ადვოკატ შოთა თუთბერიძის უფლებების დარღვევის სავარაუდო ფაქტი დაფიქსირდა

9 თებერვალი 2021

ადვოკატთა ასოციაციაში ადვოკატ შოთა თუთბერიძის უფლებების დარღვევის სავარაუდო ფაქტთან დაკავშირებით ბრიფინგი ჩატარდა.

ადვოკატის განმარტებით, იგი 2021 წლის 8 თებერვალს, საადვოკატო საქმიანობის განხორციელების მიზნით, გამოცხადდა მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მიერ მითითებულ ადგილსამყოფელზე, სადაც ხორციელდებოდა ადვოკატ შოთა თუთბერიძის კლიენტის დაკავება პოლიციის თანამშროელთა მხრიდან. სიტუაციის გარკვევისა და სამართლებრივი დახმარების გაწევის მიზნით, ადვოკატმა ითხოვა კლიენტთან გასაუბრება, რაზედაც მას, როგორც ადვოკატს, არ მისცეს მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირთან კომუნიკაციის და სხვა საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის მიღების უფლება.

ადვოკატი განმარტავს, რომ პოლიციის მხრიდან მის მიმართ საადვოკატო საქმიანობის განხორციელების ხელშეშლასა და მისი უფლებების უხეშ დარღვევას ჰქონდა ადგილი, ასევე აცხადებს, რომ სახეზე იყო სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებისა და ბოროტად გამოყენების შემთხვევა, კერძოდ მუქარის ფაქტები, რასაც შემდგომში მოჰყვა ადვოკატისათვის ხელბორკილების დადება და დაკავება.

ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ შესწავლილ იქნა ადვოკატ შოთა თუთბერიძის განცხადება და მის ირგვლივ განვითარებული მოვლენები. კომიტეტს მიაჩნია, რომ წარმოდგენილ განხადებაში ადვოკატის მიერ დაფიქსირებული პოზიცია არგუმენტირებული და საფუძვლიანია. კერძოდ, ადგილი აქვს ადვოკატის უფლებათა დარღვევის ფაქტებს და ადვოკატის პროფესიული უფლებების შეზღუდვას.

ადვოკატის სამართლებრივი დაცვის გარანტიები განმტკიცებულია „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლით. კერძოდ, “ადვოკატი თავის პროფესიულ საქმიანობას ახორციელებს დამოუკიდებლად და მასში ჩარევა დაუშვებელია”. ამასთან, “დაცვის განხორციელებისთვის ხელის შეშლის მიზნით ადვოკატის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევა” წარმოადგენს დანაშაულს, გათვალისწინებულს სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლით.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა შინაგან საქმეთა მინისტრს განცხადებით უკვე მიმართა.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი