დისტანციური სასამართლო სხდომები: საერთაშორისო პრაქტიკა, დადებითი და უარყოფითი მხარეები

4 ოქტომბერი 2020

ავტორი: სოფო სოხაძე

შპს "United Consultig Group" გენერალური დირექტორი, ადვოკატი

 

                                                                        შესავალი

თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარეობს უდიდესი ტექნოლოგიური განვითარების პროცესი, რაც, თავის მხრივ, გარდაუვალს ხდის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას და მის აქტიურ გამოყენებას ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში აქტიურად მიმდინარეობს „ელექტრონული მმართველობის“ სისტემების დანერგვა როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს, კერძოდ კი, უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში,  ელექტრონული მმართველობის განვითარებისათვის განხორცილებული პროექტების შედეგად, საქართველომ დააფიქსირა წინსვლის მზარდი დინამიკა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ელ-მმართველობის საერთაშორისო რეიტინგებში, რომელიც ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ქვეყნდება.

„ელექტრონული მმართველობის“ ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს „ელექტრონული მართლმსაჯულება, რომელიც მისი მნიშვნელობით შესაძლებელია მიჩნეული იქნას „ელექტრონული მმართველობის“ ერთ-ერთ საკვანძო რგოლად, ვინაიდან, სასამართლო ხელისუფლება არის ხელისუფლების ის შტო, რომელიც ყველაზე მჭიდრო კავშირშია სხვა დანარჩენ შტოებთან. ამასთან, „ელექტრონული მართლმსაჯულების“ სისტემის გამართულად და ეფექტურად მუშაობა ხელს შეუწყობს როგორც „ელექტრონული მმართველობის“ სხვა ნაწილების ეფექტურ ფუნქციონირებას, ისე საზოგადოების წვდომას სწრაფ, ეფექტურ, ღია და სამართლიან მართლმსაჯულებაზე.

აღსანიშნავია, რომ დღეისათვის საერთო სასამართლოების სისტემაში ფუნქციონირებს სასამართლოს ელექტრონული საქმის წარმოების პროგრამა, რომელზე მუშაობაც დასრულდა 2010 წელს, ხოლო სატესტო რეჟიმში ჩაეშვა 2011 წლიდან რუსთავის საქალაქო სასამართლოში. 2014 წელს კი, შეიქმნა ე.წ. „ადვოკატების მოდული, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა საპროცესო დოკუმენტების (სარჩელის, შესაგებლის, განცხადების და სხვ.) დისტანციურად, ელექტრონული წესით შეტანას, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს მტკიცებულებათა ელექტრონული  ფორმით წარდგენის შესაძლებლობას. კოვიდ-19 ვირუსის გავრცელების გამო გამოცხადებული მსოფლიო პანდემიის პირობებში კი, აღნიშნული სერვისით სარგებლობა სამოქალაქო და ადმინისტრაციული წარმოების საქმეთა მხარეთათვის გახდა უფასო.

მიმდინარე წლის დასაწყისში, პროცესის ნებისმიერი მონაწილისათვის ალბათ წარმოუდგენელი იქნებოდა სასამართლო სხდომების ჩატარება მხარეთა სასამართლოში ფიზიკურად გამოცხადების გარეშე. თუმცა, საყურადღებოა, რომ დისტანციური სასამართლო სხდომები არის „ელექტრონული მართლმსაჯულების“ ერთ-ერთ  აუცილებელი კომპონენტი, რომელიც არც ისე შორეულ მომავალს წარმოადგენს და რომლის დანერგვის საჭიროებაც განსაკუთრებულად გამოჩნდა კოვიდ-19 გავრცელების გამო გამოცხადებული მსოფლიო პანდემიის პირობებში.

დისტანციური სასამართლო სხდომები-ახალი გამოწვევა მართლმსაჯულების სისტემისთვის

დისტანციური სასამართლო სხდომები უდაოდ წარმოადგენს სამართალწარმოების მომავალს და გააჩნია იმის პოტენციალი, რომ გარკვეული მიმართულებებით ჩაანაცვლოს მხარეთა უშუალო დასწრებით ჩატარებული სასამართლო სხდომები. თუმცა, მათი დანერგვისა და ეფექტურად განხორცილების მიზნით, გასათვალისწინებელია შემდეგი ძირითადი საკითხები:

თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებისას მნიშვნელოვანია სწორად შეირჩეს ან/და შეიქმნას ელექტრონული პლატფორმა შესაბამისი ფუნქციონალით, რომელიც უზრუნველყოფს სრულყოფილი სასამართლო სხდომის ჩატარებას. კერძოდ, მაქსიმალურად უნდა იქნას უზრუნველყოფილი, როგორც მტკიცებულებათა გამოკვლევის უშუალობის პრინციპი, ისე კლიენტისა და ადვოკატის ურთიერთობის კონფიდენციალურობის პრინციპი. ამასთან, მნიშვნელოვანია შეირჩეს/შეიქმნას და გამოყენებული იქნას ისეთი ელექტრონული პლატფორმა, რომელიც როგორც სასამართლოს, ისე მხარეებს მისცემს შესაძლებლობას მოახდინონ მხარეთა და მათ წარმომადგენელთა (ადვოკატთა), აგრეთვე, მოწმეთა იდენტიფიცირება. ასევე, აუცილებელია, პროგრამას გააჩნდეს ისეთი ფუნქცია, რომელიც უზრუნველყოფს მოწმის განცალკევებულად ყოფნას და გამორიცხავს მისთვის როგორც ძირითადი პროცესის მიმდინარეობაზე, ისე სხვა მოწმეთა ჩვენებებზე ხელმისაწვდომობას.[1]

ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია შერჩეული ელექტრონული პლატფორმის ტექნიკურად გამართულობა, მაღალი ხარისხის ინტერნეტ კავშირით უზრუნველყოფა და სასამართლოს მოხელეთა და პროცესში მონაწილე პირთა სათანადო მომზადება ტექნოლოგიური რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებით, ვინაიდან მეტწილად სწორედ აღნიშნულ ფაქტორებზეა დამოკიდებული სრულყოფილი და ეფექტური დისტანციური სასამართლო სხდომის ჩატარება.

სხდომათა საჯაროობის უზრუნველყოფა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რათა დაცული იქნას და არ შეილახოს ერთის მხრივ, ადამიანის ღია სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვის უფლება და მეორეს მხრივ, საქმის განხილვის საქვეყნოობის პრინციპი, რაც უზრუნველყოფს სასამრთლო ხელისუფლების ღია და გამჭვირვალე მმართველობას.

როგორც დისტანციური სასამართლო სხდომის წარმართვისთვის, ისე მისი საჯაროობის უზრუნველყოფისთვის აუცილებელია გამოყენებული იქნას ტექნოლოგიური რესურსები. მაგალითად, შესაძლებელია მათი ჩანაწერის ონლაინ რეჟიმში გაშვება სასამართლოს ვებ-გვერდზე ან ინტერნეტ არხის ან სოციალური ქსელის მეშვეობით.

მტკიცებულებათა გამოკვლევა სასამართლო სხდომის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ეტაპია, რომლისთვისაც მზადება ფაქტობრივად სარჩელის/საქმის აღძვრის ეტაპიდანვე იწყება. როგორც უკვე აღინიშნა, დღეისათვის ფუნქციონირებს სასამართლო საქმის წარმოების ელექტრონული სისტემა, რომლის მეშვეობითაც სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე შესაძლებელია მტკიცებულებათა ელექტრონული ფორმით წარდგენა, ხოლო სისხლის სამართლის საქმეებზე უკანასკნელ პერიოდში არსებული პრაქტიკით შესაძლებელია მტკიცებულებათა ელექტრონული ფოსტით გაგზავნის შესაძლებლობა სასამართლოში. თუმცა, მიზანშეწონილია, საქმის წარმოების ელექტრონულ სიტემაში სისხლის სამართლის საქმეებზე მტკიცებულებათა და სხვადასხვა საპროცესო დოკუმენტების (განცხადების, შუამდგომლობის, საჩივრის და სხვა) ელექტრონულად წარდგენის მიზნით, სისხლის სამართლის საქმეების მართვის ფუნქციონალის ჩართვა სრული მოცულობით (დღეისათვის ჩართულია მხოლოდ საგამოძიებო ღონისძიებების ფუნქციონალი). ამასთან, ელექტრონული პლატფორმის გამოყენების საშუალებით, როგორიც არის ZOOM-ი და WebEx Cisco,  შესაძლებელია ეკრანის გაზიარება, სადაც გამოსახული იქნება შესაბამისი ელექტრონული მტკიცებულება, რაც, თავის მხრივ, ეფექტურად უზრუნველყოფს მტკიცებულებათა გამოკვლევის პროცესს, ისე რომ არ დაირღვეს მტკიცებულებათა უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის პრინციპი. რაც შეეხება ნივთიერ მტკიცებულებებს, მათ გამოკვლევასთან დაკავშირებით, აუცილებელია მათი წარდგენა მოხდეს სასამართლოში დისტანციური სხდომის გამართვამდე და მისი გამოკვლევა მოხდეს მოსამართლის ან სასამართლოს მოხელის საშუალებით დისტანციური სხდომის მიმდინარეობისას, რა დროსაც მხარეებს შესაძლებლობა ექნება მონაწილეობა მიიღონ მათ გამოკვლევაში ვიზუალური დაკვირვების გზით. ამ მიზნით აუცილებელი იქნება შესაბამისი ცვლილების შეტანა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში.

მოწმეთა დაკითხვა, განსაკუთრებით კი მათი ჯვარედინი დაკითხვა ძალიან მნიშვნელოვანი და საფრთხილო საკითხია დისტანციური სასამართლო სხდომის გამართვისას. აღსანიშნავია, რომ დღეს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი[2] და სამოქალაქო საპროცესო კოდექსი[3] ითვალისწინებს, როგორც მოწმეთა დისტანციურად დაკითხვის, ისე სასამართლო განხილვაში მხარეთა, მათ შორის ბრალდებულის, დისტანციურად მონაწილეობის შესაძლებლობას. თუმცა, მითითებული კოდექსებით გათვალისწინებული რეგულაციები  მოწმეთა და მხარეთა დისტანციურად გამოკითხვასთან დაკავშირებით ერთმანეთისგან განსხვავებულია. კერძოდ კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი მხარეთა და მოწმეთა დისტანციურად დაკითხვის შესაძლებლობას ითვალისწინებს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შესაძლებელია შესაბამისი ორგანოს მიერ პირის იდენტიფიცირება დაკითხვის ადგილას. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი კი უფრო ზოგად რეგულაციას გვთავაზობს და განსაზღვრულია, რომ მხარეთა, მათ შორის ბრალდებულის, მონაწილეობა და მოწმეთა დაკითხვა დისტანციურად შესაძლებელია ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს გადაწყვეტილებით. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად არსებული რეგულაციებისა, პანდემიამდე, სასამართლო სხდომაზე პროცესის მონაწილეთა და მოწმეთა დისტანციურად ჩართვა ფაქტობრივად არ მომხდარა, რაც გარკვეულწილად აიხსნება მართლმსაჯულების ყველა მონაწილის (მოსამართლეების, პროკურორების, ადვოკატების) სკეპტიკური დამოკიდებულებით აღნიშნული საკითხის მიმართ. ამასთან, მიმაჩნია, რომ არსებული, განსაკუთრებით კი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული რეგულაციები, საჭიროებს უფრო მეტ დახვეწას და სიცხადის შეტანას პროცედურის აღწერის ნაწილში.

მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, რომ მოწმეთა დაკითხვის საკითხი, განსაკუთრებით კი მნიშვნელოვან მოწმეებთან მიმართებითა და ჯვარედინი დაკითხვის დროს დისტანციური სასამართლო სხდომების გამოყენება წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას მხარეებისათვის. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ აღნიშნული უნდა გახდეს სერიოზული მსჯელობის საგანი.

საერთაშორისო პრაქტიკა

როგორც უკვე აღინიშნა, კოვიდ-19-ის გავრცელების გამო გამოცხადებული მსოფლიო პანდემიის პირობებში, სასამართლო სხდომების დისტანციურად ჩატარების აუცილებლობის წინაშე დადგა არამხოლოდ საქართველო, არამედ თითქმის მთელი მსოფლიო. შესაბამისად, საუკეთესო პრაქტიკის დანერგვისა და განზოგადების მიზნით, მნიშვნელოვანია, მსოფლიო ქვეყნების გამოცდილების შესწავლა დისტანციური სასამართლო სხდომების ჩატარებასთან დაკავშირებით იმ ძირითად ოთხ საკითხთან მიმართებით, რომელზეც ზემოთ გვქონდა საუბარი.

აღსანიშნავია, რომ გაერთიანებულ სამეფოში სასამართლო სხდომების დისტანციურად ჩატარების გამოცდილება არსებობდა პანდემიის გამოცხადებამდეც, ძირითადად სამოქალაქო საქმეებთან დაკავშირებით. თუმცა, პანდემიის გამო კარანტინის გამოცხადების შემდეგ, განსაკუთრებით აქტუალური გახდა მათი ჩატარება. ქვეყანაში მოღვაწე იურისტების განცხადებით, დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო სხდომების დაახლოებით 85-90% ჩატარდა დისტანციურად, აქედან 1/3 ჩატარდა ვიდეო კონფერენციის საშუალებით, ხოლო 2/3 სატელეფონო კომუნიკაციით. ამასთან, აღსანიშნავია რომ სატელეფონო კომუნიკაციის გამოყენების ზოგიერთ შემთხვევაში, მათი გამოყენების აუცილებლობა დადგა იმის გამო, რომ მხარეებს შეზღუდული ჰქონდათ კომპიუტერთან წვდომა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ვიდეო კონფერენციის ჩასატარებლად იყენებდნენ სხვადასხვა ელექტრონულ პლატფორმებს.[4] საკმაოდ განსხვავებული სიტუაცია იყო ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით - მათ მიერ საქმის განხილვა შეჩერდა, სანამ არ მოხდა უფრო დიდი სასამართლო სხდომების დარბაზების გამოყოფა, იმგვარად რომ უზრუნველყოფილი ყოფილიყო სოციალური დისტანცირება.

რაც შეეხება სხდომათა საჯაროობას, გაერთიანებულ სამეფოში ერთ-ერთ საქმეზე გამოყენებული იქნა პირდაპირი ეთერი Youtube არხის მეშვეობით, თუმცა, ეს არ არის კანონით პირდაპირ გათვალისწინებული საკითხი, არამედ ამ კონკრეტულ საქმეზე აღნიშნული განხორციელდა მოსამართლის თანხმობით. ზოგადად, გაერთიანებულ სამეფოში სხდომათა საჯაროობის ხელმისაწვდომობის მიზნით, მედია საშუალებებს ან სხვა პირებს შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს და მოითხოვონ დისტანციური სხდომის საჯაროობის ან/და მასზე დასწრების უზრუნველყოფა. ქვეყანაში მოღვაწე იურისტების აზრით, საჯაროობა უზრუნველყოფილად ითვლება თუნდაც მხოლოდ ერთი მედიასაშუალების ჩართვით ან მისთვის სხდომის ჩანაწერის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის შემთხვევაშიც. ამასთან, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მოსამართლის გადასაწყვეტია თუ რა ფორმით და რომელი ტექნიკური საშუალებით მოახდენს სხდომათა საჯაროობის უზრუნველყოფას. თითქმის ანალოგიური პრაქტიკა აქვ აშშ-ს და კანადას, სადაც ასევე არის სხდომათა პირდაპირი ეთერით Youtube არხის მეშვეობით ტრანსლირების შემთხვევები. საფრანგეთში კი, ყველა დისტანციურად ჩატარებული სხდომა იყო დახურული.

მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვან ქვეყანაში, საკმაოდ  დიდი ხანია ფუნქციონირებს ელექტრონული საქმის წარმოების და ე.წ. „ელექტრონული პაკეტის“ (E-bundle), პროგრამები, რომელთა მეშვეობით ხდება დოკუმენტების წარდგენა სასამართლოში ელექტრონული ფორმით და საქმის მასალების (მტკიცებულებების) ელექტრონული აკინძვა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროგრამის საშუალებით პროცესის მონაწილეებს და მოსამართლეს შესაძლებლობა აქვთ გააკეთონ მათთვის საინტერესო საქმის მასალების მონიშვნები, ჩანიშვნები, ასევე კომენტარები, ისევე როგორც ეს შესაძლებელია საქმის ქაღალდის ვერსიაზე. შესაბამისად, აღნიშნული შესაძლებლობას აძლევს მხარეებს და სასამართლოს მოახდინონ მტკიცებულებათა სწრაფი და ეფექტური დემონსტრირება და გამოკვლევა. მაგალითისთვის შეიძლება აღინიშნოს კანადა, სადაც მტკიცებულებების ელექტრონული გამოკვლევა ხდება არა მხოლოდ დისტანციური სასამართლო სხდომის ჩატარებისას, არამედ უშუალოდ მხარეთა ფიზიკური დასწრებით ჩატარებულ სხდომებზეც.

კანადის ერთ-ერთი პროვინციის -  ალბერტას იურისტების მიერ შემუშავებული იქნა „ალბერტას პროტოკოლი დისტანციური გამოკითხვების თაობაზე. აქვე ჩამოვთვლი იმ საუკეთესო პრაქტიკის რამდენიმე მაგალითს, რაც უნდა განხორციელდეს აღნიშნული პროტოკოლის მიხედვით.

მოწმეთა დისტანციური დაკითხვის სხვა საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები, ჩამოთვლილია ასევე  “Lewis & Clark Law”-ს ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიაში „43(ა) მუხლის შენიშვნები და კომენტარი: მოწმის დისტანციური დაკითხვა და ცვლილებებისადმი მდგრადი მართლმსაჯულება, რომელთაგან გამოვყოფდი რამდენიმეს:

აქვე აღსანიშნავია, რომ დისტანციურად მოწმის დაკითხვა, ჩვენი უცხოელი კოლეგების მოსაზრებით, წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემატურ საკითხს, ვინაიდან მოწმის ჩვენების შეფასებისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის თუ რას გადმოსცემს ზეპირად მოწმე, არამედ მისი სხეულის ენაც, რომლის ანალიზიც დისტანციური სასამართლო სხდომის გამართვისას ფაქტობრივად შეუძლებელია და მიაჩნიათ, რომ მოწმეთა დისტანციური დაკითხვა უნდა განხორციელდეს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში.

დადებითი და უარყოფითი მხარეები

დისტანციური სასამართლოს სხდომების პრაქტიკაში დანერგვა, ვფიქრობ, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემის მომხმარებელს მოუტანს არაერთ მნიშვნელოვან სარგებელს, კერძოდ:

დისტანციური  სასამართლო სხდომების უარყოფით მხარეებად შეიძლება გამოვკვეთოთ შემდეგი საკითხები:

                                                                        დასკვნა

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ დისტანციური სასამართლო სხდომებს, ყოველთვის ეყოლება, როგორც მომხრეეები ისე მოწინააღმდეგეები, თუმცა ეს არის სიახლე და სამართალწარმოების სისტემის გარდაუვალი მომავალი, რომლის დახვეწაზეც და პრაქტიკაში ეფექტურად გამოყენებაზე ზრუნვა სახელმწიფოს და მართლმსაჯულების სისტემის ყველა მონაწილის მოვალეობას წარმოადგენს, რათა უზრუნველყოფილი იქნას და არ შეფერხდეს ეფექტურ, ღია, სწრაფ და ხარისხიან მართლმსაჯულებაზე წვდომა, რაც, თავის მხრივ, სამართლებრივი სახელმწიფოს ქვაკუთხედს წარმოადგენს.

აქვე აღსანიშნავია, რომ დისტანციური სასამართლო სხდომა, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე, სავალდებულო წესით ჩატარებული შეიძლება იქნას მხოლოდ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, ხოლო სხვა დანარჩენ შემთხვევაში კი, მისი ჩატარება მხოლოდ მხარეთა ერთობლივი თანხმობით უნდა იყოს შესაძლებელი

 

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი