აღმასრულებელი საბჭოს განცხადება

8 ოქტომბერი 2026

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ადვოკატის მიერ კანონით განსაზღვრული პროფესიული უფლებებისა და მოვალეობების შეუფერხებლად განხორციელებას, ვინაიდან საადვოკატო საქმიანობა  წარმოადგენს მართლმსაჯულებისა და დაცვის უფლების ეფექტიანი განხორციელების ერთ-ერთ ფუნდამენტურ გარანტიას.

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დაცვის უფლება გარანტირებულია და ყველას აქვს უფლება, სასამართლოში დაიცვას საკუთარი უფლებები პირადად ან ადვოკატის მეშვეობით. ამავე კონსტიტუციური ნორმით გარანტირებულია ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელება.

ადვოკატთა შესახებ საქართველოს კანონის 38-ე მუხლი ადგენს ადვოკატის საქმიანობის სამართლებრივი დაცვის ფუნდამენტურ გარანტიებს - ადვოკატი საადვოკატო საქმიანობას დამოუკიდებლად ახორციელებს და დაუშვებელია მის საქმიანობაში არამართლზომიერი ჩარევა, საქმიანობისთვის ხელის შეშლა, სახელმწიფო ორგანოს ან სხვა პირის არასათანადო ზემოქმედება, დაშინება, შევიწროება, იძულება, დევნა, ზეწოლა ან ნებისმიერი სხვა ქმედება, რომელმაც შეიძლება ხელყოს ადვოკატის დამოუკიდებლობა.

აღნიშნული კონსტიტუციური გარანტიის თანახმად, დაცვის უფლების ეფექტიანი განხორციელება გულისხმობს ადვოკატსა და კლიენტს შორის თავისუფალი და კონფიდენციალური კომუნიკაციის უზრუნველყოფას, მათ შორის, იმ ინფორმაციისა და დოკუმენტაციის დაცვის გარანტიას, რომელიც ადვოკატმა კლიენტის ინტერესების დასაცავად მოიპოვა ან შექმნა.

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ადვოკატის პროფესიული საიდუმლოების დაცვის პრინციპს. ადვოკატთა შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, კონფიდენციალურია ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ადვოკატმა მიიღო კლიენტისაგან ან იურიდიული რჩევის მიღების სხვა მსურველისაგან. ამავე კანონით დაცულია ადვოკატსა და კლიენტს შორის კომუნიკაციის ხელშეუხებლობა, მათ შორის, მათი მიმოწერა და ადვოკატის მიერ საქმიანობის განხორციელებისას შექმნილი ან მიღებული შესაბამისი დოკუმენტაცია.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ადვოკატის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლა და ადვოკატსა და კლიენტს შორის კონფიდენციალური კომუნიკაციის შეზღუდვა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ კონკრეტული ადვოკატის პროფესიულ უფლებებს, არამედ კონსტიტუციით გარანტირებულ დაცვის უფლებას და მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების ფუნდამენტურ პრინციპებს.

შესაბამისად, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მოუწოდებს ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებას, პენიტენციურ დაწესებულებებში ადვოკატთა საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი განიხილონ ადვოკატის დამოუკიდებლობის, პროფესიული საიდუმლოების, კლიენტთან კონფიდენციალური კომუნიკაციისა და ეფექტიანი დაცვის უფლების პრინციპების  გათვალისწინებით.  

მივიჩნევთ, რომ ადვოკატის მხრიდან დაცვის ქვეშ მყოფ პირთან შეხვედრისას შექმნილი ჩანაწერი არ წარმოადგენს პატიმრის კორესპონდენციას, არამედ არის ადვოკატის მხრიდან საადვოკატო საქმიანობის პროცესში შექმნილი ადვოკატის ჩანაწერი და ის არ უნდა განიმარტოს, როგორც პატიმრის კორენპონდენცია, ეს ორი ცნება უნდა იქნეს გამიჯნული ერთმანეთისგან.

ხაზგასმით ავღნიშნავთ, რომ ნებისმიერი ნორმა უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ გამოირიცხოს საადვოკატო საქმიანობაში არამართლზომიერი ჩარევა და უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს კონსტიტუციითა და ადვოკატთა შესახებ საქართველოს კანონით გარანტირებული უფლებები.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მზად არის და ითხოვს, იუსტიციის სამინისტროსთან გამართოს კონსულტაციები, იმსჯელოს შესაბამისი ნორმების განმარტების ან საჭიროების შემთხვევაში, მათი ცვლილების შესაძლებლობაზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს ადვოკატის პროფესიული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელება და კანონით გარანტირებული უფლებების ყოველგვარი შეფერხების გარეშე რეალიზება.

ადვოკატის პროფესიული საქმიანობის განხორციელების დროს ნებისმიერი შესაძლო ხელშეშლის ფაქტზე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას ჰქონდა და მუდამ ექნება მყისიერი, მკაცრი და ადექვატური რეაქცია და მოითხოვს საგამოძიებო უწყებების მხრიდან, ასეთი ფაქტების უსწრაფეს გამოძიებას.

ადვოკატთა ასოციაცია დგას პროფესიული საქმიანობის განხორციელების დაცვის პრინციპების სადარაჯოზე!
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი