სამედიცინო მომსახურებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების კანონით დადგენილი წინაპირობების ასახვა ქართულ სასამართლო პრაქტიკაში

3 მარტი 2020

ავტორი: ნუნუ კვანტალიანი
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი

                                                                      შესავალი

ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ერთ-ერთ აქტუალურ საკითხს პაციენტთა დარღვეული უფლების დაცვის სამართლებრივი საფუძვლები წარმოადგენს. ამ სფეროში, საქართველოს კანონმდებლობა პაციენტს სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან ან/და დელიქტიდან გამომდინარე, ზიანის მიმყენებლის მიმართ სასამართლოში სარჩელის აღძვრის უფლებას აძლევს1. პაციენტს, მის ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს ექიმს, ექთანს, მედიცინის სხვა მუშაკს ან სამედიცინო დაწესებულებას უჩივლოს სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციაში, სასამართლოში, ჯანმრთელობის დაცვის მართვის ან დავის გამრჩევ სხვა ორგანოში2. ვალდებულების წარმოშობას განაპირობებს პაციენტის უფლებების დარღვევა, მცდარი სამედიცინო ქმედება ან/და სამედიცინო დაწესებულების ფუნქციონირების ხარვეზები. პაციენტს ან მის კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ქონებრივი და არაქონებრივი ზიანის  კომპენსაცია, რომელიც გამოწვეულია: ) პაციენტის უფლებების დარღვევით; ) მცდარი სამედიცინო ქმედებით3. მოქალაქეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანი სამოქალაქო წესით ანაზღაურდება. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის და ზიანის ოდენობის სწორად დადგენისათვის აუცილებელია სამართლებრივი საფუძვლების კანონის შესაბამისად განსაზღვრა.

მიუხედავად იმისა, რომ ქართული სასამართლო პრაქტიკა სამედიცინო მომსახურებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრების დავებთან დაკავშირებით მოცულობითი არ არის (იმ ვითარებაში, როდესაც ცხოვრებისეული პრაქტიკით პაციენტთა დიდი ნაწილი პრეტენზიას გამოთქვამს სამედიცინო მომსახურების უარყოფით მხარეებზე, პარადოქსია, მაგრამ 2016-2019 წლებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განხილულია 8 სამოქალაქო დავა4), ამ საკითხზე არსებული გადაწყვეტილებების შესწავლით შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა ფაქტების მითითების, ზიანის ანაზღაურების წინაპირობების, მტკიცების ტვირთის განაწილების, ქონებრივი და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების ფარგლების განსაზღვრის საკითხებში.

 

ზოგადად ზიანის

ანაზღაურების

წინაპირობების შესახებ

სამედიცინო შეცდომით მოქალაქის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების გამო სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის წარმოშობის პირობები იგივეა, როგორც ყველა დელიქტურ ვალდებულებებში: ზიანი, მართლწინააღმდეგობა, ბრალი და მიზეზობრივი კავშირი (სსკ-ის 992- მუხლი). მათი თავისებურება სამედიცინო საქმიანობის ხასიათით განისაზღვრება. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა ექიმის ან სამედიცინო დაწესებულების მიმართ პაციენტს შეიძლება წარმოეშვას, როგორც ხელშეკრულებიდან, ასევე დელიქტური ნორმებიდან. შეიძლება ექიმს იმ შემთხვევაშიც დაეკისროს პასუხისმგებლობა თუ მას არანაირი ხელშეკრულება არ გაუფორმებია პაციენტთან, გამომდინარე იქიდან, რომ მკურნალობის დაწყებით ექიმისათვის და არასამედიცინო (დამხმარე) პერსონალისათვისაც წარმოიშობა ვალდებულება, რომ კანონით დადგენილ ფარგლებში დაიცვან და შეინარჩუნონ პაციენტის ჯანმრთელობა. ექიმის მიერ ჩატარებული მცდარი მკურნალობა, როგორც წესი, ხელშეკრულების დარღვევაც არის და დელიქტიც. მოთხოვნის ორივე საფუძველი თანაბარია და შესაბამისად, მოთხოვნის დაფუძნება ორივე საფუძველზე ერთდროულად არის შესაძლებელი5.

დელიქტური სამართალურთიერთობიდან წარმოშობილი დავების განხილვისას საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განმარტა შემდეგი: სსკ-ის 992- მუხლის თანახმად, პირს ზიანის ანაზღაურება ეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ბრალი ზიანის მიმყენებელს მიუძღვის6.

ამდენად, სამედიცინო მომსახურებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრებისას, სასამართლომ ზიანის ანაზღაურების ოთხივე პირობის არსებობა უნდა დაადგინოს.

მართლწინააღმდეგობა

მართლსაწინააღმდეგოდ მიიჩნევა არასათანადო სამედიცინო მომსახურება, რაც გულისხმობს სამედიცინო მომსახურების გამწევის მიერ სამედიცინო საქმიანობის მარეგულირებელი კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების დარღვევას. მედიცინის მუშაკის ქცევა მართლსაწინააღმდეგოა, თუ პაციენტს ზიანი მიადგა არსებული სტანდარტებისაგან გვერდის ავლით განხორციელებული სამედიცინო მომსახურებით7.

ქცევის მართლწინააღმდეგობა შეიძლება როგორც მოქმედებაში, ასევე უმოქმედობაში გამოიხატოს. ასე მაგალითად, ერთ-ერთ საქმეში სასამართლომ დაადგინა, რომ პაციენტის მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, მოპასუხემ მისი ჰოსპიტალიზაცია დროულად არ განახორციელა, პაციენტის საერთო მდგომარეობა, დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის პირობებში (დაახლოებით 32-36 საათი), უკიდურესად მძიმე იყო, რის გამოც უარყოფითი დინამიკა საკმაოდ სწრაფად განვითარდა და სამედიცინო პერსონალის შემდგომი ქმედებები უშედეგო აღმოჩნდა, რის გამოც პაციენტი დაიღუპა8.

მცდარი სამედიცინო ქმედება გულისხმობს ექიმის მიერ უნებლიედ, პაციენტის მდგომარეობისათვის შეუსაბამო დიაგნოზის ან/და სამკურნალო ღონისძიების ჩატარებას, რაც მიყენებული ზიანის უშუალო მიზეზი გახდა9.

სამედიცინო მუშაკის ქმედების მართლწინააღმდეგობის შეფასებისას სასამართლო უთითებს შემდეგზე: საექიმო შეცდომაში იგულისხმება ექიმის მიერ საზოგადოდ აღიარებული სამედიცინო და ეთიკური სტანდარტების, კანონმდებლობით განსაზღვრული წესების დარღვევა, რამაც განაპირობა პაციენტის მდგომარეობისათვის შეუსაბამო სადიაგნოზო და/ან სამკურნალო ღონისძიებების ჩატარება, რაც, თავის მხრივ, პაციენტისათვის ზიანის მიყენების უშუალო მიზეზი გახდა10.

 

ზიანი

სამედიცინო მომსახურების სფეროში მიყენებული ქონებრივი ზიანი მოიცავს იმ ხარჯებს, რომლებიც უკვე გაწეულია პაციენტის მიერ და იმ ხარჯებსაც, რომლებსაც დაზარალებული პირი სამომავლოდ საჭიროებს.

ქონებრივი ზიანი განსაზღვრადი უნდა იყოს. ერთ-ერთ საქმეში სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა განმეორებით ჩატარებული მკურნალობის ხარჯების ანაზღაურების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, ვინაიდან პაციენტს კლინიკაში მისვლამდეც ესაჭიროებოდა მკურნალობა; შესაბამისად, უხარისხოდ ჩატარებული სამედიცინო მომსახურების გათვალისწინებით, მოსარჩელის ფინანსურ დანაკლისს შეადგენდა არაკვალიფიციურ მომსახურებაში გადახდილი თანხა და არა ის თანხა, რაც მან ხელახალი პროთეზირებისას გადაიხადა. სასამართლოს განმარტებით, ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა (სსკ-ის 992-,1007.1- მუხლები)11. ზიანის მატერიალური ოდენობის შეფასების ვალდებულება მოსარჩელის მხარესაა, ხოლო თუ იგი არ უთითებს რაში გამოიხატა მისთვის მატერიალური ზიანი, იმ მოცემულობაში რა დროსაც მისი მკურნალობის პროცესს ფინანსურად უზრუნველყოფდა სახელმწიფო, ზიანის მატერიალური ფორმით ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა დაუსაბუთებელია12. სასამართლომ დაუსაბუთებულად მიიჩნია პაციენტის მიერ მოთხოვნის საფუძვლად მითითებული ის გარემოებაც, რომ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო, თბილისის მერია და საქველმოქმედო ფონდი ითხოვენ ან მოითხოვენ მათ მიერ გადახდილი თანხების ანაზღაურებას პაციენტისაგან, რის გამოც, შესაძლოა მოსარჩელეს გააჩნდეს ამ თანხების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება მოპასუხისაგან. სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოსარჩელის მოთხოვნა იმ თანხებთან დაკავშირებით, რომელიც მოსარჩელის ახლობლების მიერ იქნა გადახდილი იმ დასაბუთებით, რომ არ დასტურდებოდა აღნიშნული თანხის გადაიხადა პირის მიერ, ვის წინაშეც მოსარჩელეს ვალდებულება წარმოეშობოდა13. პაციენტის გარდაცვალების შემთხვევაში, უფლებამოსილი პირის მოთხოვნით, სასამართლო დაკრძალვისთვის გაწეულ დანახარჯებსაც აკმაყოფილებს14.

ქონებრივი ზიანი მოიცავს როგორც ფაქტობრივ დანაკლისს, ასევე მიუღებელ შემოსავალს (სსკ 411- მუხლი). მიუღებელ შემოსავალს ტრადიციულად წარმოადგენს დაზარალებულის მიერ დაკარგული ხელფასი, შემოსავალი, რომელიც მას ჰქონდა ან სხვა შემოსავალი, რომელიც შეიძლება ჰქონოდა (დაკარგული შემოსავალი). ასე მაგალითად, პაციენტი მუშაობდა რა კონსერვატორიაში რექტორად და საფორტეპიანო კათედრაზე პედაგოგად, ხელის მტევანზე ჩატარებული არასწორი სამედიცინო ჩარევით (ოპერაციით) დაკარგა შრომის უნარი, რის გამოც იძულებული გახდა შეეწყვიტა პროფესიული საქმიანობა. სასამართლომ მოპასუხე კლინიკას მიუღებელი ხელფასი დააკისრა15.

სამედიცინო მომსახურების არასასურველი შედეგი ნეგატიურ ცვლილებებს იწვევს ადამიანის ორგანიზმში, რამაც ქონებრივ დანახარჯებთან ერთად შეიძლება არამატერიალური უფლებების ხელყოფა-ფსიქიკური ტანჯვა (მორალური ზიანი) გამოიწვიოს. ასეთ შემთხვევაში პაციენტს ქონებრივ ზიანთან ერთად შეუძლია, მოითხოვოს არაქონებრივიმორალური ზიანის ანაზღაურება (სსკ 413- მუხლი).

არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებისას, სასამართლო ეყრდნობა დადგენილ სასამართლო პრაქტიკას; კერძოდ, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული მორალური ზიანის ანაზღაურება სამართლიანი და გონივრული ოდენობით უნდა განისაზღვროს. შეუძლებელია, თითოეული ადამიანის ჯანმრთელობის ან სიცოცხლის ფასის განსაზღვრა, ამდენად, მორალური ზიანის ანაზღაურების მიზანი, გარკვეულწილად, განცდილი ტკივილისა და დისკომფორტის შემსუბუქებაა. კომპენსაციის ოდენობას განსაზღვრავს სასამართლო დაზარალებულის მიერ განცდილი სულიერიფიზიკური ტანჯვისა და ზიანის მიმყენებლის ბრალის  გათვალისწინებით, თუ ზიანის ანაზღაურების მოცემული სახე ბრალეულ მოქმედებაზეა დამოკიდებული“. სასამართლომ დაადგინა, რომ კლინიკის მიერ გაწეული ორთოპედიული მომსახურების დროს ჩატარებული მოსარჩელის მდგომარეობისათვის შეუსაბამო დიაგნოზითა და მკურნალობით, პაციენტის ჯანმრთელობას სტომატოლოგიური კუთხით მიადგა ვნება, რამაც მისთვის არა მარტო მატერიალური ზიანი გამოიწვია, არამედ სულიერი ტანჯვა, ტკივილი და ემოციური განცდები16.

მორალური ზიანის დაკისრების საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლომ ერთ-ერთ გასათვალისწინებელ გარემოებად ის ფაქტიც მიიჩნია, რომ პრაქტიკულად ჩატარდა ერთი ზედმეტი ქირურგიული ჩარევა, რომელიც შესაძლოა თავიდან ყოფილიყო აცილებული. ასევე, გასათვალისწინებელი იყო პაციენტის შრომის უნარის დაქვეითება. ამასთან, სასამართლომ შეაფასა მოპასუხის ქონებრივი მდგომარეობაც, რადგან მორალური ზიანი არ შეიძლება იქცეს მოპასუხის ერთგვარსასჯელად“, რომელიც მის საქმიანობას და ფუნქციონირებას შეწყვეტს17.

სასამართლო პრაქტიკის ანალიზით შეიძლება დავასკვნათ, რომ მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას ძირითადად ყურადღება ექცევა სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის პერიოდს (ხანგრძლივია თუ მოკლევადიანი), შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხს (მნიშვნელოვანი, უმნიშვნელო ან მუდმივი), ასევე ზიანის მიმყენებლის ქონებრივ მდგომარეობასაც (მოვალე გადახდისუნარიანი, ხოლო სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულებადი უნდა იყოს).

ბრალი

სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნებისთვის სამედიცინო მომსახურების გამწევის ბრალი არის სამედიცინო მომსახურების გამწევის არა სუბიექტური, ფსიქიკური განწყობა მისი მოქმედების მიმართ, არამედ პაციენტისათვის უარყოფითი შედეგების თავიდან აცილების მიზნით შესაძლო ობიექტური ზომების მიუღებლობა.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, პაციენტისათვის მიყენებული ზიანისას, როგორც წესი, ექიმის განზრახი ბრალი არ არსებობს. ასეთ შემთხვევებში საკმარისია, დადგინდეს ექიმის გაუფრთხილებლობა, რაც გულისხმობს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების აუცილებელი გულისხმიერებისა და ყურადღების გარეშე განხორციელებას. გულისხმიერებასა და ყურადღებიანობაში იგულისხმება ექიმის მიერ საჭირო სამედიცინო მოქმედებების ზედმიწევნით ხარისხიანად, აღიარებული სამედიცინო სტანდარტების შესაბამისად შესრულება18. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს სამედიცინო შეცდომით გამოწვეული ზიანის შემადგენლობაში ბრალის ხარისხზე. სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის სავალდებულოა დადასტურდეს ექიმის გაუფრთხილებლობა და არა განზრახვა არასასურველი შედეგის დადგომის მიმართ. ამასთანავე, დამდგარი ზიანი უშუალოდ ამ ქმედების შედეგს უნდა წარმოადგენდეს და არა მკურნალობის თანმდევ შედეგს, რომლის თავიდან აცილების შესაძლებლობაც სამედიცინო დაწესებულებას ობიექტურად არ შეეძლო19. იმის გასარკვევად, ადგილი ჰქონდა ექიმის ბრალეულ ქმედებას, თუ ექიმის შესაძლებლობების მიუხედავად, ასეთი შედეგი მაინც დადგებოდა, სწორედ სამედიცინო პერსონალია ვალდებული, გამორიცხოს თავისი ბრალი პაციენტის ჯანმრთელობის გაუარესებასა თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის არასრულ გაუმჯობესებაში. ამ საკითხის გარკვევა მნიშვნელოვანია სამედიცინო პერსონალის პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტისთვის. ამასთან, ბრალეულობაზე საუბრისას იგულისხმება გაუფრთხილებელი ბრალი, და არა განზრახ ქმედება, რაც განსხვავებულ სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს. არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ სამედიცინო პერსონალი მოქმედებს კეთილსინდისიერად, მაქსიმალური გულისხმიერებით და მის განზრახვას და მიზანს წარმოადგენს პაციენტის გამოჯანმრთელება. სამოქალაქო პასუხისმგებლობის საკითხი დგება სამედიცინო პერსონალის გაუფრთხილებელი ქმედების შედეგად, რაც უნდა განიმარტოს ისეთ ქცევად, როდესაც მან ვერ გამოიჩინა შესაბამისი გულისხმიერება, წინდახედულობა და არ გამოიყენა თავისი ცოდნა და კვალიფიკაცია, ასევე მის ხელთ არსებული საშუალებები მოსალოდნელი და დასაშვები რისკების თავიდან აცილების პრევენციისთვის20.

ერთ-ერთ საქმეში, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის გამოკვლევის შედეგად სასამართლომ დაადგინა, რომ დასკვნით პაციენტის გარდაცვალებაში მოპასუხეთა ბრალეულობა დასტურდებოდა; კერძოდ, პირველმა მოპასუხემ პაციენტს დაუდგინა არასრულყოფილი დიაგნოზი და დააგვიანა მისი გადაყვანა რეფერალურ ცენტრში, ხოლო, მეორე მოპასუხემ დროულად არ განახორციელა ოპერაციული ჩარევა, რამაც, საბოლოოდ, პაციენტის სიკვდილი გამოიწვია. სასამართლომ, სამოქალაქო კოდექსის 998- მუხლის პირველ ნაწილის შესაბამისად მიიჩნია, რომ, განსახილველ შემთხვევაში, მართლსაწინააღმდეგო შედეგიპაციენტის გარდაცვალებაგამოიწვია ორივე მოპასუხის ბრალეულმა მოქმედებამ. შესაბამისად, ისინი ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელნი იყვნენ, როგორც სოლიდარული მოვალეები21.

ამასთან, თუ ოპერაციას მნიშვნელოვანი გართულებები მოჰყვა და პაციენტის ჯანმრთელობას შემდგომში მძიმე ზიანი მიადგა, ერთმნიშვნელოვნად ვერ ვიტყვით, რომ ბრალი სპეციალისტს მიუძღვის და მას პროფესიული მომზადება აკლდა, თუ ამგვარი შედეგი ნარკოზმა გამოიწვია. როგორც აღვნიშნეთ, მოთხოვნის წარმომშობის ფაქტთან დაკავშირებით მითითების ტვირთი პაციენტს/ მოსარჩელეს აწევს22.

მიზეზობრივი კავშირი

მკურნალობის შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დაკმაყოფილდეს, თუკი პირისათვის მიყენებული ზიანი გამოწვეულია უშუალოდ მცდარი სამედიცინო მოქმედებით, ანუ გამოკვეთილია მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ის გარემოება, რომ ზიანი გამოიწვია სამედიცინო პერსონალის ქმედებამ, უტყუარად უნდა დადგინდეს. უშედეგო მკურნალობა ან მკურნალობის უარყოფითი შედეგი თავისთავად (უალტერნატივოდ) არ იწვევს სამედიცინო პერსონალის პასუხისმგებლობას. ზიანი გამოწვეული უნდა იყოს მკურნალობისას დაშვებული შეცდომებით; ანუ, თუ მკურნალობა სწორადაა ჩატარებული, თუნდაც მას უარყოფითი შედეგი მოჰყვეს, არ იწვევს ექიმის პასუხისმგებლობას23. სხვა საქმეში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია პაციენტის კლინიკაში მკურნალობის პერიოდშიჰეპატიტით დაინფიცირება და შესაბამისად, არასწორ სამედიცინო მომსახურებასა და პაციენტისთვის მიყენებულ ზიანს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირის არსებობა24.

დავის განხილვისას სასამართლომ დაადგინა, რომ პაციენტს 1997 წლის 6 ოქტომბერს კლინიკაში ჩაუტარდა ბცჟ- ვაქცინაცია. ასევე დადგინდა და მხარეთა შორის სადავო არ ყოფილა, რომ პაციენტს 1998 წლის 26 მარტს დაუდგინდა ოსტეომიელიტი. მხარეთა შორის სადავო იყო მოსარჩელის დაავადებასა და მოპასუხის ქმედებას შორის კაუზალური (მიზეზ-შედეგობრივი) კავშირის არსებობა. საქმის მასალებით დადასტურდა, რომ მედიცინა ოსტეომიელიტის გამომწვევ მიზეზად ბცჟ- ვაქცინაციას განიხილავს იმ შემთხვევაში, როდესაც ოსტეომიელიტი ტუბერკულოზური ეტიოლოგიისაა. სასამართლოს მოსაზრებით, ზემოთ დასახელებული გარემოებების არსებობის დადასტურების პირობებში, იმ ფაქტის მტკიცების ტვირთი, რომ პაციენტი გადიოდა ანტიტუბერკულოზურ მკურნალობას, სსკ 102- მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, მოსარჩელის მხარეზე გადავიდა. თუმცა, როგორც საქმის მასალებიდან ირკვეოდა, ამ სადავო, ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად მოსარჩელეს სასამართლოში არც ერთი მტკიცებულება არ წარუდგენია. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის დაავადებასა და მოპასუხის ქმედებას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არ არსებობდა25. ქმედების ბრალეულობის დადასტურებისას, მოპასუხის მტკიცების ტვირთია მის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზშედეგობრივი კავშირის არარსებობის დადგენა26.

სასამართლო გადაწყვეტილებათა ანალიზი ადასტურებს, რომ სამედიცინო მომსახურებისას მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა არ კმაყოფილდება სწორედ იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ ვერ დაადგინა პაციენტისათვის არასასურველ შედეგსა და სამედიცინო მომსახურების გამწევის მოქმედებას შორის მიზეზობრივი კავშირი.

 

დასკვნა

სამედიცინო მომსახურების გაწევისას პაციენტისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრების მტკიცებასთან მიმართებით სასამართლო პრაქტიკის შესწავლა-ანალიზით შესაძლებელია დავასკვნათ, რომ ამ კატეგორიის დავებზე უნდა დადგინდეს მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის წინაპირობების არსებობა, კერძოდ, მართლსაწინააღმდეგო ქმედება (სამედიცინო შეცდომა), ზიანი, ზიანის მიმყენებლის ბრალეულობა და მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის.

მედიცინის მუშაკის ქცევა მართლსაწინააღმდეგოა, თუ პაციენტს ზიანი მიადგა არსებული სტანდარტებისაგან გვერდის ავლით განხორციელებული სამედიცინო მომსახურებით.

ქონებრივი ზიანი მოიცავს იმ ხარჯებს, რომლებიც უკვე გაწეულია პაციენტის მიერ და იმ ხარჯებსაც, რომლებსაც დაზარალებული პირი სამომავლოდ საჭიროებს. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას ძირითადად ყურადღება ექცევა სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის პერიოდს (ხანგრძლივია თუ მოკლევადიანი), შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხს (მნიშვნელოვანი, უმნიშვნელო ან მუდმივი), ასევე ზიანის მიმყენებლის ქონებრივი მდგომარეობასაც (მოვალე გადახდისუნარიანი, ხოლო სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულებადი უნდა იყოს).

სამედიცინო მომსახურების გამწევის ბრალი არის სამედიცინო მომსხურების გამწევის არა სუბიექტური, ფსიქიკური განწყობა მისი მოქმედების მიმართ, არამედ პაციენტისათვის უარყოფითი შედეგების თავიდან აცილების მიზნით შესაძლო ობიექტური ზომების მიუღებლობა.

უშედეგო მკურნალობა ან მკურნალობის უარყოფითი შედეგი თავისთავად (უალტერნატივოდ) არ იწვევს სამედიცინო პერსონალის პასუხისმგებლობას. ზიანი გამოწვეული უნდა იყოს მკურნალობისას დაშვებული შეცდომებით, ანუ აუცილებელია პაციენტისთვის არასასურველ შედეგსა და სამედიცინო მომსახურების გამწევის მოქმედებას შორის მიზეზობრივი კავშირის დადგენა.

 

1 საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 28, 31

2 „ჯანმრთელობის დაცვის შესახებსაქართველოს კანონი, მუხლი 104

3 პაციენტის უფლებების შესახებ საქართველოს კანონი, მუხლი 10

4 www.supremecourt.ge

5 სუსგ Nას-111-111-2018 , 11 მაისი, 2018 წელი

6 სუსგ Nას-Nას-260-244-2014, 28 მაისი, 2014 წელი

7 .კვანტალიანი, პაციენტის უფლებები დაჯანმრთელობის დაცვის პერსონალის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობისსაფუძვლები, თბილისი, 2014, გვ.167

8 სუსგ Nას-1057-997-2015, 29 იანვარი, 2016 წელი

9 ჯანმრთელობის დაცვის შესახებსაქართველოს კანონი, მე-3 მუხლისქვეპუნქტი

10 სუსგ N1268-1526-09, 25 მაისი, 2010 წელი

11  სუსგ Nას-866-816-2015, 12 თებერვალი, 2016 წელი

12 სუსგ Nას-111-111-2018 , 11 მაისი, 2018 წელი

13 სუსგ Nას-1102-1038-2015, 22 იანვარი, 2016 წელი

14 სუსგ Nას-1057-997-2015, 29 იანვარი, 2016 წელი

15  სუსგ Nას-714-669-2010, 25 ოქტომბერი, 2010 წელი

16 სუსგ Nას-866-816-2015, 12 თებერვალი, 2016 წელი

17 სუსგ Nას-1102-1038-2015, 22 იანვარი, 2016 წელი

18 სუსგ Nას-1124-1044-2017  30 ივლისი, 2018 წელი

19 სუსგ Nას-593-568-2016, 14 ივლისი, 2017 წელი

20 სუსგ Nას-1102-1038-2015, 22 იანვარი, 2016 წელი

21 სუსგ Nას-891-841-2015, 29 იანვარი, 2016 წელი

22 სუსგ Nას-111-111-2018 , 11 მაისი, 2018 წელი

23 სუსგ N260-244-11, 27 ივნისი, 2011 წელი; სუსგ Nას-1124-1044-2017, 30 ივლისი, 2018 წელი

24 სუსგ Nას-1779-1757-2011   9 თებერვალი, 2012 წელი

25 სუსგ Nას-260-244-2014, 28 მაისი, 2014 წელი

26 სუსგ Nას-1102-1038-2015, 22 იანვარი, 2016 წელი

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი