28 აპრილს ევროპის ადვოკატთა ასოციაციის (AEA-EAEL) თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა და ნიუ-იორკის შტატის ადვოკატთა ასოციაციის (NYSBA) პრეზიდენტმა, დომენიკ ნაპოლეტანომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ევროპის ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი მარია სლაზაკი და ნიუ იორკის შტატის ადვოკატთა ასოციაციის (NYSBA) საერთაშორისო სექციის წარმომადგენლები ჯეი სეიფერი და გიორგი ჭეხანი.
ვირტუალურ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ევროპის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ შეთანხმება არა მხოლოდ ფორმალური პარტნიორობაა, არამედ ორ ორგანიზაციას შორის საერთო ღირებულებებზე — სამართლის უზენაესობაზე, პროფესიულ განვითარებასა და საერთაშორისო თანამშრომლობაზე დაფუძნებული ურთიერთობის სიმბოლოა.
„ჩვენი თანამშრომლობა ახალ შესაძლებლობებს ხსნის ცოდნის გაზიარების, ერთობლივი ინიციატივებისა და პროფესიული უნარების გაძლიერების კუთხით. ეს არის შანსი, შევქმნათ დიალოგი იურიდიულ სფეროში არსებულ ახალ გამოწვევებზე და განვავითაროთ იურიდიული პროფესია,“ — განაცხადა დავით ასათიანმა.
აღნიშნული მემორანდუმი სტრატეგიულ ნაბიჯს წარმოადგენს სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების, პროფესიული განვითარების ხელშეწყობისა და ევროპული და ამერიკული იურიდიული პროფესიების გაძლიერების მიმართულებით.