ასოციაციის მოახლოებული არჩევნები უპრეცედენტო გამჭვირვალობის, ათეულობით დამკვირვებლისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება. ყოველგვარი გაუგებრობის, უსაფუძვლო ეჭვებისა თუ შიშების გამოსარიცხად, ხმების დათვლა სრულად მანქანურად, “PCOS” საარჩევნო ოპტიკური სკანერებით მოხდება, ხოლო თავმჯდომარის არჩევნების შედეგები, დამატებით ხმის დამთვლელი კომისიის მიერ კრებაზევე საჯაროდ, ხელით გადაითვლება.
მიუხედავად გამჭვირვალობის ასეთი მაღალი სტანდარტებისა, ზოგიერთი კანდიდატი და მათთან აფილირებული ადამიანთა ჯგუფი, წინასწარვე არაკეთილსინდისიერად ცდილობს დაგეგმილი არჩევნების ხელოვნურ დისკრედიტაციას აბსურდული და გამოგონილი ბრალდებებით, რაც ზიანს აყენებს ადვოკატურას, როგორც ინსტიტუტს და მთლიანად იურიდიული პროფესიის რეპუტაციას.
ყველას გასაგონად ვაცხადებთ, საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას ნებისმიერ შესაძლო პროვოკაციულ ქმედებას, საერთო კრების საქმიანობის ხელშეშლის მცდელობას ანდა კოლეგების მიმართ არაეთიკურ ქცევას ასოციაცია და ერთიანი ადვოკატთა კორპუსი უპასუხებს ღირსებით, მკაფიოდ და შესაბამისი სამართლებრივი ზომებით.
აქვე, გამოვთქვამთ მზაობას მათი დაინტერესების შემთხვევაში საერთო კრებაზე დასაკვირვებლად მოვიწვიოთ საქართველოში აკრედიტებული აშშ-ის, ევროკავშირისა და სხვა დიპლომატიური მისიებისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
წარმატებას ვუსურვებთ ყველა ღირსეულ კანდიდატს!




