საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი გაცნობითი ვიზიტით ეწვია თურქეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მუსტაფა თურქერ არის.
ელჩმა ირაკლი ყანდაშვილს თურქეთის საელჩოში უმასპინძლა.
შეხვედრის ფარგლებში ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ელჩს საქმიანობაში წარმატება უსურვა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზაციული სტრუქტურა, ძირითადი მიმართულებები და საქმიანობის სპეციფიკა გააცნო.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორი ქვეყნის იურიდიულ პროფესიულ წრეებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას. მხარეები ერთობლივი ღონისძიებებისა და ინიციატივების განხორციელებაზე შეთანხმდნენ.




