დამზღვევის უხეში გაუფრთხილებლობის შესახებ საკანონმდებლო დანაწესის და პრინციპის „ან ყველაფერი ან არაფერი“ რეფორმის საჭიროება

4 ოქტომბერი 2020

ავტორო: ნატა მოწონელიძე
სამართლის დოქტორი. თბილისის ი.ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

 

დაზღვევის ხელშეკრულება, როგორც ორმხრივ მავალდებულებელი, დამზღვევისა და მზღვეველისთვის ადგენს ძირითად და დამატებით ვალდებულებებს. მიუხედავად იმისა, რომ დაზღვევის ხელშეკრულებიდან არ გამომდინარეობს დამზღვევის ვალდებულება, რომ სადაზღვევო შემთხვევა და შესაბამისად ზიანი, თავიდან აიცილოს, კანონმდებლობა ითვალისწინებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც, გარკვეულ გარემოებებში, დამზღვევის მიერ სადაზღვევო შემთხვევის გამოწვევისას, მზღვეველი შეიძლება გათავისუფლდეს დაზღვევის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებისაგან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში სსკ) 829-ე მუხლის თანახმად, „მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან თუ დამზღვევმა სადაზღვევო შემთხვევა განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით გამოიწვია“.

,,განზრახვა” ჯერ კიდევ რომის სამართალში ბრალის ყველაზე მძიმე ფორმად მიიჩნეოდა და იგი პირის პასუხისმგებლობის საფუძველი იყო. ბრალის საკითხის მნიშვნელობა პირის პასუხისმგებლობის განსაზღვრისათვის დღესაც უცვლელად ძალაშია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის დაზღვევის თავის დებულებებით თუ ვიმსჯელებთ, მარტივად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ კანონმდებელი ,,განზრახვასსადაზღვევო ურთიერთობებშიც იგივე მიზნით იყენებს და მას მზღვეველის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძვლად მიიჩნევს. ამის ნათელი მაგალითია სსკ-ის 813- მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად ,,დამზღვევის მიერ საფრთხის განზრახ გაზრდის შემთხვევაში მზღვეველს შეუძლია მოშალოს ხელშეკრულება ვადის დაცვის გარეშე”. გარდა ამისა, სსკ-ის 829- მუხლით პირდაპირ არის გათვალისწინებული მზღვეველის გათავისუფლება თავისი მოვალეობისაგან იმ შემთხვევაში, “თუ დამზღვევი პირი სადაზღვევო შემთხვევას გამოიწვევს განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით”. პირადი დაზღვევის შემთხვევაში, სსკ-ის 856- მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მზღვეველი გათავისუფლდება სადაზღვევო ანაზღაურების გადახდის მოვალეობისაგან, თუ სარგებლის მიმღები უბედურ შემთხვევას გამოიწვევს განზრახ უკანონო მოქმედებით”. სიცოცხლის დაზღვევის შემთხვევაში კი, სსკ-ის 850- მუხლის მიხედვით, ,,მზღვეველი გათავისუფლდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებისაგან, თუ პირი, რომლის სიცოცხლეც დაზღვეული იყო თავს მოიკლავს”.

სსკ-ის 829-ე მუხლის დანაწესი შეესაბამება საერთო სამოქალაქო-სამართლებრივ კრიტერიუმებს. განზრახვისთვის აუცილებელია პირის მიერ, კონკრეტული გარემოებების ცოდნის გათვალისწინებით, სადაზღვევო შემთხვევის გამოწვევის სურვილი. ე.ი პირის ნება კონკრეტულ ვითარებაში გამოიწვიოს სადაზღვევო შემთხვევა. ამასთან, იმისათვის, რომ პირის ქმედება შეფასდეს განზრახვად იგი უნდა მოიცავდეს ვალდებულების დარღვევას. შესაბამისად, თუ პირი (დამზღვევი/დაზღვეული) ცდება ზრუნვის სტანდარტში ან გამამართლებელ საფუძველში, პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება. გასათვალისწინებელია, რომ იმ შემთხვევაში, თუ დამზღვევი იმედოვნებს, რომ სადაზღვევო შემთხვევა არ დადგება, სახეზეა თვითიმედოვნება.

                                                               ნორმის მიზანი

სსკ-ის 829-ე მუხლის უმთავრესი მიზანი პრევენციაა. კერძოდ, შეამციროს სადაზღვევო შემთხვევის გამოწვევის სუბიექტური და მორალური რისკი (Moral Hazard). დამზღვევი, რომელიც არ იჩენს ზრუნვას, ან არაკეთილსინდისიერად ექცევა დაზღვეულ ინტერესს, სადაზღვევო დაცვის გარეშე რჩება.

რისკი, რომელიც ეფუძნება და გამოწვეულია დამზღვევის მხრიდან განზრახ ან უხეში გაუფრთხილებელი მოქმედებით, აღარ ექცევა დაზღვევის ხელშეკრულების მოქმედების სფეროში. შესაბამისად, დაზღვევის ხელშეკრულებით იფარება მხოლოდ ის რისკები, რომელიც წარმოიშობა ე.წ. „ნორმალური“, თუმცა არასწორი ქმედებისგან. მსგავსი ტიპის შეცდომა შესაძლოა დაუშვას თვით იმ დამზღვევმაც კი, რომელიც, როგორც წესი, მზრუნველობით ექცევა თავის საკუთრებას. აღნიშნული მუხლის უმთავრესი მიზანია, შეამციროს ე.წ „სუბიექტური რისკი“.

ქართული საკანონმდებლო დანაწესი, რომლის თანახმადაც, დამზღვევის მიერ სადაზღვევო შემთხვევის განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით ზიანის გამოწვევის შემთხვევაში, მზღვეველი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, სრულ შესაბამისობაშია გერმანიის დაზღვევის შესახებ კანონის ძველ რედაქციასთან, რომლის 61-ე პარაგრაფის თანახმად, მზღვეველი თავისუფლდებოდა ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან, თუ დამზღვევი სადაზღვევო შემთხვევას  განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით გამოიწვევდა. აღნიშნულ საკანონმდებლო ჩანაწერს გერმანულ სადაზღვევო და სასამართლო პრაქტიკაში მოიხსენიებდნენ პრინციპად „ან ყველაფერი ან არაფერი“, რაც ზუსტად გამოხატავდა კანონმდებლის ნებას, სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ დამზღვევს თავისი ბრალის შესაბამისად, ან სრულად მიეღო სადაზღვევო ანაზღაურება, ან დარჩენილიყო სადაზღვევო უზრუნველყოფის გარეშე. თუმცა, მრავალწლიანმა პრაქტიკამ ცხადყო, რომ პრინციპი „ან ყველაფერი ან არაფერი“ მძიმე სამართლებრივ შედეგს იწვევდა. კერძოდ, პრაქტიკოსი იურისტები მიუთითებდნენ, რომ მზღვეველისთვის უფლების მინიჭება, უხეში გაუფრთხილებლობის შემთხვევაში, ავტომატურად უარი ეთქვა ზიანის ანაზღაურებაზე, უსამართლოდ ართმევდა დამზღვევს სადაზღვევო დაცვით სარგებლობის უფლებას. აქტიურად დადგა საკითხი დამზღვევის ბრალის ხარისხის პროპორციულად  ანაზღაურების შემცირების თაობაზე ნაცვლად სრულად გამორიცხვისა. ამასთან ერთად, წამოიჭრა საკითხი, გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 242-ე პარაგრაფის შესაბამისად, დაზღვევის შესახებ კანონის 61-ე პარაგრაფის კონსტიტუციური კორექტირების თაობაზე. საბოლოოდ, გერმანელი კანონმდებელი მივიდა იმ ცვლილებებამდე, რომელიც ნაკარნახევი იყო დაზღვევის სამართლის სამართლიანი პოლიტიკის, სადაზღვევო ბაზრის განვითარებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის იდეით.

                                         გერმანული სადაზღვევო რეფორმა

პრაქტიკოსი იურისტების მოსაზრება გაიზიარა გერმანიის დაზღვევის შესახებ კანონზე მომუშავე კომისიამაც. თავის მოტივაციაში კომისია მიუთითებდა, რომ დაუშვებელია, ყოველი უხეში გაუფრთხილებლობა მზღვეველის პასუხისმგებლობისაგან სრულად განთავისუფლების საფუძველი გახდეს. იგი აღნიშნავდა, რომ მიზანშეწონილია, ანაზღაურების ოდენობა შემცირდეს მზღვეველის ბრალის პროპორციულად და არა სრულად გამოირიცხოს. ხშირ შემთხვევაში, უსამართლოდ ხდებოდა დამზღვევისთვის ანაზღაურების მიცემაზე უარის თქმა. ამიტომ, სამართლიანობა მოითხოვდა, რომ უხეში გაუფრთხილებლობის შეფასება მომხდარიყო არა მხოლოდ ობიექტური, არამედ სუბიექტური ფაქტორების გათვალისწინებითაც. სწორედ სუბიექტური და ობიექტური ფაქტორების გამიჯვნამ ცხადყო, რომ გერმანიაში მოქმედი პრინციპი ,,ან ყველაფერი ან არაფერი” არასამართლიანი და მოძველებული იყო. კანონმდებელმა უარი თქვა ათეული წლის მანძილზე მოქმედ დანაწესზე. 2011 წლის 22 ივნისს გერმანიის ფედერაციულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, დამზღვევის მიერ სადაზღვევო შემთხვევის უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვევის შემთხვევაში, მზღვეველს, მხოლოდ განსაკუთრებულ გამონაკლის შემთხვევაში, შეუძლია სრულად უარყოს ზიანის ანაზღაურება. მეორე მხრივ, თუ უხეში გაუფრთხილებლობა მარტივი გაუფრთხილებლობის ზღვარზეა, მაშინ გამონაკლის შემთხვევებში შესაძლოა, მზღვეველს სრულად დაეკისროს ზიანის ანაზღაურება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უხეში გაუფრთხილებლობით სადაზღვევო შემთხვევის გამოწვევა აღარ აძლევს მზღვეველს შესაძლებლობას ავტომატურად უარი თქვას სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე.

ვიდრე გერმანელი კანონმდებელი წლების განმავლობაში მოქმედ პრინციპს „ან ყველაფერი ან არაფერი“ შეცვლიდა, ხანგრძლივი გზა გაიარა. რეფორმის შემდეგ, სადაზღვევო ხელშეკრულების შესახებ კანონის 81-ე პარაგრაფით შემოიღო ორი ალტერნატივა. პირველი, უცვლელი დატოვა განზრახ გამოწვეული სადაზღვევო შემთხვევის მიმართ საკანონმდებლო მიდგომა. კერძოდ, დამზღვევის მიერ სადაზღვევო შემთხვევის განზრახ გამოწვევის შემთხვევაში, მზღვეველი ავტომატურად თავისუფლდება სადაზღვევო ანაზღაურებისგან. მეორე, სადაზღვევო შემთხვევის უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვევის შემთხვევაში, მზღვეველს უფლება აქვს შეამციროს სადაზღვევო ანაზღაურება, დამზღვევის ბრალის სიმძიმის შესაბამისად, მაგრამ არ აქვს უფლება, ავტომატურად უარყოს სადაზღვევო ანაზღაურების გაცემა.

გერმანიაში შემოღებული ახალი რეგულაცია გარკვეულწილად ანალოგია დაზღვევის შესახებ შვეიცარიის კანონის მე-14 პარაგრაფის, რომელიც კანონის მიღების დღიდან (1908) მოქმედებს. აღნიშნული კანონით, თუ დამზღვევი ზიანს განზრახ გამოიწვევს, მზღვეველი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან.  გაუფრთხილებლობის შემთხვევაში კი, კანონმდებელი უფრო მეტად წინდახედულია და მზღვეველის პასუხისმგებლობის ფარგლებს დამზღვევის ბრალის ხარისხს უკავშირებს. შესაბამისად, უხეშ გაუფრთხილებლობას ავტომატურად არ თვლის მზღვეველის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძვლად და მის გრადაციას ახდენს. ამასთან, განსხვავებით გერმანელი კანონმდებლისაგან, რომელიც გაუფრთხილებლობის ხარისხის შესაბამისად ანაზღაურების მოცულობის დადგენას სასამართლოს პრეროგატივად ტოვებს, შვეიცარელი კანონმდებელი ცდილობს მეტი სიცხადე თავად ნორმაში შეიტანოს. ნორმის მე-2 და მე-4 ნაწილები ერთმანეთისაგან განასხვავებს უხეშ და მსუბუქ გაუფრთხილებლობას. მეორე ნაწილის თანახმად, დამზღვევის, ან მოსარგებლის მიერ ზიანის უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვევის შემთხვევაში, მზღვეველს უფლება აქვს ბრალის ხარისხის შესაბამისად შეამციროს თავისი პასუხისმგებლობა, ხოლო მე-4 ნაწილის მიხედვით, ზიანის მსუბუქი გაუფრთხილებლობით გამოწვევის შემთხვევაში, მზღვეველმა სრული მოცულობით უნდა აგოს პასუხი. გერმანული პრაქტიკა კიდევ უფრო შორის მიდის და გაუფრთხილებლობის მეტ გრადაციას ითვალისწინებს. მსუბუქი უხეში გაუფრთხილებლობა, რომელიც ახლოსაა მარტივ გაუფრთხილებლობასთან, მარტივი უხეში გაუფრთხილებლობა და უხეში გაუფრთხილებლობა, რომელიც ძალიან ახლოს დგას განზრახვასთან. ზღვარის გავლება მათ შორის რთული და საფრთხილოა.

ევროპული იდეა უხეში გაუფრთხილებლობის გრადაციის თაობაზე მისაღები და ერთი შეხედვით, სამართლიანია. თუმცა, პრაქტიკული პრობლემა წარმოიშობა, როდესაც ქმედებაში ბრალის ხარისხის ზუსტი შეფასების საკითხი დგება. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც თავად უხეში გაუფრთხილებლობის სამართლებრივ დეფინიციას არცერთი ქვეყნის კანონმდებლობა არ იძლევა და მისი შეფასება სასამართლოს მიერ ზოგად კრიტერიუმებზე დაყრდნობით ხდება.

აღნიშნული საფრთხე გააზრებული ქონდა გერმანიის დაზღვევის შესახებ კანონზე მომუშავე კომისიასაც. რეფორმაზე დისკუსიის დროს, კომისია მიუთითებდა, რომ გამოსავალი თავად არსებულ მართლწესრიგში უნდა მოძიებულიყო და პარალელი გაავლეს გერმანიის სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში გსკ) 254-ე პარაგრაფთან, რომელიც ზიანის დადგომაში დაზარალებულის თანაბრალეულობისას ანაზღაურების საკითხს ეხება. ამ მუხლის ანალოგია სსკ-ის 415-ე მუხლი. თუმცა, ამ მიდგომამ მხარდაჭერა ვერ ჰპოვა. გსკ-ის 254-ე პარაგრაფის მიზანია მხარეთა ბრალის მოცულობის დადგენა მათი პასუხისმგებლობის ფარგლების განსაზღვრისთვის. გერმანიის დაზღვევის შესახებ კანონის 81-ე პარაგრაფის გამოყენებისას კი არ ხდება მხარეთა ბრალის ხარისხის აწონვა და ერთმანეთთან შეპირისპირება. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, სახელშეკრულებო შეთანხმების საფუძველზე, მზღვეველი უკვე გარკვეული ვალდებულებების მატარებელია. სწორედ ამიტომ, დოქტრინაში ცალსახად მიუთითებენ, რომ ერთიანი წესის შემოღება რთულია. მოსამართლემ, როგორც სამართალშემფარდებელმა, მხედველობაში უნდა მიიღოს კონკრეტულ შემთხვევაში წარმოდგენილი კრიტერიუმები და ისე მოახდინოს ქმედების შეფასება.

უხეში გაუფრთხილებლობა  გერმანიის დაზღვევის შესახებ კანონის რეფორმის შემდეგ

გერმანულ იურიდიულ დოქტრინაში უხეშ გაუფრთხილებლობად განმარტებულია, პირის მიერ ვითარების არასათანადო შეფასება და ისეთი ზომების მიუღებლობა, რასაც მსგავს სიტუაციაში მყოფი ნებისმიერი პირი მიიღებდა. მოცემული განმარტებებიდან ცალსახაა, რომ გაუფრთხილებლობა გამოხატავს პირის შინაგან დამოკიდებულებას მომხდარისადმი. განსხვავებით განზრახი ქმედებისაგან, გაუფრთხილებლობა არ არის პირის სურვილით ჩადენილი ქმედება. იმისათვის რომ სახეზე იყოს გაუფრთხილებლობით ჩადენილი ქმედება, იგი უნდა იყოს აცილებადი,  ე.ი.  ქმედებაც და მისგან გამომდინარე შედეგიც უნდა იყოს განჭვრეტადი. ვინც გაუფრთხილებლად მოქმედებს, იგი იგნორირებას უკეთებს აუცილებელ ყურადღებიანობას და ვინც უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს, ყურადღებიანობას არღვევს მაღალი ხარისხით, მოქმედებს მზრუნველობის გარეშე.

მაგალითად, პირი, რომელიც გაზზე დადგმულ სადილს დატოვებს, იმის გამო, რომ გვერდზე ოთახში საფრთხეში მყოფ შვილს დაეხმაროს, არ მოქმედებს უხეში გაუფრთხილებლობით, მაგრამ პირი, რომელიც სადილს ტოვებს ანთებულ ცეცხლზე იმისათვის, რომ გვერდზე ოთახში მყუდროდ მოკალათდეს და მეგობარს ესაუბროს, მოქმედებს უხეში გაუფრთხილებლობით. გაუფრთხილებლობის ნათელი მაგალითია, ასევე, პირის მიერ სახლიდან ხანგრძლივი დროით გასვლისას ფანჯრის ღიად დატოვება, ავტომობილის სავარძელზე ხილულად პერსონალური კომპიუტერის დატოვება, სახლში ანთებული სანთლის დატოვება, ავტომობილის მართვის დროს ტელეფონზე დახედვა შეტყობინების წასაკითხად, ან ძირს დავარდნილი ტელეფონის ასაღებად დახრა. თუმცა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ქმედებაში პირის ბრალის ხარისხის დადგენა და მისი შეფასება სასამართლოს პრეროგატივაა. გერმანიის სასამართლო პრაქტიკა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში აფასებს გარემოებებს, იმისათვის, რომ ქმედებაში დამზღვევის ბრალის ხარისხი შეაფასოს. შესაბამისად, ერთი შეხედვით ორ მსგავს სიტუაციაში სასამართლო გადაწყვეტილება შესაძლოა აბსოლუტურად განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან. მაგალითად, კობლენცის უმაღლესმა რაიონულმა სასამართლომ უხეშ გაუფრთხილებლობად მიიჩნია დამზღვევის მიერ ჩართული სარეცხის მანაქანის უმეთვალყურეოდ დატოვება 2-3 საათით. თუმცა, ფრანკფურტის უმაღლესმა რაიონულმა სასამართლომ არ მიიჩნია უხეშ გაუფრთხილებლობად ისეთი სარეცხის მანქანის უმეთვალყურეოდ ჩართული დატოვება, რომელსაც ე.წ. წყლის ავტომატურად შეჩერების სისტემა აქვს. შესაბამისად, როდის შეუძლია მზღვეველს შეამციროს სადაზღვევო ანაზღაურება კონკრეტულ შემთხვევაზეა დამოკიდებული.

დამზღვევის უხეში გაუფრთხილებლობა საქართველოს კანონმდებლობასა და სასამართლო პრაქტიკაში

უხეში გაუფრთხილებლობის ნორმატიულ დეფინიციას არც საქართველოს სამოქალაქო კოდექსი არ იცნობს. შესაბამისად, სამართალშემფარდებელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გაუფრთხილებლობის დასადგენად, ინდივიდუალურად აფასებს გარემოებებს და შეფასების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას. წლების განმავლობაში, პრაქტიკაში დამკვიდრდდა კრიტერიუმები, რომლითაც სასამართლოები ხელმძღვანელობენ. სააპელაციო სასამართლოს განმარტების თანახმად, ,,უხეში გაუფრთხილებლობა მოიცავს იმ მითითებების დარღვევას ან უგულვებელყოფას, რომელიც სავალდებულოდ უნდა იცოდეს მსგავსი შინაარსის ოპერაციის განმახორციელებელმა ნებისმიერმა პირმ”. ასევე, უხეში გაუფრთხილებლობა არის მეტისმეტი დაუდევრობა. უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი მოქმედებით აუცილებელ ყურადღებას არ იჩენს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით. საქართველოს უზენაესი სასამართლო კი თავის გადაწყვეტილებაში უხეშ გაუფრთხილებლობას მარტივი გაუფრთხილებლობისგან მიჯნავს და მიუთითებს, რომ მარტივ გაუფრთხილებლობად შეფასდება ყველა ის მოქმედება, რომელიც არ წარმოადგენს აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას, ასევე, როდესაც პირის ფსიქიკური დამოკიდებულება ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების მიმართ არ წარმოადგენს იმ ხარისხის ბრალეულობას, რაც მის უხეშ გაუფრთხილებლობად მიჩნევის საფუძველს ქმნის. ქართველი კანონმდებელი, მსგავსად გერმანელი და შვეიცარიელი კანონმდებლისა, მარტივ გაუფრთხილებლობას არ მიიჩნევს 829-ე მუხლის გამოყენების ე.ი მზღვეველის სადაზღვევო ანაზღაურებისაგან განთავისუფლების საფუძვლად.

თუმცა, თავად სსკ-ის 829-ე მუხლი იმდენად ხისტია, რომ სამართალშემფარდებელს არ აძლევს განმარტების ფართო შესაძლებლობას. ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში სასამართლო განმარტავს, რომ „დამზღვევის ყოველი ქმედების უხეშ გაუფრთხილებლობად შეფასება, მზღვეველს ანიჭებს ანაზღაურებაზე უარის შესაძლებლობას, რაც ეწინააღმდეგება დაზღვევის, როგორც სამართლებრივ, ისე ეკონომიკურ არსს“. ამავე გადაწყვეტილებაში სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, დამზღვევი იყო ფხიზელი და ამასთან, მოძრაობდა დასაშვები სიჩქარით, გზაზე წარმოქმნილი სავარაუდო საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, მან იმოქმედა გაუფრთხილებლად. სწორედ იმის გამო, რომ  სსკ-ის 829-ე მუხლი არ იძლევა უხეში გაუფრთხილებლობის გრადაციის და ამის შესაბამისად ანაზღაურების კვოტირების შესაძლებლობას, სასამართლო მოცემულ გარემოებებზე დაყრდნობით, დამზღვევის ბრალს აფასებს, როგორც მარტივ გაუფრთხილებლობას და ამით დამზღვევს უტოვებს სადაზღვევო დაცვით სარგებლობის შესაძლებლობას. შესაძლოა, სასამართლოს მეტი საკანონმდებლო თავისუფლება რომ ქონოდა, პირის ქმედება განსხვავებულად დაეკვალიფიცირებინა და ორმხრივი ინტერესის დაცვა უკეთესად ყოფილიყო შესაძლებელი. მაგალითად, მიენიჭებინა დამზღვევისთვის ზიანის ანაზღაურების უფლება, თუმცა მხოლოდ გაუფრთხილებლობის ბრალის პროპორციულად და არა სრულად. სადაზღვევო სფეროში წლების განმავლობაში დამკვიდრებულმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ დამზღვევის მართლსაწინააღმდეგო მოქმედების დაყოფა მხოლოდ მარტივ და უხეშ გაუფრთხილებლობად, ყოველთვის სამართლიანი არ არის. ერთ შემთხვევაში იგი ართმევს დამზღვევს სადაზღვევო უზრუნველყოფით სარგებლობის უფლებას და მეორე შემთხვევაში, მზღვეველს უსამართლოდ აკისრებს სრულ სადაზღვევო კომპენსაციას. სწორედ ამაში გამოიხატება პრინციპის - „ან ყველაფერი ან არაფერი“ არსი. სწორედ მსგავსი ჩიხური მდგომარეობიდან გამოსავლის ძიებამ მიიყვანა გერმანელი კანონმდებელი რეფორმამდე, რისი აუცილებლობაც უახლოეს მომავალში საქართველოშიც დადგება.

ზემოაღნიშნული მსჯელობა ბადებს ლოგიკურ კითხვას, რა კრიტერიუმებით უნდა მოხდეს უხეში გაუფრთხილებლობის გრადაცია და შემდგომში, გრადაციის საფუძველზე, პროპორციული ანაზღაურება.

 უხეში გაუფრთხილებლობის სუბიექტური და ობიექტური წინაპირობები

გერმანიის ფედერალური სასამართლო უხეშ გაუფრთხილებლობას განმარტავს, როგორც პირის ქმედებას, რომელიც საზოგადოებაში დამკვიდრებულ ყურადღების სტანდარტს მაღალი ხარისხით არღვევს და უგულებელყოფს იმასა, რაც მოცემულ გარემოებებში ყველასთვის ნათელი იქნებოდა. აღნიშნული დეფინიციის შესაბამისად ქმედების კვალიფიკაციისთვის გერმანულ დოქტრინასა და პრაქტიკაში მნიშვნელოვნად მიიჩნევენ მის შეფასებას ობიექტური და სუბიექტური კომპონენტების გათვალისწინებით. ამასთან, მხოლოდ ობიექტური თვალსაზრისით, უხეში გაუფრთხილებელი ქმედების არსებობა არ არის საკმარისი ქმედების კვალიფიკაციისთვის. მასთან ერთად მნიშვნელოვანია სუბიექტური კომპონენტის არსებობაც, რაც გულისხმობს პიროვნების მხრიდან ვალდებულების უპატიებელი დარღვევის თაობაზე პასუხისმგებლობის დადგენას. კერძოდ, უნდა დადგინდეს სუბიექტური თვალსაზრისით იმოქმედა და დაუშვა თუ არა დამზღვევმა უპატიებელი შეცდომა, ხომ არ იყო მის პიროვნებასთან დაკავშირებული რაიმე შემამსუბუქებელი გარემოება სახეზე ან ე.წ. “Augenblicksversagen.”

უხეში გაუფრთხილებლობის ფაქტი უნდა ამტკიცოს მზღვეველმა. პირველ რიგში მან უნდა დაამტკიცოს, რომ სახეზეა დამზღვევის უხეში გაუფრთხილებელი მოქმედება და მეორე, ამ ქმედების მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგთან. მაგალითად, ცალკე აღებული ფაქტი - დამზღვევის მიერ ავტომობილში მანქანის საბუთების დატოვება და ქურდის მიერ ავტომობილის მოპარვა, არაფერზე არ მიუთითებს. მოცემულ შემთხვევაში დასადგენია არის თუ არა სახეზე უხეში გაუფრთხილებლობა და არის თუ არა ეს ქმედება სადაზღვევო შემთხვევის დადგომის განმაპირობებელი, ანუ დამდგარი შედეგი მიზეზობრივ კავშირში დამზღვევის ქმედებასთან. პირველ შეკითხვაზე თუ პასუხი დადებითია,  (საბუთების დატოვება უმეთვალყურეოდ ავტომობილში ობიექტური თვალსაზრისით გაუფრთხილებელი მოქმედებაა), მეორეზე ამის თქმა შეუძლებელია. კერძოდ, სამართალდამრღვევისთვის საბუთები არ გამხდარა ქმედების ჩადენის მოტივატორი. შესაბამისად, ვინაიდან სახეზე არ არის მიზეზობრივი კავშირი საბუთების დატოვებასა და ავტომობილის ქურდობას შორის, მზღვეველი არ თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან. ამ მაგალითის საპირისპიროდ შესაძლოა დასახელდეს შემთხვევა, როდესაც მანქანის ხელოსანს, მას შემდეგ, რაც დაინახავს საბუთებს, უჩნდება ავტომობილის მოპარვის სურვილი, რაც სისრულეში მოყავს. ამ შემთხვევაში სახეზეა ორივე გარემოება, პირველი, საბუთების დატოვება, ობიექტური თვალსაზრისით, არის უხეში გაუფრთხილებლობა, და მეორე, იგი მიზეზობრივ კავშირშია სადაზღვევო შემთხვევის დადგომასთან. ეს ფაქტი გახდა ქურდისთვის ქმედების მოტივატორი. აღნიშნულის მტკიცების ტვირთიც მზღვეველს ეკისრება.

დამზღვევის ქმედების კვალიფიკაციის დროს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც გერმანულ სადაზღვევო პრაქტიკაში სუბიექტური კომპონენტის შესაფასებლად გამოიყენება, არის ე.წ “Augenblicksversagen.” გერმანიის ფედერალური სასამართლო მას განმარტავს - თვალთახედვიდან გამორჩენად, მოკლე დროით უყურადღებობად. თვალთახედვიდან გამორჩენაზე საუბრობენ, როდესაც სხვა შემთხვევაში კონცენტრირებულად მოქმედ პირს, დროის მცირე მონაკვეთში უნებურად მხედველობიდან რჩება ბრუნვაში დამკვიდრებული ყურადღებიანობა. შესაბამისად, ასეთი ქმედება არ ითვლება უპატიებელ შეცდომად. მაგალითად, ავტომობილის მართვის დროს დამზღვევის ყურადღებას იპყრობს სასტუმროს რეკლამა, რომელიც მწვანედ ანათებს. ამ დროს, მას მხედველობიდან რჩება შუქნიშნის ამკრძალავი სიგნალი და დგება სადაზღვევო შემთხვევა. მოცემულ სიტუაციაში უნდა შეფასდეს, არის თუ არა მისი ქმედება უხეში გაუფრთხილებლობა, რომელიც, როგორც აღინიშნა, მოიცავს ობიექტურ და სუბიექტურ კომპონენტს. ობიექტური თვალსაზრისით სახეზეა ვალდებულების უპატიებელი დარღვევა - შუქნიშნის ამკრძალავ სიგნალზე გავლა. შემდგომში უნდა შეფასდეს, არის თუ არა ქმედება სუბიექტური თვალსაზრისით უპატიებელი. სუბიექტური კომპონენტი კი, თავის მხრივ, მოიცავს მოკლე დროით თვალთახედვიდან გამორჩენის და სხვა შემამსუბუქებელი გარემოების ერთობლივად არსებობის დადგენას. იმ შემთხვევაში, თუ თვალთახედვიდან გამორჩენასთან (,,Augenblicksversagen”) ერთად სახეზეა სხვა შემამსუბუქებელი გარემოებაც, ქმედება არ მიიჩნევა უპატიებელ შეცდომად, რაც უხეში გაუფრთხილებლობის აუცილებელი ელემენტია. მოცემულ შემთხვევაში, დამზღვევს თვალთახედვიდან, მოკლე დროით, გამორჩა ბრუნვაში დამკვიდრებული ყურადღებიანობა, რაც განაპირობა მწვანე შუქით განათებულმა რეკლამამ (სხვა შემამსუბუქებელი გარემოება). როგორც ზემოაღნიშნულიდან იკვეთება, ქმედებაში სუბიექტური კომპონენტის არსებობა/არარსებობის დასადგენად ერთობლიობაში უნდა შეფასდეს თვალთახედვიდან გამორჩენის და სხვა შემამსუბუქებელი გარემოებების არსებობა. მხოლოდ თვალთახედვიდან გამორჩენა არ გამორიცხავს ობიექტურად უხეში გაუფრთხილებლობით ჩადენილი ქმედების შეფასებას სუბიექტური თვალსაზრისითაც უხეში გაუფრთხილებლობით ჩადენილ ქმედებად შეფასებას. მასთან ერთად, აუცილებელია, სხვა შემამსუბუქებელი გარემოების არსებობაც.  

საკითხის მეტი სიცხადისთვის საინტერესოა კობლენცის მიწის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. ავტომობილით მოძრავი დამზღვევი, რომელიც ჩერდება შუქნიშნის ამკრძალავ სიგნალზე, ტრიალდება ავტომობილის უკანა სავარძელზე მჯდომი მცირეწლოვანი შვილებისკენ. ამ დროს, მას ესმის უკანა ავტომობილიდან გაბმული სიგნალი. დამზღვევი ფიქრობს, რომ აინთო მწვანე სიგნალი და იწყებს მოძრაობას, თუმცა შუქნიშანზე ისევ ამკრძალავი ნიშანია. შედეგად, იგი ეჯახება წინ მოძრავ ავტომობილს. აღნიშნულ საქმეში უნდა დადგინდეს შეუძლია თუ არა მზღვეველს მიუთითოს დამზღვევის უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებაზე და უარი თქვას ანაზღაურებაზე. გერმანიის დაზღვევის შესახებ კანონის ძველი რედაქციისა და სსკ-ის 829-ე მუხლის თანახმად, დამზღვევის ქმედება შეფასდება უხეშ გაუფრთხილებლობად და მზღვეველი განთავისუფლდება ანაზღაურების ვალდებულებისაგან. გერმანიის დაზღვევის შესახებ კანონის ახალი რედაქციით კი დამზღვევის ქმედების განსასაზღვრად პირველ რიგში უნდა შეფასდეს არის თუ არა ობიექტურად უპატიებელი შეცდომა სახეზე, რაზეც, მოცემულ შემთხვევაში, შეიძლება დადებითი პასუხი გაეცეს. შუქნიშნის ამკრძალავ სიგნალზე გავლა ცალსახად არის გადაცდომა და საგზაო მოძრაობის წესების უხეში დარღვევა. შემდეგ ეტაპზე უნდა შეფასდეს არის თუ არა დამზღვევის ქმედება სუბიექტური თვალსაზრისითაც უხეში გაუფრთხილებელი მოქმედება. აქ უნდა დადგინდეს არის თუ არა სახეზე თვალთახედვიდან გამორჩენა და მასთან ერთად, სხვა შემამსუბუქებელი გარემოებაც, რამაც დამზღვევის ქმედება განაპირობა. სასამართლომ ჩათვალა, რომ დამზღვევის  რეაქცია, რამაც შუქნიშნის ამკრძალავი სიგნალის თვალთახედვიდან გამორჩენა გამოიწვია, განპირობებული იყო აკუსტიკური სიგნალით, რაც სხვა შემამსუბუქებელი გარემოებაა. ე.ი. უპატიებელი შეცდომა არ არის მოცემული. აქედან გამომდინარე, სახეზე არ არის სუბიექტური თვალსაზრისით უხეში გაუფრთხილებლობა.

როგორც ზემოაღნიშნულიდან ცალსახად იკვეთება, უხეში გაუფრთხილებლობა არა მხოლოდ ობიექტური (გაზრდილი განჭვრეტა და თავიდან აცილება), არამედ უფრო მეტად სუბიექტური კრიტერიუმით განისაზღვრება. შესაბამისად, ბრალის ხარისხის და ანაზღაურების პროპორციულობის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად, ორივე ფაქტორის გათვალისწინება აუცილებელია. მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი ფაქტების დიფერენცირებული შეფასება. ეს კი იძლევა ინდივიდუალურ შემთხვევაზე მორგებული ანაზღაურების პროპორციული შემცირების შესაძლებლობას.

სადაზღვევო ანაზღაურების პროპორციულობის დადგენის კრიტერიუმები

სადაზღვევო ანაზღაურების პროპორციულობის დადგენის თაობაზე, ევროპულ დოქტრინასა და პრაქტიკაში, ცალსახად ერთიანი მიდგომა არ გვხვდება. მაგალითად, თუ შვეიცარიაში (14.2) ანაზღაურების შემცირების დროს დამზღვევის ეკონომიკურ მდგომარეობას ყურადღება ექცევა, გერმანიაში ეს კრიტერიუმი უგულვებელყოფილია. გერმანელმა კანონმდებელმა შეგნებულად გამორიცხა სხვა კრიტერიუმის გათვალისწინება და ანაზღაურების შემცირების ხარისხი პირდაპირპროპორციულად დამზღვევის ბრალის ხარისხს დაუკავშირა. თუმცა, თავად დამზღვევის ბრალის ხარისხის დიფერენციაციაც მთელ რიგ პრაქტიკულ სირთულეებს უკავშირდება. ზოგიერთი იურისტი, პროპორციულობის დასადგენად მიზანშეწონილად მიიჩნევს სამ საფეხურიანი მოდელის გამოყენებას. ამ დროს, ანაზღაურება დამოკიდებულია იმაზე კონკრეტულ შემთხვევაში უხეში გაუფრთხილებლობა უფრო მეტად ახლოს იყო არაპირდაპირ განზრახვასთან თუ მარტივ გაუფრთხილებლობასთან. ამისათვის დოქტრინაში შემოიტანეს თავად უხეში გაუფრთხილებლობის კლასიფიკაციის სამი საფეხური: „მარტივი“, „ნორმალური“ და „მძიმე“ უხეში გაუფრთხილებლობა. სიმძიმის შესაბამისად ანაზღაურების შემცირება უნდა მოხდეს 25%, 50% და 75%-ის ფარგლებში. თუმცა, ასეთი ტიპის დაყოფის იდეამ ვერ ჰპოვა მხარდაჭერა. იგი ზედმეტად უხეშად იქნა მიჩნეული, რამდენადაც თავად ცალკეული ბრალის ფორმის გამიჯვნა (მარტივი და უხეში გაუფრთხილებლობის, ისევე როგორც უხეში გაუფრთხილებლობის და პირდაპირი (არაპირდაპირი განზრახვის) პრაქტიკაში ბევრ პრობლემას ქმნის.

პრაქტიკაში დამკვიდრებული წესის თანახმად, გამიჯვნის პირველი ეტაპისთვის, მნიშვნელოვანია დადგინდეს უხეში გაუფრთხილებლობის სიახლოვე განზრახ ქმედებასთან. მათი გამიჯვნა ცალკეულ შემთხვევებში რთულია, თუმცა პრაქტიკაში გამოცდილი იურისტისთვის ადვილი მისახვედრია, შემთხვევა უფრო ახლოს დგას მარტივ გაუფრთხილებლობასთან, თუ იკვეთება შეგნებულად მართლსაწინააღმდეგო ქმედების ფაქტი. თუ დამზღვევმა იცის თავისი სარისკო ქმედების შესახებ და შეიცნობს სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შესაძლებლობას, მაშინ მნიშვნელოვანია გაევლოს ზღვარი განზრახვასთან. კერძოდ, იმედოვნებდა პირი უკეთესი შედეგის დადგომას თუ შეეგუა შესაძლო ზიანის წარმოშობას. მაგალითად, დამზღვევი საზღვარგარეთ მოგზაურობის დროს თავის ავტომობილს, მუშა მდგომარეობაში ტოვებს ჯიხურის წინ, გადადის თამბაქოს შესაძენად რა დროსაც მის ავტომობილს იპარავენ. ამ შემთხვევაში ცალსახად სახეზეა გაცნობიერებული უხეში გაუფრთხილებელი მოქმედება, რაზეც პასუხისმგებლობა დამზღვევს ეკისრება და მზღვეველს შეუძლია ანაზღაურება 10%-მდე შეამციროს.

მზღვეველს შეუძლია სადაზღვევო ანაზღაურება 50% შეამციროს, როდესაც დამზღვევი სადაზღვევო შემთხვევას განსაკუთრებული დაუფიქრებლობით გამოიწვევს. შეფასების კრიტერიუმები დაზღვევის სახეზეა დამოკიდებული. მაგალითად, ქონების დაზღვევის დროს, ფაქტის შეფასებისთვის განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დაზღვეულ ობიექტს, დღეს და ვითარებას, როდესაც სადაზღვევო შემთხვევა მოხდა. მაგალითად, როდესაც დამზღვევი თავისი ლუქსის კლასის ავტომობილის პარკირებას ჩაბნელებულ ქუჩაში ახორციელებს, მანქანაში მალავს ავტომობილის გასაღებს და მას იპარავენ, სახეზეა მაღალი ხარისხის უხეში გაუფრთხილებლობა, რის გამოც მზღვეველს უფლება აქვს შეამციროს ანაზღაურება.

პრაქტიკული თვალსაზრისით საინტერესოა გერმანიის ნიურნბერგის მიწის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც სადაზღვევო ანაზღაურების პროპორციული შემცირების თაობაზე სანიმუშოდაც იქცა. მომჩივანის 8 წლის შვილი, დაახლოებით 15 წუთით, შევიდა მამის სამუშაო ოთახში კომპიუტერის სათამაშოდ. სანთებელას გამოყენებით, რომელიც სამუშაო მაგიდის უჯრაში იდო, ბიჭმა მოუკიდა ქაღალდს, საიდანაც გაჩნდა ცეცხლი. მისი ჩაქრობა ბავშვმა ვერ შეძლო და დაზღვეული სახლის დიდი ნაწილი დაიწვა. დამდგარმა ზიანმა 27730 ევრო შეადგინა. დაზღვეული მიუთითებდა, რომ სახეზე არ იყო უხეში გაუფრთხილებლობა, ვინაიდან სანთებელა, რომელიც ცეცხლის წყარო გახდა, იყო უჯრაში, არ იყო გამართულ მუშა მდგომარეობაში და იგი დასამუხტად ინახებოდა.  

სასამართლომ მოყვანილი არგუმენტები არ გაითვალისწინა და ბრალის ხარისხის პროპორციულად ანაზღაურების ოდენობა 25%-მდე შეამცირა. თავის არგუმენტაციაში მიუთითა: უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის ვინც საზოგადოებრივ წესრიგს მაღალი ხარისხით არღვევს და უყურადღებობას იჩენს, რაც მოცემულ შემთხვევაში აშკარა და თვალნათელია. მსუბუქი გაუფრთხილებლობის შემთხვევისგან განსხვავებით, უხეში გაუფრთხილებლობისას  სახეზეა ასევე სუბიექტური თვალსაზრისით უპატიებელი შეცდომა. მოცემულ კაზუსში ობიექტურად სახეზეა წესრიგის დარღვევა, კერძოდ, ცეცხლის გამომწვევი საშუალებები ისე უნდა იყოს შენახული, რომ იგი 12 წლამდე ბავშვებისათვის არ იყოს ხელმისაწვდომი. მართალია, დაცლილი სანთებელები, ხელახლა დამუხტვის  მიზნით,  შენახული იყო მაგიდის უჯრაში, თუმცა  ისინი ჯერ კიდევ „სანთებელად“ და არა „გადაყრილ ნივთებად“ აღიქმებოდა. ასეთ შემთხვევაშიც,  სანთებელით ცეცხლის წარმოშობის რეალური საფრთხე არსებობდა. აღნიშნული არის საყოველთაო წესი. სწორედ ამიტომ ამ წესის დარღვევა ობიექტური თვალსაზრისით მიეკუთვნება უხეშ გაუფრთხილებლობას. სუბიექტური თვალსაზრისითაც სასამართლომ მიიჩნია უპატიებლ შეცდომად და თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნა: ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე, შეიძლება მსჯელობა იმაზე, რომ ბავშვები ძალიან ცნობისმოყვარეები არიან. სასამართლოს მითითებით, განსაკუთრებით მათში იწვევს ინტერესს ცეცხლის წარმოშობის მოვლენა. ამასთან, მომჩივანს უნდა ეფიქრა იმაზე, რომ ბავშვური ცნობისმოყვარეობა უბიძგებდა მის შვილს იმისკენ, რომ ენახა რა იდო იმ ოთახის კარადებსა და უჯრებში, სადაც მას იშვითად უშვებდნენ. ასევე, მომჩივანი და მისი მეუღლე მწეველები არიან და ამითი ისინი თავის შვილებს მუდმივად აძლევენ მაგალითს, როგორ უნდა გამოიყენონ სანთებელა. სასამართლომ მიუთითა ასევე იმ გარემოებაზე, რომ ის ფაქტი, რომ სამზარეულოში ცეცხლის ასანთები სხვა საშუალებები გარკვეულწილად ღიად იდო და ბავშვი მის მიმართ ინტერესს არ იჩენდა, არანაირად არ ამართლებს მომხდარ შემთხვევას და მას არანაირი მიზეზობრივი კავშირი არ აქვს მიმდინარე ფაქტთან. სწორედ ასეთი ტიპის დეტალურმა შეფასებამ, ფაქტების სიტუაციურმა და სრულმა ანალიზმა მიიყვანა სასამართლო სადაზღვევო ანაზღაურების 25%-მდე შემცირების გადაწყვეტილებამდე.

როგორც მოყვანილი მაგალითები ცხადჰყოფს, უხეში გაუფრთხილებლობის გრადაციის და ანაზღაურების პროპორციულობის საკითხი სირთულით და კომპლექსურობით ხასიათდება. ინდივიდუალურ ფაქტებზე დაყრდნობით და შეფასებით, მზღვეველიც და სამართალშემფარდებელიც ახდენენ, როგორც გაუფრთხილებლობის ხარისხის, ისე ანაზღაურების პროპორციის დადგენას.

გერმანიაში, განსხვავებით შვეიცარიისაგან, რეფორმის გატარების დღიდან დღემდე, საკმაოდ დიდი რაოდენობით გადაწყვეტილებაა მიღებული უხეში გაუფრთხილებლობით სადაზღვევო შემთხვევის გამოწვევის და ანაზღაურების პროპორციულობის თაობაზე. შვეიცარიაში, მიუხედავად იმისა, რომ ნორმა ას წელზე მეტია მოქმედებს, საკმაოდ მცირეა სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც კვოტირების შესაბამისობას ეხება. ანუ, გადაწყვეტილებები, რომელშიც სასამართლო მსჯელობს, რამდენად სწორედ განსაზღვრა მზღვეველმა ანაზღაურების პროპორცია. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ დამზღვევებს ძალიან იშვიათად აქვთ მოთხოვნილება მზღვეველის მიერ შემცირებული ანაზღაურება სასამართლო წესით გაასაჩივრონ. შესაძლოა, შვეიცარიის სადაზღვევო ბაზარი, განსხვავებით გერმანულისგან, მეტად ლოიალურია. როგორც აღინიშნა, ანაზღაურების ოდენობის შემცირება, ხშირ შემთხვევაში, დამოკიდებულია არა მხოლოდ დამზღვევის ბრალზე, არამედ ზიანის ოდენობაზე, დამზღვევის ფინანსურ მდგომარეობაზე, ასევე სხვა მზღვეველების ანაზღაურებაზე. შვეიცარული მიდგომა არის მეტად დაბალანსებული და დაფუძნებული პრობლემის სამართლიან გადაწყვეტაზე, რაც ხელს უწყობს დამზღვევის ფინანსური კრიზისის აღმოფხვრას.

შვეიცარიასთან შედარებით, გერმანული სამართალწარმოება მეტად მკაცრია. რეფორმის შემდეგ, ჯერ კიდევ არის სამართლებრივი გაურკვევლობა და ორივე მხარე, როგორც დამზღვევი ისე მზღვეველი, ცდილობს თავისი შესაძლებლობა მაქსიმალურად მოსინჯოს.

ნაშრომში მოყვანილი პრაქტიკული შემთხვევები და შედარებით-სამართლებრივი ანალიზი ცალსახად მოწმობს, რომ ერთიანი, უნივერსალური მიდგომა არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ შვეიცარიის კანონმდებლობის ანალოგიური რეფორმა გაატარა გერმანელმა კანონმდებელმა, ნორმის ინტერპრეტაცია  და შეფარდება განსხვავებული კრიტერიუმით ხდება, რაც სრულიად ლოგიკურია. თუმცა, ორივე მათგანს ერთი მიზანი ამოძრავებს - გახადოს ნორმა სამართლიანი, მოქნილი და მომხმარებელთა უფლებებზე ორიენტირებული.

დასკვნა

თავისი შინაარსით, სსკ-ის 829-ე მუხლი არის ხისტი და მკაცრი. იგი არ არის მოქნილი და მორგებული სადაზღვევო ურთიერთობის მონაწილეებზე. იგი აბსოლუტურად განსხვავდება თანამედროვე ევროპული მიდგომისაგან, რომელიც ერთი მხრივ, შესაძლებლობას აძლევს დამზღვევს, სადაზღვევო შემთხვევის უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვევის შემთხვევაშიც ისარგებლოს სადაზღვევო დაცვით. მეორე მხრივ, მზღვეველს უტოვებს შესაძლებლობას ამტკიცოს უხეში გაუფრთხილებლობის და მისი სხვადასხვა ხარისხით არსებობა პირის ქმედებაში. როგორც ნაშრომის დასაწყისში აღინიშნა, გერმანიაში რეფორმა ნაკარნახევი იყო მომხმარებელთა უფლებებზე დაფუძნებული პრაქტიკით, რომელმაც აჩვენა, რომ პრინციპი „ან ყველაფერი ან არაფერი“ ხშირად არასამართლიანი იყო. ამიტომ რეფორმის ლაიტმოტივი სამართლიანობა და მხარეთა მიმართ დაბალანსებული მიდგომა იყო. ქართული სასამართლო პრაქტიკის ანალიზი ცხადჰყოფს, რომ სსკ-ის 829-ე მუხლი ხშირად სამართალშემფარდებელს აიძულებს მიიღოს ხისტი გადაწყვეტილება, იყოს მკაცრი ურთიერთობის მონაწილე ერთი ან მეორე მხარის მიმართ. ბუნებრივია, საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც დროთა განმავლობაში დღის წესრიგში დადგება, გაამარტივებს ურთიერთობას, როგორც მზღვეველებსა და დამზღვევებს შორის, ასევე მოსამართლეებს მისცემს ნორმის ადექვატური შეფარდების შესაძლებლობას. იმ ფონზე, როდესაც უმრავლესი ქვეყნის კანონმდებლობაში, უხეში გაუფრთხილებლობის ლეგალური დეფინიცია არ არის მოცემული და იგი მთლიანად სამოსამართლო სამართალზეა მინდობილი, საქართველოშიც წამოიჭრება მისი მრავალმხრივი, ვიწრო და ამასთან, ძირეული განმარტების აუცილებლობა. ეს კი, რა თქმა უნდა, საკანონმდებლო რეფორმის მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებელი გაითვალისწინებს ევროპულ გამოცდილებას, სსკ-ის 829-ე მუხლს გახდის მეტად მოქნილს და სამართლიანს, ეს მისცემს ურთიერთობის მონაწილე მხარეებსაც და სამართალშემფარდებელსაც შესაძლებლობას, მოახდინონ მართლსაწინააღმდეგო ქმედების გრადაცია. აღნიშნული კი ზიანის სამართლიანი და პროპორციული ანაზღაურების წინაპირობაა.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი