საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის მოსამზადებელი კურსის პრეზენტაცია გაიმართა. კურსთან დაკავშირებული დეტალები ღონისძიების მონაწილეებს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა გააცნო და წარადგინა ექსპერტები, რომლებიც სამთვიან სასწავლო პროგრამას გაუძღვებიან. ღონისძიებას იურიდიული პროფესიის აკადემიური წრის წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები და უნივერსიტეტების სამართლის ფაკულტეტების წარმომადგენლები დაესწრნენ.
საკვალიფიკაციო გამოცდის მოსამზადებელი კურსი მოიცავს როგორც საგამოცდო პროგრამაზე მორგებულ სასწავლო კომპონენტებს, ასევე შემაჯამებელ თემატურ სესიებს, შუალედურ და ფინალურ გამოცდებს, რომლებიც მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს, რეალურ საგამოცდო გარემოსთან მაქსიმალურად დააახლოონ საკუთარი ცოდნა და უნარები. კურსს სამართლის სხვადასხვა მიმართულების მაღალკვალიფიციური ექსპერტები გაუძღვებიან.
მოსამზადებელი კურსი ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდება. პროგრამის ფარგლებში იურისტები შეისწავლიან საგამოცდო კითხვების ამოხსნის ეფექტიან სტრატეგიებს, შეცდომების ანალიზის მეთოდებს, დროის მართვის პრინციპებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს, რაც მათ გამოცდაზე წარმატების მიღწევის შესაძლებლობას მნიშვნელოვნად გაზრდის.
„მოხარული ვარ, რომ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის მოსამზადებელ კურსს, რომელიც სულ მალე დაიწყება, სამართლის დარგის მაღალკვალიფიციური ექსპერტები უძღვებიან, ესენი არიან მოქმედი მოსამართლეები, ადვოკატები და უნივერსიტეტების პროფესორები, რომლებიც უკვე 20 წელზე მეტია საქართველოში იურისტთა არაერთ თაობას ზრდიან. სწორედ მათი ცოდნა, გამოცდილება და პრაქტიკული ხედვა ქმნის საფუძველს, რომ აღნიშნული კურსი იქნება ხარისხიანი, სწავლასა და შედეგზე ორიენტირებული. კურსის მონაწილეები მიიღებენ როგორც მყარ თეორიულ ცოდნას, ისე გამოცდისთვის აუცილებელ პრაქტიკულ უნარებს, რაც მათ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარებაში მნიშვნელოვან მხარდაჭერას გაუწევს.“- აღნიშნა ირაკლი ყანდაშვილმა
საკვალიფიკაციო გამოცდის მოსამზადებელი კურსზე რეგისტრაცია უკვე მიმდინარეობს და 11 სექტემბრამდე გაგრძელდება.




