საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ყველა ბავშვს ულოცავს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ვუსურვებთ მათ ბავშვობის დაცულ წლებსა და ისეთ გარემოში ცხოვრებას, სადაც უზრუნველყოფილი იქნება მათი საუკეთესო ინტერესების განუხრელი დაცვა და განვითარების მაქსიმალური ხელშეწყობა.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ ადვოკატებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლების შვილებს უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში პატარებისთვის ანიმატორების მონაწილეობით, შემეცნებითი და გასართობი აქტივობების მრავალფეროვანი პროგრამა გაიმართა, რომელმაც ბავშვებს მხიარული და დაუვიწყარი დღე აჩუქა.
ღონისძიებას ასევე ქველმოქმედების სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, გახსნილი იყო სპეციალური ანგარიში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად, სადაც ასოციაციის თითოეულ წევრს შეეძლო საკუთარი წვლილის შეტანა. შეგროვებული თანხა სრულად გადაირიცხა ფონდში ,,ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტრიფიას".
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მადლობას უხდის ყველა ადვოკატს, რომელმაც ამ კეთილ საქმეში მიიღო მონაწილეობა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პროფესიული საქმიანობის პარალელურად, სოციალური პასუხისმგებლობა და თანადგომა ჩვენი საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია.




