ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და აზერბაიჯანის ადვოკატთა ასოციაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა და აზერბაიჯანის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ანარ ბაგიროვმა.
საქართველოსა და აზერბაიჯანის ადვოკატთა ასოციაციებს შორის გაფორმებული მემორანდუმი აღნიშნულ ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობას ითვალისწინებს. შეთანხმება მოიცავს პროფესიული გამოცდილების გაზიარებას, ადვოკატურის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტებისა და პროფესიული სტანდარტების ურთიერთგაცვლას, ასევე ერთობლივი კონფერენციების, სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ADA უნივერსიტეტში (აზერბაიჯანის ინგლისურენოვანი დიპლომატიის აკადემია) საჯარო ლექცია ჩაატარა. ირაკლი ყანდაშვილმა ისაუბრა ადვოკატის პროფესიაზე და მის როლზე ხარისხიანი და სანდო მართლმსაჯულების ფორმირების პროცესში.




