საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ეხმიანება ადვოკატ ციცინო ცხვედიანის მიმართ, პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებულ მუქარის ფაქტს.
ასოციაცია მტკიცედ გმობს ბოლო პერიოდში სხვადასხვა პირის მიერ ადვოკატებზე განხორციელებულ ზეწოლასა და მუქარას, რაც ცალსახად ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობასა და საერთაშორისო სტანდარტებს. მსგავსი ქმედებები საფრთხეს უქმნის, როგორც კონკრეტული ადვოკატების უფლებებს, ასევე, იურიდიული პროფესიის ავტონომიასა და სამართლის უზენაესობას.
ადვოკატთა ასოციაცია მიესალმება შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის სწრაფ, ეფექტიან და ადეკვატურ რეაგირებას ადვოკატ გიორგი ბარდაველიძის საქმეზე, რაც მნიშვნელოვანია ადვოკატთა პროფესიული საქმიანობის თავისუფლების უზრუნველყოფისა და საზოგადოების ნდობის შენარჩუნებისთვის.
ადვოკატთა ასოციაცია მსგავს ეფექტურ და სწრაფ რეაგირებას ელოდება ადვოკატ ციცინო ცხვედიანის საქმეზეც. მოვითხოვთ, დროულ გამოძიებას და მუქარაში მონაწილე პირების პასუხისგებას, რათა მომავალში დაცული იყოს ადვოკატთა პროფესიული საქმიანობის თავისუფლება.
ასოციაცია მიიჩნევს, რომ ადვოკატების წინააღმდეგ განხორციელებული ნებისმიერი ზეწოლა საფრთხეს უქმნის სამართლის უზენაესობას და ხაზს უსვამს, სამართალდამცავი უწყებების მხრიდან ეფექტიანი რეაგირების აუცილებლობას.