლიენტის დავა მედიაციისთვის და მედიაციის წარმოებისას რა სტრატეგია იქნეს შერჩეული მედიაციის კონკრეტული ფორმის გამოყენების თვალსაზრისით.

მედიაციის პროცესში შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, შეთანხმების პროექტის შედგენა[104] და მეორე მხარესთან მის გარშემო მუშაობა სწორედ ადვოკატის პრეროგატივას წარმოადგენს[105].

სამოქალაქო და კომერციული დავების მედიაციის მაგალითზე, ევროპაში მკვიდრდება მიდგომა, რომ მედიაციაში წარმომადგენლობა[106] აბსოლუტურად საადვოკატო საქმიანობით დაკავებული პირების განსხვავებული მიმართულებაა და  გარდა სპეციფიკური მომზადებისა საჭიროებს, ამასთანავე, შესაბამის საბაზრო მარკეტინგს, რათა მომხმარებლებსაც ჰქონდეთ წვდომა იმ პირებზე, რომლებიც მედიაციაში წარმომადგენლობას ახორციელებენ. 

ადვოკატები ტრადიციულად ასოცირდებიან სასამართლოსთან და შეჯიბრებით პროცესთან, რაც უკვე საადვოკატო საქმიანობის ისტორიულ შეფასებად მიიჩნევა. თუმცა, თანამედროვე აღქმა და გაგება ადვოკატის საქმიანობისა მედიაციით, მათგან ეფექტურ ჩართულობას და მოქმედებას მოითხოვს დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების მატრიცაში[107].

 

[1] სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე; სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ საგანმანათლებლო საბჭოს თავმჯდომარე

[2] Wode M., Rabe C.S., Mediation, Springer, Berlin, 2014, 1.

[3] Trenczek T.M.A., Berning D., Lenz C., Will H.D., Mediation und Konfliktmanagement, Handbuch, 2.Auflage, Nomos, Baden-Baden, 2017, 35.

[4] Deixler-Hűbner A., Schauer M., (Hrsg) Alternative Formen der Konfliktbereinigung, MANZ’sche Verlags- und Universitätsbuchhandlung, Wien, 2016, 1.

[5] Moore C.W., The Mediation Process, 3rd Ed, Jossey-Bass Publishing, San Francisco, 2003, 3, 5.

[6] Esplugues C., Marquis L., New Developments in Civil and Commercial Mediation, Springer, Vol. 6, 2015, 2.

[7] Carvalho J.M., Carvalho C., Online Dispute Resolution Platform in Alberto de Franceschi (ed), European Contract Law and the Digital Single Market –The Implications of the Digital Revolution, Intersentia, 2016, 245, 246.

[8] Poon G.P., The Corporate Counsel’s Guide to Mediation, First Chair Press, American Bar Association, United States of America, 2010, 9.

[9] იქვე, 100.

[10] Alexander N., International and Comparative Mediation, Wolters Kluwer, 2009, 1.

[11] Pfisterer T., Einigung und Mediation in Posch W., Schleifer W., Ferz S., Konfliktlosung im Konsens, Schiedsgerichtbarkeit, Diversion, Mediation, Leykam BuchVerlag, Graz, 2010, 78.

[12] Steffek F., Mediation, in The Max Planck Encyclopedia of European Private Law, Volume II, Basedow J., Hopt J.K., Zimmermann R., Stier A., Oxford University Press, Oxford, 2012, 1163.

[13] Genn H., Judging Civil Justice, Cambridge University Press, New York, 2010, 80.

[14] De Palo G., Trevors M.B., Arbitration and Mediation in the Southern Mediterranean Countries, Kluwer Law International, 2007, 15.

[15] Caponi R., Just Settlement or  „Just About Settlement?, Mediated Agreements: A comparative Overview of the Basics, Rabels Zeitschrift, The Rabel Journal of Comparative and International Private Law, Max –Planck-Institute fur auslandisches und internationals Privatrecht, Mohr Siebeck, 79.Jahrgang 2015, 121.

[16] Deixler-Hűbner A., Schauer M., (Hrsg) Alternative Formen der Konfliktbereinigung, MANZ’sche Verlags- und Universitätsbuchhandlung, Wien, 2016, 105.

[17] Steffek F., Mediation, in The Max Planck Encyclopedia of European Private Law, Vol. II, Basedow J., Hopt J.K., Zimmermann R., Stier A., Oxford University Press, Oxford, 2012, 1162.

[18] Esplugues C., Marquis L., New Developments in Civil and Commercial Mediation, Springer, Vol. 6, 2015, 2.

[19] Jeong S., Kritische Betrachtung űber die Gerichtsmediation in Korea, in Brinkmann M., Effer-Uhe D.O., Vőlzmann-Stickelbrock B., Wesser S., Weth S., Festschrifr fur Hanns Prűtting, Dogmatik im Dienst von Gerechtigkeit, Rechtssicherheit und Rechtsentwicklung, Carl Heymanns Verlag, Kőln, 2018, 831.

[20] Creutzfeldt N., Vertrauen in Auβergerichtliche Streitbeilegung, Zeitschrift fur Konflikt-Management, Verlag Otto Schmidt, Koln, Heft 1/2016, 15.

[21] Trossen A., Mediation (un)geregelt, Win-Management Verlag, Műhlberg, 2014, 37, 49.

[22] Alexander N., International and Comparative Mediation, Wolters Kluwer, 2009, 1.

[23] Blake S., Browne J.,Sime S., The Jackson ADR Handbook, 2nd Ed, Oxford University Press, Oxford, 2016, 144.

[24] Trenczek T.M.A., Berning D., Lenz C., Will H.D., Mediation und Konfliktmanagement, Handbuch, 2.Auflage, Nomos, Baden-Baden, 2017, 50.

[25] Tutzel S., Wegen G., Wilske S., Commercial Dispute Resolution in Germany, 2nd Ed, C.H.BECK, Munchen, 2016, 191.

[26] EU-Mediationsrichtlinie 2008, Art. 3a.

[27]Berkel G., Zur Diskussion gestellt: Deal Mediation als Konfliktbeilegung, Zeitschrift fűr Konfliktmanagement (ZKM), Verlag Otto Schmidt, Kőln, 2018, 61.

[28] Greger R., Unberath H.,  MediationsG : Recht der Alternativen Konfliktlosung, Kommentar , C.H.BECK, Műnchen, 2012, 97.

[29] Jones G., Pexton P., ADR and Trusts: an International Guide to Arbitration and Mediation of Trust Disputes, Spiramus Press, 2015, 33.

[30] Wode M., Rabe C.S., Mediation, Springer, Berlin, 2014, 27.

[31] Alexander N., Global Trends in Mediation, 2nd Ed, Kluwer Law International, the Netherlands, 2006, 10.

[32] Trossen A., Mediation (un)geregelt, Win-Management Verlag, Műhlberg, 2014, 470.

[33] Deixler-Hűbner A.,  Schauer M., (Hrsg) Alternative Formen der Konfliktbereinigung, MANZ’sche Verlags- und Universitätsbuchhandlung, Wien, 2016, 188.

[34] Kaiser P., Gabler A.M., Prozessqualität und Langzeiteffekte in der Mediation, Zeitschrift fur Konflikt-Management, Verlag Otto Schmidt, Koln, Heft 6/2014, 180.

[35] Fenn P., Commercial Conflict Management and Dispute Resolution, Routledge, New York, 2017, 68.

[36]  Roberts M.M., Mediation in Family Disputes, Ashgate Publishing Ltd, Burlington, 2014, 180.

[37] Wendland M., Mediation und Zivilprozess, Mohr Siebeck, Tubingen, 2017, 216, 217.

[38] Windisch K., Fair und/oder gerecht? Fairnesskriterien in der Mediation, Zeitschrift fur Konflikt-Management, Verlag Otto Schmidt, Koln, Heft 2/2015, 55.

[39] Steffek F., Unberath H., (eds), Genn H., Greger R., Menkel-Meadow C., Regulating Dispute Resolution ADR and Access to Justice at the Crossroads, Hart Publishing, Oxford and Portland Oregon, 2013, 17.

[40] Ahmed M., An Investigation into the Nature and Role of Non-Settled ADR in International Journal of Procedural Law, Vol. 7, intersentia,Cambridge-Antwerp-Portland, 2017, 216, 217.

[41]Deixler-Hűbner A., Schauer M., (Hrsg) Alternative Formen der Konfliktbereinigung, MANZ’sche Verlags- und Universitätsbuchhandlung, Wien, 2016, 21.

[42] წულაძე ა., ქართული სასამართლო მედიაციის შედარებითი ანალიზი, გამომცემლობა „იურისტების სამყარო“, თბ, 2017, 14.

[43] Bevan A., Alternative Dispute Resolution, Sweet & Maxwell, London, 1992, 1.

[44] Menkel-Meadow J.C., Love P.L., Schneider A.K., Sternlight R.J., Dispute Resolution Beyond the Adversarial Model, Wolters Kluwer Law&Business, Aspen Publishers Inc, 2011, 53.

[45] Walker S., Smith D., Advising and Representing Clients at Mediation, Wildy, Simmonds &Hill Publishing, London, 2013, 3.

[46] Haft F., von Schlieffen K.G., Handbuch Mediation, C.H.BECK, Munchen, 3 Auflage, 2016, 107, 108.

[47] Reuben C.R., The Lawyer Turns Peacemaker, A.B.A.J, 1996, 54, 55.

[48] Margaret S.H., The Blackwell Handbook of Mediation, Blackwell Publishing, Great Britain, Oxford, 2006, 89.

[49] Dingle J., Kelbie J., The Mediation Handbook, 2nd Ed, Unity Press, 2014, 114.

[50] Leung E., Mediation: A Cultural Change, Asian Pacific Law Review, 2009, 17.

[51] McLaren H.R., Sanderson J., Innovative Dispute Resolution: The Alternative, Thomson Carswell, 2006, 4-12.

[52] von Maik B., Guterichter und Mediatoren im Wettbewerb, Duncker &Humblot, Berlin, 2015, 23.

[53] Goodman A., Mediation Advocacy, 2nd Ed, Nova, 2010, 5.

[54] McLaren H.R., Sanderson J., Innovative Dispute Resolution:The Alternative, Thomson Carswell, 2006,4-2.

[55] Hollander J., Mediation for Civil Litigators, Irwin Law Inc, 2013, xviii.

[56] Englert K., Franke H., Grieger W., Streitlosung ohne Gericht – Schlichtung,Schiedsgericht und Mediation in Bausachen, Werner Verlag, 2006, 253.

[57] Pruckner M., Recht der Mediation, Linde Verlag Wien, Wien, 2003, 32.

[58] Steffek F., Mediation und Justiz in Das Neue Mediationsgesetz, Fischer Christian., Unberath Hannes., Verlag C.H.Beck, Munchen, 2013, 35.

[59] Schmidt F., Lapp T., Monβen H.G., Mediation in der Praxis des Anwalts, Verlag C.H.Beck, Műnchen, 2012, 22.

[60] იქვე, 23.

[61] იხ. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კოდექსი. <www.gba.ge/uploads/files/regulaciebi/eTikis_kodexi.pdf>. [28.06.2018]

[62] Brand J., Steadman F.. Todd C., Commercial Mediation, Iuta&Company, 2nd Ed, 2016, v.

[63] Niedostadek A., Mediation bei Arbeitsplatzkonflikten und der Grundsatz der Freiwilligkeit, Zeitschrift fur Konflikt-Management, 17 Jahrgang,Heft 2/2014, Januar/Februar, Seiten 1-32,PVSt 47561, 55.

[64] Ponschab R., Verhandlungsfuhrung: Mutter aller Konfliktlosungen, ADR-Verfahren im Vergleich –Teil 9, Zeitschrift fur Konflikt-Management, 17 Jahrgang,Heft 1/2014, Januar/Februar, Seiten 1-32,PVSt 47561, 7.

[65] იქვე, 4.

[66] Wendenburg F., Mediation –flexible Gestaltung innerhalb fester Strukturen, Zeitschrift fur Konflikt-Management, 17 Jahrgang, Heft 2/2014, Januar/Februar, Seiten 1-32,PVSt 47561, 36.

[67] Ponschab R., Verhandlungsfuhrung: Mutter aller Konfliktlosungen, ADR-Verfahren im Vergleich –Teil 9,Zeitschrift fur Konflikt-Management, 17 Jahrgang,Heft 1/2014, Januar/Februar, Seiten 1-32,PVSt 47561, 4.

[68] Goodman A., Mediation Advocacy, 2nd Ed, Nova, 2010, 1.

[69] იქვე, 6.

[70] Hollander J., Mediation for Civil Litigators, Irwin Law Inc, 2013, xix.

[71] იქვე, 1.

[72] Stephen W.J., Principles of Alternative Dispute Resolution, West Academic Publishing, 2016, 391.

[73] Goodman A., Mediation Advocacy, 2nd Ed, Nova, 2010, 25.

[74] §1 Abs. 1 RBerg; zur Frage der Erlaubnispflicht im Falle `gerichtsnaher` Mediation ausfuhrlich Volkmann, SchiedsVZ, 2004, S.245 ff.

[75] Goodman A., Mediation Advocacy, 2nd Ed, Nova, 2010, 1.

[76] Greger R., Unberath H., Die Zukunft der Mediation in Deutschland, 2008, Verlag C.H.Beck Munchen 2008, 5.

[77] Walker S., Smith D., Advising and Representing Clients at Mediation, Wildy, Simmonds &Hill Publishing, London, 2013, 55.

[78] Margaret S.H., The Blackwell Handbook of Mediation, Blackwell Publishing, Great Britain, Oxford, 2006, 89.

[79] Chern C., International Commercial Mediation, Informa London, 2008, 122.

[80] Eberhardt H., Rechrsschutzversicherung und auβergerichtliche Konfliktslősung, Zeitschrift fur Konflikt-Management, Verlag Otto Schmidt, Koln, Heft 3/2014, 85.

[81] Pramhofer K., Gerichtsnahe Mediation beim Handelsgericht Wien-ein Erfolgsprojekt, Zeitschrift fur Konflikt-Management, Verlag Otto Schmidt, Koln, Heft 3/2014, 82.

[82] McLaren H.R., Sanderson J., Innovative Dispute Resolution: The Alternative, Thomson Carswell, 2006, 4-2.

[83] Genn H., Judging Civil Justice, The Hamlyn Lectures 59th series, Cambridge University Press, Cambridge, 2010, 113.

[84] Kwan Lun M.I., Alternative Dispute Resolution of Shareholder Disputes in Hong Kong., Cambridge University Press., Cambridge, 2017, 95.

[85]Arthur W.R., Contemporary Issues in International Arbitration and Mediation, Martinus Nijhoff Publishers, Netherlands/Leiden, 2013, 349.

[86] Dingle J., Kelbie J., The Mediation Handbook, 2nd Ed, Unity Press, 2014, 113.

[87] Goodman A., Mediation Advocacy, 2nd Ed, Nova, 2010, 17.

[88] Eidenmuller H., Wagner G., Mediationsrecht, Verlag Otto Schmidt, Kőln, 2015, 35.

[89] Abramson H., Ingen-Housz A., ADR in Business, Vol. II, Wolters Kluwer Law&Business, the Netherlands, 2011, 312.

[90] Picker B., Mediation Practice Guide : A Handbook for Resolving Business Disputes, American Bar Association, 2nd ED, Washington, 2003, 91.

[91] Eidenmuller H., Wagner G., Mediationsrecht, ottoschmidt, 2015, 36.

 

[92] Frascogna J., Hetherington H.L, The Lawyer’s Guide to Negotiation, American Bar Association, 2009, 11.

[93] Hollander J., Mediation for Civil Litigators, Irwin Law Inc, 2013, 6, 7.

[94] Hollander J., Mediation for Civil Litigators, Irwin Law Inc, 2013, 28.

[95] Ponschab R., Verhandlungsfuhrung: Mutter aller Konfliktlosungen, ADR-Verfahren im Vergleich –Teil 9,Zeitschrift fur Konflikt-Management, 17 Jahrgang,Heft 1/2014, Januar/Februar, Seiten 1-32,PVSt 47561, 5.

[96] Nelson M.R., Nelson on ADR, Thomson Carswell, 2003, 58.

[97] Hollander J., Mediation for Civil Litigators, Irwin Law Inc, 2013, 27.

[98] Frascogna J., Hetherington H.L., The Lawyer’s Guide to Negotiation, American Bar Association, 2009, 1.

[99]  იქვე, 2.

[100]  იქვე, 2.

[101] Brown H., Marriott A., ADR Principles and Practice, Sweet & Maxwell, Thomson Reuters, 2011, 405.

[102] იქვე, 405.

[104] Blake S., Browne J.,Sime S., The Jackson ADR Handbook, 2nd Ed, Oxford University Press, Oxford, 2016, 40.

[105] Brown H., Marriott A., ADR Principles and Practice, Sweet & Maxwell, Thomson Reuters, London, 2011, 423.

[106] Goodman A., Mediation Advocacy, 2nd Ed, Nova, 2010, 175.

[107] Boulle L., Field R., Australian Dispute Resolution, Lexis Nexis Butterworths, 2017, 152.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი