საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით, ადვოკატთა ასოციაციის პადელის ჩემპიონატი გაიმართა, რომელშიც 30-მდე ადვოკატი, 12 გუნდის შემადგენლობაში მონაწილეობდა. ჩემპიონატი „ლისი ლემანსის“ პადელის კორტებზე ჩატარდა.
დაძაბული და საინტერესო შეხვედრების შედეგად, ჩემპიონატის გამარჯვებულები გახდნენ დიმიტრი გულადიშვილი, ალექსანდრე წეროძე და ლუკა ბულისკერია.
მეორე ადგილი გიორგი სვანაძემ და არჩილ გიორგაძემ დაიკავეს, ხოლო მესამე ადგილი ორმა გუნდმა გაინაწილა. მესამეადგილოსანთა შორის იყვნენ შოთა თანდაშვილი, ოთარ მაჩაიძე, ზურაბ ბეჟაშვილი და იაკობ დიაკონიძე.
ჩემპიონატის მიმდინარეობას საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი დაესწრო. ტურნირის დასკვნით ნაწილში გაიმართა დაჯილდოების ცერემონია, სადაც გამარჯვებულებსა და საპრიზო ადგილოსნებს სიმბოლური პრიზები გადაეცათ.
„საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ წევრთა პროფესიული განვითარება და მათი უფლებების დაცვა, არამედ ისეთი გარემოს შექმნაც, რომელიც კოლეგებს ერთმანეთთან კიდევ უფრო აახლოებს. სპორტი ხელს უწყობს გუნდურობისა და ურთიერთპატივისცემის გაძლიერებას. სწორედ ამიტომ, ასოციაცია მომავალშიც გააგრძელებს წევრებზე ზრუნვას და მსგავსი ღონისძიებების ორგანიზებას, რათა ჩვენი პროფესიული საზოგადოება კიდევ უფრო ძლიერი და ერთიანი გახდეს.“ - აღნიშნა ირაკლი ყანდაშვილმა.




