ნათია ჩიტაშვილი
ეთიკის კომისიის წევრი
2025 წლის 14 დეკემბერს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების გადაწყვეტილებით ნათია ჩიტაშვილი ეთიკის კომისიის საზოგადოებრივ წევრად, მეორე ვადით აირჩიეს.
ნათია ჩიტაშვილი არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი, დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი და კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის დამფუძნებელი და მმართველი საბჭოს წევრი, აკრედიტრებული ტრენერი და თანამედროვე კერძო სამართლის ინსტიტუტის მკვლევარი. 2021 წლიდან ნათია ჩიტაშვილი არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი, განგრძობადი პროფესიული განათლების პროგრამების ტრენერი, ადვოკატებისა და მედიატორებისთვის შექმნილი სპეციალიზებული სასწავლო მოდულების ავტორი.
ნათია ჩიტაშვილს აქვს 18-წლიანი სამეცნიერო და პედაგოგიური გამოცდილება როგორც საქართველოს, ისე ევროპულ და ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო-კვლევით ცენტრებში. განსაკუთრებით ფართოა მისი საერთაშორისო აკადემური გამოცდილება: ის არის მაქს პლანკის შედარებითი და საერთაშორისო კერძო სამართლის ინსტიტუტის (ჰამბურგი, გერმანია) მკვლევარი და DAAD-ის სამეცნიერო სტიპენდიანტი. ნათია ჩიტაშვილს აქვს Erasmus+ პროგრამის ფარგლებში კერძო სამართლის მრავალწლიანი სწავლების გამოცდილება გერმანიის, ესპანეთის, ირლანდიის, პოლონეთის, საფრანგეთის, სლოვაკეთისა და ლიეტუვას უნივერსიტეტებში.
2012 წლიდან ნათია ჩიტაშვილი აქტიურად არის ჩართული მედიაციის სახელმწიფოებრივი ინსტიტუციონალიზაციის პროცესში, მათ შორის საკანონმდებლო რეფორმის განხორციელების, დარგის პოლიტიკის სტანდარტებისა და სასამართლო მედიაციის სისტემის ჩამოყალიბების მიმართულებებით. ნათია ჩიტაშვილი მედიაციის სფეროში ფლობს არაერთ საერთაშორისო - ამერიკული, ბრიტანული, ევროპული ცენტრების (FECRC, CEDR, ILO და სხვ.) აკრედიტაციას და ამჟამად არის მედიატორთა სასერტიფიკატო პროგრამების ხელმძღვანელი ADR ეროვნული ცენტრის ფარგლებში. წლების განმავლობაში მედიაციის სფეროში ნათია ჩიტაშვილი ხელმძღვანელობდა USAID-ისა და EU–UNDP-ის მხარდაჭერით განხორციელებულ მედიაციის და მედიაციაში ადვოკატთა წარმომადგენლობის საგანმანათლებლო-სამეცნიერო პროგრამებს.
საგანმანათლებლო, კვლევითი და პროფესიული საქმიანობის ინტეგრირებით ნათია ჩიტაშვილი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქართული სამართლის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების, საუნივერსიტეტო და პროფესიული იურიდიული განათლების ხარისხის ამაღლების, კვლევების ინტერნაციონალიზაციის პროცესზე. ის არის 50-მდე სამეცნიერო პუბლიკაციის, მათ შორის მონოგრაფიების ავტორი, რომლებიც ქვეყნდება როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ.




