
ავტორი: კონსტანტინე გელაშვილი
ადვოკატი, მედიატორი
ოჯახი იშვიათად ინგრევა ერთ დღეში. მისი რღვევა, როგორც წესი, იწყება უხილავი ბზარებით, რომლებიც თავიდან უმნიშვნელოდ ჩანს, მაგრამ დროთა განმავლობაში მთელ კონსტრუქციას ასუსტებს. ხშირად ეს ბზარები მაშინ ჩნდება, როდესაც ოჯახის შიდა სივრცეში მესამე პირები იწყებენ იმ ადგილის დაკავებას, რომელიც მხოლოდ მეუღლეებს ეკუთვნით.
ნათესავების, მეგობრებისა თუ ახლობელი გარემოცვის ჩარევა უმეტეს შემთხვევაში კეთილი განზრახვით იწყება. ისინი ცდილობენ რჩევის მიცემას, დაცვას, საკუთარი გამოცდილების გაზიარებას. თუმცა ურთიერთობისთვის ყველაზე დიდი საფრთხე სწორედ მაშინ ჩნდება, როდესაც მხარდაჭერა მართვაში გადაიზრდება. გადაწყვეტილებები, რომლებიც ორ ადამიანს შორის უნდა იბადებოდეს, თანდათან სხვისი მოსაზრებების, შეფასებებისა და მოლოდინების გავლენის ქვეშ ექცევა.
ასეთ დროს, ადამიანი შეიძლება ფიზიკურად ქმარი ან ცოლი იყოს, მაგრამ ფსიქოლოგიურად კვლავ შვილი რჩებოდეს. ის საკუთარ არჩევანს პარტნიორის თვალით კი არა, მშობლის წარმოდგენებით ამოწმებს. მშობელი შეიძლება საერთოდ არ იყოს იქ, მაგრამ მისი ხმა მაინც მონაწილეობდეს ოჯახურ გადაწყვეტილებებში. შედეგად, ერთ-ერთი მეუღლე თანასწორი პარტნიორის ნაცვლად თავს კონკურენტად გრძნობს, რომელსაც მუდმივად საკუთარი ადგილის დამტკიცება უწევს.
წლების განმავლობაში საოჯახო დავებზე მუშაობისას ხშირად შემხვედრია ადამიანები, რომლებიც სრულად აცნობიერებდნენ სწორ გამოსავალს, ხედავდნენ მოსალოდნელ შედეგებს, მაგრამ მაინც ისეთ გადაწყვეტილებას იღებდნენ, რომელიც მათთვის და მათი ოჯახისთვის საზიანო იყო. ამ მოვლენას პირობითად „გააზრებული პასიურობის სინდრომი“ დავარქვი. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი სიმართლის, უკეთესი ალტერნატივისა და მოსალოდნელი ზიანის გაცნობიერების მიუხედავად, შიშის, კონფორმიზმის ან პასუხისმგებლობისგან თავის არიდების გამო მაინც არ ირჩევს სწორ გზას.
სწორედ ამ მექანიზმს ვხვდებით განქორწინების პროცესშიც. ბავშვთან დაკავშირებული დავები, სასამართლო პროცესის ხელოვნურად გაჭიანურება, ე.წ. „პრინციპზე დგომა“ ხშირად ემოციური რეაქციის შედეგია და არა რაციონალური არჩევანის. ადამიანები ცდილობენ გამარჯვებას, მაგრამ საბოლოოდ კარგავენ იმას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - ურთიერთპატივისცემას, სიმშვიდეს და ხშირად საკუთარი შვილების კეთილდღეობასაც.
ამ ფონზე საოჯახო დავებში ადვოკატის როლი მხოლოდ სამართლებრივი წარმომადგენლობით არ შემოიფარგლება. კლიენტი სასამართლომდე გაცილებით ადრე იწყებს საკუთარი ისტორიის მოყოლას. ხშირად ის პირველ რიგში ეძებს არა იურისტს, არამედ ადამიანს, რომელიც მოუსმენს, გაუგებს და მის განცდებს სერიოზულად მიიღებს. სწორედ ამ მოსმენიდან იწყება სტრატეგიის შექმნა.
საოჯახო საქმეები იშვიათად ექვემდებარება მარტივ სამართლებრივ ფორმულებს. ერთი და იგივე მოვლენა სხვადასხვა ადამიანის თვალში სრულიად განსხვავებულ მნიშვნელობას იძენს. სწორედ ამიტომ ადვოკატის ამოცანაა, მრავალი დეტალიდან გამოყოს ის, რაც საქმისთვის არსებითია და სასამართლოს წინაშე ისეთი სურათი შექმნას, სადაც სამართლებრივ ფაქტებთან ერთად ცხოვრებისეული რეალობაც გამოჩნდება.
არაერთხელ მქონია შემთხვევა, როდესაც ერთი და იგივე დღეს, ერთი და იმავე მოსამართლის წინაშე, სხვადასხვა საქმეზე ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ პოზიციებს ვიცავდი. ერთ პროცესზე ქალის ინტერესებს ვიცავდი, რომელიც თავს მიტოვებულად და მოტყუებულად გრძნობდა, მეორე პროცესზე კი ქმარის ინტერესებს, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ სწორედ ის იყო უსამართლობის მსხვერპლი. ასეთ დროს კიდევ ერთხელ ხვდები, რომ საოჯახო დავებში აბსოლუტური სიმართლე იშვიათად არსებობს. არსებობს ადამიანების განსხვავებული გამოცდილება, ტკივილი და საკუთარი სიმართლის განცდა.
სასამართლოში წარმატება მხოლოდ ძლიერი არგუმენტების შედეგი არ არის. ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმასაც, თუ როგორ საუბრობს ადამიანი, როგორ რეაგირებს კითხვებზე, რამდენად თავდაჯერებულია და რამდენად სარწმუნოდ წარმოაჩენს საკუთარ პოზიციას. ზოგჯერ ერთი დაუფიქრებელი ფრაზა უფრო დიდ ზიანს აყენებს საქმეს, ვიდრე სუსტი სამართლებრივი არგუმენტი. ამიტომ ადვოკატის მოვალეობაა არა მხოლოდ პოზიციის ჩამოყალიბება, არამედ კლიენტის მომზადებაც იმისთვის, რომ საკუთარი სიმართლე დამაჯერებლად წარმოადგინოს.
თუმცა ყველა კონფლიქტი სასამართლოს გადაწყვეტილებით არ უნდა დასრულდეს. პრაქტიკაში არაერთხელ მინახავს ადამიანები, რომლებიც პირველ შეხვედრაზე კატეგორიულად გამორიცხავდნენ შერიგებას, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ სრულიად სხვაგვარად აფასებდნენ სიტუაციას. ემოციის დაცხრომასთან ერთად, ჩნდებოდა დიალოგის შესაძლებლობა, მორიგების სურვილი და ზოგჯერ ურთიერთობის გადარჩენის შანსიც. ასეთ შემთხვევებში მედიაცია, ფსიქოლოგიური დახმარება და საკუთარ ემოციებზე მუშაობა გაცილებით მეტ შედეგს იძლევა, ვიდრე ხანგრძლივი სამართლებრივი ბრძოლა.
საოჯახო დავებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პროცესის მონაწილეებმა არ დაივიწყონ მთავარი. სასამართლოში შეიძლება წყდებოდეს ქონების, მეურვეობის ან განქორწინების საკითხი, მაგრამ ამ დავების მიღმა ყოველთვის დგანან ადამიანები, რომელთაც ცხოვრების გაგრძელება ერთმანეთის გვერდით ან ერთმანეთის პარალელურად მაინც მოუწევთ. ხოლო როდესაც ოჯახში ბავშვია, სწორედ მისი ინტერესი უნდა დარჩეს უმთავრეს საზომად.




