5 თებერვალი 2021

ადვოკატთა ასოციაციის საქმიანობის ქვაკუთხედს დამოუკიდებლობა და თვითმმართველობა წარმოადგენს. აღნიშნულის ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობა ორგანიზაციის ფინანსური დამოუკიდებლობა და სტაბილურობაა. მოგეხსენებათ, რომ ადვოკატთა ასოციაციის შემოსავლების ძირითადი წყარო სწორედ საწევრო შენატანებია, რომლის გადახდაც ყოველი მომდენო წლისათვის ხდება მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე, საერთო კრების მიერ ჯერ კიდევ 2005 წელს დამტკიცებული ასოციაციის წესდების 29-ე მუხლის შესაბამისად.  

ადვოკატთა ასოციაციამ 2020 წელს, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის საპასუხოდ, რომელმაც, მათ შორის, ასოციაციის რიგ წევრებსაც ფინანსური სირთულეები შეუქმნა, არაერთი ღონისძიება გაატარა. შემუშავდა და დამტკიცდა წევრთა მხარდაჭერის ღონისძიებების გეგმა, რომლის ფარგლებშიც:

ა) ასოციაციის წევრებს 2020 წლის საწევრო დავალიანების გადახდის გადავადების შესაძლებლობა 2020 წლის ბოლომდე მიეცათ. აღნიშნული შეთავაზებით კი 300-მდე წევრმა ისარგებლა.

ბ) სხვა ხარჯების ოპტიმიზაციის გზით, გაიზარდა ადვოკატთა სოციალური დახმარების ფონდის ბიუჯეტი, რომლის ფარგლებშიც 100-მდე ადვოკატს აღმოვუჩინეთ ერთჯერადი ფინანსური მხარდაჭერა, რომელიც როგორც ჯანმრთელობის მდგომარეობას, ასევე კორონავირუსით გამოწვეულ ფინანსურ სიძნელეებს უკავშირდებოდა.

გამომდინარე იქიდან, რომ წევრთა მხარდაჭერა ადვოკატთა ასოციაციისთვის უმთავრესი პრიორიტეტია, აღმასრულებელი საბჭოს მიერ დამტკიცდა 50%-იანი და 75%-იანი საშეღავათო საწევროს გადახდის მექანიზმი, რომლითაც საერთო ჯამში 2107 წევრი სარგებლობს.

ზემოაღნიშნული მხარდაჭერის ღონისძიებების გათვალისწინებით, „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციული წარმოება 2020 წლის საწევრო დავალიანების მქონე წევრთა მიმართ 2020 წლის 1 დეკემბრიდან დაიწყო. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ინფორმაცია საჯაროდ გამოქვეყნდა ასოციაციის ვებ-გვერდზე, ასევე, აღნიშნულის შესახებ წევრთა მაქსიმალური ინფომირების მიზნით, ინფორმაცია საწევრო დავალიანების მქონე პირებს არაერთგზის გაეგზავნათ მოკლე ტექსტური შეტყობინებით.

არსებული ვითარებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული წარმოების ვადა 3-ჯერ გაგრძელდა, ხოლო ამ პერიოდის განმავლობაში წევრებს მიეცათ შესაძლებლობა განმეორებით მოემართათ საწევრო დავალიანების გადახდის გადავადების მოთხოვნით. აღსანიშნავია, რომ საწევრო დავალიანების გადახდის გადავადების თაობაზე განცხადება დაუკმაყოფილდა ყველა იმ წევრს, რომელმაც ასოციაციას მომართა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისიწინებით, იმ წევრებს, რომლებმაც მიუხედავად  საშეღავათო ღონისძიებებისა, საწევრო დავალიანება არ დაფარეს და ასოციაციისათვის არც დავალიანების გადავადების თხოვნით მოუმართავთ “ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონის 213 მუხლის თანახმად, შეუწყდათ ასოციაციის წევრობა საწევრო დავალიანების გადაუხდელობის გამო, კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

ამასთან, იმის გათვალისწინებით რომ არ შეფერხდეს მოქალაქეებისათვის საჭირო იურიდიული სერვისების მიწოდება, წევრობაშეწყვეტილ პირებს, საწევრო დავალიანების დაფარვის შემთხვევაში, ასოციაციის წევრობა აღუდგებათ ავტომატურ რეჟიმში, დაუყოვნებლივ.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 511  16 49 05

 

 

 

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი