მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench-Bar) სამუშაო შეხვედრების ფორმატი, 2023 წლის შემდეგ, განახლდა.
საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრაზე მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ და გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ.
შეხვედრაზე ადვოკატებმა, პროკურორებმა და მოსამართლეებმა იმსჯელეს თემებზე რომლებიც დისტანციური სასამართლო სხდომებსა და სასამართლოსათვის შუამდგომლობის საკითხებს ეხება, მათ შორის დანართის ელექტრონული ფორმით მიწოდება, ბრალდებულის უფლება ფიზიკური დასწრების - კონსტიტუციური ასპექტი, ადვოკატ-კლიენტის კონფიდენციალური კომუნიკაცია დისტანციურ სხდომაზე, სხდომის ჩანაწერი - მტკიცებულებითი ღირებულება და წვდომა და სხვ.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა შეიმუშავეს რეკომენდაციები და სამომავლო გეგმები განსაზღვრეს.
„მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭო (Bench-Bar) მნიშვნელოვანი პლატფორმაა ადვოკატებს, მოსამართლეებსა და პროკურორებს შორის პროფესიული დიალოგისა და თანამშრომლობისთვის. მართლმსაჯულების სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირება და განვითარება შეუძლებელია პროფესიებს შორის მუდმივი, კონსტრუქციული და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული კომუნიკაციის გარეშე. სწორედ აღნიშნული ფორმატი გვაძლევს შესაძლებლობას, ერთობლივად გამოვავლინოთ სისტემაში არსებული გამოწვევები, შევიმუშაოთ პრაქტიკული გადაწყვეტილებები და ხელი შევუწყოთ ქვეყანაში უფრო ეფექტიანი, ხარისხიანი და სამართლიანი მართლმსაჯულების დამკვიდრებას.“ - აღნიშნა ირაკლი ყანდაშვილმა.
მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭო (Bench-Bar) 2020 წელს ადვოკატთა ასოციაციის ინიციატივითა და უზენაეს სასამართლოსა და საქართველოს პროკურატურასთან თანამშრომლობით დაარსდა და მისი მიზანია ხელი შეუწყოს იურიდიული პროფესიის გაძლიერებას, პროფესიათა შორის ურთიერთპატივისცემას, ჯანსაღი კოლეგიალური დამოკიდებულებებისა და საერთო ეთიკური პრინციპების დამკვიდრებას საქართველოში.




