ადვოკატთა დამოუკიდებელი და ერთიანი კორპორაცია - პილასტრი სამართლის სისტემის არქიტექტურაში

4 ოქტომბერი 2020

დავით ასათიანი 
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე

 

თანამედროვე სამართლებრივი სისტემის არქიტექტურაში ადამიანის თავისუფლება, სამართლიანი სასამართლო და დამოუკიდებელი იურიდიული პროფესია ის სამი საყრდენი სვეტია, რომელზეც სამართლის უზენაესობის არქიტრავია დაშენებული.

დამოუკიდებელი და ძლიერი იურიდიული პროფესიის არსებობა სამართლის უზენესობისა და კანონის წინაშე თანასწორობის დამკვიდრების აუცილებელი წინაპირობაა, იმისთვის, რომ ავიცილოთ ადამინის ცხოვრებაში კანონშეუსაბამო ჩარევა და სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერი თვითნებობა. სწორედ ამიტომ, დემოკრატიული სახელმწიფოსა და საზოგადოების  ვალია, შექმნას  სამართლის ისეთი სისტემა, სადაც, როგორც პრეზიდენტი კენედი იტყოდა, „ძლიერნი არიან სამართლიანნი, სუსტნი დაცულნი და მშვიდობა შენარჩუნებული”.

დამოუკიდებელი ქართული იურიდიული პროფესია უკვე საუკუნეზე მეტს ითვლის. ამ ასი წლის განმავლობაში, ქართულმა ადვოკატურამ რთული გზა განვლო და არაერთი გამოწვევის წინაშე დადგა, თუმცა დღეს, შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ დამოუკიდებელი და ერთიანი ადვოკატთა კორპორაცია - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სახით, შედგა როგორც პროფესიული თვითმმართველობის თანამედროვე პრინციპებით მოწყობილი ინსტიტუტი.

ადვოკატის პროფესია ისტორიულად ჩამოყალიბდა, როგორც თავისუფალი და განსწავლული პროფესია, რომელიც ეფუძნება პროფესიულ სტანდარტებს, ეთიკის წესებსა და საერთაშორისოდ აღიარებულ ისეთ ძირითად პრინციპებს, როგორიცაა: ადვოკატის დამოუკიდებლობა, ადვოკატის უფლება და მოვალეობა დაიცვას პროფესიული საიდუმლოება, კლიენტისადმი ერთგულება, პროფესიული ღირსების, პატიოსნებისა და კოლეგების პატივისცემა, ადვოკატის პროფესიული კომპეტენცია.

არაერთი საერთაშორისო ინსტრუმენტით გარანტირებულია, რომ ყველა პირს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა ისარგებლოს დამოუკიდებელი ადვოკატის ეფექტური იურიდიული მომსახურებით, ხოლო ადვოკატთა თვითმმართველ ორგანიზაციას გააჩნია უაღრესად მნიშვნელოვანი როლი დაამკვიდროს პროფესიული სტანდარტები, ეთიკის წესები და უზრუნველყოს ამ პრინციპების ეფექტიანი დაცვა.

მიუხედავდ ამისა, ჩვენს ქვეყანაში მოიძებნებიან ისეთი იურისტებიც თუ პოპულისტი პოლიტიკოსები, რომლებიც სამწუხაროდ ვერ ან არ აცნობიერებენ დამოუკიდებელი და ერთიანი ადვოკატურის მნიშვნელობას სამართლიანი და ღია მართლმსაჯულების განხორცილების და დემოკრატიის გაძლიერების პროცესში. ამითაა განპიროებებული დამოუკიდებელი ადვოკატურის კრიტიკოსების არაერთი მცდელობა, მათ შორის საკონსტიტუციო სარჩელების მეშვეობით, შესუსტდეს ადვოკატურის ერთიანობა, თვითმმართველობა და ავტონომია.

ქართულმა იურიდიულმა პროფესიამ, არაერთხელ, ღირსეულად უპასუხა მავან კრიტიკოსთა ასეთ მცდელობას და ღრმად მწამს, მათი მეცადინეობა კვლავ უშედეგოდ ჩაივლის და უახლოეს მომავალში საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია უფრო ძლიერ და შეკრულ კორპორაციად იქცევა.

მინდა საზოგადოებას გავაცნო ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული და გავლენიანი პროფესიული გაერთიანების - ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის საზოგადოებების საბჭოს (CCBE) ოფიციალური მიმართვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი ერთ-ერთ განსახილველ საქმეზე: „გთხოვთ, უარი ეთქვას საკონსტიტუციო სარჩელს, როგორც უსაფუძვლოს და ამით უზრუნველყოთ და დაიცვათ საქართველოში ძლიერი და დამოუკიდებელი საადვოკატო პროფესიის შენარჩუნება, როგორც ეს გარანტირებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ” (CCBE amicus curie 18.05.2020).

დასავლურმა დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა დიდი ხნის წინ გაიაზრეს ადვოკატის პროფესიის არსი და ადვოკატის სტატუსი განსაზღვრეს, როგორც მართლმსაჯულების სისტემის საჯარო სუბიექტი,  რომელსაც სპეციალური პასუხისმგებლობა გააჩნია ხასრისხიან მართლმსაჯულებაზე. სწორედ საადვოკატო საქმიანობის ასეთი ბუნებიდან გამომდინარეობს ის ფაქტი, რომ „ევროპის ყველა ქვეყანაში, ადვოკატთა ასოციაცია საჯარო სამართლის სუბიექტის ფორმით არის ჩამოყალიბებული მნიშვნელოვანი საჯარო ფუნქციების შესრულების მიზნით, როგორც მართლმსაჯულების სისტემაში, ისე ზოგადად საზოგადოებაში. ადვოკატთა ასოციაცია მნიშვნელოვან თვითრეგულირების ფუნქციებს  ასრულებს, როგორიცაა პროფესიაში მიღება, ადვოკატთა მიერ პროფესიული კანონების დაცვაზე ზედამხედველობა, პროფესიული კანონების დარღვევის შემთხვევაში დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელება, ადვოკატებსა და მათ კლიენტებს შორის დავების შემთხვევაში მედიაცია, პროფესიის ინტერესების წარმოდგენა პოლიტიკური პროცესების, სასამართლოების, მესამე მხარეების წინაშე და ა.შ. ადვოკატთა ასოციაცია უზრუნველყოფს მისი წევრების მაღალ პროფესიონალიზმს და მოქალაქეთა ნდობის შენარჩუნებას იურიდიულ პროფესიისა და კანონის უზენაესობისადმი. შესაბამისად, თვითრეგულირება შესაძლებელია მხოლოდ სავალდებულო წევრობის საფუძველზე, რაც უზრუნველყოფს, რომ ყველა ადვოკატი, გამონაკლისის გარეშე, ექვემდებარება ერთი და იგივე რეგულაციებს” (CCBE amicus curie 18.05.2020).

2020 წელს ადვოკატთა საერთაშორისო თანამეგობრობა აღნიშნავს „ადვოკატთა როლის შესახებ” გაეროს ძირითადი პრინციპების მიღებიდან 30 წლის და CCBE-ის შექმნიდან 60 წლის თარიღებს.

ადვოკატთა როლის შესახებ” გაეროს ძირითადი პრინციპები პირველი უნივერსალური საერთაშორისო დოკუმენტია, რომლითაც განისაზღვრა საადვოკატო საქმიანობის მთავარი პრინციპები და სახელმწიფოთა ვალდებულება უზრუნველყონ, რომ ადვოკატებმა თავიანთი პროფესიული ფუნქციები შეასრულონ დაშინების, დაბრკოლების, ღირსების შელახვისა და რაიმე არასათანადო ჩარევის გარეშე და თავიანთი პროფესიული მოვალეობების განხორციელებისას არ განიცადონ გაკიცხვა, ან დევნა ადმინისტრაციული, ეკონომიკური, სოციალური ან სხვა სანქციების მუქარით.  

1960 წელს, ზუსტად 60 წლის უკან, დაარსდა ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის საზოგადოებების საბჭო (CCBE), ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ევროპის 45 ქვეყნის ადვოკატურებს და წარმოადგენს 1 მილიონზე მეტი ევროპელი ადვოკატის ინტერესებს. საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია CCBE-ის აქტიური წევრია 2008 წლიდან და მოხარული ვარ, რომ მქონდა პატივი წლების განმავლობაში ვყოფილიყავი ქართული ადვოკატურის წარმომადგენელი ამ პრესტიჟულ ევროპულ გაერთიანებაში.

მჯერა, რომ დამოუკიდებელი და ერთიანი იურიდიული პროფესია, როგორც თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედი, შეძლებს ნდობა მოუტანოს ქართულ მართლმსაჯულებას და უზრუნველყოს სამართლის უზენაოსობის დამკვიდრება ჩვენს ქვეყანაში.

ერთად გავაძლიეროთ ჩვენი პროფესია!

 

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი