ბოლო პერიოდში, გახშირდა უსაფუძვლო და ცილისმწამებლური განცხადებები იმ ადვოკატების წინააღმდეგ, რომლებიც საკუთარი პროფესიული მოვალეობების ფარგლებში იცავენ ბრალდებულისა თუ დაზარალებულის ინტერესებს, განსაკუთრებით, რეზონანსულ სისხლის სამართლის საქმეებში.
სამწუხაროდ, ზოგიერთი დაინტერესებული პირის მხრიდან, ადგილი აქვს ადვოკატებზე სიძულვილის ენით გამოხატულ თავდასხმებს, მიზანმიმართულ შეურაცხმყოფელ კამპანიას, უსაფუძვლო ბრალდებებსა და ზღვარგადასულ ცილისწამებას, რაც კონკრეტულ საქმეში მონაწილე ადვოკატების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.
გვსურს მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ ადვოკატის იდენტიფიცირება კლიენტთან ანდა კლიენტის ინტერესებთან დაუშვებელია. ადვოკატი მოქმედებს კანონისა და პროფესიული ეთიკის ფარგლებში და მისი მოვალეობაა დაიცვას კლიენტის უფლებები, მიუხედავად მისი კლიენტის პიროვნების მიმართ საზოგადოების განწყობისა.
მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავონ ადვოკატებზე თავდასხმებისაგან, რადგანაც აღნიშნული ქმედება კანონსაწინააღმდეგოა და, ზოგიერთ შემთხვევაში, პირდაპირ შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, რასაც აუცილებლად მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება.