არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება - ზოგადი მიმოხილვა

23 ივლისი 2026


ავტორი:
ნიკა გიგოლაშვილი
საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი; საადვოკატო კომპანია „შენი მრჩეველი“-ს დირექტორი;
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სამართლის კომიტეტის თავმჯდომარე

 

როგორც მეცნიერები განმარტავენ, ნებისმიერ საზოგადოებაში ხდება დანაშაული, თუმცა სამწუხარო რეალობაა, რომ არც თუ იშვიათ შემთხვევაში დანაშაულს  არასრულწლოვნები ჩადიან. გერმანიაში ჩატარებულმა გამოკითხვებმა გვაჩვენა, რომ მოზარდები, მიუხედავად იმისა, თუ რომელ სოციალურ ფენას განეკუთვნებიან ისინი, ერთხელ მაინც არღვევენ კანონს.

კონვენცია „ბავშვის უფლებათა შესახებ“ და „სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტი“ წარმოადგენს მნიშვნელოვან ინსტრუმენტს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში. ასევე გვაქვს ოთხი უმნიშვნელოვანესი სხვა დოკუმენტი, რომლებითაც განისაზღვრა საერთაშორისოდ აღიარებული მინიმალური სტანდარტები:

  1. გაერო-ს მინიმალური სტანდარტული წესები „არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ“ („პეკინური წესები“);
  2. გაერო-ს სახელმძღვანელო პრინციპები             „არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით“ („რიადის სახელმძღვანელო პრინციპები“);
  3. გაეროს წესები „თავისუფლებააღკვეთილი არასრულწლოვნების დასაცავად“;
  4. გაერთიანებული ერების სახელმძღვანელო პრინციპები „მართლმსაჯულების სისტემაში ბავშვთა მიმართ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ („ვენის დებულებები“).

 

2015 წლის 24 ივნისს საქართველოში მიღებულია „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“, რომელიც 2016 წლის 01 იანვრიდან ამოქმედდა. რეალურად, ამ ახალი კოდექსის მიღებით არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება გამოეყო სისხლის სამართალის საპროცესო კოდექსს და ცალკე დარგად ჩამოყალიბდა, რაც მისასალმებელია. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსმა დაამკვიდრა ჰუმანური მიდგომა არასრულწლოვნების მიმართ. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება ბავშვისთვის შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკის ნაწილია. 

როგორც ჩვენთვის ცნობილია, არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულები უმეტესად ლატენტურია (ე.ი. ჩადენილია სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დასჯადი ქმედება, რომელიც სამართალდამცავი ორგანოებისათვის არ გახდა ცნობილი). სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში, ბოლო პერიოდში იმატა არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილმა ძალადობრივმა და საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების რიცხვმა.

ჩვენ ვიცით, რომ არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაული ეპიზოდური ხასიათისაა. როგორც მეცნიერები განმარტავენ გარდატეხის პერიოდში არსებობს მოზარდის სოციალიზაციის პროცესთან დაკავშირებული პრობლემები, რა დროსაც შეიძლება ბავშვმა დანაშაული ჩაიდინოს, თუმც სოციალიზაციის დასრულების შემდეგ მოზარდი დანაშაულს აღარ ჩაიდენს. გამოკვლევებმა გვაჩნება, რომ დანაშაულს უფრო მეტად ვაჟები ჩადიან ვიდრე გოგონები.

 

 

საზოგადოებაში ჩნდება ბევრი კითხვა, თუ როგორ მიდის ბავშვი დანაშაულამდე. ამ მხრივ გამოთქმულია არა ერთი მოსაზრება, თუმც ფაქტია, რომ არასრულწლოვანი, დამნაშავე, შესაძლებელია სანიმუშო ოჯახის შვილიც იყოს. როგორც აშშ-ის დენვერის შტატის, არასრულწლოვანთა სასამართლოს მოსამართლე, ბენ ლინდსეი განმარტავდა, არ არსებობს ცუდი ბავშვი, არსებობს მხოლოდ ცუდი გარემო პირობები, რომლებსაც მოჰყვება ბავშვის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა. რეალურად გარდატეხის ასაკში მშობლის გავლენა იკლებს და მას ანაცვლებს მეგობრების გავლენა. კრიმინოლოგიურმა კვლევებმა გვაჩვენა რომ მოზარდების მიერ დანაშაულის ჩადენაზე მნიშვნელოვან გავლენას, სწორედ მეგობრების წრე ახდენს.

ჩვენ ვიცით, რომ სტატისტიკურად, მოზარდები მოსახლეობის ყველაზე კრიმინალურ სეგმენტს წარმოადგენენ,  თუმცა  საბოლოოდ ბავშვების უმრავლესობა წყვეტს კრიმინალურ და დევიაციურ ქმედებას. ამ მხრივ უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის ოჯახს და გარემოცვას - სამეგობრო წრეს, სასწავლო სივრცეს.

კონვენცია „ბავშვის უფლებების შესახებ“ ქმნის ბავშვისთვის გარანტიებს და აყალიბებს ძირითად სახელმძღვანელო პრინციპებს. კონვენციის მე-3 მუხლის და 2013 წლის 29 მაისის ზოგადი კომენტარი N 14-ის მიხედვით, ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ენიჭება უპირველესი ყურადღება - სახელმწიფოს ეკისრება ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინების ძლიერი სამართლებრივი ვალდებულება. ბავშვის საუკეთესო ინტერესები ხასიათდება კომპლექსური თვისებებით, ინდივიდუალური მიდგომებით და მუდმივი ცვალებადობით.

„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები არის არასრულწლოვნის უსაფრთხოების, კეთილდღეობის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარების, რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და სხვა ინტერესები, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებისა და არასრულწლოვნის ინდივიდუალური მახასიათებლების შესაბამისად, აგრეთვე მისი აზრის გათვალისწინებით განისაზღვრება. მე-4 მუხლი განმარტავს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში, უპირველეს ყოვლისა, გაითვალისწინება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები. რეალურად ამ მუხლის მიხედვით ყველა სხვა პრინციპზე მაღლა მდგომად გამოცხადდა ბავშვის საუკეთესო ინტერესები, რაც მისასალმებელია.

„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ მეორე თავში გამოყოფს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ზოგად პრინციპებს. რეალურად ეს პრინციპები გამოხატავს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მისწრაფებას. ეს პრინციპებია:

   მე-4 მუხლი, კონვენცია „ბავშვის უფლებების შესახებ“, მე-3 მუხლის მსგავსად განმარტავს,  რომ 

   არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი პრიორიტეტულია;

    მე-5 მუხლი განამტკიცებს  დისკრიმინაციის აკრძალვას;

    მე-6 მუხლით რეგლამენტირებულია არასრულწლოვანის ჰარმონიული განვითარების უფლება;

    მე-7 მუხლი განამტკიცებს თანაზომიერების პრინციპს;

    მე-8 მუხლის მიხედვით განმტკიცებულია ყველაზე მსუბუქი საშუალებისა და ალტერნატიული   

    ზომის პრიორიტეტულობა;

    მე-9 მუხლი განმარტავს, რომ პატიმრობა გამოიყენება როგორც უკიდურესი ღონისძიება;

 

10-ე მუხლი განამტკიცებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში ბავშვის  

მონაწილეობის აუცილებლობას;

11-ე მუხლის მიხედვით დაუშვებელია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის   

გაჭიანურება;

12-ე მუხლით რეგლამენტირებულია არასრულწლოვანის ნასამართლობის მოხსნის

თავისებურებები;

13-ე მუხლის მიხედვით გარანტირებულია არასრულწლოვანის პირადი ცხოვრების

დაცულობა;

14-ე მუხლით რეგლამენტირებულია არასრულწლოვანისადმი ინდივიდუალური მიდგომა;

15-ე მუხლი ითვალისწინებს არასრულწლოვანის სხვა საპროცესო უფლებებს (სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის ყოლის, თარჯიმნის მომსახურების, საკონსულო დახმარების მიღების და სხვა უფლებებს).

როგორც მეცნიერები განმარტავენ, ბავშვობის ასაკი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია ადამიანის განვითარებისათვის. ამ პერიოდში მიღებული ცხოვრებისეული გამოცდილება აისახება პიროვნების ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, ემოციურ თუ შემეცნებით განვითარებასა და ღირებულებების სისტემის ჩამოყალიბებაზე.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის პრინციპის გათვალისწინებით. თუმც „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ მე-4 მუხლის გათვალისწინებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესი არის ფუნდამენტური და ყველა პრინციპზე თუ საკითხზე მაღლამდგომი.

გამომდინარე იმ გარემოებიდან, რომ ბავშვთან ურთიერთობა სპეციფიურია, „არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მინიმალური სტანდარტული წესების („პეკინის წესები“) და გაერთიანებული ერების სახლემძღვანელო პრინციპები „მართლმსაჯულების სისტემაში ბავშვთა მიმართ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ (ვენის დებულებები) მიხედვით განსაზღვრულია არასრულწლოვანთა საქმეში ჩართულ პირთა სპეციალიზაცია. ამ დათქმის მიხედვით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში მონაწილე ყველა პირს ესაჭიროება პროფესიონალური კომპეტენტურობის უზრუნველყოფა, მნიშვნელოვანი პროფესიული მომზადება, უშუალოდ მუშაობის პროცესში სწავლების, გადამზადების კურსებისა და საგანმანათლებლო პროგრამების გავლა. „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ 16-ე მუხლის მიხედვით, რეგლამენტირებულია, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში უნდა მონაწილეობდნენ მხოლოდ სპეციალიზებული პირები. კანონმდებლობის მიხედვით სააპელაციო და უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვისას აუცილებელია არანაკლებ ორი სპეციალიზებული მოსამართლის მონაწილეობა.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში აუცილებელია ბავშვი სრულად იყოს ჩართული. „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“-ს 56-ე მუხლი პირდაპირ მიუთითებს, რომ არასრულწლოვანი აუცილებლად უნდა მონაწილეობდეს სასამართლო განხილვაში და ბავშვის ხელშეწყობის მიზნით სასამართლოს დაევალა:

ა) უზრუნველყოს, რომ საქმის სასამართლოში განხილვა არასრულწლოვნის აღქმისა და

გაგების უნარების შესაბამისად მიმდინარეობდეს;

ბ) სხდომებს შორის გონივრული ინტერვალით უნდა ცხადდებოდეს შესვენება

არასრულწლოვნის ასაკის, ჯანმრთელობის, განვითარების და სხვა გარემოებების

გათვალისწინებით.

არასრულწლოვნის სასამართლო განხილვაში მონაწილეობის საკითხს ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა საერთაშორისო სამართლის დონეზე, მაგალითად „გაერო-ს მინიმალური სტანდარტული წესები არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ“ („პეკინური წესები“) 14.2 პუნქტის მიხედვით, სასამართლო განხილვა ხელსაყრელი უნდა იყოს არასრულწლოვანის ინტერესებისათვის და ჩატარდეს ისეთ ატმოსფეროში, რომ არასრულწლოვანმა თავისუფლად შეძლოს მონაწილეობის მიღება და აზრის გამოხატვა. გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის №10 ზოგადი კომენტარის 46-ე პუნქტის მიხედვით, ბავშვმა უნდა შეძლოს სამართლო პროცესში აქტიური მონაწილეობა. ამისთვის კი, მას კარგად უნდა ესმოდეს წაყენებული ბრალდების შინაარსი, მოსალოდნელი შედეგები და სასჯელის ზომა, რათა შეძლოს კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით ეჭვქვეშ დააყენოს მოწმეთა ჩვენებები, გადმოსცეს საქმის არსი და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება მტკიცებულებების, ჩვენებებისა და მის მიმართ გასატარებელი ზომის (ზომების) შესახებ.

„გაერო-ს მინიმალური სტანდარტული წესები არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ“ („პეკინური წესები“) 7.1 პუნქტის, კონვენცია „ბავშვის უფლებების შესახებ“ 37-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე ბავშვი უნდა სარგებლობდეს დაცვის უფლებით. არასრულწლოვან მოწმეს უფლება აქვს თავად დაიქირაოს ადვოკატი ან თუ ის გადახდის უუნაროა გამოიყენოს უფასო სამართლებრივი დახმარება.  „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ 28-ე მუხლის მიხედვით, ბავშვის კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, დამოუკიდებლად შეარჩიოს და მოიწვიოს ადვოკატი. თუ არასრულწლოვან ბრალდებულს/მსჯავრდებულს/გამართლებულს ადვოკატი არ ჰყავს, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის მწარმოებელი პირი დაუყოვნებლივ მიმართავს იურიდიული დახმარების სამსახურს არასრულწლოვანისთვის ადვოკატის დაუყოვნებლივ დანიშვნის მოთხოვნით. კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდის სავალდებულო დაცვა განპირობებულია იმით, რომ რეალურად მოზარდს არ შეუძლია თავის დაცვა, რადგან ბავშვი არის ცხოვრებისეული გამოცდილების არმქონე და ცხოვრების ნაკლებად მცოდნე ადამიანი.

ჩვენი აზრით, აუცილებელია, რომ არასრულწლოვანის დამცველმა, ბავშვს და მის ოჯახს სრულფასოვნად განუმარტოს ბრალდების არსი და შესაძლო სანქცია, ასევე უნდა აცნობოს, რომ არ იცის კონკრეტულად რა შედეგით შეიძლება დასრულდეს საქმის მიმდინარეობა. გასათვალისწინებელია, რომ არასრულწლოვნისთვის ცრუ დაპირებამ/იმედის მიცემამ და შემდეგ დაპირებული შედეგის არდადგომამ შესაძლებელია ბავშვზე უარყოფითად იმოქმედოს.

სამწუხარო ფაქტია, მაგრამ დღეს ადვოკატის გარეშე ხდება პირის მოწმედ გამოკითხვა და შემდეგ შესაძლებელია ამ ბავშვს წარედგინოს ბრალდება. რეალურად ამ არასრულწლოვანი მოწმისგან გამომძიებელი იღებს მისთვის სასურველ ინფორმაციას, გამოკითხვის ოქმს  უმეტესად არ კითხულობს ბავშვი. პოლიცია მშობელს ხშირად განუმარტავს, რომ ადვოკატი საჭირო არ არის, რაც არასწორია. ჩვენი აზრით, აუცილებელია არასრულწლოვანი მოწმის გამოკითხვისას ბავშვი უზრუნველყოფილი იყოს ადვოკატის მომსახურებით.

არც თუ იშვიათ შემთხვევაში გვყავს არასრულწლოვანი დაზარალებული. კანონმდებლობით მაქსიმალურადაა გათვალისწინებულ ასეთი ბავშვის ინტერესები. მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვნის მონაწილეობის გამარტივების, მისი ფსიქოლოგიური, ემოციური და ინფორმაციული მხარდაჭერის მიზნით, მათ მიმართ ჩადენილ ძალადობრივ დანაშაულთა საქმეებში პრიორიტეტულად ერთვება მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი, ასევე ფსიქოლოგი. რეალურად ბავშვი დაზარალებულთან კომუნიკაცია ხორციელდება მისი ასაკობრივი და გონებრივი განვითარების თავისებურებების და განცდილი ემოციური სტრესის გათვალისწინებით.

არასრულწლოვანი მოწმის/დაზარალებულის საუკეთესო ინტერესების დასაცავად, პროკურორის შუამდგომლობით შესაძლებელია ბავშვის მიმართ გამოყენებული იქნეს დაცვის ღონისძიებები, მაგალითად: არასრულწლოვანის დისტანციური დაკითხვა, სასამართლო სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვა და სხვა. არასრულწლოვანი დაზარალებულის მეორეული ვიქტიმიზაციის რისკების გამორიცხვის მიზნით, კანონმდებლობით გათვალისწინებულია, რომ დაზარალებული არასრულწლოვანი, სასამართლო პროცესზე, ბავშვზე მორგებული ფორმით დაიკითხოს, ასევე სხდომათა დარბაზიდან გაყვანილ იქნეს ბრალდებული.

„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ 30-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის მონაწილე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანი უფასოდ სარგებლობს ყველა იმ მომსახურებით, რომლებიც მას საქმის გასაცნობად და სამართალწარმოებაში მონაწილეობისათვის ესაჭიროება.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-14 მუხლის თანახმად, არასრულწლოვნის მიმართ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინება მისი ინდივიდუალური მახასიათებლები: ასაკი, განვითარების დონე, ცხოვრების, აღზრდისა და განვითარების პირობები, განათლება, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ოჯახური ვითარება და სხვა გარემოებები, რომლებიც არასრულწლოვნის ხასიათისა და ქცევის თავისებურებების შეფასების და მისი საჭიროებების განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა. ამავე მუხლის მიხედვით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის ნებისმიერ სტადიაზე პროცესის მწარმოებელი პირი არასრულწლოვანს განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეპყროს. რეალურად ესაა ბავშვთან ინდივიდუალური მიდგომა, რაც განმტკიცებულია როგორც კონვენციით „ბავშვის უფლებების შესახებ“, ასევე გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებითა და სხვა საერთაშორისო აქტებით. რეალურად ინდივიდუალური მიდგომა კავშირშია ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებასთან.

„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ მე-10 მუხლის თანახმად, კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვს აქვს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში უშუალოდ ან/და კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობის უფლება. შეიძლება ითქვას, რომ კანონიერი წარმომადგენელი საგამოძიებო ორგანოებთან და სასამართლოსთან ურთიერთობაში უმნიშვნელოვანესია, რადგან სწორედ მას აქვს მჭიდრო ემოციური კავშირი ბავშვთან.

კონვენცია „ბავშვის უფლებების შესახებ“ 12-13 მუხლების მიხედვით, ბავშვი უფლებამოსილია თავისუფლად გამოთქვას თავისი შეხედულებები ნებისმიერ საკითხზე, რომელიც მას ეხება. ამასთან, ბავშვის შეხედულებებს სათანადო ყურადღება ეთმობა მისი ასაკისა და სიმწიფის გათვალისწინებით. ამ მიზნით ბავშვს ეძლევა შესაძლებლობა, მოუსმინონ მას სასამართლო თუ ადმინისტრაციული წესით საქმის განხილვისას, რომელიც ბავშვს ეხება, როგორც უშუალოდ, ასევე წარმომადგენლის მეშვეობით. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად ბავშვს უფლება აქვს იყოს მოსმენილი და გაითვალისწინონ მისი მოსაზრებები ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისად. შესაძლებელია არასრულწლოვნის და მისი კანონიერი/საპროცესო წარმომადგენლის მოთხოვნები ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდეს და სწორედ ამიტომ კანონმდებლობამ განსაზღვრა, რომ ასეთ შემთხვევაში უპირატესობა იმ მოთხოვნას ენიჭება, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს.

„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ მე-3 მუხლის მე-11 ნაწილი განმარტავს კანონიერი წარმომადგენელს, რომლის მიხედვითაც კანონიერი წარმომადგენელია არასრულწლოვნის ახლო ნათესავი, მხარდამჭერი, მეურვე, მზრუნველი, რომელიც არასრულწლოვნის ინტერესების დასაცავად არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობს და სარგებლობს არასრულწლოვნის უფლებებით, გარდა იმ უფლებებისა, რომლებითაც, თვით ამ უფლებების ბუნებიდან გამომდინარე, შეიძლება მხოლოდ არასრულწლოვანმა ისარგებლოს.

გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის აზრით, მშობლის/მეურვის დასწრებას საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებში აქვს ორი მნიშვნელობა:

  1. უზრუნველყონ მომავალში ბავშვის ქცევა, იცოდნენ ყველაფერი საკუთარი შვილის

შესახებ;

2) ემოციური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა აღმოუჩინონ ბავშვს.

„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ პროცესში კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობა არასრულწლოვნის სამართალდამცავ ორგანოში მიყვანიდან 1 საათის განმავლობაში შეუძლებელია, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო გამომძიებლის, პროკურორის, მოსამართლის მიმართვის საფუძველზე საპროცესო წარმომადგენლად ასახელებს თავისი თანამშრომლის კანდიდატურას. ჩვენი აზრით ეს დათქმა არასწორია და არ შეესაბამება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. სულ ელემენტარული მაგალითის დონეზე რომ ვთქვათ,  მშობელი, რომელიც იმყოფება თელავში, შეატყობინეს, რომ მისი შვილი უნდა გამოიკითხოს  თბილისში. ბუნებრივია ერთ საათში მშობელი ვერ უზრუნველყოფს რომ დაესწროს ამ საგამოძიებო მოქმედებას და ასეთ დროს კანონმდებლობით მშობელს ანაცვლებს საპროცესო წარმომადგენელი - მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს თანამშრომელი. პრობლემის არსი მოცემულ შემთხვევაში იმაშია, რომ მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოს თანამშრომელი საერთოდ არ იცნობს ბავშვს და წარმოდგენა არ აქვს მის ემოციურ მდგომარეობაზე. მეცნიერთა ნაწილის აზრით, ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელია მშობელს მიეცეს გონივრული ვადა კანონთან კონფლიქტში მყოფი შვილის გამოკითხვაზე თუ სხვა საგამოძიებო მოქმედებაზე დასასწრებად. „გაერო-ს მინიმალური სტანდარტული წესები არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების  განხორციელების შესახებ“ („პეკინური წესები“) მე-7 პუნქტით რეგლამენტირებულია, რომ ბავშვს აქვს მშობლის/მეურვის დასწრების უფლება.

„არასრულწლოვანთა მართლმსაულების კოდექსის“ 49-ე მუხლი არასრულწლოვნის დამკავებელ პირს, გამომძიებელს, პროკურორს ავალდებულებს არასრულწლოვნის სამართალდამცავ ორგანოში მიყვანისთანავე მის კანონიერ წარმომადგენელს აცნობოს არასრულწლოვნის დაკავების და მისი ადგილსამყოფელის შესახებ, ასევე განუმარტოს არასრულწლოვნის დაკავების მიზეზები. თუ არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენელთან დაკავშირება ვერ ხერხდება, პოლიციის დაწესებულების ან სხვა სამართალდამცავი ორგანოს შესაბამისი თანამშრომელი ამის შესახებ დაუყოვნებლივ ატყობინებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს. შეიძლება ითქვას, რომ ასეთ შემთხვევაში მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოს ჩართულობა უფრო ფორმალური ხასიათისაა. „გაერო-ს მინიმალური სტანდარტული წესები არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების  განხორციელების შესახებ“ („პეკინური წესები“) 10.1 პუნქტის მიხედვით, არასრულწლოვანის დაკავებისას მის მშობლებს ან მეურვეს ამის თაობაზე დაუყოვნებლი უნდა ეცნობოთ, ხოლო თუ დაუყოვნებელი ინფორმირება შეუძლებელია, მშობლებს ან მზრუნველს უნდა ეცნობოს მოგვიანებით შეძლებისდაგვარად მოკლე დროში. ჩვენი აზრით, სწორი იქნება ეს წესი გამოვიყენოთ საპროესო თუ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას და ასე ჩვენ შევძლებთ დავიცვათ ბავშვის საუკეთესო ინტერესები.

„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ 31-ე მუხლის მიხედვით, იმ კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანს, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა, უფლებას აქვს მართლმსაჯულების პროცესის ნებისმიერ სტადიაზე ისარგებლოს თავისი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების წარმომადგენლის დახმარებით. უცხო ქვეყნის მოქალაქე მოზარდის დაპატიმრების შესახებ უმოკლეს ვადაში და ნებისმიერ შემთხვევაში მის დაკითხვამდე უნდა ეცნობოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელიც თავის მხრივ არასრულწლოვნის დაკავების ან დაპატიმრების თაობაზე ატყობინებს შესაბამისი ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.

„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ 52-ე მუხლი ეძღვნება არასრულწლოვანის გამოკითხვას და დაკითხვას. არასრულწლოვნის გამოკითხვისას და დაკითხვისას მოქმედებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესი, მაგრამ არ გაითვალისწინება იმავე კოდექსის 114-ე მუხლის მე-2, 21 და მე-4 ნაწილები. არასრულწლოვანი შეიძლება დაიკითხოს/გამოიკითხოს, თუ მას შეუძლია სიტყვიერად ან სხვა ფორმით გადმოსცეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რამე ინფორმაცია. არასრულწლოვნის დაკითხვა მისი კანონიერი წარმომადგენლისა და ადვოკატის თანდასწრებით ტარდება. საჭიროებისამებრ უზრუნველყოფილია ფსიქოლოგის მონაწილეობაც.

14 წლამდე ასაკის პირის დაკითხვა შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობითა და თანდასწრებით. კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს, გამოთქვას თავისი მოსაზრება და სასამართლოს ნებართვით დააზუსტოს 14 წლამდე ასაკის ბავშვისთვის დასმული შეკითხვა. 14 წლამდე ასაკის მოწმეს განუმარტავენ მის მოვალეობას, თქვას მხოლოდ სიმართლე, მაგრამ არ აფრთხილებენ ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის, ცრუ ჩვენების მიცემისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე.

არასრულწლოვანი არ შეიძლება დაიკითხოს 22:00 საათიდან 08:00 საათამდე. ბავშვი უზრუნველყოფილი უნდა იყოს შესაფერისი საკვებითა და სასმელი წყლით არანაკლებ ყოველ 4 საათში ერთხელ, 08:00 საათიდან 22:00 საათამდე, აგრეთვე საპირფარეშოთი შეუზღუდავად სარგებლობის და შესვენების უფლებით. არასრულწლოვანის დაკითხვამდე აუცილებელია, რომ განუმარტონ მისი უფლებები, მათ შორის დუმილის და თვითინკრიმინაციისაგან დაცვის უფლება.

კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის ადვოკატს უფლება აქვს, არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობით, არასრულწლოვნის ნებისგან დამოუკიდებლად შეიტანოს საჩივარი ან უარი თქვას მასზე, თუ ეს შეესაბამება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. თუ არასრულწლოვნისა და მისი კანონიერი წარმომადგენლის ან საპროცესო წარმომადგენლის მოთხოვნები ერთმანეთს ეწინააღმდეგება, უპირატესობა იმ მოთხოვნას ენიჭება, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს.

„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, არასრულწლოვნის ინტერესების დაცვის მიზნით სასამართლოს ან პროკურორს შეუძლია აუკრძალოს არასრულწლოვანი კანონთან კონფლიქტში მყოფი პირის კანონიერ წარმომადგენელს სასამართლო სხდომაზე დასწრება ან საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები მოითხოვს.

„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ მე-3 მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, განრიდება არის სისხლის სამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმი/სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების ფორმა, რომლის მიზანია არასრულწლოვნის სათანადო განვითარებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება. მეცნიერთა ნაწილის აზრით, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის განრიდების მიზანია ის, რომ ბავშვს მიეცეს გამოსწორების შანსი, ასევე თავიდან იქნას აცილებული თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მისი ნერვული სისტემის შერყევის და კრიმინალად ჩამოყალიბების გარდაუვალი პროცესი.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოზარდისთვის მნიშვნელოვანია განრიდების პარალელურად ჩართული იყოს სხვადასხვა საგანმანათლებლო საქმიანობაში, რათა ნაყოფიერად გამოიყენოს უქმე დრო და დაეუფლონ ახალ უნარებს თუ ცოდნას, რაც მას დაეხმარება თუნდაც შემდგომ დასაქმებაში.

განრიდების ღონისძიებები განისაზღვრება ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის საფუძველზე. ერთდროულად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს განრიდების ერთი ან რამდენიმე ღონისძიება. ბუნებრივია განრიდების ღონისძიებების გამოყენებამ არ უნდა გამოიწვიოს მოზარდის ღირსებისა და პატივის შელახვა, ნორმალური სასწავლო პროცესისგან მისი მოწყვეტა.

„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“-ს 65-ე მუხლის მიხედვით, არასრულწლოვნისთვის დანიშნული სასჯელის მიზანია ბავშვის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება. კანონმდებლობა არ გვაძლევს განმარტებას თუ რა მიიჩნევა არასრულწლოვანის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციად.

მეცნიერთა განმარტებით არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია არის  არასრულწლოვანში პასუხისმგებლობის გრძნობის, სხვა ადამიანთა უფლებების პატივისცემის გრძნობის ჩამოყალიბება და განვითარება, არასრულწლოვნის ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარების ხელშეწყობა და მისი მომზადება საზოგადოებაში სრულფასოვანი ადგილის დასამკვიდრებლად.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მოზარდის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიზნის მისაღწევად აუცილებელია:

  1. წინასწარი პატიმრობის სანაცვლოდ გამოვიყენოთ ისეთი ალტერნატიული საშუალებები, რაც მოიცავს ბავშვის აღზრდას, მის ზედამხედველობას.
  2. ბავშვის დანაშაულის პრევენციის მიზნით უნდა არსებობდეს სხვადასხვა საგანმანათლებლო ხასიათის პროგრამა;

ამ ჩამონათვალს ჩვენ დავამატებდით დიალოგის რეჟიმის წარმოებას ბავშვთან და მშობლის მიერ არასრულწლოვნის სამეგობრო წრის სრულფასოვან ცოდნას. მიგვაჩნია, რომ დიალოგის რეჟიმი ეფექტურია, რათა მშობელმა სრულფასოვნად იცოდეს ბავშვის აზრები და მისწრაფებები. რაც შეეხება სამეგობრო წრის ცოდნას, ჩვენი აზრით, მშობელს უნდა ჰქონდეს სრულფასოვანი წარმოდგენა თუ ვისთან მეგობრობს მისი შვილი, რათა მარტივად განსაზღვროს რომელი ბავშვისგან რა საფრთხეა მოსალოდნელი.

„პენიტენციური კოდექსის“ 135 მუხლი განმარტავს, რომ მსჯავრდებულის რესოციალიზაცია არის მსჯავრდებულისთვის საზოგადოების, სხვა ადამიანების, ზნეობის ნორმებისა და ადამიანთა თანაცხოვრების დამკვიდრებული წესების პატივისცემისა და პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბება. ამავე მუხლით განსაზღვრულია რესოციალიზაციის ძირითადი საშუალებები: დადგენილი წესით სასჯელის მოხდა; მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელება; დასაქმება; ზოგადი განათლების, პროფესიული განათლებისა და უმაღლესი განათლების მიღება; პროფესიული მომზადება და გადამზადება; საზოგადოებასთან ურთიერთობა.

კანონმდებლობიდან გამომდინარე შესაძლებელია კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვთან გაფორმდეს საპროცესო შეთანხმებაც. როგორც მეცნიერები განმარტავენ არასრულწლოვანის ჭეშმარიტი ინტერესი შეუთავსებელია არსებულ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტთან, რადგან მაგალითად თავისუფლების აღკვეთის მაქსიმუმსა და მინიმუმს შორის არსებული დიდი ზღვარი პროკურორს აძლევს საშუალებას შესთავაზოს სასჯელის ნებისმიერი ზომა ბავშვს. ეს მომენტი ერთგვარად ვაჭრობის საგანიც შეიძლება გახდეს. ჩვენი აზრით, უმჯობესია ვისაუბროთ არა საპროცესო შეთანხმებაზე, არამედ განრიდებისა და მედიაციის შეთავაზებაზე.

„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“-ს 35-ე მუხლით რეგლამენტირებულია არასრულწლოვნის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, ხოლო ამავე კოდექსის 36-ე მუხლი ითვალისწინებს არასრულწლოვნის სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებას გამამტყუნებელი განაჩენის ხანდაზმულობის გამო. კანონმდებლობა არ შეიცავს არავითარ ნორმას თუ როგორ უნდა მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, როცა გვაქვს ვითარების შეცვლა, მაგალითად 17 წლის ბავშვმა ჩაიდინა დანაშაული, შემდეგ 19 წლის ასაკში დაოჯახდა, შეეძინა შვილი და დაიწყო მუშაობა. 17 წლის ასაკის შემდეგ ამ ბავშვს აღარ ჩაუდენია სხვა დანაშაული. ბუნებრივია რომ ასეთ პირობებში ამ ადამიანის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არაეფექტური და არაფრის მომცემი იქნება. მეცნიერთა ნაწილის აზრით, სწორი იქნება ვთქვათ, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე შესაძლებელი უნდა იყოს ბავშვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება თუ ამას მოითხოვს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი.

„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ მე-12 მუხლის მიხედვით, არასრულწლოვანს ნასამართლობა გაქარწყლებულად ეთვლება სასჯელის მოხდისთანავე, ხოლო პირობით მსჯავრდებისას - გამოსაცდელი ვადის გასვლისთანავე. ეს შეღავათი არ მოქმედებს, თუ არასრულწლოვანი კვლავ ჩაიდენს დანაშაულს. ასეთ შემთხვევაში არასრულწლოვანს ნასამართლობა გაუქარწყლდება: პირობით მსჯავრდებისას - გამოსაცდელი ვადის გასვლისთანავე, თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელით მსჯავრდებისას - სასჯელის მოხდიდან ექვსი თვის შემდეგ, ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებისას -სასჯელის მოხდიდან ერთი წლის შემდეგ, მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებისას - სასჯელის მოხდიდან სამი წლის შემდეგ, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებისას - სასჯელის მოხდიდან ხუთი წლის შემდეგ.

„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ 37-ე მუხლის მიხედვით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან შეიძლება გათავისუფლდეს არასრულწლოვანი, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში იმყოფებოდა. ამ მუხლის დაწესებით სახელმწიფოს მიზანია, რომ შეზღუდული შერაცხადი პირის მიმართ იყოს ჰუმანური, თუმც ჩვენს სინამდვილეში ამ საფუძვლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან არასრულწლოვანის გათავისუფლება რეალურად არ ხდება. ჩვენი აზრით, უმჯობესია, რომ 37-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდეს არასრულწლოვანი, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში იმყოფებოდა“.

„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ 32-ე მუხლის მიხედვით, თუ არასრულწლოვანს ბრალი ედება იმ დანაშაულის ჩადენაში, რომელშიც ასევე იმხილება სრულწლოვანი, არასრულწლოვნის საქმე შეძლებისდაგვარად ცალკე გამოიყოფა და ის გასამართლდება სრულწლოვნისაგან განცალკევებით, თუ ამით არსებითი დაბრკოლება არ შეექმნება საქმის გარემოებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევას. ჩვენს სინამდვილეში სამწუხაროდ არ ხდება არასრულწლოვანთა საქმეების რეალურად ცალკე გამოყოფა, რადგან ასეთ დროს საჭიროა პროკურორის და მოსამართლის მეტი შრომითი რესურსის დახარჯვა, რის გამოც უმეტესად არ ხდება ამ მიზნით დაყენებული შუამდგომლობების დაკმაყოფილება. ჩვენი აზრით, თუნდაც საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის ინტერესიდან გამომდინარე მიზანშეწონილია ცალკე იქნეს გამოყოფილი სრულწლოვანის და არასრულწლოვანის საქმეები, განსაკუთრებულად ჯგუფური ძალადობის თუ საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების დროს.

„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ 54-ე მუხლის მიხედვით, არასრულწლოვნის დაკავების შემდეგ შეძლებისდაგვარად მალე, მაგრამ არაუგვიანეს 48 საათისა, პროკურორი გამოძიების ადგილის მიხედვით, მაგისტრატ მოსამართლეს წარუდგენს შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ.

„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ მე-9 მუხლის მიხედვით,  დაუშვებელია არასრულწლოვნისთვის თავისუფლების შეზღუდვა, თუ კანონით განსაზღვრული მიზნის მიღწევა უფრო მსუბუქი ზომის გამოყენებით არის შესაძლებელი. არასრულწლოვნის დაკავება და დაპატიმრება, მისთვის თავისუფლების შეზღუდვა და თავისუფლების აღკვეთა დასაშვებია მხოლოდ როგორც უკიდურესი ღონისძიება, რომელიც შეძლებისდაგვარად მოკლე ვადით და რეგულარული გადასინჯვის პირობით უნდა იქნეს გამოყენებული.

არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილ დანაშაულთა საქმეების განხილვა მიმდინარეობს დახურულ სასამართლო სხდომებზე. არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო სხდომის დახურულად წარმართვა გამომდინარეობს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ინტერესიდან და ეს მიდგომა ეფუძნება „პეკინის წესების“ მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ კონფიდენციალობის უზრუნველყოფას, ასევე კონვენცია „ბავშვის უფლებათა შესახებ“ მე-40 მუხლს.

„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ მე-60 მუხლის მიხედვით, აღკვეთის ღონისძიების სახეებია: მეთვალყურეობაში გადაცემა, შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ, პირადი თავდებობა, გირაო, პატიმრობა. არასრულწლოვანი ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად შეიძლება გამოყენებულ იქნეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე ღონისძიება (ვალდებულება, დანიშნულ დროს ან გამოძახებისთანავე გამოცხადდეს სასამართლოში; გარკვეული საქმიანობის ან პროფესიული საქმიანობის განხორციელების აკრძალვა; სასამართლოში, პოლიციაში ან სხვა სახელმწიფო ორგანოში ყოველდღიურად ან სხვა პერიოდულობით გამოცხადებისა და ანგარიშგების ვალდებულება; სასამართლოს მიერ დანიშნული უწყების ზედამხედველობა; ელექტრონული მონიტორინგი; ვალდებულება გარკვეულ ადგილას ყოფნისა გარკვეულ საათებში ან უამისოდ; გარკვეული ადგილის დაუტოვებლობის ან მასში შეღწევის აკრძალვა; სპეციალური ნებართვის გარეშე გარკვეულ პირებთან შეხვედრის აკრძალვა; პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება; სასამართლოს მიერ განსაზღვრული ნებისმიერი სხვა ღონისძიება, რომელიც აუცილებელია აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზნების მისაღწევად).

„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ 66-ე მუხლის მიხედვით განსაზღვრულია არასრულწლოვანისთვის შემდეგი სასჯელის სახეები:

  1. ჯარიმა;
  2. შინაპატიმრობა;
  3. საქმიანობის უფლების ჩამორთმევა;
  4. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;
  5. ვადიანი თავისუფლების აღკვეთა;
  6. უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა.

არასრულწლოვანს თავისუფლების შეზღუდვა და ვადიანი თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაენიშნოს მხოლოდ ძირითად სასჯელად, ხოლო ჯარიმა, შინაპატიმრობა, საქმიანობის უფლების ჩამორთმევა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა შეიძლება დაენიშნოს როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელად. ამავე დროს ძირითად სასჯელთან ერთად შეიძლება მხოლოდ ერთი დამატებითი სასჯელის დანიშვნა და არასრულწლოვანს სასჯელთან ერთად შეიძლება დაენიშნოს „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“-ს 42-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე ღონისძიება (არასრულწლოვნის წერილობითი გაფრთხილება; აღდგენითი მართლმსაჯულების ღონისძიება, მათ შორის, განრიდება-მედიაციის პროგრამაში ჩართვა, რაც საკმაოდ ნაყოფიერი და ეფექტური ღონისძიებაა; მიყენებული ზიანის სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურება; უკანონოდ მოპოვებული ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემა; დანაშაულის იარაღის ან/და სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული ობიექტის სახელმწიფოსთვის გადაცემა; არასრულწლოვნისთვის მოვალეობის დაკისრება; არასრულწლოვნის მინდობით აღსაზრდელად განთავსება).

„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ 73-ე მუხლის მიხედვით განსაზღვრულია რომ არასრულწლოვანისთვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთა 1/3-ით მცირდება 14-16 წლის არასრულწლოვნის შემთხვევაში, ხოლო ¼-ით 17-18 წლის კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების შემთხვევაში. 74-ე მუხლის მიხედვით, თუ არასრულწლოვანმა, რომელიც განზრახი დანაშაულისათვის მსჯავრდებული არ ყოფილა, ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი პირობით მსჯავრად ჩაითვალოს. 75-ე მუხლი განმარტავს, რომ არასრულწლოვნისთვის სასჯელის დანიშვნისას მოსამართლე, პირველ რიგში, ითვალისწინებს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს. ამავე მუხლის მიხედვით, არასრულწლოვნისთვის არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნისას მოსამართლე უფლებამოსილია არასაპატიმრო სასჯელთან ერთად ბავშვს დააკისროს „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ 45-ე მუხლით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე მოვალეობა (სპეციალიზებული სახელმწიფო ორგანოს დახმარებით საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დაწყება ან განახლება; სპეციალიზებული სახელმწიფო ორგანოს დახმარებით მუშაობის დაწყება; საგანმანათლებლო, აღმზრდელობითი ან/და სამკურნალო პროგრამის გავლა; თავისუფალი დროის განსაზღვრული ფორმით გამოყენება; სხვა ისეთი მოვალეობა, რომელიც ხელს შეუწყობს მის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას). ამ შემთხვევაში დაუშვებელია არასრულწლოვნისთვის ისეთი მოვალეობის დაკისრება, რომელიც, დიდი ალბათობით, არ შესრულდება ან რომლის შესრულება არასრულწლოვნის გონებრივ და ფიზიკურ შესაძლებლობებს აღემატება

სამწუხარო რეალობაა, რომ ზოგ შემთხვევაში ჯგუფის მიერ დანაშაულის ჩადენისას დაჯგუფების ლიდერს, სრულწლოვან და არასრულწლოვან წევრს, ასევე ჯანმრთელ და შეზღუდული შერაცხადობის მქონე არასრულწლოვან პირებს მოსამართლე ერთნაირ სასჯელს უნიშნავს. ჩვენი აზრით, სულ ელემენტარული უნდა არსებობდეს თუნდაც ერთ თვიანი განსხვავება სასჯელში ლიდერსა და სრულწლოვან წევრს, სრულწლოვან და არასრულწლოვან წევრს, ჯანმრთელ და შეზღუდული შერაცხადობის მქონე არასრულწლოვან წევრს შორის. ასევე სამწუხარო ფაქტია, რომ ზოგ შემთხვევაში მოსამართლე იჩენს სიმკაცრეს ბავშვის მიმართ და წლობით ათავსებს არასრულწლოვანს სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში. ჩვენი აზრით, ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულის ჩადენისას მოსამართლემ უნდა გამოიყენოს მაქსიმალური შეღავათი.

ჩვენ რა თქმა უნდა არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ თუ ბავშვმა დააშავა ის არ უნდა დაისაჯოს,  მაგრამ დასჯაშიც არის მსუბუქი და მძიმე დასჯის ფორმები. როცა მოსამართლე 14-15 წლის ბავშვს უალტერნატიოდ უფარდებს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას და შემდეგ თავისუფლების აღკვეთას მაგალითად 6 წლის ვადით, ვფიქრობთ, ეს არასწორია. ჩვენი აზრით, ბავშვს უნდა მივცეთ შესაძლებლობა წარსულის ხარვეზების მიუხედავად ჩამოყალიბდეს საზოგადოების სრულფასოვან წევრად. ჩვენი აზრით, ბავშვს მომავალს წავართმევთ თუ მას 5-7 წელი მოვათავსებთ სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში.

ჩვენი აზრით, სწორი იქნება ნებისმიერმა მოსამართლემ/პროკურორმა იხელმძღვანელოს იანუშ კორჩაკოს „10 მცნება მშობელებისთის“ მე-9 მცნებით (გიყვარდეს სხვისი ბავშვები. ნურასოდეს გაუკეთებ მათ იმას, რასაც არასოდეს გაუკეთებდი საკუთარ შვილს) და თითოეული კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვის საქმის განხილვისას გადაწყვეტილება მიიღოს როგორც მშობელმა. ვფიქრობ ასეთ დროს გადაწყვეტილების მიღებისას მოსამართლეს/პროკურორს ექნება განცდა, რომ წყვეტს საკუთარი და არა სხვის შვილის საქმეს.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი