საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებითა და აშშ-ის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) მხარდაჭერით, სერტიფიცირებული კურსის - „საზაფხულო სკოლა: წარმომადგენლობა მედიაციაში 2026“ - მეორე სესია გაიმართა.
კურსის ფარგლებში მონაწილეებმა ექსპერტებთან ერთად განიხილეს დავების ალტერნატიული გადაწყვეტის (ADR) პროცესის შერჩევის კრიტერიუმები, დავის შეფასებისა და მედიაციისთვის მომზადების ეტაპები, მედიატორის შერჩევის პროცესი, ხელშეკრულების პროექტის მომზადებისა და აღსრულების საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მოლაპარაკების ტექნიკასა და პრაქტიკულ უნარებს, მათ შორის წარმატებული მოლაპარაკების წარმართვის მეთოდებს, მედიაციის პროცესში ჩიხური მდგომარეობის დაძლევის პრაქტიკულ მიდგომებსა და დარწმუნების ეფექტიან ტექნიკებს.
სესიის ფარგლებში ასევე განხილულ იქნა სასამართლოსთან დაკავშირებული ADR პროგრამები, მედიაციაში ეთიკისა და პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხები, გაეროს კონვენცია მედიაციის შედეგად მიღწეული საერთაშორისო საზავო შეთანხმებების შესახებ (სინგაპურის კონვენცია მედიაციის შესახებ) და სხვა მნიშვნელოვანი სამართლებრივი საკითხები.
„საზაფხულო სკოლა: წარმომადგენლობა მედიაციაში 2026“-ის დასრულების შემდეგ მონაწილეებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) სერტიფიკატები საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა, და CLDP-ის წარმომადგენელმა, ანა შერმანმა, გადასცეს.
პროექტის მიზანია ახლად გაწევრიანებული ადვოკატებისა და პროფესიული ადაპტაციის პროგრამის მონაწილეებისათვის მედიაციის მიმართულებით როგორც თეორიული ცოდნის გაღრმავება, ისე პრაქტიკული უნარების განვითარება, რაც მათ პროფესიულ საქმიანობაში მედიაციის შესაძლებლობების ეფექტიან გამოყენებას შეუწყობს ხელს.




