ლიდერობა, დამოუკიდებლობა და თანამედროვე ადვოკატურის ტრანსფორმაცია - ინტერვიუ ირაკლი ყანდაშვილთან

23 ივლისი 2026

ავტორი: ეკა ხიმშიაშვილი 
ადვოკატთა ასოციაციის ჟურნალი "ჩემი ადვოკატის" რედაქტორი

 

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, ირაკლი ყანდაშვილის ხელმძღვანელობით, ორგანიზაციამ მკვეთრად გაააქტიურა შიდა სტრუქტურები, გააფართოვა თემატური კომიტეტების სისტემა და უფრო ინტენსიური გახდა როგორც წევრებთან კომუნიკაცია, ისე საერთაშორისო ჩართულობა. ამ ცვლილებების ფონზე, ორგანიზაცია სულ უფრო აშკარად სცილდება მხოლოდ კლასიკური პროფესიული გაერთიანების ჩარჩოს.

„დამოუკიდებელი პროფესია ძლიერი დემოკრატიის საფუძველია - მაგრამ მისი შენარჩუნება  ყოველდღიური სტრატეგიული მუშაობაა.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობა არ არის მხოლოდ ადმინისტრაციული პოზიცია. ეს არის ინსტიტუციური გავლენის, პროფესიული სტანდარტების და საერთაშორისო პოზიციონირების თანაკვეთაზე მდგომი როლი - სადაც ერთი გადაწყვეტილება ხშირად განსაზღვრავს არა მხოლოდ პროფესიის შიდა დინამიკას, არამედ მის აღქმას ქვეყნის გარეთაც.

საწყის ეტაპზე მთავარი იყო სისტემის გააქტიურება - ისე, რომ ასოციაცია მხოლოდ წარმომადგენლობითი სტრუქტურა კი არ ყოფილიყო, არამედ რეალური პროფესიული გავლენის ცენტრი,“ - აღნიშნავს ასოციაციის თავმჯდომარე.

- თავმჯდომარეობის რამდენიმე თვეში ასოციაციის საქმიანობა უფრო დინამიური და მრავალი მიმართულების მომცველი გახდა. რა იყო თქვენი მთავარი სტრატეგიული პრიორიტეტი დასაწყისში?

შიდა სტაბილურობა.  ორგანიზაციის წარმატება არ იზომება მხოლოდ ზრდით ან ხილვადობით - არამედ იმით, რამდენად შეუძლია მას ერთდროულად შეინარჩუნოს სტაბილურობა, განავითაროს სისტემა და მოახდინოს რეალური გავლენა.

ეს ბალანსი, თანამედროვე აღქმით, პროფესიული ასოციაციების მართვის მთავარი საზომია. სწორედ ამიტომ, პირველ ეტაპზე აქცენტი გაკეთდა არა მხოლოდ ახალი ინიციატივების დამატებაზე, არამედ არსებული სტრუქტურების ფუნქციურ გამყარებაზე.

ამ პროცესის ნაწილი გახდა თემატური კომიტეტების გაფართოება - მოდელი, რომელიც მიზნად ისახავს გადაწყვეტილებების დეცენტრალიზაციას და პროფესიული ცოდნის უფრო ფართო ჩართულობას. შედეგად, ასოციაციის შიდა კულტურა უფრო კოლაბორაციული და მრავალხმოვანი ხდება, ამას თავისთავად გარკვეული დრო სჭირდება, თუმცა, აი დრო არის ის ერთადერთი, რასაც ვერავინ შეაჩერებს, მთავარია დროში სწორი და ადექვატური ნაბიჯები იდგმებოდეს და შედეგიც ხელშესახები გახდება

- რა არის თქვენთვის წარმატების მთავარი საზომი - ასოციაციის სტაბილურობა, ზრდა თუ  საზოგადოებაში მის მიმართ სწორი აღქმადობა?

ეს სამი კომპონენტი ერთმანეთისგან განცალკევებული ვერ იქნება. სტაბილურობა ქმნის ინსტიტუციურ საფუძველს, ზრდა უზრუნველყოფს განვითარების დინამიკას, ხოლო საზოგადოებაში მისი სწორი აღქმადობა განსაზღვრავს ორგანიზაციის რეალურ მნიშვნელობას. წარმატება მაშინ არის მიღწეული, როდესაც ეს სამი ფაქტორი ერთდროულად და ბალანსირებულად მუშაობს.

- როგორ ხედავთ ასოციაციის განვითარებას - როგორც პროფესიულ ორგანიზაციას თუ როგორც ინსტიტუციურ აქტორს?

თანამედროვე რეალობაში პროფესიული ასოციაციები ბუნებრივად გადადიან უფრო ფართო როლში. ისინი აღარ არიან მხოლოდ წევრთა გამაერთიანებელი სტრუქტურები - ისინი ხდებიან ინსტიტუციური აქტორები, რომლებიც მონაწილეობენ სამართლებრივი გარემოს ფორმირებაში, პროფესიული სტანდარტების განსაზღვრასა და საჯარო / დარგობრივ პროფესიულ დისკუსიაში.

- რა არის საერთაშორისო აქტიურობის მთავარი სტრატეგიული მიზანი?

საერთაშორისო აქტიურობის მიზანი არ არის მხოლოდ წარმომადგენლობა. ეს არის ინტეგრაცია ევროპულ პროფესიულ სივრცეში როგორც თანასწორი პარტნიორის და გამოცდილების ორმხრივი გაცვლა. ამასთანავე, იმის ღია დემონსტირება, რომ შეგიძლია ყველასთან თანაბარი კომუნიკაცია გქონდეს, მათი თანასწორი ხარ და არა ის, რომ მათთან მისასვლელი გზა არ გაქვს და ან საერთაშორისო საზოგადოება არ გიღებს, როგორც თანასწორს. ამასთან, ეს პროცესი ქმნის შესაძლებლობას, რომ საქართველოში დაინერგოს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკები.

- რა ქმნის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის კონკურენტულ უპირატესობას საერთაშორისო სივრცეში?

ჩვენი მთავარი უპირატესობა არის მოქნილობა და სწრაფი ადაპტაციის უნარი. მცირე, მაგრამ პროფესიულად აქტიური სისტემა ხშირად უფრო ეფექტიანად რეაგირებს ცვლილებებზე, ვიდრე დიდი და ბიუროკრატიული სტრუქტურები.

- ხედავთ თუ არა საქართველოს, როგორც რეგიონულ სამართლებრივ ჰაბს სამხრეთ კავკასიაში?

ჩემს წარმოდგენაში ეს ასე იყო, არის და იქნება, მათ შორის იურიდიულ პროფესიაში, ეს პოტენციალი რეალურია, თუმცა მისი რეალიზება და ამ სტატუსის შენარჩუნება საჭიროებს სისტემურ წინაპირობებს - ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გაძლიერებას, სამართლებრივი გარემოს სტაბილურობას და საერთაშორისო ნდობის მუდმივ ზრდას. მხოლოდ ამ პირობებში შეიძლება საქართველო ინარჩუნებდეს რეგიონული სამართლებრივი ჰაბის სტატუს.

- რა არის თქვენი მთავარი გზავნილი პროფესიის დამოუკიდებლობის შესახებ?

პროფესიული დამოუკიდებლობა არ არის ფორმალური პრინციპი - ეს არის დემოკრატიული სისტემის ფუნქციონირების საფუძველი. მისი დაცვა საჭიროებს მუდმივ სიფხიზლეს, ინსტიტუციურ სიმტკიცეს და პროფესიული საზოგადოების ერთიანობას, მათ შორის იმ იდეის გარშემო, რომ დაუშვებელია ადვოკატის პროფესიის დამოუკიდებლობის რაიმე სახით შეზღუდვა. აღსანიშნავია, რომ ეს პრინციპი  კონსტიტუციურ პრინციპს წარმოადგენს საქართველოს მაგალითზე და ეს არ არის ფორმალური, არამედ რეალური და პრაქტიკაში რეალიზებადი კონსტიტუციური სტანდარტია, რომლის სადარაჯოზე ყველა ერთად ვდგავართ.

- დამოუკიდებლობა როგორც სისტემური პრინციპი.

ერთ-ერთი ცენტრალური თემა დამოუკიდებლობაა.   ეს არ არის მხოლოდ დეკლარირებული ღირებულება - არამედ ინსტიტუციური ფუნქციონირების საფუძველს წარმოადგენს.

ასოციაციის პოზიციონირება სახელმწიფოსთან ურთიერთობაში ეფუძნება მკაფიო ბალანსს: თანამშრომლობა სისტემის გაუმჯობესებისთვის, მაგრამ დამოუკიდებლობის სრული შენარჩუნება გადაწყვეტილებებისა და პოზიციონირების დონეზე.

ეს ბალანსი, არის ის ზღვარი, რომელიც განსაზღვრავს პროფესიული ორგანიზაციის რეალურ სანდოობას დემოკრატიულ სისტემასა და საზოგადოებაში.

მსგავსად უნდა აღინიშნოს, ნებისმიერი აქტორის თუ საზოგადოების ნაწილთან მიმართებით, აქ მარტო სახელმწიფოზე არ არის საუბარი, პროფესია დამოუკიდებელი იქნება მუდამ ნებისმიერი ძალის, საზოგადოების ფენის თუ პირთა ჯგუფების წინაშე, ჩემთვის სხვაობა არ არის იმაში ვინ ეცდება გააკონტროლოს ან გამოიყენოს ეს პროფესია საკუთარი კონკრეტული ამოცანებისთვის, ეს დაუშვებელია და ასე იქნება მუდამ ადვოკატთა ასოციაციის მაგალითზე, სწორედ ამაში მდგომარეობს ამ პროფესიული გაერთიანების სიძლიერე. პროფესიული სტანდარტი და პროფესიული ინტერესი უპირველეს ყოვლისა, ეს სლოგანი არაა ჩემთვის დეკლარაციული, ის არის საქმიანობის კრედო.

- სად გადის ბალანსი სახელმწიფოსთან თანამშრომლობასა და კრიტიკულ დამოუკიდებლობას შორის?

ბალანსი გადის ერთ მარტივ პრინციპზე - თანამშრომლობა არ ნიშნავს დამოკიდებულებას. ასოციაცია თანამშრომლობს სახელმწიფოსთან სისტემის გაუმჯობესებისთვის, თუმცა ინარჩუნებს სრულ დამოუკიდებლობას პოზიციონირებასა და გადაწყვეტილებების მიღებაში. იმ მარტივი საერთაშორისო პრინციპის დაცვით, როგორც ინსტიტუცია - ვართ ნეიტრალური, თუმცა ვიცავთ და პატივს ვცემთ ნებისმიერი წევრის პირად პოზიციას ამა თუ იმ მოვლენის მიმართ, მათ შორის პოლიტიკურის.

- რამდენად მნიშვნელოვანია „ღია ასოციაციის“ მოდელი?

ეს არის თანამედროვე პროფესიული ორგანიზაციის აუცილებელი სტანდარტი.   ასოციაციის ტრანსფორმაციაში ერთ-ერთი მთავარი კონცეფცია ე.წ. „ღია ასოციაციის“ მოდელია. ეს გულისხმობს პირდაპირ კომუნიკაციას წევრებთან, რეგულარულ რეგიონულ ვიზიტებს და უფრო ინკლუზიური გადაწყვეტილებების მიღების პროცესს.

ეს მიდგომა ორგანიზაციას ტრადიციული ცენტრალიზებული სტრუქტურისგან აშორებს და უფრო ქსელურ, დინამიკურ მოდელს აყალიბებს. პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ პროფესიული ინიციატივები არა მხოლოდ ხელმძღვანელობიდან, არამედ წევრთა სხვადასხვა ჯგუფებიდანაც მოდის. ეს არის თანამედროვე მართვის სტილი და მოდელი და მე ამ მიდგომის მომხრე ვარ, არა მხოლოდ სიტყვით, საქმითაც.

- რა პრაქტიკულ შედეგს იძლევა თემატური კომიტეტების სისტემა?

თემატური კომიტეტები უნდა ქმნიდეს ექსპერტიზის დეცენტრალიზაციას და ზრდიდეს გადაწყვეტილებების ხარისხს. ეს მოდელი უნდა აძლიერებდეს პროფესიულ ჩართულობას და უზრუნველყოფდეს, რომ ინიციატივები მოდიოდეს არა მხოლოდ ასოციაციიდან, არამედ წევრების უშუალო გამოცდილებიდან; ამ სტანდარტის დანერგვა არ არის მარტივი, თუმცა ვმუშაობთ.

- როგორ ხედავთ თანამედროვე ადვოკატის პროფესიულ სტანდარტს?

თანამედროვე სტანდარტი აღარ არის მხოლოდ სამართლებრივი ცოდნა. ის მოიცავს ეთიკას, კომუნიკაციურ უნარებს, ლავირებად მიდგომებს, ტექნოლოგიურ კომპეტენციას და მუდმივ პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებას.

- რამდენად მზად არის ქართული ადვოკატურა ტექნოლოგიური ტრანსფორმაციისთვის?

პროცესი უკვე დაწყებულია, თუმცა ეს არის ეტაპობრივი გარდაქმნა. ხელოვნური ინტელექტი და ციფრული ინსტრუმენტები ცვლის პროფესიულ პრაქტიკას და მოითხოვს ახალ უნარებს - განსაკუთრებით ანალიტიკურ და კრიტიკულ აზროვნებაში.

- შეცვლის თუ არა ეს ადვოკატის უნარებს?

დიახ, ადვოკატის პროფესიული პროფილი უკვე იცვლება. ტრადიციული ცოდნის პარალელურად იზრდება ჰიბრიდული უნარების მნიშვნელობა, სადაც ტექნოლოგიური კომპეტენცია ხდება აუცილებელი კომპონენტი, თუმცა ვიტყვი და ვიქნები ამ აზრში თამამი, ადვოკატს და მის საჭიროებას მსგავსი განვითარება ვერ და არ ჩაანაცვლებს. უბრალოდ, ის  უნდა ვაქციოთ ეფექტურ იარაღად, ინსტრუმენტად, რათა ჩვენი სერვისები უფრო ხარისხიანი იყოს და გაყიდვადი, ამ მიმართულებით უნდა გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები.

- თქვენ ხშირად უსვამთ ხაზს იმას, რომ ადვოკატი მხოლოდ სამართლებრივი წარმომადგენელი არ არის.  როგორ უნდა შეიცვალოს ადვოკატის სოციალური იმიჯი საქართველოში?

ადვოკატი უნდა აღიქმებოდეს როგორც სამართლებრივი სისტემის აქტიური მონაწილე აქტორი და საზოგადოების ნდობის ინსტიტუციური მატარებელი, და არა მხოლოდ სასამართლო პროცესის წარმომადგენელი, რომელსაც ხშირად აიგივებენ დასაცავ პირთან, რაც წარსულის მანკიერი მიდგომაა და ჩვენი სწორი პოზიციონირებით და ინსტიტუციის მიმართ საზოგადოებაში ცნობადობის, ნდობის, პატივისცემის მოპოვებით, ეს მანკიერი გამოვლინებაც წარსულს უნდა ჩავაბაროთ, თუმცა აქტიური მოქმედებით და არა მხოლოდ საუბრით.

- რატომ არის მნიშვნელოვანი ასოციაციის არაიურიდიული აქტივობები?

ეს აქტივობები აძლიერებს პროფესიული საზოგადოების შიდა კავშირებს და ქმნის უფრო სრულყოფილ პროფესიულ კულტურას. სპორტი, კულტურა და სოციალური ინიციატივები აჩვენებს, რომ პროფესია მხოლოდ ტექნიკური ფუნქციის მატარებელი არ არის საზოგადოებაში, არამედ გაცილებით ფართოა და მნიშვნელოვანი.

- რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო პოზიციონირება?

ბოლო პერიოდში ასოციაციის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მიმართულება საერთაშორისო აქტიურობის ზრდაა. ევროპულ კონფერენციებში მონაწილეობა, ორმხრივი თანამშრომლობები და უცხოელ პარტნიორებთან შეხვედრები უკვე სისტემურ ხასიათს ატარებს.

ამ პროცესის მიზანი მხოლოდ წარმომადგენლობა არ არის. საერთაშორისო ჩართულობა არის ინსტრუმენტი ინტეგრაციისთვის - ქართული ადვოკატურის ევროპულ პროფესიულ სივრცეში თანასწორი პარტნიორის სტატუსით დამკვიდრებისთვის.

ამავდროულად, ეს პროცესი ქმნის შესაძლებლობას საერთაშორისო პრაქტიკის გადმოტანისა და ადგილობრივი სტანდარტების განვითარებისთვის. მოქნილობა და სწრაფი ადაპტაცია კი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ერთ-ერთ კონკურენტულ უპირატესობად იქცევა. ამ ყველაფერს გარკვეული დრო რა თქმა უნდა სჭირდება, თუმცა დრო მოიტანს შედეგს.

- რა როლი აქვს უნივერსიტეტებთან თანამშრომლობას?

ეს არის კრიტიკული მიმართულება. მიზანია თეორიისა და პრაქტიკის დაახლოება, რათა მომავალი იურისტები უკეთ იყვნენ მომზადებული რეალური პროფესიული გარემოსთვის და გააზრებით შემოვიდნენ პროფესიაში, უყვარდეთ ეს პროფესია და იმ გააზრებით მოდიოდნენ, რომ უნდა დაიცვან, გააძლიერონ და რეპუტაციულად გაზარდონ და მას მხოლოდ მერკანტილური ფინანსური ამონაგების წყაროდ არ უნდა აღიქვამდნენ, ეს უნდა იყოს თანმდევი შედეგი, რაც სწორი ნაბიჯების შემთხვევაში გამორიცხულია, რომ არ მიიღოს პროფესიის წარმომადგენელმა.

- რა არის თქვენი გზავნილი ახალგაზრდა იურისტებისთვის?

პროფესია მოითხოვს გრძელვადიან ხედვას, დისციპლინას და მუდმივ განვითარებას. ეს არის სტაბილური წარმატების წინაპირობა - ეს არის პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული კარიერა და ვიაროთ ერთად ამ გზაზე და ამ იდეალებით.

- თქვენი ხელმძღვანელობის სტილი საკმაოდ განსხვავებულად აღიქმება:  მუდმივი კომუნიკაცია, რეგიონებში ყოფნა, საერთაშორისო აქტიურობა, ღია სივრცე წევრებისთვის. როგორ აღწერდით საკუთარ ლიდერულ მოდელს? 

 ხელმძღვანელობის მოდელი ეფუძნება ღიაობას, კომუნიკაციას და დეცენტრალიზაციას. ლიდერობა არ არის მხოლოდ ადმინისტრაციული ფუნქცია - ეს არის სისტემური ცვლილების მართვა, რომელიც ერთდროულად მოიცავს სტაბილურობას, განვითარებას, მიმღებლობას და ინსტიტუციურ გავლენას.

ასოციაციისთვის წარმატება საბოლოოდ განისაზღვრება არა მიმდინარე აქტივობებით, არამედ იმით, თუ რამდენად უფრო ძლიერი, დამოუკიდებელი და საერთაშორისო სივრცეში ინტეგრირებული იქნება ასოციაცია მომდევნო წლებში, ხოლო მომდევნო რეალობა ყოველდღიური დღევანდელობით იჭედება.

-  და ბოლოს, როდესაც რამდენიმე წლის შემდეგ ამ პერიოდს გადახედავთ, რა იქნება თქვენთვის მთავარი კრიტერიუმი - რის მიხედვით იტყვით, რომ თქვენი თავმჯდომარეობა წარმატებული აღმოჩნდა?

თუ პროფესიული დამოუკიდებლობის სტანდარტი იქნება მყარად შენარჩუნებული და საზოგადოების მხრიდან ასოციაციის მიმღებლობა გაზრდილი, ხოლო ინსტიტუცია კიდევ უფრო ინტეგრირებული საერთაშორისო პროფესიულ სივრცეში, ეს იქნება მთავარი კრიტერიუმი და ინდიკატორი იმისა, რომ ეს პერიოდი ფუჭად არ გაგვივლია.



 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი